x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
წართმეული ცხოვრება-6 ისტორია ადამიანებზე,რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ
image

კატია მამონტოვა და ელენე სამოხინა-4 წელი

image

ეს ისტორია 2000 წლის შემოდგომაზე დაიწყო რიაზანში.14 წლის კატია და 17 წლის ლენა დისკოთეკიდან ბრუნდებოდნენ ღამით. საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღარ მოძრაობდა და ამიტომ გოგონებმა მანქანა გააჩერეს. მძღოლის გვერდით ახალგაზრდა ქალი იჯდა, რომელმაც გოგონებს დასალევი შესთავაზა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ალკოჰოლში საძილე საშუალება იყო გარეული. კატიამ და ლენამ სახლიდან 100კმ-ის დაშორებით, ტყვეობაში გაიღვიძეს.


გამტაცებლები 54 წლის ვიქტორ მოხოვი და მისი 25 წლის თანამზრახველი ელენა ბადუკინა იყვნენ. თავის აგარაკზე, ავტოფარეხის ქვეშ, ვიქტორს ნამდვილი ბუნკერი ჰქონდა მოწყობილი, სადაც ორსართულიანი საწოლი, ელექტროქურა, მაგიდა და რამდენიმე სკამი იდგა. გოგონები ტუალეტის მაგივრად ვედროს იყენებდნენ, პატარა ჭურჭლიდან იბანდნენ და საჭმელს ელექტროქურაზე იმზადებდნენ.

ამ ბუნკერში კატიამ და ლენამ 44 თვე გაატარეს. ამ ხნის განმავლობაში გამტაცებელი მათზე რეგულარულად ძალადობდა, წინააღმდეგობის დროს კი გოგონებს სცემდა, აშიმშილებდა ან ბუნკერში ცრემლსადენ გაზს უშვებდა. როცა მძევლები “კარგად იქცეოდნენ" მათთვის წიგნები და ჟურნალები მოჰქონდა. სამი წლის შემდეგ გოგონები საბოლოოდ გატყდნენ და წინააღმდეგობის გაწევა შეწყვიტეს, ამიტომ მოხოვმა მათი სასეირნოდ გაყვანა დაიწყო რიგრიგობით.

ერთხელ მან კატია ბუნკერიდან გაიყვანა და უბრძანა მისი ძმისშვილის როლი ეთამაშა. მოხოვის სახლში სტუდენტი გოგონა ქირაობდა ოთახს და სწორედ კატიას დახმარებით გეგმავდა მოხოვი მის დატყვევებასაც. გეგმა ჩაიშალა. სტუდენტმა საძილეწამლიანი ალკოჰოლის დალევაზე უარი თქვა, კატიამ კი მოახერხა და მანიაკისგან შეუმჩნევლად მას წერილი დაუტოვა. წერილის წაკითხვის შემდეგ სტუდენტმა გოგონამ დაუყოვნებლივ მილიციას მიმართა.

საოცარია, მაგრამ მილიციის თანამშრომლებმა აგარაკის ჩხრეკისას ბუნკერის კვალს ვერ მიაგნეს.საბედნიეროდ, მანიაკმა ყველაფერი თავად აღიარა. გოგონები 2004წლის 4 მაისს გაანთავისუფლეს. მიწის ქვეშ მათ 3 წელი, 7 თვე, 4 დღე და 15 საათი გაატარეს. ამ ხნის განმავლობაში ლენამ ორჯერ იმშობიარა, ორივეჯერ მას მოხოვმა წაართვა ბავშვები და სხვადასხვა ბინებთან დატოვა.როცა გაათავისუფლეს, ლენა მესამე ბავშვზე იყო ფეხმძიმედ, მოგვიანებით ნაადრევად იმშობიარა.

ვიქტორ მოხოვს 17 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, მის თანამზრახველ ელენა ბადუკინას კი 5, 5 წელი.


კოლინ სტენი-7 წელი

image

1977 წლის 10 მაისს 20 წლის კოლინი ავტოსტოპით მიდიოდა მეგობართან. მას ცოლ-ქმარმა კამერონ და ჯენის ჰუკერებმა გაუჩერეს მანქანა და კოლინის 7 წლიანი ტყვეობა აქედან დაიწყო. კამერონი გოგონაზე ძალადობდა, სცემდა და აიძულებდა ხის ყუთში დაეძინა. გარდა ამისა, ემუქრებოდა, რომ საიდუმლო ორგანიზაციიდან იყო, რომელიც გაქცევის შემთხვევაში კოლინის ოჯახს გაუსწორდებოდა.

