x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
პროფორიენტაცია
image
„რა გინდა რომ გამოხვიდე როცა გაიზრდები?“ - ეს არის კითხვა, რომელიც ბავშვობაში ყველას გვაქვს მოსმენილი. გამომდინარე ასაკიდან, მიღებული პასუხებიც, შესაბამისად, გულუბრყვილოა. ზოგს სურს სუპერგმირობა, ზოგს ასტრონავტობა, ზოგიც უყურებს რა „მოდელს“, მისთვის ავტორიტეტულ ადამიანს, სურს რომ მიბაძოს მას. მაგ: თუ ბავშვს მისი მასწავლებელი თბილად ექცევა, მან შეიძლება გადაწყვიტოს, რომ თვითონაც მასწავლებელი გახდეს.


ასაკის მატებასთან ერთად ადამიანი იწყებს ფიქრს პროფესიის შესახებ, დგება ძიების პროცესი. ამ პერიოდში სამუშაოსა და შრომით აქტივობაზე წარმოდგენების ჩამოყალიბება ფილმების, ლიტერატურის, საინფორმაციო საშუალებების, უფროსების რჩევების საფუძველზე ხდება.

პროფესიის არჩევის საწყის ეტაპზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი საკუთარი ინტერესების გაანალიზებაა. ინტერესი - ეს არის სურვილი, მიდრეკილება, მოტივაცია, მოთხოვნილება გარკვეული საგნის ან მოვლენის მიმართ. პროფესიული ორიენტაციის კონტექსტში ინტერესი გამოხატავს ადამიანის მოწონებას გარკვეული საქმიანობის, მისი შემადგენლობისა და ხასიათის მიმართ. თუ ინდივიდს მოსწონს სამუშაოს მახასიათებლები, ეს ნიშნავს, რომ აღნიშნული საქმიანობა საინტერესოა მისთვის და,
შესაბამისად, ის ამ პროფესიაში უფრო მეტად მოახერხებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას, პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას, ავტორიტეტის მოპოვებას, წარმატების მიღწევასა და, საბოლოო ჯამში, კმაყოფილი იქნება საკუთარი სამუშაოთი.


იდეალური სამუშაოს მოძიებისათვის მნიშნელოვანია ადამიანმა გაარკვიოს თუ რა უნარები და შესაძლებლობები გააჩნია. შესაბამისად ის ირჩევს სამუშაოს თუ პროფესიას, სადაც მისი უნარები დაეხმარება იყოს ეფექტური და წარმატებული. ხშირად ხდება ისეც, რომ ისინი არ იყენებენ ამ უნარებს, იმის გამო, რომ უჭირთ გამოყონ მათგან მნიშვნელოვანნი, რომლებიც ყველაზე უკეთ აქვთ განვითარებული. ამ გაურკვევლობის გამო, კი აწყდებიან პრობლემას და ირჩევენ მათთვის შეუფერებელ პროფესიას. პრობლემათა თავიდან ასაცილებლად საჭიროა შესაბამის უნართა შესახებ ინფორმაციის ფლობა (1. ადაპტაციური უნარები- რომლებიც შეუძლია გამოიყენოს ადამიანმა ყოველდღიურ ცხოვრებაში გადასარჩენად, ფუნქციონირებისათვის თუ სხვა სიტუაციათან შესაგუებლად; 2. ტრასფორმაციული უნარები - რომლებიც გამოყენებადია ყველა ტიპის სამუშაოზე; 3. სამუშაოსთან დაკაშირებული უნარები - რომლებიც მხოლოდ სამუშაოს კონტექსტთანაა დაკავშირებული).


