x
"სიკვდილმა შვილი წამართვა მხოლოდ, დედის გული კი ვერ გამილია და ყველა ბავშვი ამ ქვეყანაზე, იცოდე, ახლა ჩემი შვილია" - ნონა ფიფია
გრძელდება რუბრიკა “აღმოვაჩინოთ ნიჭიერები ერთად“. ჩვენი შემდეგი
რესპოდენტია პოეტი, ორი პოეტური კრებულის ავტორი ნონა ფიფია.
საინტერესოა მისი პირველი ნაბიჯები პოეზიის გზაზე, მოგონებები
ბავშობიდან. შეხედულებები პოეზიაზე და თანამედროვე ავტორებზე.



image
"მყავს ჩემი მკითხველი, მათ მხარდაჭერას და სიყვარულს მუდამ ვგრძნობ და დიდი მადლობა მათ ამისთვის." - ნონა ფიფია



ნონა ფიფიას ლექსებში ბუნებრივად იქმნება რიტმულობა, კეთილხმოვანება და მუსიკალობა. მკითხველის ყურადღებას იპყრობს ღრმა, შინაარსიანი და ტკივილიანი სტრიქონებით. მის ლექსებში ცხადად ჩანს ქალური მოკრძალება და სინაზე. გარდა პოეზიისა იგი ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას. შემოგთავაზებთ ინტერვიუს, რომელიც ჩავწერეთ..




- ალბათ ყველა თქვენ გულშემატკივარს აინტერესებს, როგორი

იყო ნონა ფიფიას ბავშვობა?


- სამეგრელოს ულამაზეს სოფელში დავიბადე და გავიზარდე. ჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა, როგორიც ყველას იმ დროში. მამა პროფესიით აგრონომი იყო, მაგრამ ძალიან უყვარდა ლიტერატურა და იმ დროისათვის მდიდარი ბიბლიოთეკაც ჰქონდა.წერა-კითხვა 5 წლის ასაკში მასწავლა დედაჩემმა, მას შემდეგ სულ ვკითხულობ და ვწერ, მაგრამ რაც მეტს ვკითხულობ და ვწერ, ასე მგონია, მით უფრო
მეტი დამრჩა წასაკითხი და დასაწერი.ცოდნის შეძენის პროცესი ჰორიზონტის ხაზივითაა –რაც წინ მიდიხარ, მით უფრო მეტი ახალი სივრცეები
ჩნდება. ერთი ცხოვრება რას ეყოფა ადამიანს, იმდენი რამაა წასაკითხი.მყავდა
არაჩვეულებრივი ბაბუა და ბებია.ბებია წერა-კითხვის უცოდინარი ქალი იყო, მაგრამ
უამრავი ზღაპარი, ლექსი, გამოცანა იცოდა ზეპირად.მისგან ბევრით ვარ დავალებული.



- პოეზიის გზაზე თქვენი პირველი ნაბიჯები... ადრეული ასაკიდან გქონდათ ინტერესი, თუ მოხდა თქვენში გარკვეული სულიერი გარდატეხა და ჩათვალეთ რომ სათქმელი ფურცელზე უნდა გადმოგეტანათ.


-რაც მახსოვს, სულ რაღაცას ვრითმავდი გონებაში.რაც შეეხება წერას, არც მახსოვს როგორ დავიწყე, თუმცა ჩემთვის ჩუმად ვწერდი და არც არავინ იცოდა ამის შესახებ.

ამის მიზეზი ალბათ ის იყო, რომ პოეზიას ისე ვუყურებდი, როგორც რაღაც ღვთაებრივსა და საკრალურს.თითქოს ჩემი თავი არც მიმაჩნდა ღირსად კალამი ამეღო და ლექსი დამწერა რუსთაველის, აკაკის, ვაჟას, გალაკტიონის შემდეგ.

ვერც ახლა ვუწოდებ ჩემს თავს პოეტს. ზოგმა ეს “ფარისევლურ თავმდაბლობად“
მონათლა.არც აქვს ჩემთვის მნიშვნელობა პოეტს მიწოდებს ჩემი მკითხველი თუ მელექსეს.


