x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
აფხაზეთში ომი დაიწყო (მეოთხე ნაწილი)
გია ყარყარაშვილმა გადაწყვიტა, გაგრაში შესულიყო. მოვგროვდით 60 კაცი, დაგვიდგა წინ ყარყარაშვილი და წავედით გაგრისკენ. ხიდიდან დაახლოებით 1 კმ-ში დიდი ცეცხლის ქვეშ მოვყევით, - გვესროდნენ ტყიდან, ზღვიდან და პირდაპირ შეტევაზე გადმოდიოდნენ. ამ დროს გამოჩნდა მტრის უძლეველი ტანკიც, რომლის გამოჩენაზეც ისევ უკან დახევა მოგვიწია. დავბრუნდით ხიდთან. იქ იდგა ერთი ჩვენი ტანკი, რომელიც არ ისროდა, ტრაქტორივით დაბობღავდა აქეთ-იქით, ამ დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხიდი ჩვენებმა დანაღმეს და როგორც ტანკი ზედ შედგებოდა, აფეთქდებოდა. ჩვენც დავიკავეთ პოზიციები, რომ ტანკის აფეთქებისა და დიდი სიმაღლიდან ხრამში ჩავარდნის შემდეგ ქვეითები გაგვენადგურებინა. ამით გაგრის დაბრუნების რეალური შანსი მოგვცემოდა, მაგრამ ჩვენი ოცნება დაიმსხვრა - ტანკი უვნებლად, აუფეთქებლად გადმოვიდა ხიდზე. 3 დამნაღვნელიდან 1 მოღალატე ყოფილა და მავთული გადაჭრა. იმ დროს რამდენიმე ჩვენი თანამემამულე გასამრჯელოსათვის იმათ მხარეზე "მუშაობდა".

მომდევნო დღეებში მტერმა განთიადი და ლესელიძე წინააღმდეგობის გაუწევლად დაიკავა. ბოლო შეტაკების დროს დაიღუპა გია ყარყარაშვილის ძმა, გოჩა. მან გმიეულად შესწირა თავი სამშობლოს. ნათელში იყოს მისი და ყველა ღირსეული ვაჟკაცის სული.

იმ არეულობის დროს ზოგი საით წავიდა და ზოგი საით. მე და ლევანს გია მოგვწყდა და ვერ ვიპოვეთ. სხვა გზა არ იყო, რუსეთში უნდა გადავსულიყავით. ლესელიძიდან სალხინოში ავედით. სალხინო ბოლო ქართული სოფელია, იმის იქით, მდინარე ფსოუს გადაკვეთის შემდეგ, რუსეთის მიწა-წყალი გველოდებოდა. დადგა ჩვენთვის უმძიმესი წუთები. დამარცხებულები, დამცირებულები და ჩვენი ხელისუფლების მიერ გაყიდული მეომრები მშობლიურ მიწას ვემშვიდობებოდით და გადავდიოდით მტრის მიწაზე. სოფელ სალხინოში იარაღი მიწაში ჩავმარხეთ., სამოქალაქო ტანსაცმელი გადავიცვით და შებინდებისას რუსეთ-საქართველოს საზღვარი გადავკვეთეთ. ადლერში ტყე-ტყე ფეხით ჩავედით. იქ უამრავ ხალხს მოეყარა თავი. თბილისიდან სპეციალური თვითმფრინავები მოდიოდნენ და დევნილები გადაჰყავდათ. ერთ-ერთ თვითმფრინავს ჩვენც გამოვყევით. ჩვენი ბატალიონის ბიჭები ისევ არ გამოჩნდნენ.

დავეშვით თბილისის აეროპორტში, სადაც უამრავი ხალხი ირეოდა, - ყველა თავისიანის ამბის გაგებას ცდილობდა. ჩვენი ბატალიონის ბიჭები ცოცხლები იყვნენ თუ არა, ისიც არ ვიცოდით. მოგვიანებით რუსეთის ტელეარხებმა გადმოსცეს, რომ ტყვედ ჩაეგდოთ და გუდაუთაში ჰყავდათ.


