x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
სწავლებისა და აღზრდისთვის დამახასიათებელი ფსიქოლოგიური კრიზისი.
image

ფსიქოლოგია – მეცნიერება ადამიანის ფსიქიკურ კანონზომიერებათა შესახებ. მისი ინტერესის საგანი არა მარტო ფსიქიკური აქტივობებია, არამედ ადამიანი, როგორც მთლიანი- პიროვნება, მისი ქცევის გაგება. პიროვნება დაბადებისთანავე იწყებს ფსიქიკურ მომწიფებას. ყოველ ასაკობრივ პერიოდს მისთვის დამახასიათებელი პრობლემა ახლავს თან, რაც ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერიოდი სასკოლო პერიოდი გახლავთ. ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვის ფსიქიკური განვითარება, გასათვალისწინებელია რა პრობლემები ახლავს მას, როგორია მშობელისა და მასწავლებლის დამოკიდებულება მოზარდებთან მიმართებაში.
ადამიანის ფსიქიკურ განვითარებასთან დაკავშირებულ პრობლემებს ნებისმიერ ასაკში, მისი დაბადების მომენტიდანვე ვაწყდებით. ეს არ არის გაზვიადებული ნათქვამი. ამას გვიჩვენებს ცხოვრებისეული გამოცდილებაც და მეცნიერულადაც დადასტურებულია. უკვე აღარავინ დაობს იმაზე, რომ ჩვილობის ასაკში მიღებული ტრავმა, ან მოვლის ხარისხი, პატარისადმი გამომჟღავნებული სითბო და ყურადღება, ან, პირიქით, დაუდევრობა და სიყვარულის დეფიციტი ილექება არაცნობიერში და მოზრდილ ასაკში აბრკოლებს მის განვითარებასა და გარემოსთან და ადამიანებთან შეგუების უნარს. ადამიანის განვითარების თითოეულ ასაკობრივ პერიოდს მისთვის დამახასიათებელი პრობლემა ახლავს თან. როგორც ფსიქოლოგიური თეორიების ავტორები მიუთითებენ, მაგალითად, დაბადებიდან 1, 5-2 წლამდე საჭიროა დავეხმაროთ ბავშვს გარემოსადმი ნდობის ჩამოყალიბებაში, 4 წლის ასაკამდე პერიოდში ვაგრძნობინოთ საკუთარი პიროვნების ავტონომიურობა, რადგან ამ პერიოდში წარმოთქვამს ის სიტყვას “მე” და საფუძველი ეყრება მის პიროვნებას, 6 წლის ასაკამდე საჭიროა, წავახალისოთ მისი ინიციატივიანობა, რადგან ის პირველად ავლენს ამ თვისებას და მისი ჩახშობა, აქტიურობის შეზღუდვა და ყველაფრის დაშლა მისწრაფების ატროფიას, გაქრობას გამოიწვევს. ეს კი მოზრდილ ასაკში მისი პასიურობისა და უინიციატივობის მიზეზი გახდება.

ძალიან მნიშვნელოვანია ე.წ სასკოლო ასაკისათვის დამახასიათებელი კრიზისი. ამ ასაკში ბავშვს აქვს მისწრაფება, შეაფასოს საკუთარი მიღწევები და შესაძლებლობები, დაფიქრდეს, რა შეუძლია, რა გამოსდის კარგად და რა-ცუდად, შეადაროს საკუთარი თავი სხვებს. ამის შედეგად მას ჩამოუყალიბდება ან დადებითი აზრი საკუთარ შრომისუნარიანობასა და შესაძლებლობებზე, ან გაუჩნდება არასრულფასოვნების განცდა. თუ ეს განცდა დროულად არ იქნება აღმოფხვრილი, ის მას გაჰყვება მთელი ცხოვრების განმავლობაში. ასე რომ, ჩვენი არასრულფასოვნების განცდის საფუძველი, ხშირ შემთვევაში, ბავშვობაში, კერძოდ კი, სასკოლო პერიოდის პირველ წლებში უნდა ვეძებოთ.


სასკოლო პერიოდი არ არის ერთგვაროვანი. ბავშვი სკოლაში ცხოვრების მრავალ წელს ატარებს. ამასობაში მას რამდენიმე კრიზისული პერიოდის გადალახვა უხდება და თითოეული მათგანი განსხვავებულ მიდგომას საჭიროებს.

უმცროსი სასკოლო ასაკის პერიოდში, სრულფასოვნება-არასრულფასოვნების შესახებ. ეს აზრი კი დიდწილად დამოკიდებულია გარშემომყოფთა შეფასებაზე. სკოლაში შესვლასთან ერთად რადიკალურად იცვლება გარშემომყოფთა დამოკიდებულება ბავშვის მიმართ. ოჯახში გაზვიადებულია სასკოლო საქმიანობასთან დაკავშირებული პრობლემები. თუ ჯერ კიდევ გუშინ ბავშვი ყველასათვის უპირობოდ საყვარელი და სასურველი იყო, უკვე დღეს მის მიმართ დამოკიდებულება იცვლება იმის მიხედვით, თუ რამდენად წარმატებულია ის სწავლის პროცესში. ის უყვართ და მისით ამაყობენ, თუ კარგად გამოსდის, რასაც ასწავლიან, მაგრამ ის სამარცხვინოა და ბრაზის ობიექტი, თუ ამას ვერ ახერხებს. ამას თან ერთვის სასკოლო რეჟიმის სირთულეებიც: ადრე ადგომა, გაკვეთილზე ჯდომა, სიჩუმისა და ყურადღების შენარჩუნება და რაც მთავარია, ახალი, მეტად მნიშვნელოვანი პიროვნება და კიდევ ერთი შემფასებელი მის ცხოვრებაში – მასწავლებელი.

რაც უნდა ლმობიერი და თბილი იყოს მასწავლებელი, ის ბავშვისათვის მაინც მკაცრი შემფასებელია. ბავშვისადმი მიმართულ მის თითოეულ სიტყვას შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს. მოსწავლეს, განსაკუთრებით კი პირველკლასელს, დიდი ემოციური მხარდაჭერა და გამხნევება სჭირდება. ზოგიერთი პედაგოგიური მიდგომის მიხედვით, დაწყებით კლასებში საერთოდ ამოღებულია პრაქტიკიდან ნიშნებით შეფასება. ბავშვს სკოლა და სწავლა უნდა შევაყვაროთ. მას უნდა მიეჩქარებოდეს სკოლაში თავის საყვარელ მასწავლებელთან იმის მიუხედავად, თუ როგორია მისი შესაძლებლობები

0
20
შეფასება არ არის
ავტორი:სოფიო მარტიაშვილი
სოფიო მარტიაშვილი
20
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0