x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ექსტრავერსია - ინტროვერსია

ექსტრავერსია/ინტროვერსია


ექსტრავერსია - ინტროვერსია პიროვნების თეორიების ერთ-ერთი მთავარი განზომილებაა.ამ ტერმინების პოპულარიზაცია შვეიცარიელი ფსიქოთერაპევტის კარლ გუსტავ იუნგის დამსახურებაა. იგი 1875-1951 წლებში მოღვაწეობდა; ითვლება ანალიტიკური ფსიქოლოგიის დამაარსებლად.

მას შემდეგ, რაც იუნგმა 1921 წელს აღნიშნული ტერმინები შემოიტანა, ექსტრავერსია - ინტროვერსია კონტინიუმად ითვლება. ისინი წარმოადგენენ კონტინიუმის უკიდურეს ბოლოებს, ხოლო ინდივიდები, რომლებიც კონტინიუმის შუა ნაწილში ხვდებიან, იწოდებიან ამბივერტებად. კვლევების უმრავლესობა უფრო მეტად მაინც კონტინიუმის უკიდურეს წარმომადგენლებზეა ფოკუსირებული, რადგან, შეიძლება ითქვას, რომ ამბივერტები მათ ზომიერ, საშუალო, შედარებით არასპეციფიკურ ვერსიას წარმოადგენენ. როგორც წესი, ამბივერტები ჭეშმარიტია/მცდარია - ს ფორმატში ჩატარებულ ტესტებში აფიქსირებენ ექსტრავერსია - ინტროვერსიისკენ თანაბარ მიდრეკილებას, ზოგიერთ კითხვაზე ექსტრავერსიული მიმართულებით პასუხობენ, ხოლო ზოგიერთზე - ინტროვერსიულით.

კარლ იუნგი ექტრავერსია - ინტროვერსიის ტერმინებს იყენებს, რათა აღწეროს ადამიანთა განსხვავებული დამოკიდებულებები იმასთან დაკავშირებით, თუ საით მიმართონ თავიანთი ენერგია. თუმცა ყოველდღიურ მეტყველებაში ამ სიტყვებს განსხვავებული მნიშვნელობით იყენებენ ხოლმე. ინტროვერსია ხშირად გაგებულია როგორც სიმორცხვე, მარტოსულობა, რაც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით სიმართლეს არ შეესაბამება. სიმორცხვე და ინტროვერსია ორი განსხვავებული ცნებაა.

როგორც წესი, ექსტრავერტებს უყვართ სხვადასხვა აქტივობებში ჩართულობა, ისინი სიამოვნებას იღებენ, როცა მრავალი ადამიანის გარემოცვაში იმყოფებიან, ეკონტაქტებიან, ამხიარულებენ მათ; ურჩევნიათ თავიანთ პრობლემებზე ხმამაღლა საუბარი და სხვისი აზრის მოსმენა ამასთან დაკავშირებით. ისინი იმპულსურები არიან, დიდხანს არ ფიქრობენ გადაწყვეტილების მიღებისას, კომფორტულად გრძნობენ თავს ჯგუფური სამუშაოების დროს, ჰყავთ მეგობრებისა და ნაცნობების ფართო წრე, შესაბამისად, მათ ხშირად ახასიათებენ როგორც “კომუნიკაბელურ’’, “კონტაქტურ’’ პიროვნებას.

სრულიად სხვა სურათს ვხვდებით ინტროვერტი ადამიანების შემთხვევაში. მათი ენერგია უფრო მეტად შინაგანი სამყაროსკენაა მიმართული, ვიდრე გარეგანისკენ. უყვართ განსჯა, ფიქრი სხვადასხვა იდეაზე, მოგონებაზე, იმ ყველაფერზე, რაც მათ გონებაში ხდება. ურჩევნიათ ინდივიდუალურად აკეთონ სამუშაო, ვიდრე ჯგუფურად, თუნდაც ერთ ან ორ ადამიანთან ერთად, ვისთანაც თავს კომფორტულად გრძნობენ. უყვართ მოვლენების წინასწარი დაგეგმვა, რათა ზუსტად იცოდნენ რა თანმიმდევრობით იმოქმედებენ. მათი სანაცნობო წრე არ არის ფართო, როგორც წესი, სამეგობროდ ამჯობინებენ რამდენიმე ადამიანს, რომლებსაც კარგად იცნობენ და ენდობიან. (Martin, 1997)