ბავშვობაში არც არავინ მყოლია მრჩეველი.ჩემი პირველი ნაწერები ზეპირად არ მახსოვს
, მაგრამ თემები ჩვეულებრივი იყო. აი, მეხუთე თუ მეექვსე კლასში გავბედე როგორღაც და ერთი ლექსი(სათაური მახსოვს “განთიადი“ ერქვა) საბავშვო ჟურნალ “პიონერის“
რედაქციას გავუგზავნე. ვეკითხებოდი“რას მირჩევთ-მეთქი.“
ცოტა ხნის შემდეგ პასუხი მომივიდა. .."ნუ იჩქარებ პირველი პოეტური ნამუშევრების გამოქვეყნებას, გაიზრდები, ცოდნას შეიძენ და თვითონ გაერკვევი ლექსის
ღირსება-ნაკლოვანებაში.თუ გეწერება, წერე, ეს არის ჩვენი რჩევა.“ სიმონ შამფრიანი აწერდა ხელს.


წერა არ შემიწყვეტია, მაგრამ ამის შემდეგ არც სადმე გამიგზავნია, არც არავის ვაკითხებდი. მართლაც, ამ რჩევისა არიყოს, სულ იმას ვცდილობდი, თავად გავრკვეულიყავ ლექსის ღირსება-ნაკლოვანებაში და დღემდე მაინც ვერ გავრკვეულვარ. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, რომ გადავხედე ჩემს ნაწერებს(ორი საერთო რვეული იყო:ლექსები, ჩანახატები, მინიატურები)დავასკვენი, რომ არა ვარ პოეტი და არ ღირს ტყუილუბრალოდ დროის კარგვა...ასე გავანადგურე ჩემი
პირველი ნაწერები.მასშემდეგ, 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არაფერი
დამიწერია.მერე ძალაუნებურად დავწერე.გარკვეული შუალედები კიდევ მქონდა წლების განმავლობაში...


ცხოვრებაში ბევრი სიმწარე გადამიტანია, მაგრამ ჩემთვის სამყაროს ჩამოქცევის ტოლფასი
ერთადერთი შვილის დაღუპვა იყო. ორი წელი თითქოს ბურანში ვიყავი და ვერ
გამოვდიოდი...მერე ანგარიშმიუცემლად დავწერე ერთი ლექსი, მერე-მეორე...რაღაც
შვებასავით ვიგძენი.ინტერნეტში შემოსვლაც ვცადე.
ამ ორი წლის წინ პოეტი ლელა მეტრეველი დამიმეგობრდა
ფეისბუკზე.დამარწმუნა, რომ აუცილებლად მჭირდება წიგნი.მანამდე წიგნზე არც
მიფიქრია.ჩემი პირველი წიგნი “იების ცრემლი“ 2 წლის წინ, 2015 წელს დაიბეჭდა
გამომცემლობა “მერიდიანში“ სწორედ ლელა მეტრეველის რედაქტორობით.ძალიან დიდი მადლობელი ვარ ამ არაჩვეულებრივად კეთილშობილი ადამიანის და ჩემი ერთგული მეგობრის-ის რომ არა, შეიძლებოდა არც წიგნი მქონოდა და წერაც საერთოდ შემეწყვიტა.
ზუსტად ერთი წლის შემდეგ ანუ 2016 წლის
შემოდგომაზე, გამომცემლობა “ივერიონში“, ბატონ ზაურ ნაჭყებიას დიდი ძალისხმევითა და რედაქტორობით ჩემი მეორე წიგნიც _“სანამ ამ ფოთლებს წაიღებს ქარი“_მოევლინა
სამყაროს.ბატონმა ზაურმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ღირს წერა.
დაუფასებელია ამ ორი კეთილშობილი პიროვნების შრომა და ღვაწლი ჩემ მიმართ.

image


image



- გარდა პოეზიისა, ვიცით რომ ხართ პედაგოგი.
რამდენი წელია რაც ამ განხრით მუშაობთ?

-35 წელია სკოლაში ვარ..გარემოებამ მოითხოვა და სხვადასხვა პერიოდში ვმუშაობდი სკოლის დირექტორად, სასწავლო ნაწილის გამგედ, მაგრამ ბუნებით კარიერისტი არა ვარ.მძულს ბიუროკრატიზმი და ფორმალობა.ვერ ვიტან ქაღალდომანიას.
ორგანიზატორულ საქმიანობაში დახარჯული დროც ფუჭად დაკარგულად მიმაჩნია..გაკვეთილი და მოსწავლეებთან ურთიერთობა_ეს ის პროცესია, როცა თავს ისე ვგრძნობ, როგორც თევზი წყალში.ცნობილი უკრაინელი პედაგოგი, სუხომლინსკი ამბობდა:“გულს მივცემ ბავშვებს“-მესმის მისი.მიუხედავად პირადი ტრაგედიებისა, თამამად შემიძლია ვთქვა, არც ერთი გაკვეთილი არ ჩამიტარებია, რომელშიც ჩემი გულის ნაწილი არ ყოფილიყო.


