x
ფროიდი vs იუნგი

image
ავსტრიელმა ფსიქიატრმა ზიგმუნდ ფროიდმა და მისმა შვეიცარიელმა კოლეგამ კარლ გუსტავ იუნგმა ერთმანეთი გაიცნეს ვენაში 1906 წელს. როგორც ცნობილია მათი პირველი შეხვედრა და საუბარი გაგრძელდა ცამეტი საათი. ისინი მალე დაახლოვდნენ და დაიწყეს აქტიური თანამშრომლობა. ფროიდი იუნგს მოიხსენიებდა, როგორც თავის მემკვიდრეს და დიდ იმედებს ამყარებდა მასზე, როგორც ფსიქოდინამიკური თეორიის დამცველზე. ფროიდის იმედების მიუხედავად მათი ურთიერთობა ექვსი წლის შემდეგ დასრულდა. არსებობს რამდენიმე ცენტრალური საკითხი, რომელიც გახდა იუნგისა და ფროიდის მეგობრობის დასასრულის მიზეზი.

1.არაცნობიერი ფსიქიკა- მთავარი უთანხმოება იუნგსა და ფროიდს შორის იყო შეხედულება არაცნობიერი ფსიქიკის შესახებ. ფროიდი თვლიდა, რომ არაცნობიერი იყო განდევნილი ფიქრების, ტრავმული მოგონებებისა და მთავარი მამოძრავებელი ენერგიის(სექსისა და აგრესიის) ეპიცენტრი. ის არაცნობიერს განიხილავდა, როგორც განდევნილი სექსუალური სურვილების საცავს, რომელიც წარმოადგენდა ნევროზებისა და მენტალური დაავადებების წყაროს.

ფროიდი არაცნობიერის სტრუქტურას სამ ნაწილად(იდი, ეგო, სუპერ ეგო) ყოფდა. იდი არის ჩვენი არაცნობიერი ნაწილი, რომელიც იმპულსებით იმართება და მიისწრაფის სურვილების დაუყოვნებლივი დაკმაყოფილებისკენ. ეგო არის ჩვენი ცნობიერი ნაწილი, რომელიც გვეხმარება გარემოსთან ადაპტაციაში. სუპერ ეგო ჩვენს ლტოლვებს უპირისპირებს სოციალურ ნორმებს და გარდაქმნის მათ სოციალურად მისაღებ ქცევად.


იუნგი ასევე სამ კომპონენტს გამოყოფს ადამიანის ფსიქიკის აღწერისას, თუმცა მისი თვალსაზრისით ფსიქიკა შედგება ეგოსგან, პერსონალური არაცნობიერისა და კოლექტიური არაცნობიერისგან. ეგო არის პიროვნების ცნობიერი ნაწილი, პერსონალური არაცნობიერი მოიცავს მოგონებებს(როგორც მეხსიერებიდან აღდგენილს, ასევე
განდევნილსაც). ხოლო კოლექტიური არაცნობიერი მოიცავს ადამიანის, როგორც სახეობის, ევოლუციურ გამოცდილებას და ცოდნას, რომელთან ერთადაც ვიბადებით. ამ თვალსაზრისით იუნგს ფროიდისგან განსხვავებით მიაჩნია, რომ არაცნობიერი არ არის მხოლოდ განდევნილი მატერიალის საცავი.

2. სიზმრები-ფროიდს მიაჩნდა, რომ ჩვენ ბევრი რამ შეგვიძლია შევიტყოთ პიროვნების შესახებ მისი სიზმრების ინტერპრეტაციის მეშვეობით. ფროიდი ფიქრობდა, რომ როდესაც ჩვენ გვღვიძავს ჩვენი სიღრმისეული სურვილები არ ცნობიერდება რაციონალურობისა(ეგო) და მორალის(სუპერ ეგო) გათვალისწინების აუცილებლობის გამო. ხოლო ძილის დროს შეკავებული, განდევნილი სურვილები იღვიძებენ და მიისწრაფიან დაკმაყოფილებისკენ.

ფროიდს ასევე მიაჩნდა, რომ სიზმრების მეშვეობით ხელმისაწვდომი ხდება შფოთვის გამომწვევი განდევნილი სურვილები და ფიქრები, რომელთა გაცნობიერებაც უშუალოდ შფოთვის განცდისას შეუძლებელია, რადგან ფსიქიკის დაცვითი მექანიზმი არ ატარებს ამ ინფორმაციას. თუმცა, სიზმარში დაცვითი მექანიზმი კომპრომისზე მიდის და ჩვენს სურვილებს შესაძლებლობა ეძლევათ, რომ გამოვლინდნენ შენიღბული, სიმბოლური ფორმით. მაგალითად, გრძელ ჯოხს, ფროიდის თვალსაზრისით, შეიძლება სასქესო ორგანოს მნიშვნელობა ჰქონდეს სიზმარში. ანალიტიკოსის სამუშაოს ერთ-ერთი
მიმართულება მდგომარეობს ამ სიმბოლოების ინტერპრეტაციასა და მათი ნამდვილი მნიშვნელობის ამოცნობაში.