7 წლის შემდეგ კამერონ ჰუკერმა გადაწყვიტა კიდევ რამდენიმე გოგონა მოეტაცა, რაც მის ცოლს არ მოეწონა. ჯენის ჰუკერმა კოლინი გაათავისუფლა და პოლიციასაც თავად მიმართა.

კოლინი მძიმე მდგომარეობაში იყო, მაგრამ მაინც მოახერხა ჩვეულებრივ ცხოვრებას დაბრუნებოდა. სწავლა განაგრძო, ოჯახი შექმნა და ორგანიზაციაშიც გაწევრიანდა, რომელიც ძალადობის მსხვერპლ ქალებს ეხმარება.

კამერონ ჰუკერს 104 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.


ნატაშა კამპუში-8 წელი

image

1998 წლის 2 მარტს 10 წლის ავსტრიელი გოგონა სკოლაში წავიდა და დაიკარგა. გამოჩნდა მოწმე, რომელმაც განაცხადა, რომ დაინახა როგორ შეაგდო გოგონა თეთრ მიკროავტობუსში ორმა მამაკაცმა. ძებნა ოპერატიულად დაიწყო, მაგრამ ნატაშას კვალს ვერ მიაგნეს. დაიკითხა მისი გამტაცებელიც-ვოლფგანგ პრიკლოპილი, მაგრამ მტკიცებულებების არარსებობის გამო მისი დაკავება ვერ მოხერხდა.

ვოლფგანგმა გოგონა მიწისქვეშ მოწყობილ სარდაფში ჩაკეტა, რომლის ფართობი სულ 5 კვადრატული მეტრი იყო და სადაც ნატაშამ 8 წელი გაატარა.

მოგვიანებით, გამტაცებელმა გოგონას ნება დართო ბაღში ესეირნა. 2006 წლის 23 აგვისტოს, მან გოგონას მანქანის მტვერსასრუტით ამოწმენდა დაავალა, თავად კი ტელეფონზე საუბრით გაერთო . გოგონამ მტვერსასრუტი ჩართული დატოვა, მეზობელ სახლში მიირბინა და პოლიციის გამოძახება სთხოვა. როცა შეიტყო, რომ მისი საიდუმლო გამჟღავნდა, გამტაცებელი მატარებელს ჩაუვარდა.

ნატაშა კამპუშმა ცხოვრება გააგრძელა, სწავლა დაამთავრა და საკუთარი თოქ-შოუც მიყავდა.2010 წელს მისი ბიოგრაფია დაიბეჭდა “3096 დღე".


ფუსაკო სანო-9 წელი

image

9 წლის ფუსაკო სანო 1990 წლის 13 ნოემბერს დაიკარგა. ძებნამ არავითარი შედეგი არ გამოიღო, გოგონა უკვალოდ გაქრა. მისი გამტაცებელი 28 წლის სულით ავადმყოფი ნობუიუკი სატო იყო, რომელმაც გოგონა თავისი სახლის მეორე სართულზე დაამწყვდია, ეს სახლი კი სულ რაღაც 200 მეტრში იყო პოლიციის განყოფილებიდან. სატო მოხუც დედასთან ერთად ცხოვრობდა, რომელიც მისი განცხადებით არასოდეს ასულა მეორე სართულზე, რომელიც მის შვილს ეკავა.ერთხელაც, მოხუცმა ქალმა სოციალურ სამსახურს მიმართა, რადგან მისი შვილი აგრესიას ამჟღავნებდა და ითხოვა მასთან სოციალური აგენტები მისულიყვნენ.

2000 წლის 28 იანვარს, როცა აგენტები სატოს სახლში მივიდნენ, მათთან სანო გამოვიდა. გაირკვა, რომ მთელი ცხრა წელი ის ჩაკეტილი არ ყოფილა, მაგრამ იმდენად ეშინოდა გამტაცებლის, რომ გაქცევა ერთხელაც არ უცდია.

გოგონა ჯანმრთელი იყო, მაგრამ გონებრივად და ფსიქიკურად ჩამორჩენილი, ისევ ბავშვივით იქცეოდა. ფუსაკოს დღემდე უჭირს ურთიერთობა და მარტოობას ამჯობინებს.


