x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
ინტერნეტდამოკიდებულება
image
ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ინტერნეტდამოკიდებულება ლეგიტიმურად იქნა აღიარებული, როგორც კლინიკური დარღვევა, რომელიც ხშირ შემთხვევაში საჭიროებს მკურნალობას. მკვლევრებისა და მეცნიერების აზრი ორად იყოფა მის დეფინიციასთან დაკავშირებით. ერთნი განიხილავენ მას, როგორც ფსიქიკურ აშლილობას, რომელიც ხასიათდება ინტერნეტის ჭარბი „გამოყენებით“, მიჯაჭვულობით სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტ სივრცესთან; მეორენი თვლიან მას ერთგვარ სიმპტომად, რომელიც საფუძვლად უდევს სხვა ფსიქიკურ აშლილობებს. სხვებს მიაჩნიათ, რომ ინტერნეტდამოკიდებულება ეს არის უფრო იმპულსის კონტროლის დარღვევა ან ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა, ვიდრე დამოკიდებულება.


პირველად ცნება აშლილობა ინტერნეტდამოკიდებულებასთან მიმართებით გამოიყენა ამერიკელმა ფსიქიატრმა Ivan Goldberg-მა 1995 წელს თავის სატირულ ესსეში. მისი, როგორც აშლილობად გამოცხადების მცდელობა, მიმართული იყო იმისკენ, რომ ეჩვენებინა DSM-ის ფსიქიკურ დარღვევათა კლასიფიკაციის სისტემის სირთულე და რიგიდულობა. გოლდბერგი აღნიშნავდა, რომ ყველა ქცევის, რომელიც საჭიროებს სამედიცინო დახმარებას თუ მხარდაჭერას, ფსიქიატრიულ ნომეკლატურაში განხილვა არ შეიძლებოდა.


DSM5-ის კლასიფიკაციაში ინტერნეტდამოკიდებულების, როგორც აშლილობის, შეტანის წინააღმდეგი იყო, აგრეთვე, ამერიკელი ფსიქიატრი Jerald J. Block. იგი ჩატარებული დაკვირვებებიდან ასკვნიდა, რომ ინტერნეტდამოკიდებულების სიმპტომების 86% გამოვლენილი იყო სხვა მენტალურ აშლილობებში, ამიტომ არ განიხილავდა ამ ფენომენს როგორც ცალკე არსებულ აშლილობას. შედეგად, DSM-ში ინტერნეტდამოკიდებულება არ გვხვდება, როგორც აშლილობა.


დღეისათვის, ყველაზე გავრცელებული განმარტების თანახმად, ინტერნეტდამოკიდებულება განიხილება, როგორც იმპულსის კონტროლის დარღვევა, რომელიც ძალიან ჰგავს პათოლოგიურ გემბლინგს (Young, 1996). იანგი გამოჰყოფს მთავარ სიმპტომებს, რომელთაგან 5 მაინც თუ ახასიათებს ადამიანს ის მიიჩნევა ინტერნეტდამოკიდებულად. ეს სიმპტომებია: 1) ე.წ. „ინტერნეტმიჯაჭვულობა“ - ფიქრი, ცოტა ხნის წინ განხორციელებულ ონლაინ აქტივობაზე; 2) ინტერნეტში მეტი დროის გატარების სურვილი და მისი საშუალებით კმაყოფილების მიღწევა; 3) კონტროლის ნაკლებობა, შეამციროს ინტერნეტში გატარებული დრო ან შესვლის სიხშირე; 4) გაღიზიანება, დეპრესია და ცუდ ხასიათზე ყოფნა, როცა არა აქვს წვდომა ინტერნეტთან; 5) ონლაინში „დაკარგვა“- ინტერნეტში განზრახულზე დიდხანს ყოფნა; 6) პრობლემები ურთიერთობებში, იზოლირება ოჯახისა და მეგობრებისგან; 7)ინტერნეტის გამოყენების გამო მნიშვნელოვანი პრობლემები საგანმანათლებლო საქმიანობასა თუ სამსახურში; 8) ინტერნეტში გატარებული დროის დამალვა, დანაშაულის გრძნობა და თავდაცვითი რეაქციის გამოვლენა; 9) ინტერნეტის გამოყენება რეალობისგან გასაქცევად და პრობლემებისაგან გასათავისუფლებლად.



