x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
თვითშეფასება
თვითშეფასება



თვითშეფასების ცნება ძალიან პოპულარული გახდა და ყოველდღიურ მეტყველებაშიც დამკვიდრდა. მასწავლებლები, მშობლები, თერაპევტები და სხვები სულ უფრო მეტად ცდილობენ თვითშეფასების ამაღლებას, რადგან ითვლება, რომ მაღალ თვითშეფასებას ბევრი სარგებელი და პოზიტიური შედეგი მოჰყვება.

თვითშეფასება საკუთარი თავის შესახებ ცოდნის შეფასებითი კომპონენტია და ზედმიწევნით შემდეგნაირად განისაზღვრება: რა ღირებულებას, რა “ფასს’’ ანიჭებს ადამიანი საკუთარ თავს.

თვითშეფასება ძირითადად დამოკიდებულია ინდივიდის თავდაჯერებულობაზე, ასევე საკუთარი
უნარებითა და შესაძლებლობებით კმაყოფილებაზე, რაც, ჩვეულებრივ, პიროვნული წარმატებებების განცდის შედეგად მიიღწევა. თვითშეფასება რწმენას მატებს და მიმართულებას აძლევს პიროვნებას რთული გამოწვევების დაძლევის პროცესში.

მაღალი თვითშეფასება გულისხმობს სელფისადმი ძლიერ პოზიტიურ დამოკიდებულებას, მის სასურველად შეფასებას. ხოლო დაბალი თვითშეფასება მოიცავს სელფის არასასურველად შეფასებას. (Baumeister, Campbell, Krueger, & Vohs, 2003)

მაღალი თვითშეფასების მქონე ადამიანები მიუთითებენ, რომ აქვთ ნათელი შეგრძნება იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის მათი პიროვნული თვისებები, თავიანთ თავს აფასებენ დადებითად, ძნელი სიტუაციიდან გამოდიან წარმატებით, ახასიათებთ ნაკლებად გამოხატული სელფ დესტრუქციული ქცევა. ხოლო დაბალი თვითშეფასების დონის მქონე ადამიანებს აქვთ ნაკლებად ნათელი თვითკონცეფცია, თავიანთ თავს აფასებენ ნეგატიურად, ხშირად ირჩევენ არარეალისტურ მიზნებს ან საერთოდ უარს ამბობენ მათზე. მათთვის დამახასიათებელია: პესიმიზმი, არაკეთილსასურველი ემოციური და ქცევითი რეაქციები კრიტიკაზე ან სხვა ნეგატიურ უკუკავშირზე.

Baumeister-ისა და მისი კოლეგების (2003) მიხედვით, მაღალი თვითშეფასების ქვეშ შეიძლება მოიაზრებოდეს როგორც ზუსტი, გამართლებული, დაბალანსებული შეფასება საკუთარი პიროვნული ღირებულებისა, წარმატებებისა და კომპეტენციებისა, ისე გადაჭარბებული, შეუსაბამო, გრანდიოზული და ქედმაღლური შეგრძნება სხვებზე აღმატებულობისა. იგივენაირად, დაბალი თვითშეფასება შესაძლოა გულისხმობდეს ზუსტ, კარგად ჩამოყალიბებულ გაგებას საკუთარი, როგორც პიროვნების ნაკლოვანებებისა და ასევე დაუცველობისა და არასრულფასოვნების დამახინჯებულ, ზოგჯერ პათოლოგიურ შეგრძნებასაც კი.


თვითშეფასება უფრო მეტად აღქმის კატეგორიაა, ვიდრე რეალობის, რადგან იგი დაკავშირებულია პიროვნების რწმენებთან, მის წარმოდგენასთან, არის თუ არა ჭკვიანი, მიმზიდველი, სასურველი და ა.შ. თუმცა, მიუხედავად იმისა, თუ როგორია ობიექტური რეალობა, ადამიანის თვითშეფასება მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მის ქცევასა და ამ ქცევის შედეგებს. პიროვნების რწმენები აყალიბებს შესაბამის ქცევებს ბევრ სხვადასხვა ასპექტში და ეს ქცევები, თავის მხრივ, აყალიბებს როგორც პიროვნების, ისე მისი გარშემომყოფების სოციალურ რეალობას.


