x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
კავშირი პიროვნების თვითშეფასებასა და ექსტრავერსია-ინტროვერსიულობას შორის
პიროვნებისა და თვითშეფასების კავშირი


პიროვნება და თვითშეფასება დიდი ალბათობით განვითარების საერთო ეტიოლოგიას იზიარებენ. პიროვნულ ტიპსა და თვითშეფასებას შესაძლოა პირდაპირი გავლენა ჰქონდეთ ერთმანეთზე. მაგალითად, ადამიანის ქცევის კონსისტენტური პატერნი (ანუ პიროვნება) გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ აღიქვამს და აფასებს იგი საკუთარ თავს. ხოლო ინდივიდის წარმოდგენები და რწმენები საკუთარ თავზე ზემოქმედებს მის ქცევაზე განსაზღვრულ სიტუაციებში, ცხოვრებისეულ მიზნებზე, დამოკიდებულებებზე ამა თუ იმ მოვლენის მიმართ, ურთიერთობის პატერნებზე, ახალ გარემოსთან ადაპტაციისა და სტრესთან გამკლავების გზებზე. მაგალითად, დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანი, რომელიც განიცდის თავდაჯერებულობის ნაკლებობას, თავს იკავებს სხვადასხვა სოციალურ ქცევებში ჩართვისგან. ამას შედეგად შესაძლოა მოჰყვეს ის, რომ იგი უფრო ინტროვერტირებული გახდეს.

პიროვნული ტიპებისა და თვითშეფასების კორელაციის კვლევა მნიშვნელოვანია, როგორც თვითშეფასების ბუნებისა და მისი განვითარების პროცესის შესწავლის, ისე პიროვნების გასაზომი ინსტრუმენტების დახვეწის თვალსაზრისით. პიროვნების კვლევათა უმრავლესობა თვითანგარიშის სკალებს ეყრდნობა. იმ შემთხვევაში, როცა ეს სკალები ვალიდურია, თვითანგარიშები მჭიდროდაა მიბმული სელფ-კონცეფციასა და თვითშეფასებასთან და მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა მათ შესახებ. (Robins, Tracy, Trzesniewski, Potter, & Gosling, 2001)

აღსანიშნავია, რომ პიროვნული ტიპის მსგავსად, თვითშეფასებაც, გარკვეულწილად, მემკვიდრეობითაა განსაზღვრული. (Kendler, Gardner, & Prescott, 1998)

გენეტიკის გარდა, მნიშვნელოვანი ფაქტორია გარემოც. პიროვნების ექსპლიციტური თუ
იმპლიციტური თვითშეფასება მნიშვნელოვან სხვებთან ურთიერთობის შედეგად ყალიბდება. ადამიანები იყალიბებენ სელფის განცდას იმაზე დაყრდნობით, თუ როგორ ექცევიან მათ სხვები. მნიშვნელოვანია ოჯახის გავლენაც. ოჯახის წევრებს გადამწყვეტი გავლენა აქვთ ინდივიდის პიროვნების ჩამოყალიბებაში. მშობლების მაღალი თვითშეფასება ზემოქმედებს ბავშვის პიროვნებაზე. ასევე სკოლის გარემო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვის პიროვნების განვითარებასა და თვითშეფასების ჩამოყალიბებაში.

დაბალი თვითშეფასება ადრეული მოზარდობისა და პუბერტატის პერიოდში ცხოვრების მრავალ
ასპექტში ნეგატიური შედეგების რისკ-ფაქტორია. მაგალითად, Trzesniewski et al.
(2006) - მა აღმოაჩინეს, რომ ადრეული მოზარდობის პერიოდში არსებული დაბალი თვითშეფასება სუსტი მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობის, ცუდი ეკონომიკური მდგომარეობისა და კრიმინალური აქტივობის მაღალი დონის პრედიქტორია. მსგავსი შედეგები აჩვენა სხვა კვლევებმაც; დაბალი თვითშეფასების დროს იზრდება ანტისოციალური ქცევის, კვებითი აშლილობების, დეპრესიისადა სუიციდური აზრების ალბათობა.