ფროიდის მსგავსად იუნგსაც მიაჩნია, რომ სიზმრის ანალიზი არის ფანჯარა, რომელიც ხელმისაწვდომს ხდის არაცნობიერ მასალას და მისი ცნობიერებაში ინტეგრირების შესაძლებლობას გვაძლევს. თუმცა, ფროიდისგან განსხვავებით იუნგს მიაჩნია, რომ არაცნობიერი მასალა და სიზმრის შინაარსი არ არის ყოველთვის სექსუალური თავისი ბუნებით. მისი მოსაზრებით, სიმბოლოს შეიძლება ჰქონდეს მრავალი მნიშვნელობა იმის მიხედვით თუ ვინ ხედავს მას და რა ასოციაციები უჩნდება. იუნგი იყო „სიზმრის ლექსიკონის“ წინააღმდეგი, სადაც სიზმრები ინტერპრეტირებულია კონკრეტული, ფიქსირებული მნიშვნელობებით. შვეიცარიელი ფსიქოანალიტიკოსის მიხედვით, სიზმარი ლაპარაკობს განსხვავებული ენით, რომელიც გამოხატულია
სიმბოლოებში, ხატებსა და მეტაფორებში. ეს არის ინდივიდის, როგორც გარეგანი(ადამიანები, ადგილები, ყოველდღიურობა) ასევე შინაგანი(გრძნობები, ფიქრები, ემოციები) სამყაროს მანიფესტაცია.

იუნგი თანახმაა, რომ სიზმარი შეიძლება იყოს რეტროსპექტული თავისი ბუნებით და ირეკლავდეს ბავშვობის დროინდელ მოვლენებს. თუმცა ის ასევე ამბობდა, რომ სიზმარი შეიძლება იყოს პროსპექტული, მომავლისკენ ორიენტირებული და წარმოადგენდეს შემოქმედებითი საწყისის განვითარების მნიშვნელოვან წყაროს. ასევე
იუნგის სიზმრის თეორიის ერთ-ერთი ყველაზე განმასხვავებელი ასპექტი არის ის, რომ სიზმარი შეიძლება გამოხატავდეს, როგორც პერსონალურ, ასევე კოლექტიურ შინაარსს, რომელსაც იგი არქეტიპებს უწოდებს. არქეტიპები სიმბოლურ გამოხატულებას პოულობენ სიზმრებში, ფანტაზიებსა და ჰალუცინაციებში.

3. სექსი და სექსუალობა-კონფლიქტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კერა ფროიდსა და იუნგს შორის იყო მათი განსხვავებული ხედვა ადამიანის მოტივაციის შესახებ. ფროიდისთვის სექსუალობის რეპრესია და ექსპრესია იყო ფაქტობრივად ყველაფერი. ეს დამოკიდებულება ნათლად ჩანს მის დოგმატურ თეორიაში ფსიქოსექსუალური განვითარების შესახებ და ასევე თეორიაში, რომელიც ეხება ოიდიპოსისა და ელექტრას კომპლექსებს. ბერძნულ ტრაგედიაში ახალგაზრდა კაცი ოიდიპოსი კლავს მამას და ცოლად მოჰყავს დედა ისე, რომ მან არაფერი იცის ამის შესახებ. ფროიდის მიერ შემოთავაზებული ხედვის მიხედვით, მამრობითი სქესის ბავშვებს აქვთ ლტოლვა დედის მიმართ და მეტოქეობენ მამასთან. ელექტრას კომპლექსი კი გულისხმობს მდედრობითი სქესის ბავშვის ლტოლვას მამის მიმართ და მეტოქეობას დედასთან. ფროიდის მოსაზრებით ეს კონფლიქტი განიდევნება ცნობიერებიდან და შემდეგ რეპრესირებული
სურვილები ცდილობენ დაცვითი მექანიზმის გარღვევას და ცნობიერებაში შეღწევას, რასაც თან ახლავს დაძაბულობის და შფოთვის განცდა.

იუნგი თვლიდა, რომ ფროიდი ზედმეტ ყურადღებას უთმობდა სექსს და მის გავლენას ადამიანის ქცევაზე. მისი მოსაზრებით ადამიანის ქცევის მოტივატორი და ენერგიის მიმცემი არის ფსიქიკური ენერგია, სიცოცხლის ძალა. ხოლო სექსუალობა შეიძლება იყოს ამ ძალის მხოლოდ ერთ-ერთი პოტენციური მანიფესტაცია. იუნგი ასევე თვლის, რომ დედისა და შვილის ურთიერთობა ეფუძნება სიყვარულსა და პროტექციას, რომელიც ბავშვს გარანტირებული აქვს დედისგან.