- მოსწავლეების დამოკიდებულება როგორია თქვენი
ლექსებისადმი?



-ჩემმა მოსწავლეებმაც, ისევე როგორც ბევრმა ჩემმა ნაცნობმა, მეგობარმა, უახლოესმა
ნათესავებმაც, ჩემი ლექსების შესახებ მას შემდეგ შეიტყვეს, რაც ლიტერატურულ პრესაში მათი გამოქვეყნება დავიწყე და წიგნები დაიბეჭდა.ჩემი წიგნებით, პირველ რიგში, ჩემი მოსწავლეები დავასაჩუქრე.
რაც შეეხება ჩემი ლექსებისადმი მოსწავლეების დამოკიდებულებას, მე
მათ შოთას, ილიას, ვაჟას, გალაკტიონს ვასწავლი და ვერასოდეს მივცემ თავს უფლებას, ამ ბუმბერაზების გვერდით ჩემი ნაცოდვილარი მევე წავუკითხო და მათ “ღირსებაზე“ვესაუბრო, მაგრამ, ვცდილობ, ვასწავლო
ლიტერატურული ნაწარმოების ესთეტიკურად აღქმა, მისი იდეურ-მხატვრული ღირებულებისადმი კრიტიკული მიდგომა.

თუ ამ ყველაფერს ისინი ცნობილი კლასიკოსების მაგალითზე ისწავლიან, ვფიქრობ არ გაუჭირდებათ ადეკვატურად და ობიექტურად შეაფასონ ჩემი თუ
სხვისი ნაწერის ნაკლიც და ღირსებაც.



image



- სოციალურ ქსელში თქვენი აქტივობა და ხალხის დიდი სიყვარული, რა
გრძნობაა როდესაც ამდენ ადამიანს უყვარხართ? გრძნობთ თუ არა უფრო მეტ
პასუხისმგებლობას მათდამი?


-სოციალური ქსელი ჩემთვის ოჯახივითაა.ვირტუალურად გაცნობილი ბევრი ადამიანი შემდგომში პირადადაც გავიცანი.თუმცა, არიან ისეთებიც, პირადად დღესაც რომ არ ვიცნობ, მაგრამ ეს ურთიერთგაგებასა და სიყვარულს ხელს ნამდვილად არ უშლის.ურთიერთობა ძირითადად სულიერი პროცესია.აქ
კი ადამიანის სული სარკესავით ჩანს.ყოველთვის ვხვდები, ვინ რა ღირებულებებით ცხოვრობს, რა აინტერესებს, რა უყვარს, რა სძულს.ალბათ ასევე იხედებიან ჩემი სულის სარკეში...ზოგი მიდის, ზოგი-მოდის და ბოლომდე რჩება.პატივს
ვცემ და მიყვარს ჩემი მკითხველი, თუ რამეს ვწერ, მხოლოდ მათით და მხოლოდ
-მათთვის.გარკვეული პასუხიმგებლობაა, რა თქმა უნდა.მკითხველი არ უნდა მოატყუო.მე არ შემიძლია ვწერო იმაზე, რაც არ განმიცდია.არ შემიძლია 57 წლის ასაკში პატარა გოგონასავით ენამოჩლექით ვეტიტინო მკითხველს.მე იმაზე
უნდა ვწერო, რაც მაფიქრებს და მაწუხებს.რაც ჩემს სამშობლოს სტკივა.სამშობლო კი ჩემთვის უპირველისია.როცა ჩემს სამშობლოს სტკივა, როცა ადამიანებს შიათ, როცა ამდენი ავადმყოფი უფულობის გამო იღუპება, მე ვერ
დავწერ მსუბუქ, გასართობ თემებზე. ჩემი მკითხველიც ისაა, ვინც სწორედ
ჩემსავით ფიქრობს. ძალად არავის ვახვევ თავს, გინდა თუ არა წაიკითხეთ და
შემიფასეთ-მეთქი.არც მეწყინება, თუ ვინმე ჩემს “ფეისსამეგობროს“ დატოვებს: არჩევანი დიდია, გემოვნება კი _ინდივიდუალური.მყავს ჩემი მკითხველები, მათ მხარდაჭერას და სიყვარულს მუდამ ვგრძნობ და დიდი მადლობა მათ ამისთვის.