პროფესიის არჩევისას ასევე გასათვალისწინებელია შრომითი ღირებულებები ანუ ადამიანის რწმენა იმის შესახებ რას უნდა ელოდოს სამუშაოსგან და როგორ უნდა მოიქცეს სამსახურში. მათზე დაყრდნობით განისაზღვრება მიზნები, რომლებსაც ინდივიდები ესწრაფვიან. ღირებულებები იყოფა შინაგან და გარეგან ღირებულებათა კატეგორიებად. შინაგანი ღირებულებები უკავშირდება სამუშაოს ბუნებას; გარეგანი ღირებულებები - შედეგებს (ფულის გამომუშავება, ადამიანებთან სოციალური კონტაქტის დამყარება, თავისუფალი დროის გატარების შესაძლებლობა ოჯახთან და ა.შ.), რომელსაც სამუშაოდან იღებს ადამიანი. აქედან გამომდინარე კითხვა: რა არის ჩემთვის ღირებული? - დიდ გავლენას ახდენს კარიერულ არჩევანზე.



პროფესიის არჩევისას მეგობრებსა და ოჯახს პირდაპირი ან ირიბი გავლენის მოხდენა შეუძლიათ. როცა სამეგობრო წრეში ხდება შეხედულებების გაზიარება, ერთი მხრივ, ამ შეხედულებების „ტყვეობაში“ შეიძლება აღმოჩნდეს პიროვნება და დათრგუნოს საკუთარი არჩევანის შესაძლებლობა. ოჯახის გავლენა კი აისახება იმ მხრივ, რომ ზოგიერთი მათგანი ტრადიციულ პროფესიებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და სურს მათმა შვილებმაც არ გადაუხვიონ ამ გზას.

პროფესიის არჩევისას ერთ-ერთ გადამწყვეტ ფაქტორად კი პროფესიათა სასიცოცხლო ციკლის შეფასებაა აღიარებული. საზოგადოების, ინდუსტრიისა და წარმოების განვითარებასთან ერთად პროფესიებიც ვითარდებიან, სახეს იცვლიან, ზოგიერთი კი საერთოდ „კვდება“. შესაბამისად, პროფესიის არჩევისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ აწმყოში არსებული სიტუაციის შეფასება, არამედ სამომავლო პერსპექტივების განჭვრეტა და სწორი გადაწყვეტილების მიღება.


დღეს ბევრ აბიტურიენტს უჭირს გადაწყვეტილების მიღება პროფესიის არჩევასთან
დაკაშირებით, შესაბამისად ირჩევენ პროფესიებს იმის გათვალისწინებით, რამდენად პერსპექტიულია იგი და რამდენად აძლევს ის დასაქმების შესაძლებლობას. მათი ინტერესები კი უკანა პლანზე გადადის. შეიძლება დაიწყონ კიდეც თავიანთი პროფესიით მუშაობა, მაგრამ არ იქნებაიან სამუშაოთი კმაყოფილები, რაც შემდეგ აისახება მათ პროდუქტიულობაზე, რადგან ამოძრავებთ გარეგანი მოტივები, ამ შემთხვევაში ანაზღაურება და უგულებელყოფენ იმ საქმეს, რაც ნამდვილად მოჰგვრიდათ სიამოვნებას.


ჩვენს ქვეყანაში მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის პროგრამაზე აქტიურად მუშაობს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მიერ შეიქმნა პროფესიული ორიენტაციის ინტერაქტიული ვებ-გვერდი Myprofession.ge, რომლის პრეზენტაცია 2013 წელს მოეწყო. ამ ვებგვერდისთვის სპეციალურად ადაპტირდა პროფესიული ორიენტაციის სფეროში კლასიკად მიჩნეული „ჰოლანდის თვითსაკვლევი კითხვარი", ასევე, “პროფესიული გადაწყვეტილების მიღების კითხვარი" . ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ვებგვერდზე განთავსებული ტესტების შევსება, შედეგების ხილვა და მასზე დაყრდნობით გადაწყვეტილების მიღება.

0
240
შეფასება არ არის
ავტორი:ანი ჯალაბაძე
ანი ჯალაბაძე
240
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0