ჯეისი ლი დიუგარდი-18 წელი

image

1991 წელს 11 წლის ჯეისი ცოლ-ქმარმა ფილიპ და ნენსი ჰარიდოებმა მოიტაცეს. ნენსი სკოლის ავტობუსს უცდიდა სახლთან, როცა ამ დროს მანქანა გაჩერდა და იქიდან გადმოსულმა ქალმა ჯეისი მანქანაში ჩააგდო. გოგონას მამინაცვალი ველოსიპედით დაედევნა მანქანას, მაგრამ ვერ დაეწია. თავდაპირველად ჯეისის მამა დაადანაშაულეს ბავშვის გატაცებაში, მაგრამ მალევე უდანაშაულოდ ცნეს.

ფილიპ ჰარიდო ორჯერ იყო ნასამართლევი, პირობით ვადამდე იყო გათავისუფლებული, როცა ჯეისი გაიტაცა.გოგონა მის სახლში ცხოვრობდა, რომელსაც მაღალი ღობე ჰქონდა შემოვლებული. მოძალადე მანიაკისგან მან 2 გოგონა გააჩინა. 14 წლის იყო, როცა პირველად იმშობიარა. ჯეისი თავს ფილიპის შვილად აჩვენებდა, მისი შვილები კი თითქოს მისი უმცროსი დები იყვნენ.

ერთხელ ფილიპ ჰარიდომ პოლიციას საზოგადოებრივი ღონისძიების ჩატარების ნებართვის ასაღებად მიმართა. პოლიციის თანამშრომელს მისი ქცევა საეჭვოდ მოეჩვენა და კიდევ ერთი შეხვედრა დაუნიშნა, რომელზეც ჰარიდო ჯეისისა და მისი გოგონების თანხლებით გამოცხადდა. მან განაცხადა, რომ სამივე გოგონა მისი ძმისშვილი იყო, გოგონები კი მას მამას ეძახდნენ. ამან პოლიციის თანამშრომლები დააეჭვა და მალე ყველაფერი გაირკვა.

ჯეისი ოჯახს დაუბრუნდა, მაგრამ მისი ემოციური კავშირი ჰარიდოსთან დიდი ხნით გაგრძელდა. მოგვიანებით ჯეისიმ წიგნი დაწერა “წართმეული ცხოვრება", რომელშიც თავისი ტყვეობა აღწერა.

ფილიპ ჰარიდოს 431 წელი მიუსაჯეს, მის ცოლს კი 36 წელი.


ელიზაბეტ ფრიტცელი-24 წელი

image

ავსტრიელ ელექტრიკოსს იოზეფ ფრიტცელს სხვისი შვილები არ მოუტაცია. მან საკუთარი ქალიშვილი დაატყვევა, 18 წლის ელიზაბეტი, რომელიც ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში გახდა მამის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი. ყველაფერი კი 1984 წელს დაიწყო.იოზეფმა ქალიშვილი ბუნკერში ჩაკეტა და პოლიციაში მისი გაუჩინარების შესახებ განაცხადა, მოგვიანებით მან სამართალდამცავებს ქალიშვილის მიერ “გამოგზავნილი" წერილი აჩვენა, რომელშიც ელიზაბეტი წერდა, რომ დამოუკიდებლად უნდოდა ეცხოვრა. ძიება შეწყდა.

24 წლიანი ტყვეობისას ელიზაბეტმა საკუთარი მამისგან 7 შვილი გააჩინა, ერთი მათგანი დაბადებიდან ცოტა ხანში გარდაიცვალა. იოზეფს პატარები დროდადრო ამოყავდა ბუნკერიდან, გარშემომყოფები კი დააჯერა, რომ მისმა გზასაცდენილმა ქალიშვილმა, რომელიც სექტაში შევიდა, ბავშვები მას მიუგდო.

2008 წელს ელიზაბეტის უფროსი ქალიშვილი მძიმედ გახდა ავად, ელიზაბეტმა დაიჟინა, რომ იოზეფს ის კლინიკაში წაეყვანა, სადაც ექიმებმა მისი სამედიცინო ბარათი და დედის დასწრება მოითხოვეს, იოზეფმა წერილი წარმოადგინა-თითქოსდა მისი ქალიშვილი არ აპირებდა სექტის დატოვებას და არც შვილი ანაღვლებდა. მედიკოსებს მისი საქციელი საეჭვოდ მოეჩვენათ და პოლიციას მიმართეს. მალე ყველაფერი გაირკვა. ელიზაბეტმა ყველაფერი უამბო სამართალდამცავებს საკუთარ 24 წლიან პატიმრობაზე. იოზეფს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა, რომელსაც სულით ავადმყოფთათვის განკუთვნილ სპეციალურ დაწესებულებაში იხდის.

0
185
2-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
185
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0