x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
რა არის სინქრონიზმი ?

image
სინქრონიზმი არის კონცეფცია, რომელიც ეკუთვნის კარლ იუნგს და გულისხმობს აკაუზალურ, არამიზეზშედეგობრივ კავშირს ორ ან რამდენიმე ფსიქოფიზიკურ
ფენომენს შორის. გქონიათ შემთხვევა, როდესაც ქუჩაში ორი გამვლელის საუბრისას ყურს მოკრავთ ისეთ ფრაზას, რომელიც ეხმიანება თქვენს შინაგან და აქტულურ პრობლემას, საკითხს რომელზეც იმ მომენტში ფიქრობდით? შესაძლოა სინქრონიზმი თავს იჩენდეს მოვლენათა თანმიმდევრობაში, რომელიც სრულიად ამოვარდნილია
თქვენი ყოველდღიური ცხოვრების კონტექსტიდან და რომელსაც მიჰყავხართ სრულიად მოულოდნელ ვითარებამდე ან დასკვნამდე. ზოგჯერ მუსიკა, რომელიც გესმით რადიოში აკომპანირებას უკეთებს თქვენს ინტიმურ გრძნობას ან ცხოვრებისეულ მომენტს, რომელშიც იმყოფებით. მოვლენათა ასეთ თანხვედრას, რომელიც, ერთი შეხედვით, უბრალო დამთხვევას ჰგავს, იუნგმა თავდაპირველად
უწოდა „აკაუზალური პარალელიზმი“, „აზრიანი დამთხვევა“, შემდეგ კი სინქრონიზმი.

თავის წიგნში, რომელიც მან დაწერა ნობელის პრემიის ლაურიატ, ფიზიკოს, ვოლფგანგ პაულისთან ერთად მუშაობის პერიოდში, იგი აღნიშნავს, რომ მოვლენები შეიძლება ერთმანეთთან დაკავშირებული იყოს როგორც მიზეზშედეგობრივად, ასევე მნიშვნელობით. შესაძლოა მოვლენათა შორის კავშირი(გამვლელის ნათქვამი ფრაზა ეხმიანება საკითხს, რომელზეც ფიქრობდით) ადამიანისთვის მნიშვნელობის მქონე იყოს, მაგრამ არამიზეზშედეგობრივი. ალბერტ აინშტაინთან და შემდეგ ვოლფგანგ პაულისთან გამართულ დისკუსიებზე დაყრდნობით იუნგი პარალელს ავლებდა სინქრონიზმის კონცეფციას, ფარდობითობის თეორიასა და კვანტურ მექანიკას შორის.

იუნგს მიაჩნდა, რომ სინქრონიზმს იგივე დატვირთვა აქვს ადამიანისთვის, რაც სიზმარს. მისი მიზანია შეცვალოს ეგოცენტრული აზროვნება, რათა მოხდეს არაცნობიერი მოტივების ინტეგრირება ცნობიერებაში. ამ გაგებით, იუნგი სინქრონიზმს
თერაპიულ მნიშვნელობას ანიჭებს.

სინქრონიზმის კონცეფციის შესახებ იუნგმა შთაგონება მიიღო პაციენტთან/კლიენტთან მუშაობისას. ეს იყო მომენტი, როდესაც ფსიქოთერაპიის პროცესი ჩიხში იყო შესული. ახალგაზრდა ქალბატონს გადამეტებული რაციონალიზმი(ანიმუსის ინფლაცია)
ხელს უშლიდა არაცნობიერი მატერიალის ასიმილაციაში. პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ პაციენტი საკმაოდ განათლებული იყო და მისი, გარკვეულწილად სპეციფიკური, ცოდნა წარმოადგენდა იმ იარაღს, რომლითაც მარაგდებოდა მისი რაციონალიზმი და სკეპტიციზმი.

ერთ დღეს იუნგს პაციენტმა მოუყვა სიზმარი, რომელმაც მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ახალგაზრდა ქალს ესიზმრა, რომ ვიღაცამ მისცა ოქროს ხოჭო- ძვირადღირებული სამკაული(ძველ ეგვიპტეში საკრალური დატვირთვა ჰქონდა).
სწორედ იმ დროს, როდესაც ქალბატონი ყვებოდა სიზმარს, იუნგს მოესმა მსუბუქი კაკუნი ფანჯარაზე და მან დაინახა მწერი, რომელიც ცდილობდა ოთახში შემოფრენას. მას ეს უცნაურად მოეჩვენა, გააღო ფანჯარა და როდესაც მწერი ოთახში შემოფრინდა იუნგმა ის დაიჭირა. მისდა გასაოცრად ეს იყო მოოქროსფრო-მომწვანო ფერის ხოჭო, რომელიც ძალიან ჰგავდა პაციენტის სიზმარში ნანახს. აღსანიშნავია, რომ კლიმატური პირობებიდან გამომდინარე ეს ხოჭო(ketonia aurata) დიდ იშვიათობას წარმოადგენდა
იმ მხარეში. თერაპევტმა გაუწოდა ხელი ქალბატონს და უთხრა: „აჰა, აქ არის შენი ხოჭო“. ეს იყო გარდამტეხი მომენტი, რომელმაც გაარღვია პაციენტის ინტელექტუალური წინააღმდეგობა და მკურნალობის პროცესს დაუქვემდებარა იგი.
image
ზემოთხსენებული მაგალითის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ, ერთი შეხედვით, ეს არის დამთხვევა, მაგრამ ის არ არის უმნიშვნელო, უაზრო. ეს არის შთამბეჭდავი, ემოციური და დიდი ენერგიის მქონე ფენომენი, რომელსაც აქვს ძალა, გაარღვიოს
ცნობიერების დაცვითი მექანიზმი. ამ მოვლენას სხვა ფსიქოთერაპევტებმაც მიაქციეს ყურადღება და ხაზი გაუსვეს მის მნიშვნელობას. ერთ-ერთი მათგანი იყო იუნგის თანამოაზრე და მიმდევარი მარია-ლუიზა ფონ ფრანცი. მან სიცოცხლის ბოლო წლებში განაცხადა, რომ სინქრონიზმის კონცეფციაზე და მის განვითარებაზე უნდა იმუშაოს მკვლევართა ახალმა თაობამ.

0
94
1-ს მოსწონს
ავტორი:მერაბ კინწურაშვილი
მერაბ კინწურაშვილი
94
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0