ხშირად სიმორცხვე და ინტროვერსია ერთმანეთში ერევათ ხოლმე, მაგრამ კვლევები ამ ორ ცნებას ერთმანეთისგან განასხვავებს. ინტროვერტები ამჯობინებენ მარტოობას, მაგრამ არ ეშინიათ სოციალურ აქტივობებში ჩართვის, რასაც ვერ ვიტყვით მორცხვ ადამიანებზე. მაგალითად, თუ წვეულებაზე ვხედავთ კუთხეში მარტო მდგომ ორ ადამიანს, მაშინ ინტროვერტი იქ იმიტომ დგას, რომ ასე უნდა, ხოლო მორცხვი ადამიანი - იძულებით, იმიტომ რომ სხვანაირად არ შეუძლია; მას უჭირს ადამიანებთან მიახლოება და საუბრის წამოწყება. თუმცა როგორც კი მორცხვი ადამიანები საუბარში ჩაებმევიან, პრობლემაც იხსნება და თავს კარგად გრძნობენ. მთავარი დაბრკოლება მათთვის ინიციატივის გამოჩენაა. (Whitten, 2001)


კიდევ ერთი ფსიქოლოგი, რომლის სახელიც ექსტრავერსია - ინტროვერსიის კვლევასთანაა
დაკავშირებული ჰანს აიზენკია (1970 – 1971). აიზენკმა პიროვნების 3 ფუნდამენტური განზომილება შემოგვთავაზა: ექსტრავერსია-ინტროვერსია, ნევროტიზმი და ფსიქოტიზმი. იგი ექსტრავერსია - ინტროვერსიას განიხილავდა როგორც ინტერკორელაციაში მყოფი ნიშნების კლასტერს, რომლებსაც საფუძვლად უდევს ფიზიოლოგიური, ნევროლოგიური საფუძველი. (Cohen & Schmidt, 1979)

აიზენკმა ივარაუდა, რომ ინტროვერტებს აქტივირებადი რეტიკულარული სისტემის აგზნების უფრო დაბალი ზღურბლი აქვთ, ვიდრე ექსტრავერტებს. შესაბამისად, ინტროვერტები, ექსტრავერტებისგან განსხვავებით, დაბალი ინტენსივობის გამღიზიანებლის ზემოქმედების შემთხვევაშიც კი ძლიერ აგზნებას განიცდიან ხოლმე. ესაა მიზეზი იმისა, რომ ინტროვერტები გაურბიან გარემო სტიმულების ზემოქმედებას, ურჩევნიათ მარტოობა, მშვიდი მუსიკა, მცირე ჯგუფებში აქტივობა, სახლში დარჩენა, ვიდრე დიდ წვეულებებზე ან ფართო სოციალურ შეკრებებზე წასვლა და ა.შ. ხოლო ექსტრავერტები გამუდმებით ეძებენ გარემო გამღიზიანებლებს, რადგან იმისათვის, რომ მათ აგზნების ოპტიმალურ დონეს მიაღწიონ, სჭირდებათ მაღალი ინტენსივობის სტიმულები, როგორებიცაა: ხმამაღალი მუსიკა, ფართო შეკრებები, ბევრი მეგობარი, ჯგუფური აქტივობები და ა.შ. (Campbell & Hawley, 1982)


თანამედროვე მეცნიერები საინტერესო და მარტივ მეთოდს გვთავაზობენ იმის გასარკვევად, უფრო მეტად ექსტრავერსიისკენ ვართ მიდრეკილნი თუ ინტროვერსიისკენ. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ამისათვის მხოლოდ ლიმონის წვენია საჭირო. ნერწყვის რაოდენობას, რომელიც ლიმონის წვეთის ენაზე მოხვედრის შედეგად გამოიყოფა, შეუძლია, არც თუ ისე უმნიშვნელო ინფორმაცია მოგვაწოდოს ჩვენს პიროვნებაზე. ამ მოვლენის ახსნაც ზემოთ ხსენებული აქტივირებადი რეტიკულარული სისტემის (RAS) მოშველიებით შეგვიძლია. აღნიშნული სისტემა ტვინის ნაწილია და პასუხისმგებელია გარემო სტიმულებზე, მაგალითად, როგორიცაა: საკვები ან სოციალური კონტაქტი, საპასუხო რეაქციის გამომუშავებაზე. სწორედ ის აკონტროლებს ნერწყვის რაოდენობას, რომელიც უნდა გამოიყოს საკვების მიღების შედეგად.


მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ინტროვერტებს ახასიათებთ მაღალი აქტივობა რეტიკულარულ სისტემაში იმ შემთხვევაშიც კი, როცა არანაირი სტიმულის ზემოქმედების ქვეშ არ არიან. შესაბამისად, მცირეოდენი ინტენსივობის მქონე სტიმულიც კი განაპირობებს მძაფრ საპასუხო რეაქციას. ექსტრავერტებში კი პირიქითაა, მათ რეტიკულარულ სისტემაში დაბალი აქტივობაა, როცა გარედან სტიმულაცია არ ხდება. შესაბამისად, ისინი საჭიროებენ ბევრად ძლიერ სტიმულს, რათა გამოიმუშავონ საპასუხო რეაქცია, მიაღწიონ აგზნების მათთვის ოპტიმალურ დონეს. ამის საფუძველზეა ნავარაუდევი, რომ ლიმონის წვეთი ექსტრავერტებში უფრო ნაკლები რაოდენობის ნერწყვის გამოყოფას გამოიწვევს, ვიდრე ინტროვერტებში. (Lemon juice experiment, 2014)

სხვადასხვა მკვლევრების (Gottesman, Eysenck, Vanderberg, Freedman და ა.შ.) ლონგიტუდური და ტყუპებზე ჩატარებული კვლევები ასევე ადასტურებს, რომ ექსტრავერსია-ინტროვერსია ანუ გარემოსთან ურთიერთობის საბაზისო გზა პოლიგენური მემკვიდრეობისა და გარემო ფაქტორების ინტერაქციის შედეგია. (Scarr, 1969)

ექსტრავერსიაც და ინტროვერსიაც სპეციფიკური კონცეპტებია და არ შეიძლება რომელიმეს ვუწოდოთ კარგი ან ცუდი, თუმცა შეგვიძლია ვისაუბროთ მათ უპირატესობებზე.

Argyle and Lu (1990)–მ დაადგინეს, რომ ექსტრავერსია დადებით და მნიშვნელოვან კორელაციაშია ბედნიერებასთან, სუბიექტურ კარგად ყოფნასთან (subjective well-being, SWB).


ზუსტი მიზეზი იმისა, თუ რატომ არიან ექსტრავერტები უფრო ბედნიერები, ვიდრე ინტროვერტები უცნობია. საუბრობენ სხვადასხვა ჰიპოთეზებზე. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, ექსტრავერტების სოციალურობა და ადამიანებთან გატარებული მეტი დრო განაპირობებს მათ ბედნიერებას. მეორე ჰიპოთეზის მიხედვით, ექსტრავერტები უფრო მგრძნობიარენი არიან პოზიტიური სტიმულებისა და მოვლენების მიმართ, ვიდრე ინტროვერტები.


Larsen and Ketelaar (1991)-მა აჩვენეს, რომ ექსტრავერტები ძლიერ პოზიტიურ აფექტს განიცდიან კომედიის ყურებისას ან სასიამოვნო ფოტოების დათვალიერებისას, ვიდრე ინტროვერტები. (Fleeson, Malanos, & Achille, 2002)

ინტროვერსიასთან დაკავშირებით საინტერესო იქნება მოკლედ მიმოვიხილოთ Susan Cain-ის, ამერიკელი მწერლისა და ლექტორის აზრი. იგი ავტორია წიგნისა ‘’Quiet: The Power of Introverts in a World That Can't Stop Talking’’. წიგნში ხაზგასმულია საზოგადოების ტენდენციურობა ინტროვერტების მიმართ და ეჭვქვეშაა დაყენებული მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სოციალურობა ყოველთვის ბედნიერების მომტანია. ექსტრავერსია კარგია, მაგრამ იგი არ არის მკაცრად განსაზღვრული სტანდარტი, ნორმა, რომელსაც ინტროვერტები უნდა დაექვემდებარონ. ინტროვერსია არ არის “მეორეხარისხოვანი’’ ნიშანი. იგი არ ნიშნავს ანტისოციალურობას.

ავტორის აზრით, პრობლემა ინდივიდუალურ დონეზე უნდა ვეძებოთ, რადგან ინტროვერტები თავს დამნაშავედ გრძნობენ, როცა არ უნდათ წვეულებაზე წასვლა და სურთ, რომ დატკბნენ მარტოობით. ინტროვერტებმა უნდა გააცნობიერონ თავიანთი სიძლიერე. მათ შეუძლიათ გახდნენ მკვლევრები, მწერლები, ლიდერები თავიანთი პიროვნული თვისებების წყალობით, როგორიცაა: მოსმენა, ფიქრი, ჩაღრმავება, კონცენტრაცია ერთ საკითხზე და ა.შ.


საბოლოო ჯამში, წიგნის მიზანი ექსტრავერსიის ან ინტროვერსიის უპირატესობის წარმოჩენა არ არის, არამედ იმის, რომ საუკეთესო გამოსავალი ექსტრავერტებისა და ინტროვერტების ურთიერთანამშრომლობაა ერთმანეთის გამდიდრებისა და შევსების მიზნით. (Book Review: Quiet: The Power of Introverts in a World That Can't Stop Talking by Susan Cain, 2012)


0
533
შეფასება არ არის
ავტორი:ელა მამასახლისი
ელა მამასახლისი
533
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0