ადამიანი ინტერნეტზე დამოკიდებული ხდება სხვადასხვა მიზეზის გამო. ყველაზე ხშირად ინტერნეტის ჭარბად გამოყენების მიზეზია, სურვილი ისეთი გრძნობების მართვისა, როგორიცაა დეპრესია, შფოთვა, სტრესი და მარტოობა. ზოგიერთს ძალიან უჭირს რეალური ურთიერთობების წარმართვა და მისთვის ინტერნეტსივრცე ქმნის უსაფრთხო პლატფორმას, სადაც შეუძლია თავისუფლად ეკონტაქტოს უცხო ადამიანს და გამოხატოს თავისი თავი.


ზოგიერთი ადამიანი ინტერნეტს იყენებს, როგორც თვითმკურნალობის საშუალებას მენტალური ჯანმრთელობის დარღვევისათვის - მისი საშუალებით მალავს დეპრესიას, აგრესიასა ან მენტალურ დაავადებებს.


არის შემთხვევები, როცა ადამიანი განიცდის ინტენსიური „შიმშილის“ გრძნობას ცოდნისა და ახალი ინფორმაციის წვდომასთან დაკავშირებით, ინტერნეტი კი უზრუნველყოფს ჭარბი ინფორმაციის მიწოდების საშუალებას.

სხვები მარტოობის გრძნობის კონპენსირებისათვის მიმართავენ სოციალურ ქსელებს. მათ ვისაც ახასიათებთ თამაშდამოკიდებულება ან შოპინგის აკვიატებული მოხოვნილება, გადაინაცვლებენ ხოლმე ინტერნეტში (ონლაინ-სათამაშო სივრცეს და ონლაინ-შოპინგს მიმართავენ).


ინტერნეტდამოკიდებულებაზე ჩატარებული კვლევები გვიჩვენებენ თუ რაოდენ დიდი მასშტაბები მოიცვა მან მთელს მსოფლიოში. 2014 წლის მონაცემებით მსოფლიო მოსახლეობის 6% ინტერნეტდამოკიდებულია (Cheng & Li, 2014).


ინტერეტდამოკიდებულება იწვევს პიროვნულ თუ ოჯახურ პრობლემებს; აგრეთვე პრობლემებს აკადემიურ, ფინანსურ სფეროებსა და სხვა სახის საქმიანობაში, „იწირავს“ რეალურ ურიერთობებს. დამოკიდებული ადამიანები სულ უფრო მეტ დროს ატარებენ ინტერნეტ სივრცეში და ნაკლებად ურთიერთობენ ახლობლებთან, ისინი ერთგვარ იზოლაციაში არიან. იგი იკვეთება შემდეგ ფსიქიკურ სიმპტომებში: დეპრესია, დანაშაულის გრძნობა, ეიფორია, რომელიც გამოწვეულია ინტერნეტში არყოფნით, დროის შეგრძნების არქონა, იზოლაცია, შფოთვა, შიში, მარტოობა, ხასიათის ცვლილებები, აგრესია. ინტერნეტდამოკიდებულებასთან დაკავშირებული ფიზიკური ჩივილები და სამედიცინო პრობლემებია: თვალების სიმშრალე, ტკივილი ზურგისა და კისრის არეში, ძლიერი თავის ტკივილი, მაჯის არხის სინდრომი (ტკივილი და დაბუჟება ხელის ან მაჯის არეში), ძილის დარღვევები, კვებითი დარღვევები, წონაში მატება ან კლება.


ინტერნეტზე დამოკიდებულების სამკურნალოდ ეფექტური საშუალებაა კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია. იგი ნელ-ნელა აღმოფხვრის ინტერნეტის აკვიატებულად მოხმარებას და ცვლის აღქმას ინტერნეტის, სმარტფონების, კომპიუტერის გამოყენების შესახებ. თერაპია ეხმარება ადამიანს ისწავლოს დეპრესიასთან, შიშთან და სტრესთან გამკლავების კონსტრუქციული გზები. ასევე არსებობს ინტერნეტდამოკიდებულთა თვითდახმარების ჯგუფები, რომლებიც ერთად ცდილობენ ამ სენის დამარცხებას.

2
489
1-ს მოსწონს
ავტორი:ანი ჯალაბაძე
ანი ჯალაბაძე
489
  
2017, 15 თებერვალი, 20:46
დიახ, მენტალური დაავადება (Mental illness) იგივე ფსიქიკური აშლილობაა. ამ ტერმინითაც მოიხსენიებენ ხოლმე
2017, 15 თებერვალი, 16:25
საინტერესოა და დასაფიქრებელია

მენტალურ დაავადებები რას ქვია ანუ ფსიქიკური აშლილობა და რამე მსგავსი?
0 1 2