x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
შრომითი კმაყოფილება
image
ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანები მოტივირებული იწყებენ მუშაობას; არ იშურებენ ენერგიას, რათა წარმატებულად შეასრულონ დაკისრებული მოვალეობა, მაგრამ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, თითქოს, იღლებიან, ვეღარ უძლებენ სამუშაოზე არსებულ მოთხოვნებს, მათთვის ყოველდღიური საქმე მოსაბეზრებელი და რუტინული ხდება. რაც იწვევს მოტივაციის დაქვეითებას, გაცდენების რაოდენობის ზრდას, კადრების დენადობას. უმეტეს შემთხვევაში ეს ვითარება სამუშაოსთან დაკავშირებული მოლოდინებისა და რეალობის შეუსაბამობის შედეგია, რაც შრომით უკმაყოფილებას განსაზღვრავს.


შრომითი კმაყოფილება სამუშაოსთან დაკავშირებული მოლოდინებისა და რეალური სამუშაოს ურთიერთობის ფუნქციაა. ის შეიძლება დაკავშირდეს შემდეგ ასპექტებთან: სამუშაო, ხელმძღვანელი, კოლეგები, ხელფასი, დაწინაურების შესაძლებლობა.


საქმიანობით/სამუშაოთი კმაყოფილება ყველაზე მეტად ეხება კმაყოფილების მოტივაციურ ასპექტს. აქ იგულისხმება შინაგანი მოტივაცია (შინაგანად მოტივირებულად შეიძლება ჩაითვალოს ქცევები, რომელებიც სრულდება საკუთარი თავისთვის). შინაგან მოტივაციაზე კი მოქმედებს სამუშაოს შემდეგი მახასიათებლები: დავალების იდენტურობა; დავალების მნიშვნელოვნება; უნარების
მრავალფეროვნება (დიაპაზონი); დამოუკიდებლობა და უკუკავშირი (Loher et al., 1985). ადამიანთა ნაწილი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს გარკვეულ პროფესიებს, ამიტომაც მისი ამოცანების შესრულებით დიდ კმაყოფილებას იღებენ. მაგალითად ექიმები, მეცნიერები, რელიგიის მსახურები, საზოგადო მოღვაწეები და ასევე ამა თუ იმ დარგის კვალიფიცირებული სპეციალისტები.


ხელფასი - ანაზღაურებას შრომითი კმაყოფილების სხვა წყაროებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. მაგრამ ის უფრო ხშირად ხდება იმედგაცრუების და არა კმაყოფილების წყარო. რა თქმა უნდა, ადამიანები, რომლებიც სხვებზე მეტს გამოიმუშავებენ, უფრო კმაყოფილები არიან ხელფასით, ვიდრე სხვები, მაგრამ ეს ფაქტორი თავს იჩენს მხოლოდ მაშინ, თუ სხვა პირობები თანაბარია. იმაზე, თუ რამდენად სამართლიანად მიაჩნიათ ადამიანებს თავიანთი ანაზღაურება, მოქმედებს რამდენიმე ფაქტორი:განათლება, სტაჟი, ასაკი, შესრულების ხარისხი.



კოლეგები - პიროვნებათაშორისი ურთიერთობები შრომითი კმაყოფილების
თვალსაზრისით წარმოადგენს ისეთივე მნიშვნელობის ფაქტორს, როგორიც არის სამუშაო პროცესი და ანაზღაურება. ამ შემთხვევაში, მთავარი კოლეგებს შორის სოციალური მხარდაჭერა და არაფორმალური სოციალური ურთიერთობებია („ყბედობა“, თამაშები,
ხუმრობები, ერთმანეთის „გამობრაზებები“), რომელიც იცავს, ყოველდღიური ხანგრძლივი სამუშაო დღის პროცესში, მომუშავეებს შფოთვისა და სტრესისაგან.


ხელმძღვანელობა - ხელმძღვანელით კმაყოფილება არის კიდევ ერთი ასპექტი შრომითი კმაყოფილებისა, თუმცა კოლეგებთან შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანია. ამ შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ხელმძღვანელსა და თანამშრომლებს შორის ურთიერთობას, ხელმძღვანელების მიერ თანამშრომელთა მხარდაჭერას, სამუშაოსთან დაკავშირებულ უკუკავშირს და ა.შ.


დაწინაურების შესაძლებლობა - მიღწევა და აღიარება არის ერთ-ერთი ყველაზე
ხშირად დასახელებული წყარო შრომითი კმაყოფილებისა. მას მოჰყვება პასუხისმგებლობა და დაწინაურება. მომუშავეებს სჭირდებათ მათი სამუშაოს დაფასება და აღიარება სხვების მიერ. დაწინაურების დიდი სურვილი აქვთ ხოლმე მენეჯერებსა და ადმინისტრატორებს, რომელთათვისაც იგი წარმატებულობის მაჩვენებელია. მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც არ მიილტვიან დაწინაურებისაკენ, ამიტომაც მათთვის ეს ფაქტორი არ შეიძლება ჩაითვალოს როგორც შრომითი კმაყოფილების წყარო.


და ბოლოს, შრომით კმაყოფილება არაა მხოლოდ სამუშაოსთან დაკავშირებული. რა თქმა უნდა, კმაყოფილი მომუშავეები არიან უფრო პროდუქტიულები, ნაკლებია კადრების დენადობა, გაცდენები, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ის გავლენა, რომელსაც სამუშაოთი კმაყოფილება ახდენს ადამიანის ცხოვრებაზე, ბედნიერების განცდაზე, ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.


0
450
1-ს მოსწონს
ავტორი:ანი ჯალაბაძე
ანი ჯალაბაძე
450
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0