4.რელიგია-ფროიდის მოსაზრებით ადამიანების უმრავლესობისთვის რელიგია არის გაქცევა. კარლ მარქსის მსგავსად ის თვლიდა, რომ რელიგია არის „ოპიუმი“ მასებისთვის და თვლიდა, რომ არ იყო საჭირო მისი პროპაგანდა. ზოგიერთი მკვლევარის მოსაზრებით, ფროიდი რელიგიაში ხედავდა შენიღბულ ფსიქოლოგიურ სიმართლეს,
რომელიც დევს ადამიანის ფსიქიკის სიღრმეში და წარმოადგენს მენტალური პრობლემების სათავეს. ეს მოსაზრება შეიძლება დავუკავშიროთ ფრიდრიხ ნითშეს, რომლის იდეებმაც გარკვეულწილად გავლენა მოახდინა ფროიდის მსოფლმხედველობაზე. ნითშეს აზრით, მორალის, რელიგიის, ესთეტიკური გრძნობების, შემოქმედებისა და ცივილიზაციის განვითარების სათავეს წარმოადგენს ქიმია, რომელსაც საფუძვლად უდევს უმდაბლესი და ყველაზე საზიზღარი ინგრედიენტები.

რელიგია და ზოგადად სულიერი სწავლებები იუნგის მიხედვით ინდივიდუაციის პროცესის აუცილებელი ნაწილია. ეს მოსაზრება ეფუძნება იდეას, რომლის მიხედვითაც არქეტიპები და სიმბოლოები წარმოდგენილია მრავალ სულიერ სწავლებებსა თუ რელიგიებში და მათ ერთი და იგივე მნიშვნელობა აქვთ. ამ თვალსაზრისით ისინი კოლექტიური არაცნობიერის კუთვნილებას წარმოადგენენ.

5.პარაფსიქოლოგია-ფროიდი სკეპტიკურად იყო განწყობილი პარაფსიქოლოგიური მოვლენების მიმართ. მისგან განსხვავებით იუნგი საკმაოდ დაინტერესებული იყო პარაფსიქოლოგიით. განსაკუთრებით ისეთი ფსიქიკური ფენომენებით, როგორიც არის ტელეპატია და სინქრონიზმი.

1909 წელს იუნგი ეწვია ფროიდს ვენაში რათა განეხილა თავისი შეხედულება პარაფსიქოლოგიასთან დაკავშირებით და მოესმინა ფროიდის მოსაზრება. მალე ნათელი გახდა, რომ ფროიდი არ იყო დაინტერესებული ამ საკითხით და ის ცდილობდა, რომ იუნგიც დაერწმუნებინა მათ უსარგებლობაში. ამ საუბრისას იუნგს დაეუფლა ისეთი განცდა თითქოს მას მუცელი შეეკუმშა და სწორედ ამ დროს გაისმა დიდი ხმაური წიგნების კარადიდან, რომელიც მათ გვერდზე იდგა. იუნგმა დაიწყო მტკიცება, რომ ეს ხმაური პარანორმალური წარმოშობის უნდა ყოფილიყო, თუმცა გაბრაზებული ფროიდი მას არ დაეთანხმა. მათ გააგრძელეს კამათი, რომლის დროსაც იუნგმა განაცხადა, რომ ეს ხმაური კიდევ გაისმებოდა და ხმაურმაც არ დააყოვნა. ეს ორი ადამიანი განცვიფრებული შეცქეროდა ერთმანეთს, თუმცა მათ აღარასოდეს უსაუბრიათ ამ ინციდენტის შესახებ.

კიდევ ერთი ცნობილი ინციდენტი ეხება იუნგის პაციენტს, რომელსაც დაესიზმრა, რომ აჩუქეს ოქროს ხოჭო. მეორე დღეს ფსიქოთერაპიის სესიის დროს, როდესაც ის ამ სიზმარს უყვებოდა იუნგს, ფანჯრიდან შემოფრინდა ისეთივე ოქროსფერი ხოჭო, რომელიც დიდ იშვიათობას წარმოადგენდა იმ მხარეში. ამ ინციდენტებმა იუნგი დაარწმუნა,
რომ ეს არ იყო უბრალო დამთხვევა, არამედ წარმოადგენდა მთავარ რგოლს, კავშირს ინდივიდის შინაგან და გარეგან სამყაროებს შორის. მან ამ მოვლენას თავდაპირველად აკაუზალური პარალელიზმი
შემდეგ კი სინქრონიზმი უწოდა.

ფროიდისა და იუნგის განსხვავებული შეხედულებების განხილვასთან ერთად მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ მათ ბევრი რამ ჰქონდათ საერთო. მეგობრობის საწყის ეტაპზე ისინი იმდენად აღფრთოვანებული იყვნენ ერთმანეთით, რომ თითქმის ცამეტ
საათს ატარებდნენ სიღრმისეულ საუბრებში, ცვლიდნენ აზრებს ცნობიერი და არაცნობიერი ფსიქიკის შესახებ, მუშაობდნენ თერაპიული მეთოდის განვითარებაზე. მათ მისცეს დასაბამი იდეას არაცნობიერი ფსიქიკის შესახებ და ხაზი გაუსვეს სიზმრის მნიშვნელობას ამ საკითხის უკეთ გაგებისთვის.

0
217
4-ს მოსწონს
ავტორი:მერაბ კინწურაშვილი
მერაბ კინწურაშვილი
217