რადიკალურად დაბალმა თვითშეფასებამ შესაძლოა, ფატალური შედეგი გამოიწვიოს, განსაკუთრებით, ადრეულ მოზარდობაში, როცა ახალგაზრდები მიდრეკილნი არიან სუიციდისკენ და მას ერთადერთ გამოსავლად განიხილავენ. სუიციდი მესამე ადგილს იკავებს ადრეული მოზარდების სიკვდილიანობის მიზეზებს შორის. სწორედ ამიტომ, ახალგაზრდებში დაბალ თვითშეფასებასა და დეპრესიას შორის მაღალი კორელაციის გამო, რასაც შედეგად სუიციდი მოჰყვება ხოლმე, საჭიროა მეტი კვლევის ჩატარება ამ მიმართულებით. (Kenneth, 2014)

რაც შეეხება ექსტრავერსია-ინტროვერსიასა და პიროვნების თვითშეფასებას შორის კავშირს,
ამ საკითხთან დაკავშირებით, ბევრმა კვლევამ დაადგინა ზომიერად პოზიტიური კავშირი თვითშეფასებასა და ექსტრავერსიას შორის, კერძოდ, ინდივიდები, რომლებიც უფრო ექსტრავერსიისკენ არიან მიდრეკილნი, როგორც წესი, აფიქსირებენ თვითშეფასების უფრო მაღალ დონეს. მსგავსი შედეგები აჩვენა როგორც ზრდასრულების, ისე ადრეული ახალგაზრდობის პერიოდში მყოფი ადამიანებისა და ასევე კროსკულტურულ პირობებში ჩატარებულმა კვლევებმა.

ექსტრავერსიასა და თვითშეფასებას შორის ემპირიულად დადასტურებული კავშირის ასახსნელად
ავტორები საუბრობენ ორ ალტერნატიულ მოდელზე; ერთ-ერთი მოდელის მიხედვით, ექსტრავერსიას აქვს პირდაპირი გავლენა ინდივიდის მიერ საკუთარი ღირებულებისა და მნიშვნელოვნების შეფასებაზე. (Abrams, 1988; Francis, 1997; Francis & James, 1996; Kawash, 1982) ამ მოდელის მიხედვით, ექსტრავერსიული ტენდენციები შესაძლოა უფრო მეტად ფასობდეს, ვიდრე ინტროვერსიული ქცევა, განსაკუთრებით დასავლურ კულტურებში. ამასთანავე, ექსტრავერტები, ინტროვერტებთან შედარებით, შესაძლოა პოზიტიურ სოციალურ ჯილდოებს უფრო მეტი ინტენსივობით იღებდნენ, რასაც მათი თვითშეფასებისთვის წამახალისებელი ეფექტი აქვს.

მეორე მოდელი განსხვავებულ მიდგომას გვთავაზობს. ამ მიდგომის მიხედვით, ექსტრავერსია
თვითშეფასებაზე გავლენას შესაძლოა ახდენდეს არაპირდაპირი მექანიზმებით; მათ შორის კავშირი შესაძლოა გაშუალებული იყოს სხვა ფაქტორებით, როგორებიცაა: ოპტიმიზმი, პოზიტიური და ნეგატიური აფექტი და აღქმული სოციალური მხარდაჭერა. აღნიშნული მედიატორები ემპირიულად დადასტურებულ კორელაციაშია როგორც ექსტრავერსიასთან, ისე თვითშეფასებასთან.


ოპტიმიზმი შეგვიძლია განვმარტოთ, როგორც საუკეთესო შესაძლო შედეგის მოლოდინის ან სიტუაციის ყველაზე საიმედო ასპექტზე ფოკუსირების ტენდენცია. აღმოჩნდა, რომ ექსტრავერსია-ინტროვერსიის კონტინიუმზე ინდივიდები ოპტიმიზმის დონითაც განსხვავდებიან, კერძოდ, ექსტრავერტები აფიქსირებენ უფრო მეტად ოპტიმისტურ ტენდენციებს, ვიდრე ინტროვერტები.



გარდა ამისა, ოპტიმიზმი ასოცირებულია თვითშეფასებასთან; ოპტიმიზმის მაღალი დონის მქონე ინდივიდები თვითშეფასების მაღალ დონეს აფიქსირებენ; დადასტურდა ისიც, რომ ამოცანის შესრულების შესახებ პოზიტიური მოლოდინის ქონა, ზრდის მისი ეფექტურად შესრულების ალბათობას. შესაბამისად, ექსტრავერტის ოპტიმისტური მოლოდინი ხელს უწყობს ქცევის ეფექტურობას, რაც შედეგად თვითშეფასების წახალისებას იწვევს.

ექსტრავერსიისა და თვითშეფასების გამაშუალებელ ფაქტორებად, გარდა ოპტიმიზმისა, განიხილავენ პოზიტიურ და ნეგატიურ აფექტს. პოზიტიური აფექტი ასახავს ინდივიდის ენთუზიაზმის, აქტიურობის, სიფხიზლის ხარისხს, ხოლო ნეგატიური დაკავშირებულია უპირატესად ავერსიულ განცდებთან, როგორებიცაა: ზიზღი, დანაშაულის გრძნობა და შიში.