- თქვენ ერთ-ერთი ის შემოქმედი ხართ, რომელიც განსაკუთრებულად ახლოს დგას ახალგაზრდებთან, მომავალ თაობასთან. რას გვეტყვით თანამედროვე პოეზიაზე და პოეტებს შორის დამოკიდებულებებზე, რამდენად ჯანსაღია და
ობიექტურია მათი შეფასებები ერთმანეთის მიმართ? თუ აძლევთ რჩევა-რეკომენდაციებს დამწყებ ავტორებს და რამდენად ხშირად მოგმართავენ ისინი?



-ძირითადად ახალგაზრდა შემოქმედებთან ვმეგობრობ.მიკვირს კიდეც, ისინი ასე ახლოს რომ არიან ჩემთან. არა თუ თავიანთ პოეზიაზე, პირად ცხოვრებაზეც კი მეკითხებიან
რჩევებს, მიზიარებენ თავიანთ სიხარულსა და გულისტკივილს.იზიარებენ ჩემს აზრსაც.თითქოს ასაკობრივი ბარიერი არ არსებობდეს.მე ბევრს
დავხმარებივარ უანგაროდ და კვლავაც მზადა ვარ დავეხმარო და გვერდში ამოვუდგე ვისაც დავჭირდები.
ვფიქრობ, ეს სკოლა და ბავშვები რომ არა, ეს
ახალგაზრდა პოეტები რომ არა, ალბათ ვერ გადავიტანდი ჩემს ტრაგედიას.ერთ ლექსში ასე ვესაუბრები ჩემს შვილს:

“...სიკვდილმა შვილი წამართვა მხოლოდ,

დედის გული კი ვერ გამილია

და ყველა ბავშვი ამ ქვეყანაზე,

იცოდე, ახლა ჩემი შვილია.

შენს წილხვედრ სითბოს სხვის შვილებს ვჩუქნი

და განა მარტო შენზე სევდა ვარ,

მე ახლა მხოლოდ შენი კი არა,


მთელი სამყაროს ღვიძლი დედა ვარ!“...


image
- შვილის საფლავთან არ ტყუიან.

ისინი ჩემი სულიერი შვილები არიან და იმ უფსკრულს მივსებენ, ჩემმა ბექამ რომ
დამიტოვა. მათ სატკივარზე ცხარე ცრემლებით მიტირია, მათი სიხარული და წარმატება ისე გამხარებია, მშობელ დედას რომ გაუხარდებოდა.თუმცა, ისევე როგორც მამების თაობაში, შვილების თაობაშიც არიან
უმადურები, ქედმაღლები, ზედმეტად თავდაჯერებულები, კარგს რომ ურჩევ და მტერი ჰგონიხართ.მადლიერების მაგივრად უხეშობით რომ
გპასუხობენ.ვფიქრობ, ეს ახალგაზრდობითა და გაუწონასწორებლობით მოსდით.გავა დრო და, იმედია, ისწავლიან მტერ-მოყვარის გარჩევას.



- თქვენი აზრით როგორია თანამედროვე ავტორების დამოკიდებულება კრიტიკისადმი და თვლით თუ არა რომ წინსვლისთვის აუცილებელია ჯანსაღი კრიტიკა?


-თანამედროვე ავტორებს ყველაზე მეტად კრიტიკა არ უყვართ..დაწერს ზოგი ათიოდე ლექსს და “პოეტის“ტიტულს ეგრევე მიიწებებს.ზოგის ლექსებში საკუთარი შესაძლებლებების იმგვარ გადაჭარბებულ შეფასებას ვაწყდები, უნებურად მე განვიცდი უხერხულობას. “ზეპოეტებად“ მოაქვთ თავი.ეს კი მათი
შემოქმედების დასასრულის დასაწყისი მგონია და ...ვწუხვარ. ჯანსაღი კრიტიკა, რა თქმა უნდა, აუცილებელია, სხვაგვარად ვერ გაიზრდები. “გონიერსა მწვრთნელი უყვარს, უგუნურსა გულდსა ჰგმირდესო“- ვეთანხმები ამ გამოთქმას.ბრმა არა ვარ, ძალიან კარგად ვხედავ ვინ რას წერს, მაგრამ განგებ ავუვლი ხოლმე გვერდს.თუ არ მომწონს, შვილიც რომ იყოს, დაუმსახურებლად არ შევაქებ.


