x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
საყურე - ქართველ პოეტთა შთაგონების წყარო
ნიკოლოზ ბარათაშვილი ახალი ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. დიდია ბარათაშვილის გავლენა უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორიაზე. პოეტის პიროვნება და

შემოქმედება არაერთი მწერლისთვის იქცა შთაგონების წყაროდ.

image


ამჯერად მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო პოეტის ერთ-ერთ ლექსზე - „საყურე“, რომელიც მან ეკატერინე ჭავჭავაძეს მიუძღვნა. ეკატერინე იყო ცნობილი ქართველი პოეტისა და სახელმწიფო მოღვაწის - ალექსანდრე ჭავჭავაძის - ქალიშვილი. ყმაწვილი ქალით ნიკოლოზ ბარათაშვილის გატაცება 1838-1839 წლებში უნდა დაწყებულიყო, როდესაც პოეტი 21 წლის იყო. სწორედ ამ პერიოდში მიუძღვნა პოეტმა ეკატერინეს რამდენიმე ლექსი („თავადი ჭ-ძის ასულს ეკატერინას", „...ნა ფორტეპიანოზედ მომღერალიც“ და „საყურე“).



იონა მეუნარგიას
ნაშრომში „ცხოვრება და პოეზია ნიკოლოზ ბარათაშვილისა“ ვკითხულობთ:

„ბარათაშვილი იყო თურმე მიწვეული საგინაშვილის სიდედრთან საღამოზე და იქიდან
შემოვარდა ყაფლან ორბელიანთან, საცა დაუხვდა იმას ლევან მელიქიშვილი.


„ლევან, ლევან! გავგიჟდი! მეტი
აღარა ვარ! ეკატერინა იქ არის და მისმა საყურის თამაშმა გადამრია! ღვთის განაჩენი კაცი ვერ ნახავს ვერაფერს უკეთესს“. და ამ საღამოს დაწერა სახსოვრად ლექსი „საყურე“.


imageვითაპეპელა
არხევს ნელ-ნელა
სპეტაკს შროშანას, ლამაზა დახრილს,
ასე საყურე,
უცხო საყურე,
ეთამაშება თავისსა აჩრდილს.

ნეტავი იმას,
ვინც თავისს სუნთქვას
შენს აჩრდილში ამოიბრუნებდეს!
შენის შერხევით,
სიო-მობერვით
გულისა სიცხეს განიგრილებდეს!

ჰოჲ, საყურეო,
გრძნებით ამრევო,
ვინ ბაგე შენს ქვეშ დაიტკბარუნოს?
მუნ უკვდავების
შარბათი ვინ სვის?
ვინ სული თვისი ზედ დაგაკონოს?


ლექსი ერთი ამოსუნთქვით, მძაფრი შთაბეჭდილების შემდეგ რომ არის დაწერილი, აშკარაა. ნაწარმოებში ცხადად ვლინდება
საყვარელი ადამიანისადმი ფაქიზი მიმართება. ლექსში უჩვეულო ფორმითა და პოეტური თავდაჭერილობითაა
გადმოცემული ლირიკული გმირის მგზნებარე, წრფელი გრძნობა. ალბათ, სწორედ ამიტომ გახდა „საყურე“ არაერთი ქართველი პოეტისთვის შთაგონების წყარო. წარმოგიდგენთ მსგავს თემატიკაზე შექმნილ ლექსებს მეოცე საუკუნის ქართული პოეზიიდან.


გრიგოლ აბაშიძე



საყურე


„ჰოი საყურეო, გრძნებით
ამრევო..“

ნიკოლოზ ბარათაშვილი


ვაი საყურევ, უცხო საყურევ,
აღარ ფარფატებ, როგორც პეპელა,
შენც სამარეში დაისადგურე,
შენც ლოდი გადევს ვეებერთელა.

მართლა გამქრალან, მართლა დამდნარან,
მარჯან-ლალები აღარ მოსჩანან,

შენი ხატებაც არ სჩანს პატარა,
გაგშორებია შენი შროშანა!


და ბნელში, სადაც ყრუა ყოველი,

არ ელი ხილვას სასიხარულოს, –

არ მოვა შენი უკვდავმყოფელი,

რომ ბაგე შენს ქვეშ დაიტკბარუნოს.


