x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
შიშები და მათი კლასიფიკაცია
შიში არის ემოცია, რომელიც აღმოცენდება ორგანიზმის, მისი ფასეულობების, პრინციპებისა და იდეალების მიმართ რეალური ან წარმოსახვითი მუქარის შემთხვევაში. თითქმის ყველა ცხოველს ეშინია ძლიერი ბგერითი გამაღიზიანებლის და მოულოდნელი განათების. ამ გამღიზიანებლების მიმართ შიშის ემოციური განცდა ევოლუციურად აღიბეჭდება თავის ტვინში და გამონაკლისს არც ადამიანი წარმოადგენს. ბევრ ადამიანს ეშინოდა და დღესაც ეშინია ჭექა-ქუხილის. ადამიანმა ევოლუციის გარკვეულ ეტაპზე ქუხილი გააიგივა ღმერთის განრისხებასთან. მოგვიანებით კაცობრიობამ დაადგინა, რომ ქუხილი ელექტრული მოვლენაა, თუმცა შიში მაინც შემორჩა. ადამიანს აშინებს მზის დაბნელება და კომეტების ვარდნა. შიშს იწვევს ვულკანების ამოფრქვევა და მიწიძვრები. ადამიანს ეშინია ცხოველების. მათი შიშის გავლენით შეიქმნა ფანტასტიკური ცხოველების მრავალი ხატი, ადამიანებს აშინებთ სიბნელე და მრავალი ბუნებრივი პროცესი, რომელთა მიმართ ადაპტაცია უძნელდებათ. განსაკუთრებით განცდას წარმოადგენს ადამიანისათვის სიკვდილის შიში.

კაცობრიობის განვითარების ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე სიკვდილის შიში ყოველთვის რჩებოდა გლობალურ და მუდმივ პრობლემად. დღესაც ბიოლოგიურ მეცნიერებათა მიღწევების ფონზე, როდესაც ბევრი რამ გავიგეთ სიკვდილის ფიზიოლოგიისა და ბიოქიმიის შესახებ, ადამიანს არ სურს ჩაიხედოს მის ბუნებაში. ადამიანები ცდილობენ სიკვდილის შიშის ემოციური განცდა გაანეიტრალონ რელიგიური მსოფლმხედველობით, რომელსაც ხელს უწყობს ჭეშმარიტი რწმენა.

ჩვილ ბავშვს ეშინია მარტოობის, ხმაურის და სიბნელის. როცა წამოიზრდება, თუ მოხვდა საავადმყოფოში, უჩნდება ნემსის გაკეთების, კბილის ამოღებისა და საერთოდ თეთრხალათიანი ადამიანების შიში. სკოლაში სიარულის პერიოდში მოუმზადებელი გაკვეთილებისა და დაგვიანებისთვის ეშინია მასწავლებლების. როგორც ვხედავთ, შიშის ემოციური განცდების გამომწვევი ფაქტორები ინდივიდუალური განვითარების პერიოდში იცვლება.


ბიოლოგიური ტკივილი არის შიშის განცდის პირველი ფაქტორი. მოგვიანებით, წლების მომატებასთან ერთად, თავს იჩენს სხვადასხვა სახის სოციალური ფაქტორებით გამოწვეული შიში. სოციალური ხასიათის შიში ყოველთვის სპეციფიკური კომპონენტის მატარებელია. სოციალური შიშის კონკრეტული ფორმები განპირობებულია ისტორიული ეპოქის თავისებურებებით და საზოგადოების განვითარების დონით. ამის საილუსტრაციოდ გამოდგება ასეთი მაგალითი. 1989 წელს სოციოლოგებმა შეიმუშავეს სპეციალური პროგრამა- "საბჭოთა ადამიანის" შესასწავლად. ამ პროგრამის ერთ-ერთი ამოცანა იყო, გამოეკვლიათ, თუ რა სახის შიშები აწუხებდათ მოქალაქეებს. კითხვაზე, 'ყველაზე უფრო რისი გეშინიათ' პასუხთა პროცენტული რაოდენობა ანკეტური მონაცემების სტატისტიკური ანალიზით ასე გამოიყურებოდა: ახლობელთა ავადმყოფობის-60, ომების-48, სტიქიური უბედურებების-42, ავადმყოფობის-41, მოხუცებულობის-30, ხელისუფლების თავნებობის-23, ტკივილების, ტანჯვის-19, სიღარიბის-17, სიკვდილის 15, დამნაშავეების-15, ღმერთის განრისხების-8. ამ ჩამონათვალის ანალიზი ცხადყოფს, რომ საბჭოთა კავშირში მცხოვრები ადამიანებისათვის შიში ზოგადსაკაცობრიობო ხასიათის იყო, ეს დასტურდება პირველი ხუთი პოზიციის მაღალი პროცენტულობით. ყველა მათგანი იმ ხასიათის შიშია, რომელზედაც პროგრესი გავლენას არ ახდენს. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ 90-იან წლებში ხალხს უფრო ეშინოდა მთავრობის თვითნებობის, ვიდრე დამნაშავეების. თავი იჩინა აგრეთვე საბჭოთა ათეისტურმა იდეოლოგიამ, ღმერთის განრისხების მიმართ შიში ყველაზე ნაკლებია.