- რამდენი პოეტური კრებული ავტორი ხართ? დღეს ამ
მხრივ თითქოს გაადვილდა საქმე და მრავალი ტირაჟით გამოიცემა წიგნები. რას ფიქრობთ
ამაზე? რა გზა უნდა გაიაროს პოეტმა იმისთვის, რომ „წიგნის გამოცემამდე“ მივიდეს.


-ორი პოეტური კრებული გამოვეცი.მინდა ვურჩიო ახალგაზრდებს, მხოლოდ პირად ამბიციებსა და სოციალურ ქსელში დაწერილ მაამებლურ კომენტარებს ნუ დაეყრდნობიან და ნუ შეიქმნიან მცდარ წარმოდგენას თავიანთ თავზე-აუცილებელია გამოცდილი რედაქტორი და გამომცემელი, რომ ღირებული წიგნი გამოვიდეს.



- თანამედროვე ავტორების არც თუ ისე
მცირე ნაწილი წერს ვერლიბრს. გარდა შინაარსის და აზრისა, რაც ლექსში უნდა იყოს,
თვლით თუ არა რომ რიტმა და რითმი ასევე გამართული უნდა იყოს.


-ვერლიბრზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანდა, ამაზე არა ერთხელ დამიფიქსირებია ჩემი აზრი.არ ვარ ვერლიბრის მოძულე-მეც მაქვს ვერლიბრები და ვფიქრობ, რომ არის სათქმელი, რომელიც კონვენციის ჩარჩოებისგან თავისუფალი უნდა იყოს.

ძალიან დიდი სიამოვნებით ვკითხულობ ხარისხიან ვერლიბრს, მაგრამ ტექსტს, თუ ის პოეზიად არის ჩაფიქრებული, აუცილებლად უნდა გასდევდეს გარკვეული რიტმი.სხვაგვარად ის არ იქნება ლირიკა.რაც ახლა იწერება და ვერლაბრს უწოდებენ, აბსოლუტური უმრავლესობა არაა პოეზია.არც პროზაა...კითხულობ ზოგჯერ და არც კი იცი, რა უწოდო.ერთი რამ ვიცი, ვერლიბრი უნიჭოთა თავშესაფარი ნამდვილად არ უნდა გახდეს.


image
- საყვარელი პოეტი

-საყვარელი პოეტი ბევრი მყავს, ქართველიც და უცხოელიც, მაგრამ ჩემს გულში პირველი ადგილი გალაკტიონს უჭირავს და ამას ვერაფერი შეცვლის.უკვე საკმაოდ ასაკოვანი ვარ იმისთვის, რომ ეს შეხედულება საბოლოოდ მივიჩნიო.



- რა არის იმედი თქვენთვის


-უკრაინელ პოეტ ქალს, ლესია უკრაინკას აქვს ლექსი_“contra spem spero”_რაც
ლათინური გამოთქმაა და ნიშნავს“უიმედოდ ვიმედოვნებ“.როგორც ცნობილია, ლექსია
უკურნებელი სენით იყო ავად და სურამში ატარებდა სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს, აქვე გარდაიცვალა..მისი გადარჩენის შანსი არ
არსებობდა, მაგრამ წერა არ შეუწყვეტია:


“ქვისკბილებიან ციცაბო კლდეზე

უნდა ვათრიო ლოდები მძიმე,

მაგრამ სიმღერით ყველაფერს შევძლებ,

რადგან სიმღერით ვაღვივებ იმედს.

ყრუ და მჭმუნვარე სიბნელეშიაც

ჩემს თავს არ ვაძლევ ძილის უფლებას,

თუნდაც გოლგოთა მიდუღდეს მკერდში,

მზე დამიბნელონ თუნდაც ღრუბლებმა“.