Rosenthal and Jacobson (1968) - ის კლასიკურმა კვლევამ ‘’Pygmalion in the Classroom’’ აჩვენა, რომ მასწავლებლების მცდარმა, რეალობასთან შეუსაბამო რწმენებმა თავიანთი სტუდენების შესახებ განაპირობა ის, რომ ეს რწმენები შემდგომში რეალურად გამოიხატა სტუდენტების ქცევაში. იგივენაირად, სავსებით შესაძლებელია, რომ მაღალი ან დაბალი თვითშეფასება, თუნდაც მცდარი და რეალობასთან შეუსაბამო, გახდეს ცვლილებების


მომტანი სელფის ობიექტურ რეალობაში.

კვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ ფსიქოდინამიკური დაცვის მექანიზმები, რომელთა დანიშნულებაც თავდაპირველად ფროიდის მიერ განსაზღვრული იყო, როგორც საფრთხის შემცველი სექსუალური და აგრესიული იმპულსებისგან თავდაცვის გზა, სინამდვილეში, თვითშეფასების მხარდაჭერასა და გაძლიერებას ემსახურება.

თვითშეფასება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ინტერპერსონალურ ურთიერთობებზე. სავსებით შესაძლებელია, რომ მაღალი თვითშეფასების შედეგად პიროვნებათაშორისი ურთიერთობები გაუმჯობესდეს. მაღალი თვითშეფასების მქონე ადამიანები აცხადებენ, რომ გარშემომყოფებში უფრო პოპულარულები არიან, ვიდრე დაბალი თვითშეფასების მქონენი. მაღალი თვითშეფასების მქონე ადამიანების თავდაჯერებულობა და ინიციატივიანობა ხშირად გარშემომყოფებს მათთან საურთიერთოდ განაწყობს ხოლმე, ხოლო დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანების თვითდაეჭვებულობა, უმწეობისა და დაუცველობის განცდა გარშემომყოფებში აჩენს სურვილს, მათთან ურთიერთობის თავიდან არიდებისა. საუბრობენ შებრუნებულ მიზეზობრივ კავშირზეც. სოციომეტრის მოდელის მიხედვით, რომელიც შემოგვთავაზეს Leary - მ და მისმა კოლეგებმა (1995), თვითშეფასების ზრდა ან შემცირება ინტერპერსონალურ ურთიერთობებში წარმატების ან მარცხის შედეგია.


გარდა იმისა, რომ მაღალი თვითშეფასების მქონე ადამიანები თავს უფრო პოპულარულებად განიხილავენ (Battistich et al., 1993), ისინი თვლიან, რომ, დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანებთან შედარებით, მათი ურთიერთობა მეგობრებთან უფრო მყარი და ხარისხიანია. (Keefe & Berndt, 1996). ასევე დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანები, მაღალი თვითშეფასების მქონე ადამიანებთან შედარებით, საუბრობენ უფრო ნეგატიურ, ავერსიულ სოციალურ ინტერაქციებზე, სტრესულ ცხოვრებისეულ მოვლენებზე და მცირე სოციალურ მხარდაჭერაზე. (Lakey, Tardiff, & Drew, 1994). მაღალი თვითშეფასების მქონე ადამიანები აცხადებენ, რომ მათ აქვთ უკეთესი ურთიერთობები სამუშაო ადგილზე თანამშრომლებთან, ვიდრე დაბალი თვითშეფასების მქონეთ.

მაღალ თვითშეფასებას ბედნიერების განცდასაც უკავშირებენ. კვლევები ადასტურებს, რომ მაღალი თვითშეფასების მქონე ადამიანები ბევრად უფრო ბედნიერები არიან. ისინი ნაკლებად განიცდიან დეპრესიას და უკეთ უმკლავდებიან სტრესულ, ტრავმულ მოვლენებს. ხოლო, რაც შეეხება დაბალ თვითშეფასებას, თეორეტიკოსები და მკვლევრები მას უკავშირებენ სხვა კონსტრუქტებს, ეყრდნობიან რა კავშირს დაბალ თვითშეფასებასა და ისეთ პათოლოგიებს შორის, როგორიცაა, მაგალითად, დეპრესია, ფიზიკური დაავადებები. დაბალი თვითშეფასება ასოცირებულია უფრო ზოგად კონცეპტებთან: ემოციურ ლაბილობასა და კონტროლის დაბალი შინაგანი ლოკუსთან. (Baumeister, Campbell, Krueger, & Vohs, 2003, p.6)