გრიგოლ აბაშიძე


სიმონ ჩიქოვანი


უცხო საყურე

მე დამესიზმრა უცხო საყურე,
როგორც პეპელა, ვარდზე გაჭრილი,
წამოვვარდი და კარი დავხურე
არსად გაფრინდეს შენი აჩრდილი.

არ გამიფრინდეს წინანდლის დილა,
დილის მშვენებას ვერ ვეურჩები.
საყურის ჩრდილში ვინ დაიჩრდილა,
ვინ გაიგრილა ცხელი ტუჩები.

როგორ დაფუშე სულთა კავშირი,
შენმა ტკბილმა ხმამ გული მატკინა.
მტკვართან ზის ობლად ბარათაშვილი,
რატომ დასტოვე მარტო, კატინა?

შეპყრობილი ვარ წარბთამშვენებით,
მომწვდა ჟუჟუნა თვალთა ისარი,
მეც დაგედევნე ცხენის ჭენებით
და შინ ვერასდროს ვერ მოგისწარი.

ვერ დავეწიე წინანდლის ირემს,
როგორც ზარის ხმა, ფეხის ხმა ვთვალე.
ვპოვე ტაძარი, ტაძარში ვწირე,
სადაც საყურეს დაჰყურებს მთვარე.

ჩემს შემოჭვარტულ სანთურს გავტეხავ,
შუბლს გავიგრილებ სარკმლის მინაზე
და ჩემსკენ მოჰქრის სიზმრად ამდენხანს
ნაბადმოსხმული შენი სინაზე.

მე დამესიზმრა უცხო საყურე,
როგორც პეპელა, ვარდზე გაჭრილი, -
წამოვვარდი და კარი დავხურე,
არსად გაფრინდეს შენი აჩრდილი.


სიმონ ჩიქოვანი


გიორგი ლეონიძე



საყურე


ნეტამც რისათვის,
ნეტამც რისათვის
იყო სასტიკი და უმადური! -
საყურისათვის,
საყურისათვის,
ნემსით დაჩხვლიტეს
ყური ვარდული!
როგორ გაბედეს,
ვინ არ დაინდო?
ვინ გაიმეტა
და არ ინანა?
მაგრამ ალმასად
ცვარი აინთო,
საყურის თვალში
ჩაჯდა სხივნარა.

პოეტის ცრემლო,
ეგებ, შენიყავ,
მდუღარებაში ქცეულო
ცეცხლად:
მაშ, უკვდავება
შენი გამიყავ,
რაც ოქროდ სჭედე,
რაც დაგივერცხლავ!
ეგებ შენიყავ
გულის ნამწვავო.
მიცვლილო ცნების
ანაპერწკლებით,
იქნება უნდათ,
რომ გამამწარონ,
არ მომცენ სხივნი,
მომცენ ეკლები?
იქნებ ასეა,
იქნებ, ვიციმე

სიყვარულიც და
ძველი მტერობაც,
ვიცი, რად ბრწყინავს,
თუ რად ციმციმებს
საყურის
ნაზი უდარდელობა!
შენ გამინათე

სევდის ნისლები,
შენი ნათელი გადამახურე,
ვიდრე სიმღერით
არ დავიცლები,
და სიყვარულით... -
ჰოი, საყურე!

გიორგი ლეონიძე

4
2482
9-ს მოსწონს
ავტორი:ანა პაპოშვილი
ანა პაპოშვილი
2482
  
2017, 8 სექტემბერი, 17:22
ანნ მადლობა
2017, 8 სექტემბერი, 16:08
ნამდვილად ძალიან საინტერესოაა,წარმატებები ანნ
2017, 7 სექტემბერი, 23:21
მადლობა. საინტერესო იქნება, ნამდვილად. ვნახოთ ^^
2017, 7 სექტემბერი, 23:17
ძალიან კარგი თემაა. ისე საყურის მოტივი ძალიან თვალშისაცემია როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ლიტერატურასა და მხატვრობაში. საინტერესო იქნება ამ თემის გაგრძელება. :)
0 1 4