x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134525
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508585
ბულინგის გავლენა თვითშეფასებაზე

image



ტერმინი ბულინგი (ინგ. Bullying) დაშინებას, ჩაგვრას, დატერორებას ნიშნავს. ის შეიძლება განიმარტოს, როგორც წინასწარგანზრახული, განმეორებადი აგრესიული

ქმედება, რომელიც მიმართულია სხვათა საზიანოდ. ბულინგი ერთგვარ სოციალურ მოვლენას წარმოადგენს. სპეციალისტების მტკიცებით ის ძირითადად დამახასიათებელია ორგანიზებულ ბავშვთა კოლექტივისათვის, რომელიც უმეტეს შემთხვევაში სკოლაში გვხვდება. მას ყოველთვის ჰყავს სამიზნე, რომელზეც ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი ძალის დემონსტრირებას ცდილობს. ბავშვთა საზოგადოებაში ძალადობის მსხვერპლი

შეიძლება გახდეს ნებისმიერი მოზარდი, თუმცა ბულინგის მსხვერპლნი უფრო მეტად ხდებიან რაიმე ნიშნით განსხვავებული ბავშვები, იქნება ეს ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური, ეთნიკური, რელიგიური და ა.შ.
როგორც წესი, ბავშვ-აგრესორებს მაღალი თვითშეფასება აქვთ, არიან ნარცისები და თავიანთ გარემოში სოციალური უპირატესობის მოპოვებას ცდილობენ. სხვა მოსაზრებების მიხედვით, ისინი თვითონვე არიან ძალადობის მსხვერპლნი, მათი თვითშეფასება მყიფეა და მერყევი, აქედან გამომდინარე „სამართლიანობის აღდგენას“ ისინი პოულობენ მათზე სუსტების დაჩაგვრაში. ბულინგის მსხვერპლი კი სხვებთან შედარებით არის რაიმე ნიშნის მიხედვით განსხვავებული, უფრო პატარა და სუსტი.



გამოჰყოფენ ბულინგის რამდენიმე სახეს, ესენია:

ფიზიკური ბულინგი - ბულინგის ყველაზე ძალადობრივი ფორმა, რომელიც გულისხმობს ფიზიკური ზიანის მიყენებას ან მის მცდელობას. მისი ფორმებია:დარტყმა, ხელის ან წიხლის კვრა, სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება, პირადი ნივთების განზრახ დაზიანება და ა.შ.;

ვერბალური ბულინგი - არის ბულინგის ყველაზე გავრცელებული ფორმა. ამ შემთხვევაში მოსწავლის დამცირებას და მასზე ძალადობას აქვს ვერბალური ხასიათი. მისი ფორმებია: დამცინავი სახელით მიმართვა, სიტყვიერი შეურაცხყოფა, ჰომოფობიური და რასისტული გამონათქვამები, დაშინება;

ფარული/შენიღბული ბულინგი - ეს არის მორალური და ემოციური ძალადობის ფორმა,
რომელიც პირდაპირ არ არის მიმართული ობიექტისადმი. რთული მისახვედრია როდის ხორციელდება იგი; მოძალადე ჩაგრული პერსონის ზურგს უკან მოქმედებს, რათა საფრთხე შეუქმნას მის რეპუტაციას და დაამციროს საზოგადოების წინაშე. მისი ფორმებია: ტყუილები, ჭორების გავრცელება, სხვა მოსწავლეებთან დამცირება, მოსწავლის სოციალურ იზოლაციაში მოქცევა და სხვ.

კიბერბულინგი - ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, ფარული ან აშკარა დაშინების მიზნით, განხორციელებული ქმედება."კიბერბულინგში" მოიაზრება:
სოციალურ ქსელებში შეურაცხმყოფელი ფოტოების ან ვიდეოს განთავსება, უხამსი ჭორების გავრცელება, მავნე მოკლეტექსტური შეტყობინებების გაგზავნა, სხვათა სახელით გვერდებისა და სოციალურ ქსელებში ანგარიშების შექმნა.


ბულინგის მოტივები განსხვავებულია, ეს შეიძლება იყოს: შურისძიება, კონკურენცია, მიუღებლობა, მორჩილება ლიდერისადმი, სამართლიანობის აღდგენა და სხვ. მისი შედეგები სავალალოა, ძალადობის მსხვერპლი ბავშვი შეიძლება ხანგრძლივი დროის მანძილზე ვერ განიკურნოს ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური დაზიანებისაგან. განიცდიდეს მუდმივ შიშს, შფოთვას, დამცირებას, მოჭარბებულ აგრესიას და რაც ყველაზე მთავარია, თვითშეფასების დაქვეითებას, ეს კი ნორმალური ფსიქიკის
დეფორმაციის საფუძველი შეიძლება გახდეს. ბულინგის გავლენას თვითშეფასებაზე აქტიურად შეისწავლიან.