ლესია უკრაინკას ვერ შევედრები, ის უკრაინული პოეზიის კლასიკოსია, მაგრამ
ჩემთვისაც ხვალინდელი დღის იმედი ჩემი ჩემსავე ცხოვრებაშია, სიზიფოსის ქვასავით მუდმივად რომ დავათრევ.მძიმეა, მაგრამ სიზიფესაც ხომ აქვს შვების მომენტი!როცა მწვერვალზე ატანილი ლოდი დაბლა უგორდება, ის მწვერვალიდან დაბლა
ეშვება, რომ ხელახლა შეეჭიდოს და კვლავ მწვერვალზე აიტანოს...აი, სანამ თავდაღმართში მოდის, ხომაა თავისუფალი?! ადამიანში ადამიანს ბადებს მხოლოდ წინსვლისკენ ლტოლვა, თუნდაც მის წინ ციცაბო მთები იყოს აღმართული.



-ყველაზე მეტად რა გახარებთ


- მუდამ მახარებდა და მახარებს ნიჭიერი ადამიანის აღმოჩენა. ვინც არ უნდა იყოს ის, ამ დროს მეცხრე ცაზე დავფრინავ სიხარულით და ბედნიერი ვარ, რომ შურის გრძნობა ჩემთვის უცხოა.
სამაგიეროდ, “უნიჭობის ფართი-ფურთი“ მაღიზიანებს, თან ძალიან.არა, უნიჭობას ზოგადად მიმტევებლურად ვუყურებ, თანაგრძნობითაც კი, აბა, რა მაგის ბრალია!-მაგრამ როცა ის ყელყელაობასა და ამპარტავნობას იწყებს, აი, ეს უკვე აუტანელი ხდება და აუცილებლად მივანიშნებ ხოლმე.

- ის, რაც გინდოდათ ყოველთვის გეთქვათ და
ახლა ამბობთ.

-ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვამბობ იმას, რაც “კლდემ მხოლოდ ერთხელ თქვა“:“ხალხნო, გიყვარდეთ ერთმანთი!“





"გამარჯვებამდე როცა შორია
და ნანგრევებში სძინავთ ღამურებს,
ქართული სული იწყებს ფორიაქს
და ეძებს კაცებს, საწიწამურეს.

მე მაინც ვფიქრობ, მე მაინც მჯერა,
რომ ის ჩვენშია და ჩვენში სახლობს...
თუ დიდგორამდე შორია ჯერაც,
წიწამურია ძალიან ახლო!"





"დუმილის ეფექტი


წიგნების თარო და კედელზე “კივილი” მუნკის,
დახშულ ოთახში მძიმე სპლინი და უსივრცობა,
ჰაერის ზანზარს რხევით იგრძნობ, როგორც ყრუ-მუნჯი_
აღრიალებულ სიჩუმეში არ გაივრცობი;
დუმილის ეფექტს, რა ხანია, კანით ისრუტავ,
სახელდახელოდ აგვირისტებ პარადიგმებად,
წერ, მაგრამ შენი მიგნებები ახლა ვის უნდა_
ისედაც უჭირთ საკუთარი თავის მიგნება.
მთელი სამყარო შენ გარეშე, შენ გარეთაა
და გულგრილ ყოფას უპირობო შიში დარაჯობს,
შენი ოთახი დავიწყების მძიმე ლეთაა
და ის რომ არა, ამ ცხოვრების შხამი დაგახრჩობს.
გინდა შორს იდგე, გაურბიხარ ჭუჭყს, სიმახინჯეს,
უხეშ შეხებას და შემოჭრას ბინძური ყოფის
და რა განცდებით, განჭვრეტებით აქ დააბიჯებ,
ოთახს კი არა, მთელს შენს ქალაქს...მთელ ქალაქს ჰყოფნის;
მიხვალ სარკმელთან, ცას შეავლებ დარდიან მზერას,
ითვლი გამვლელებს _ ამ ცხოვრების მდუმარ ტარიგებს,
აღრიალებულ ყრუ სიჩუმეს ირგებ და გჯერა,
დუმილით ნაწერს დრო ხმაურით დაათარიღებს."


ნონა ფიფია



























0
353
შეფასება არ არის
ავტორი:აღმოვაჩინოთ ნიჭიერები ერთად
აღმოვაჩინოთ ნიჭიერები ერთად
353
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0