x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
პიროვნების თვითაქტუალიზაცია

image

იმისათვის, რომ ვისაუბროთ პიროვნების თვითაქტუალიზაციაზე თავდაპირველად განვმარტავ ტერმინებს:
პიროვნება უნიკალური ფსიქოლოგიური თვისებების რთული ერთობლიობაა, რომელიც განსხვავებულ სიტუაციებში და სხვადასხვა დროს გავლენას ახდენს ინდივიდის ქცევის თავისებურებებზე. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, პიროვნებაა ყველა ცოცხალი, რომელსაც აქვს თვითცნობიერება. ყველა სხვა დანარჩენი არის ინდივიდი. ტერმინი თვითაქტუალიზაცია კი გულისხმობს ცხოვრების განმავლობაში პიროვნების პოტენციალის მაქსიმალურ რეალიზაციას. ბევრი ფსიქოლოგის მიხედვით, მაგალითად როგორიცაა ჰუმანისტური მიდგომის ერთ-ერთი წარმომადგენელი კარლ როჯერსი, თვითაქტუალიზაცია ადამიანის განვითარების მთავარი მოტივაციური ძალაა. როჯერსი თვლის, რომ ადამიანს (ისევე, როგორც სხვა ნებისმიერ ცოცხალ არსებას) აქვს ზრდისა და განვითარების თანდაყოლილი, ბიოლოგიური ტენდენცია. „ადამიანი ვალდებულია იყოს ის, რაც მას შეუძლია იყოს. ადამიანი გრძნობს, რომ უნდა შეესაბამებოდეს თავის ბუნებას. ამ მოთხოვილებას შეუძლია ეწოდოს თვითაქტუალიზაცია“. - ა.მასლოუ.

როგორც ბაზისური(ბიოლოგირუი) მოთხოვნილებები, ისე თვითაქტუალიზაციაც ყველა ადამიანს ახასიათებს, რომელიც ფსიქოლოგმა აბრაჰამ მასლოუმ თავის საჭიროებათა იერარქიაში უმაღლეს საფეხურზე განათავსა. აბრაჰამ მასლოუს მიაჩნდა, რომ ადამიანის მოთხოვნილებები იერარქიულობით ხასიათდებიან და ეს იერარქია ქმნის პირამიდას, სადაც შემდგომი საფეხურის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება შესაძლებელია მხოლოდ წინა საფეხურის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების შემდეგ(თუმცა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ეს დებულება აბსოლუტური სიზუსტით არ ხასიათდება, ვინაიდან არსებობენ ადამიანები, რომლებიც სხვა მოთხოვნილებების მიუხედავად, აღწევენ თვითაქტუალიზაციას. ამის ნათელი წარმომადგენელი საქართველოს ისტორიაში იყო ცნობილი მხატვარი, ნიკო ფიროსმანი. მას არც ნორმალური საცხოვრებელი ჰქონდა და არც საკვები, მისი მდგომარეობა გაუსაძლისი იყო, თუმცა ის შეგვიძლია მივიჩნიოთ აქტუალიზირებულ პიროვნებად, ვინაიდან ემსახურებოდა იმ მიზანს, რისთვისაც იყო მოწოდებული). მასლოუს პირამიდაში მოთხოვნილებები დალაგებულია მარტივიდან რთულისკენ და მიუხედავად იმისა, რომ თვითაქტუალიზაცია ადამიანის უმთავრესი მოთხოვნილებაა, მის მაღალ დონეს მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი აღწევს, რაც გამოწვეულია იმით, რომ ხშირად არასწორად არის დალაგებული მის მისაღწევად გათვლილი სტრატეგიები. აუცილებელია ადამიანი სათანადოდ გაერკვეს საკუთარ სურვილებში, შესაძლებლობებში და მათი გამოყენების უნარებში. ამ ყოველივეს გათვალისწინებით ძალიან ფრთხილად და ყურადღებით უნდა დაიგეგმოს ზემოთ განხილული პროცესი. ჩვენ ვიცით, რომ რაც უფრო მაღალია თვითაქტუალიზაციის დონე, მით უფრო ეფექტიანია პროფესიული აქტივობა და პირიქით. ამრიგად, თუ ადამიანს არ ესმის თვითაქტუალიზაციის არსი, მისი გზები და დინამიკა, ნაკლებად შესაძლებელია სწორად განსაზღვროს პროფესიული განვითარების პერსპექტივები. საკუთარი შესაძლებლობებისა და პოტენციალის რეალურად განსაზღვრა
და მათი აქტუალიზაციის სწორად დაგეგმვა ძალიან რთული პროცესია, რისთვისაც აუცილებელია სათანადო ცოდნა, გამოცდილება და მოტივაცია. სწორედ ამიტომაა საჭირო სოციალიზაციის
დაწყებიდანვე გრადუალურად ცნობიერების ამაღლება იმისათვის, რომ ადამიანმა წარმატებით შეძლოს დამოუკიდებლად თავისი ადგილის დამკვიდრების ეფექტური გზების და ამგზებზე არსებული დაბრკოლებების გადაჭრის სტრატეგიების პოვნა. ა.მასლოუმ გამოყო ის თვისებები, რომლებიც განსაკუთრებით გამოარჩევთ თვითაქტუალიზებულ პიროვნებებს. მათ შორისაა: რეალობაზე ორიენტირებულობა, მომთმენლობა და შემწყნარებლობა, უბრალოება და ბუნებრიობა, სპონტანურობა, პრობლემებსა და საქმეებზე ცენტრირება, უმაღლესი ან მისტიკური განცდების ქონა, დამოუკიდებლობა და ავტონომიურობა და სხვა. მასლოუს მოსაზრების თანახმად, თვითაქტუალიზირებული პიროვნება კარგად იცნობს საკუთარ თავს და ისეთად იღებს მას, როგორიც არის. სოციალურად გულისხმიერია, ღიაა სიახლეებისა და გამოწვევებისადმი.

არიან ადამიანები, რომელებიც თვლიან, რომ განვითარების ამ დონისთვის მიღწევა შეუძლებელია, ან უბრალოდ მათში არ არის ისეთი რამ, რის რეალიზებასაც შეძლებდნენ. თუმცა, ბევრი ფსიქოლოგის აზრით, ყველა ადამიანში არის რაღაც, რაც მათ გამოარჩევთ სხვებისგან და ხდის განსაკუთრებულს. შესაბამისად, აუცილებლად ღირს ამისთვის საკუთარ თავზე მუშაობა. საგულისხმოა, რომ ზრდის ეს პროცესი საკმაოდ შრომატევადი და დიდხნიანია, რომელიც თავის მხრივ რისკებისადმი, შეცდომებისადმი მუდმივ მზაობას, სტერეოტიპებზე უარის თქმას გულისხმობს. ეს კი დიდ სიმამაცეს მოითხოვს, რაც შესაბამისად დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანში აღძრავს შიშს და პესიმისტურ განწყობილებას. ასეთი რეაქცია ბუნებრივია, თუმცა ნებისყოფით და ძლიერი მოტივაციით შესაძლებელია ამ დაბრკოლების გადალახვა და სასურველი შედეგის მიღწევა.



0
54
შეფასება არ არის
ავტორი:ანი იმნაძე
ანი იმნაძე
54
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0