რადგან ექსტრავერსია უფრო მეტად დაკავშირებულია პოზიტიურ, ვიდრე ნეგატიურ ემოციურ რეაქციებთან, იგი ასევე კორელირებს პოზიტიურ აფექტთან დაკავშირებულ ცვლადებთანაც. უფრო კონკრეტულად, ექსტრავერსია დადებით კორელაციაშია პოზიტიურ აფექტთან და უარყოფით კორელაციაშია ნეგატიურ აფექტთან. კვლევები იმასაც აჩვენებს, რომ პოზიტიური აფექტი პოზიტიურ კორელაციაში, ხოლო ნეგატიური აფექტი ნეგატიურ კორელაციაშია თვითშეფასებასთან.


მკვლევრები გამოთქვამენ ჰიპოთეზას, იმის შესახებ, რომ ექსტრავერტებს მათთვის დამახასიათებელი პოზიტიური აფექტის მაღალი, ხოლო ნეგატიური აფექტის დაბალი დონით გააჩნიათ უფრო ხალისიანი შეხედულება ცხოვრებაზე, შესაბამისად, განიცდიან ბედნიერებას უფრო მეტი ინტენსივობით, ვიდრე ინტროვერტები. ექსტრავერტების აღნიშნული განწყობა და კარგად ყოფნა (well-being) შემდგომში გავლენას ახდენს მათ თვითშეფასებაზე და ხელს უწყობს მის გაზრდას.

ექსტრავერსიასა და თვითშეფასებასთან ასოცირებული კიდევ ერთი ცვლადია აღქმული სოციალური მხარდაჭერა. ეს უკანასკნელი წარმოადგენს ინდივიდის აღქმას იმის შესახებ, ჰყავს თუ არა მას გარშემო ისეთი ადამიანები, რომლებსაც დახმარებისთვის მიმართავს და რა ხარისხის
იქნება მათ მიერ გაწეული დახმარება. კვლევებით დასტურდება პოზიტიური კორელაცია ექსტრავერსიასა და აღქმულ სოციალურ მხარდაჭერას შორის. ასევე დასტურდება პოზიტიური კორელაცია აღქმულ სოციალურ მხარდაჭერასა და თვითშეფასებას შორის. რადგან ექსტრავერტები აფიქსირებენ აღქმული სოციალური მხარდაჭერის უფრო მაღალ ხარისხს, ვიდრე ინტროვერტები, ვარაუდობენ, რომ მხარდაჭერის მაღალი ხარისხის შედეგად ექსტრავერტი სხვების მხრიდან მაღალი ინტენსივობის მოწონებასა და მიმღებლობას განიცდის, რასაც მოყვება სელფის კიდევ უფრო პოზიტიური ხედვა. (Swickert, Hittner, Kitos, & Cox-Fuenzalida, 2002)


ექსტრავერსიასა და თვითშეფასებას შორის დადებითი კორელაცია შეიძლება აიხსნას იმით, რომ მაღალი თვითშეფასების მქონე ინდივიდებს აქვთ უფრო კარგი ურთიერთობები მშობლებთან, მეგობრებთან, რომანტიკულ პარტნიორებთან და ასევე უფრო მეტ სიამოვნებას იღებენ თავისუფალ დროს გასართობი აქტივობებისგან. ისიც შეიძლება, სიმართლე იყოს, რომ, პირიქით, კარგი, სასიამოვნო და დამაკმაყოფილებელი ყოველდღიური ურთიერთობები იწვევს თვითშეფასების ზრდას. გარდა ამისა, ექსტრავერტები უფრო მგრძნობიარეები არიან ადამიანებთან ურთიერთობისგან მიღებული სიამოვნების მიმართ, შესაბამისად, ისინი ძლიერად მიისწრაფიან კიდეც სოციალური აქტივობებისკენ მაშინ, როცა ინტროვერტები გაურბიან მათ. ექსტრავერტები ადრეული ასაკიდანვე იწყებენ სოციალური კონტაქტების ძიებას, რის შედეგადაც მათი სოციალური უნარები ბუნებრივად ვითარდება და იხვეწება. ეს ყველაფერი მათ მომავალში ეხმარება სხვებთან ურთიერთობის მარტივად დამყარებაში (პოზიტიური უკუკავშირის მიღებასა და გაცემაში), რაც, თავის მხრივ, განაპირობებს იმას, რომ ექსტრავერტები სულ უფრო მეტი ხალისით ერთვებიან ახალ აქტივობებში და აფართოებენ თავიანთ სოციალურ წრეს. წარმატებული სოციალური ურთიერთობები დადებითად აისახება როგორც პიროვნების თვითშეფასებაზე, ისე მის მიერ ბედნიერების განცდაზე. ბედნიერების განცდა კი, როგორც კვლევები აჩვენებს, თვითშეფასებაზე მოქმედი ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია (Cheng & Furnham, 2003, გვ. 937-939).

0
75
1-ს მოსწონს
ავტორი:ელა მამასახლისი
ელა მამასახლისი
75
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0