დაბალი თვითშეფასება კვებითი აშლილობების რისკ-ფაქტორადაც განიხილება. მისი კავშირი
ბულიმიასთან განსაკუთრებით ძლიერია, თუ სახეზე გვაქვს სხვა ფაქტორებიც, როგორიცაა:
საკუთარი სხეულით უკმაყოფილება და პერფექციონიზმი. (Vohs et al., 1999)

მაღალ თვითშეფასებას უფრო მეტი სარგებელი მოაქვს, ვიდრე დანახარჯი. ესენია: ბედნიერება, ინიციატივიანობა და სტრესისადმი გამძლეობა. მეორე მხრივ, საეჭვოა, მხოლოდ თვითშეფასების გაზრდა, გამოიწვევს თუ არა ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სარგებლის ან სხვა სასურველი შედეგის ხანგრძლივ ზრდას. ავტორი იმასაც უშვებს, რომ თვითშეფასების წახალისებამ შესაძლოა საბოლოოდ ნარცისიზმის ან მაღალი თვითშეფასების რომელიმე სოციალურად არასასურველი ფორმის ჩამოყალიბებასთან მიგვიყვანოს. ნარცისიზმის კონსტრუქტი მოიცავს სელფის უპირატესად სასურველ, გრანდიოზულ აღქმას, განსაკუთრებულობისა და უნიკალურობის შეგრძნებას, ფანტაზიებს საკუთარი პიროვნული ღირებულებისა და სილამაზის შესახებ, რწმენას პრივილეგირებულობისა და სხვების მიერ თაყვანისცემის შესახებ. (American Psychiatric Association, 2000) ნარცისული მაღალი თვითშეფასება არაჯანსაღი, არამდგრადი და სელფ-დაცვითია. ნარცისული მაღალი თვითშეფასების მქონე ადამიანები მიდრეკილნი არიან სხვების ჩაგვრისკენ, შურისძიებისკენ და თავიანთი ჯგუფის გარეთ მყოფი ადამიანების მიმართ ცრურწმენების ჩამოყალიბებისკენ.

ზოგადად, ადამიანები მოტივირებულნი არიან აღიქვან საკუთარი თავი აკურატულად, ზუსტად და აღიარონ თავიანთი არასასურველი მახასიათებლებიც; მსგავსი ტიპის ინფორმაცია ინდივიდებს უბიძგებთ, დაძლიონ თავიანთი სისუსტეები. თუმცა, მიუხედავად ადამიანების სურვილისა, იცოდნენ, არიან თუ არა კარგები, მათ ურჩევნიათ, აღმოაჩინონ საკუთარი თავის შესახებ პოზიტიური დეტალები, ვიდრე ნეგატიური. (Sedikides, 1993)

მკვლევრები მიიჩნევენ, რომ უფრო ღირებული და ადაპტურია საკუთარი თავის ზუსტი გაგება და სელფზე ნამდვილი ინფორმაციის ფლობა, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ეს გულისხმობს სოციალურად არასასურველი, მავნე, არაეთიკური მახასიათებლებისა და ქცევების იდენტიფიცირებას. ამ შეხედულების მიხედვით, როცა თვითშეფასება ემყარება საკუთარი თავის არა გაზვიადებულ, არამედ ადეკვატურ შეფასებას, იგი ხდება დამხმარე ადამიანისთვის და ასრულებს მნიშვნელოვან და სასარგებლო ფუნქციას, ცხოვრების მოწყობისა და გადაწყვეტილებების მიღების თვალსაზრისით. ეს გულისხმობს, რომ ადეკვატური თვითშეფასება მაღალ თვითშეფასებაზე უმჯობესია. საკუთარი თავის ადეკვატური გაგება ზოგავს დროსა და ენერგიას. ადეკვატური თვითშეფასების წყალობით, ადამიანი უკეთ ხვდება, რა პროფესიას დაეუფლოს, რომელ კურსებზე ჩაეწეროს და ა.შ. მას უადვილდება მისი შესაძლებლობებისთვის შესაფერისი მიზნების დასახვა; თავს არიდებს ისეთ ამოცანებს, რომელთა შესრულებასაც ვერ შეძლებს და შედეგად მხოლოდ მარცხისა და იმედგაცრუების შეგრძნება დარჩება. ასევე არც ძალიან მარტივ მიზნებს ისახავს, რადგან მათი შესრულება მისთვის არ იქნება წამახალისებელი და დამაჯილდოებელი.

0
255
შეფასება არ არის
ავტორი:ელა მამასახლისი
ელა მამასახლისი
255
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0