x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134389
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
ჩარლზ ბუკოვსკი - ,, მომწონს იმის თქმა, რაც უნდა ვთქვა და ვუჩინარდები''

image

მეგობრები მას ჰენკის უწოდებდნენ... ჩარლზ ბუკოვსკის სამყარო უბრალო ხალხითაა დასახლებული. სტერილური ბარმენებით, ბანალური მეძავებით, პირფერი ოფიციანტებით...

“ ჩემი ხარახურის უმეტესობას მაშინ ვწერ, როდესაც ბახუსნაკრავი ვარ'' - აცხადებს ბუკოვსკის ერთ-ერთი პერსონაჟი - “ აბა, ფხიზელი რაღას წარმოვადგენ?! ერთ უბრალო და არც თუ კეთილსინდისიერ ექსპედიტორს''.

სამწერლობო საიდუმლოებაზე საუბრისას იგი შენიშნავს: “წერის დროს ყველაზე ძნელი ის არის, რომ საბეჭდ მანქანას მივუჯდე. როგორც კი ამას გავაკეთებ, კინო იწყება. საკმარისია დავჯდე, არავითარი გეგმა არ არის, არანაირი ძალდატანება, არც შრომა. თითქოს ყველაფერს მანქანა აკეთებს. ისე წერ, თითქოს რაღაცნაირ ტრანსში იმყოფები... სიტყვები ზოგჯერ სისხლივითაა, ზოგჯერ კი ღვინოსავით. ნაბიჯის წადგმა, რიტმი, ცეკვა, სისწრაფე - ყოველივე ეს თანადროული საუკუნეა. მომწონს იმის თქმა, რაც უნდა ვთქვა და ვუჩინარდები''.

დროდადრო იგი სატანაა, მონსტრია, ზოგჯერ დაკომპლექსებული ანგელოზი; ოღონდ უცდომლად შეიგრძნობს ადამიანურ სიყალბეს, ცხოვრებისეულ სისასტიკეს, უხეირო დისკომფორტულ პირობითობათა უადგილობას. წარმოუდგენელია, მის წერის მანერას მიბაძოს ვინმემ, ამას ნურავინ ეცდება.

“ მე ხალხი არ მომწონს, ჩემი თავიც კი არ მომწონს, ჩემთან ხალხი რაღაც ისე არ გრძნობს თავს''.

მეტისმეტადაა თავის თავში კონცენტრირებული. შეუძლია სხვასაც ისევე გადასცეს განცდილი, როგორც თვითონ გრძნობს. ეს კი ზოგჯერ მაინც რაღაცას ნიშნავს.

კონფლიქტური შეხლა-შემოხლა, წესებთან, რელიგიასთან, მორალთან ბრძოლის წესების გამზიარებელია ეს ადამიანი. ფორმირებულ-ნორმირებული ყველაფერი უნდა უარვყოთ, ჩვენში მოულოდნელობები, უცნაურობები, აფეთქებები, პატარა და დიდი ატომებია.

“ პოეტად რომ ვიწოდებოდე ნიშნავს მატყუარა, უმაქნისი, მჯღაბნელი, ვერსიფიკატორი, ხელოვნური ადამიანი ვიყო. ჩემთვის გაუგებარია, პოეტს რატომ მიწოდებენ''.

ყოველივე ამის ფინალი ადამიანის ტოტალური გაუცხოებაა. ის სამყაროსაგან მოწყვეტილი ადამიანი ხდება და მხოლოდ “სურვილის ადამიანად'' გარდაიქცევა.

1
59
3-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჯიქურაშვილი
ნათია ჯიქურაშვილი
59
  
2017, 3 სექტემბერი, 16:56
ჭეშმარიტი ხელოვანი, ჩემი აზრით, ,,უცხოპლანეტელია,,... თავადაც გრძნობენ ამას და ამიტომაც არიან ხშირად მარტოსულები...
0 1 1