x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134508
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
"ბევრი ვინც ახლა ყელყელაობს და დიდ პოეტად მიაჩნიათ, ქვაქვაზე არ დარჩება მათგან" - გოჩა სხილაძე
გრძელდება რუბრიკა "აღმოვაჩინოთ ნიჭიერები ერთად". ჩვენი შემდეგი რესპოდენტია ბატონი გოჩა სხილაძე, არაერთი ლექსის ავტორი.

მისი შემოქმედება ფილოსოფიურ ხასიათს ატარებს და არ არის ზედაპირული.

საინტერესოა მისი აზრი პოეზიაზე და თანამედროვე ავტორებზე.

როგორია მისი მსოფლმხედველობა და ცხოვრების წესი.




image



"არა მგონია დიდი სიყვარულით ვსარგებლობდე. ილუზიები არ მაქვს საკუთარ მდგომარეობაზე. ჩემი ლექსები „ფოლკპოეზია“ არ არის..." - გოჩა სხილაძე



შემოგთავაზებთ ინტერვიუს, რომელიც ჩავწერეთ ბატონ გოჩასთან.





- როგორია თქვენი შემოქმედების პირველი ნაბიჯები? როდის დაწერეთ პირველი ლექსი.


-ისეთი, როგორც არის ყველა ბავშვის ფეხის ნაბიჯი, როცა ისინი ფეხს იდგამენ. არა მგონია რამით განსხვავებული იყო სხვებისგან.


- გარდა იმისა, რომ ლექსებს წერთ.კიდევ რითი ხართ დაკავებული?


ვმუშაობ ბიბლიოთეკაში, ვკითხულობ წიგნებს, მითტაცებს ფილოსოფია, რელიგიები, მთაში სიარული.


- სოციალურ ქსელში თქვენი აქტივობა და ხალხის სიყვარული. თქვენი აზრით რამ განაპირობა ეს?


- არა მგონია დიდი სიყვარულით ვსარგებლობდე. ილუზიები არ მაქვს საკუთარ მდგომარეობაზე. ჩემი ლექსები „ფოლკპოეზია“ არ არის...საკმაოდ რთულია, ზედაპირული სუფრული და პატრიოტული და ეროტიკული ან სამოქალაქო მემარცხენე პოეზიისგან განსხვავებით.



image



- თქვენი ლექსების ხასიათი როგორია? ისეთივე, როგორიც თქვენ ხართ?

- კი, ზუტად მასეა: ფილოსოფიური, მისტიური და მგძნობიარეც.


-თანამედროვე პოეზიაზე რას გვეტყვით.?


-თანამედროვე პოეზია არ ვიცი. მე ვიცი პოეზია, რომელსაც ადრე და დღესაც ეკუთვნოდენ და ეკუთვნიან ძალიან მცირე რიცხვი პოეტების.



-თქვენი აზრით ქართველი პოეტები ჩვენ ქვეყანაში რამდენად დაფასებულები არიან?

- მოდი ასე ვთქვათ, .საქართველო უცნაური ქვეყანაა, სადაც აღიარებული დიდი პოეტის სახელის მქონე ავტორი შეიძლება მკაცრი გაგებით საერთოდ არ იყოს პოეტი, ნორმალურ ქვეყანაში ასეთი ხალხი იქნებ არც დაებეჭდათ, აღიარებაზე კი ზედმეტია ლაპარაკი და მეორე- შეიძლება აუღიარებელი და პოეტად არ ცნობილი იყოს დიდი პოეტი და ძაღლივით მოკვდეს თავის ქვეყანაში..მაგალითებს ორივე მხრიდან აღარ ჩამოვთვლი, მე მგონი ეს გაუგია ყველას, ყოველ შემთხვევაში იმათ ვისაც ლიტერატურა უყვარს.



- მთავარი გულშემატკივარი ვინ არის თქვენი?


ვერაფერს გეტყვით, ეს მათ უნდა კითხოთ, ალბათ ის ვინც ფიქრობს ჩემს ლექსებზე, მოსწონს.

image


- კრიტიკას რამდენად ითვალისწინებთ და თუ ყოფილა ისეთი შემთხვევები, როცა უსამართლო ყოფილა ეს კრიტიკა.


-კრიტიკას ვითვალისწინებ, ვაკითხებ ხოლმე მეგობრებს. თუ დავინახავ, რომ რაღაც არ მოსწონთ, რასაც მეუბნებიან, ვცვლი.. უსამართლობას რაც შეეხება, არაფერს ვიტყვი არ ღირს მოთქმა და წუწუნი, ყველა პოეტი ამაზე მოთქვამს.