41 კაცი 47 დღე გუდაუთის საკონცენტრაციო ბანაკში იტანჯებოდა. მერე ტყვეთა გაცვლის კომისია შედგა, რომელსაც ჩვენი მხრიდან გიორგი ბარამიძე ხელმძღვანელობდა. დატანჯული, შეურაცყოფილი და დარაცხებული მებრძოლები 47 დღის შემდეგ საკუთარ კერას დაუბრუნდნენ.

გაგრაში მომხდარის შესახებ მეათედიც ვერ აღვწერე, მაგრამ მინდა ყველამ იცოდეს, რომ თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების ბატალიონის ყველა მებრძოლი, თამაზ მეფარიშვილის მეთაურობით, ვფიქრობდით მხოლოდ ერთ რამეზე, - სამშობლოს დაცვაზე. თითოეულმა ჩვენგანმა ეს დაამტკიცა ბრძოლებში.

აეროპორტში რომ დავეშვით, თავში სისხლი მომაწვა. რამდენიმე კვირით ადრე ამ აეროპორტიდან 120 კაცი გავემგზავრეთ. ახლა სამიღა ვბრუნდებოდით. სიმწრის ცრემლი მომადგა, პირველად მაშინ ვინატრე სიკვდილი. ცოცხალი რომ დავბრუნდი. მრცხვენოდა.

აეროპორტში გენერალ-მაიორი გიორგი კვინიკაძე დაგხვდა. მისი შვილი ვახტანგი ჩვენს ბატალიონში ირიცხებოდა და გაგრაში შეტაკებისას ფეხი დაკარგა. ლეიტენანტი ვახტანგ კვინიკაძე უბადლო მეომარი იყო და ბევრი საგმირო საქმე ჩაიდინა.

მას შემდეგ ჩვენი ბატალიონი შეივსო და რამდენიმე საბრძოლო ოპერაციაში მივიღეთ მონაწილეობა, კერძოდ, სოხუმში, ლაბრასა და სამაჩაბლოში. სამწუხაროდ, ჩვენი ბატალიონიდან დღეს ბევრი ცოცხალი აღარ არის, მაგრამ ღირსეულად წასული ვაჟკაცები მუდამ გვემახსოვრება. ისინი იცავდნენ სამშობლოს. იმ ბიჭების საომრად წასვლას ვერავინ დააძალებდა, თითოეული თავისი ნებით ჩადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში. ბევრი შეეწირა უთანასწორო ბრძოლას.

ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ღირსეული ბიჭების მხარდამხარ ვიბრძოდი. იმედი არ დამიკარგავს, რომ დადგება დრო, როდესაც დაკარგულ ტერიტორიებს დავიბრუნებთ და ძველი მეომრები ჩვენს მხედრულ მოვალეობას აუცილებლად შევასრულებთ. საქართველოს ისტორია დასაბამიდან დღემდე ომების ისტორიაა. ამ ომებში ჩვენს ქვეყანას უამრავი რამ გადახდენია, დამარცხებები, გამარჯვებები, ღალატი, გმირობები, მაგრამ დღემდე მოაღწია მაშინ, როცა ჩვენზე ძლიერი და დიდი ქვეყნები აღიგავნენ პირისაგან მიწისა.

როგორც ჩვენი ბატალიონი, ისე გაგრის კომენდატურის ხალხიც არ გამოჩენილა. მათი ხელმძღვანელი პოლვოვნიკი ბადრი ფირცხელიანი გაქრა. ერთი კვირის შემდეგ ტელევიზორში აჩვენეს, რომ ალყიდან გამოსულა და ტყე-ტყე სოხუმამდე ჩამოუღწევია. რომ დაეჭირათ გადამთიელებს, დახვრეტდნენ. მათი ტყვედ აყვანის უფლება არ ჰქონდათ. რომ ჩავეგდე ხელში მტერს, დღეს ამ სტრიქონების დაწერას ნამდვილად ვერ მოვახერხებდი და როგორც ზოგიერთი მართლა უაზრო და ლაჩარი ჩვენი მემამულე დღემდე მოიხსენიებს ხოლმე, იმ "უაზრო ომში" დაღუპულების რიცხვში ვიქნებოდი. სამშობლოსათვის თავდადება უაზრობა არასოდეს იყო და არც არასოდეს იქნებაimage

0
334
შეფასება არ არის
ავტორი:მაიზერ გელოვანი
მაიზერ გელოვანი
334
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0