შიში არის გარკვეულად განსაზღვრული, სპეციფიკური ემოცია და განიხილება დამოუკიდებელ კატეგორიად. იგი წარმოიქმნება რეალურ და წარმოსახვით სიტუაციებში, რომლებშიც ინდივიდს ელოდება ბიოლოგიური ან სოციალური საფრთხე. ტრადიციულად შიში განიხილება ერთ-ერთ პირველად ემოციად სიხარულთან, მრისხანებასთან და მწუხარებასთან ერთად. ხშირ შემთხვევაში სიტყვები შიში, შფოთვა და ფობია იხმარება მცდარად, ურთიერთშემცვლელ ტერმინებად. გარკვეულ შემთხვევებში ეს გასაგებია, ვინაიდან სამივე ტერმინი ახასიათებს, აგზნებებსმ რომელთა ფიზიოლოგიური მდგომარეობა მსგავსია.


ვინაიდან არსებობს შიშის მრავალი ფორმა, მისი კლასიფიცირება საკმაოდ გართულებულია. ამიტომაც არსებობს შიშის სხვადასხვანაირი კლასიფიკაცია. მაგალითად, სედოკი და კაპლანი შიშის ყველა ფორმას ყოფთდნენ კონსტრუქციულ და პათოლოგიურ ფორმებად. შიშის კონსტრუქციული ფორმა უადვილებს ადამიანს შეეგუოს საარსებო გარემოს. პათოლოგიური კი სტიმულზე არაადეკვატური პასუხია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ფსიქიკური აშლილობა. ფროიდი (Фрейд, 1989) 'ფსიქოანალიზის შესავალში' ოცდამეხუთე ლექციას უძღვნის შიშს, სადაც განიხილავს მის ორ ფორმას: ნევროზულს და რეალურს. ფროიდი ნევროზულ შიშს თვლის 'უმიზნო შიშად" და მის წარმოშობას უკავშირებს ლიბიდოს. ზოგიერთი მკვლევარი კი შიშს ყოფს ორ ფორმად. პირველი- ბავშვობის შიში, მეორე- ადამიანთა შიში ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე. ზოგჯერ მათ მოიხსენიებენ შიშის პირველად და მეორეულ ფორმებად. ცნობილია შიშის არაპოპულარული კლასიფიკაციაც: ბუნებრივი, სოციალური, შინაგანი, არსებობს შიშის დაყოფა გაცნობიერებულ და გაუცნობიერებელ ფორმებად. ჩარლზ დარვინს კარგად აქვს აღწერილი გველთან მიახლოებით გამოწვეული შიში, რომელიც ვერ აღმოფხვრა, თუმცა დარწმუნებული იყო, რომ გველი ვერ შეეხებოდა, ვინაიდან ის იმყოფებოდა სქელი მინის იქით.


ადამიანთა შორის ფართოდაა გავრცელებული ცხოველებისა და სიტუაციების მიმართ შიში, რომელსაც ფობიას უწოდებენ. ტერმინი ფობია სათავეს იღებს ბერძნული ფობოსიდან, რაც ნიშნავს შიშს. ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგი სტენლი პოლი პირველი იყო, რომელმაც ბერძნული სიტყვით აღნიშნა დასჯის ის ათი ეგვიპტური მეთოდი, რომლებიც ადამიანებში შიშს იწვევენ. ფობია, ცხადია, ათზე მეტია. ფობიით აღინიშნება ირაციონალური ხასიათის შიშები, რომლებიც წარმოიქმნებიან კონკრეტულ ობიექტთა და სიტუაციათა ზემოქმედებით. ირაციონალური ხასიათის შიშები უაზროა, მაგრამ იწვევს ადამიანთა შფოთვას. არსებობს ფობიის მრავალი ფორმა:
კლაუსტროფობია-ჩაკეტილი სივრცის შიში, ადამიანს უჭირს მეტროში ჩასვლა და ლიფტში შესვლა

აგორაფობია - ღია სივრცის შიში. ადამიანს ურჩევნია იჯდეს სახლში და იშიმშილოს, ვიდრე გავიდეს ქუჩის მეორე მხარეს და იყიდოს საკვები.
აკროფობია - სიმაღლის შიში

ნოზოფობია-დაავადების შიში. მას მიეკუთვნება კანცეროფობია, კარდიოფობია და მრავალი სხვა ფორმა.

სოციოფობია - საჯარო გამოსვლის შიში (მასვე მიეკუთვნება გაწითლების შიში)
ტანატოფობია - სიკვდილის შიში

ოფიდიოფობია - გველების შიში
კინოფობია - ძაღლების შიში

გენოფობია - სექსუალური შიში

კიფრიდოფობია - ვენერიული დაავადებების შიში

გინოფობია - ქალების შიში
ანდროფობია - მამაკაცების შიში

გოდოფობია - მოგზაურობის შიში

ჰიპნოფობია - ძილის შიში

მიზოდობია - ნაგვის შიში

ქსენოფობია - უცხოს შიში

ასტროფობია - ჭექა-ქუხილის შიში

ფობოფობია - შიშის შიშიimage

0
358
შეფასება არ არის
ავტორი:მარი შეყილაძე
მარი შეყილაძე
358
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0