- საყვარელი პოეტი-


-ნიკო სამადაშვილი, გალაკტიონი, ფროსტი, თრაქლი, ალ-ფარიდი

- ჩემი მეგობრები ჩემთვის არიან-


მეგობრები კარგია თუ არიან. ისე როგორც ღმერთი ცაში, თუ ის არის უფრო სჯობს, კაცს რაღაცის იმედი აქვს.


- რომ არ დავბადებულიყავი საქართველოში, დავიბადებოდი-


ახლა გვიანია მაგ კითხვაზე პასუხი, ასეთ რამეებზე არ ვფიქრობ.


- ცხოვრებაში ყველაზე მეტად რა გინდათ?


-ის რაც ყველას- ბედნიერება, სიხარული, რომელსაც ხანდახან პოეზიაში ვპოულობ, ხან საყვარელ წიგნში, ხან ბუნებაში, თუ უფრო გამიმართლა საყვარელ ქალში.


- ის, რაც ყველაზე მეტად მოგწონთ თქვენ თავში არის


-საყვარელი საქმისთვისთვის თავდადება.



- ის, რაც ყველაზე მეტად არ მოგწონთ


-არ მომწონს ის რომ საყვარელის საქმის გამო უამრავი რამ მეპარება ცხოვრებაში, მოკლედ რაც მომწონს, ხანდახან ის ჩემი თავის არ მოწონების მიზეზია.



image



- ფრაზა, რასაც ყოველდღიურ საუბარში ხშირად იყენებთ.-


-არ ვიცი


- ყველაზე ხშირად გავიწყდებათ-


-საკუთარი ტელეფონი, საკუთარი მისამართი და ის რომ ფხიზლად უნდა ვიყო ამ სამხეცეთში, რომელსაც სუფრაზე, ჩვენი თამადები ტკბილ სამშობლოს ეძახიან.


- მინდა დამინახსოვრონ, როგორც


- არ ვფიქრობ მაგაზე, ადრე ვფიქრობდი, მე მინდა ვიცხოვრო სრულფასოვნად, ონანისტური ფიქრები შორეულ მომავალზე არ მაღელვებს.. ჩვენ აქ ვართ. ამ წუთს, ამ დღეს, მთელი მარადისობაა ჩვენს წინაა გადმოშლილი.


-ნიჭი-რომელიც გინდათ გქონდეთ


-მეტი პრაქტიკულობა, ცხოვრებაში ადაპტირების უნარი.


- ის რისი თქმაც გინდოდათ სულ და დღეს ამბობთ-


-„მრავალნი არიან ჩინებულ და მცირედნი რჩეულ „. ბევრი ვინც ახლა ყელყელაობს და დიდ პოეტად მიაჩნიათ, ქვაქვაზე არ დარჩება მათგან.



image



აალება


დიდ ვარსკვლავებით მოჭედილ ღამეს,
შენს ბაგეებზე გამომკრთალ ღიმილს,
დილის ვარდებზე დაკიდულ ნამებს,
დიდ მარტოობას, სიჩუმეს მღვიმის,
ვარდებს, მის ჯერაც გაუშლელ კოკრებს,
დავიწყებისკენ გადახრილ საგნებს,
ბავშვს, დაისის წინ სხივებს რომ მოკრებს,
მის თითებს, როცა უმატებს, აკლებს,
ხელებს, რომელიც გეძებენ ძილში,
აქ რომ ვერაფერს ვერ ეჭიდება,
დიდ მატლს, რომელიც ნეტარებს ხილში
და გაღვიძება აღარ სჭირდება,
თვალებს, რომელიც გხედავენ მუდამ,
ისე შორიდან, თვალმოუკრავად,
ოქროსკანიან, მდუმარე ბუდას,
სანამ სიყვარულს არ მოვუკლავარ,
თაყვანს ვცემ ყველას, უკუნში ნაძერწ
პატარა ლეკვსაც, მის კუდის ქიცინს,
ნაფეხურს შენსას, ასვეტილ ნაძვებს,
ბოლო წერტილსაც, შენ რომ სვამ, ციმციმ.






"აღმოვაჩინოთ ნიჭიერები ერთად"

0
106
1-ს მოსწონს
ავტორი:აღმოვაჩინოთ ნიჭიერები ერთად
აღმოვაჩინოთ ნიჭიერები ერთად
106
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0