x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134492
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508557
სიზმარი


image
ცნობილია რომ ყველა ადამიანი თავისი ცხოვრების მესამედს ძილში ატარებს.
ძილის განმავლობაში ჩვენ სიზმრებს ვხედავთ. სიზმარი უხსოვარი დროიდან იწვევდა
დიდ ინტერესს და ხშირად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ მის შინაარსს ცხოვრებისეული მოვლენების ასახსნელად. დღესაც არსებობს პრიმიტიული ტომები,
რომელთა წევრები ყოველ დილით იკრიბებიან და უზიარებენ თავიანთ სიზმრებს და განიხილავენ მათ მნიშვნელობებს. მათი ღრმა რწმენით, ეს რიტუალი ტომის
კეთილდღეობის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს. რეალურად, სიზმარი ფანტაზიის თავისუფალი გამოვლინების პროდუქტია,
თუმცა ამის განცდა სიზმარში არ არსებობს. სიზმრის ცნობიერება ძალიან ჰგავს
ფსიქიკურად დაავადებულის ცნობიერებას, რადგან ორივე მოწყვეტილია რეალურ
სინამდვილეს და ამას ვერც ერთი ვერ ამჩნევს. ამიტომ არაა გასაკვირი, რომ
ზოგიერთი ავადმყოფი განკურნების შემდეგ წინანდელ მდგომარეობას სიზმარს ადარებს
ხოლმე (დ.უზნაძე ზოგადი ფსიქოლოგია).
სიზმრის შინაარსის მასალას წარმოდგენები შეადგენს. ხშირ შემთხვევაში ეს
მხედველობითი წარმოდგენებია. თუმცა სიზმრის შინაარსში შედის სმენითი, ყნოსვითი,
შეხების, მოძრაობის, გემოს და სხვა წარმოდგენებიც, რომლითაც მდიდარია, მაგალითად, დაბადებიდან ბრმა ადამიანების სიზმრები. მათი მრავალფეროვნება ხშირად გაოცებას იწვევს.
როდის ჩნდება სიზმარი? სიზმარი წარმოიქმნება ძილის პროცესის სხვადასხვა
ფაზაზე. თუმცა ყველაზე შთამბეჭდავ, არარეალურ, ხშირად აბსურდულობამდე მისულ
სიზმრებს ადამიანი პარადოქსული ძილის-სწრაფი ძილის დროს ხედავს. ამასთან, ვინც
ამ საფეხურზე იღვიძებს, ადასტურებს სიზმრის ნახვის ფაქტს და ახსოვს კიდეც მისი
შინაარსი. არსებობს ძილის სხვა ფაზა- ნელი ძილი, რომლის დროსაც ნანახი სიზმარი
ლოგიკურია, ნაკლებ ემოციური და ასახავს სიფხიზლეში მომხდარ მოვლენებს.
სიზმრის შინაარსზე მეტ-ნაკლებ გავლენას ახდენს შიდა და გარე
გამღიზიანებლები. ხმაური, სუნი ან შეხება(გარეგანი გამღიზიანებლები) შეიძლება
მოხვდეს სიზმრის ფაბულაში, თუმცა ის გარკვეული სახით ინტერპრეტირდება
და განსხვავებული სახით ხვდება სიზმრის შინაარსში. ერთ-ერთ ექსპერიმენტში,
მძინარე ადამიანებს წყალს ასხურებდნენ. ექსპერიმენტის მონაწილეებს სხვებზე ხშირად ესიზმრებოდათ წყალთან დაკავშირებული სიზმრენი, სადაც იყო ჩანჩქერი, წვიმა, და
სახურავიდან ჩამოსული წყალიც კი. შიდა გამღიზიანებლები უმნიშვნელოდ, მაგრამ
მაინც ცვლიან სიზმრების შინაარსს, მაგალითად მშიერ ადამიანს შეიძლება დაესიზმროს,
რომ საჭმელს შეექცევა (ი.იმედაძე, ფსიქოლოგიის საფუძვლები).
სიზმრის შინაარსის ანალიზიდან გამომდინარე, ირკვევა მისი შექმნისას ფანტაზიის გამოვლინების ტიპიური ფორმები, რომელსაც რევაზ ნათაძე ხალხურ ზღაპრებს უკავშირებს. მაგალითად აღქმის საგნისა და მისი თვალსაჩინო ხატის დაშორება. მაგალითად შეიძლება ვხედავდეთ დათვს, თუმცა ის რეალურად განიცდებოდეს, როგორ ჩვენი ნაცნობი ადამიანი. სრული ანალოგიაა ზღაპრებშიც, გედი გადაიქცევა მეფის ქალიშვილად, კუდიანი დედაბერი ყვავად და ა.შ. სიზმარში ხშირია ასევე ე.წ. მეტამორფოზები. როცა თვალის დახამხამებაში იცვლება გარემო, სადაც ვიმყოფებით. სიზმრებში საგნები კარგავენ მათთვის დამახასიათებელ სპეციფიკურ ნიშნებს. მსგავს შემთხვევებს ზღაპრებშიც ვხვდებით: წიწაკა ტკბილია, ცეცხლი არ წვავს, ყინული თბილი და სხვ. საინტერესოა, რომ ეს ყველაფერი, მიუხედავად თავისი
არარეალურობისა, სავსებით რეალურად განიცდება. ამის მიზეზად კი მკვლევრები ასახელებენ იმ ფაქტს, რომ სიზმრის დროს გამორთულია ადამიანის კრიტიკის უნარი.

0
120
3-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ოღაძე
ნინო ოღაძე
120
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0