თვითშეფასება არის თვითშემეცნების კომპონენტი, რომელიც მოიცავს საკუთარი ფიზიკური, პიროვნული, ინტელექტუალური მახასიათებლების, მორალური თვისებებისა და ქცევის შეფასებას. იგი პიროვნების ცენტრალური წარმონაქმნია და მისი
ჩამოყალიბებისა და განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. ბავშვებს ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში უყალიბდებათ და უვითარდებათ თვითშეფასება - საკუთარი შესაძლებლობებისა და თვისებების შეფასების უნარი, რაც თავის მხრივ, განსაზღვრავს მათ ქცევას. თვითშეფასება შეიძლება იყოს ადეკვატური და არაადეკვატური. არაადეკვატური თვითშეფასება, თავის მხრივ, არაადეკვატურად მაღალი ან არაადეკვატურად დაბალია. არაადეკვატურად მაღალი თვითშეფასების მქონე ბავშვი გაზვიადებით აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს, რის გამოც სისტემატურად განიცდის მარცხს; არაადეკვატურად დაბალი თვითშეფასების შემთხვევაში ბავშვი სათანადოდ არ აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს. ასეთი თვითშეფასების მქონე ბავშვისათვის დამახასიათებელია გაუბედაობა, საკუთარ თავში დაურწმუნებლობა.

ბულინგის ეფექტები თვითშეფასებაზე შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სახით:


თავდაჯერებულობის დაკარგვა- არის ბულინგის ერთ-ერთი პირველი ეფექტი. ბავშვი ფიქრობს, რომ ის არ არის ისეთივე კარგი, რაიმე კონკრეტულ საქმიანობაში (მაგ: სპორტში), როგორც „მოძალადე“ ე.წ. ბულერი. სამწუხარო ფაქტი კი ისაა, რომ რეალურად დაჩაგრული/მსხვერპლი ბავშვი სჯობს ამ აქტივობაში „მოძალადეს“
და ბულინგი მის წინააღმდეგ შურის ნიადაგზე ხორციელდება.


თვითკრიტიკა ან უარყოფა - როდესაც ბავშვს ხშირად დასცინიან და ამცირებენ რაიმეს გამო, ის საბოლოო ჯამში იჯერებს, რომ ეს სიმართლეა და იწყებს იმ ფაქტის აღიარებას, რომ, მართლაც, პრობლემა მასშია. განსაკუთრებით დამანგრეველია თვითშეფასებისათვის ისეთ ფიზიკურ ნიშნებზე დაცინვა, რისი შეცვლაც შეუძლებელია, მაგ: სიმაღლე, კანის ფერი და ა.შ. ეს ბავშვები იწყებენ ფიქრს, რომ არიან სხვებზე ცუდები, ამიტომაც დასცინიან მას განსხვავებულობის გამო.


საწოლის დასველება (ენურეზი) - ბულინგის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ეფექტს წარმოადგენს, რომელიც გავლენას ახდენს თვითშეფასებაზე. კვლევები ადასტურებენ, რომ ბავშვები, რომლებიც განიცდიან ჩაგვრას/ძალადობას აქვთ მიდრეკილება ბავშვობის პერიოდში ენურეზისაკენ, რაც თვითშეფასებას აზიანებს და უქმნის პრობლემას, რადგან მათ არ შეუძლიათ სირცხვილის გამო სხვადასხვა სოციალურ აქტივობებში მონაწილეობის მიღება, მაგ: ბანაკში წასვლა ან ღამით მეგობართან დარჩენა.

იზოლაცია - როცა ბავშვის თვიშეფასება საკმაოდ დაზიანებულია, მას ურჩევნია, რომ თავიდან აირიდოს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობა. ბავშვი ხდება დეპრესიული ან აგრესიული. იზოლაციამ კიდევ უფრო დიდი პრობლემები შეიძლება შექმნას, თუ ბავშვი ატარებს მთელ თავისუფალ დროს ოთახში მარტო ამან შეიძლება ასოციალურობა გამოიწვიოს.

აშშ-ში, კიბერბულინგის საკვლევი ცენტრის მიერ, ჩატარდა კვლევა, რომელიც მიზნად ისახავდა კიბერბულინგისა და თვითშეფასებას შორის კავშრის დადგენას. კვლევაში მონაწილეობა 30 საშუალო სკოლიდან, შემთხვევითად შერჩეული, დაახლოებით, 2 ათასი მოსწავლე (მე-6, მე-8 კლასები). კვლევამ აჩვენა, რომ კიბერბულინგის მსხვერპლებსა და დამნაშავეებს ორივეს ჰქონდათ მნიშვნელოვნად დაბალი თვითშეფასება, განსხვავებით იმ ბავშვებისა, რომლების არ იყვნენ ძალადობის მსხვერპლნი ან მოძალადეები. ეს ტენდენცია მნიშვნელოვნად შენარჩუნდა ასაკის, სქესისა და რასის შემთხვევაში, თუმცა კვლევამ აჩვენა, რომ მამრობითი სქესის წარმომადგენლებს, არა თეთრკანიანებს და უფროსი საშუალო სკოლის მოსწავლეებს (მე-8 კლასი) უფრო დაბალი თვითშეფასება ჰქონდათ (Patchin, J. W. & Hinduja, S.; 2010).


ბულინგის გავლენა თვითშეფასებაზე, აგრეთვე, ვლინდება სუიციდის მცდელობებითა თუ მისი რეალური განხორციელებით. ბავშვი გრძნობს, რომ არასრულფასოვანია, ის ვერასოდეს იქნება ისეთივე კარგი, როგორიც სხვები არიან, მან მუდმივად უნდა იცხოვროს იზოლაციაში, სხვებისგან დაჩაგრულმა და გარიყულმა და იღებს გადაწყვეტილებას, რომ სუიციდით დაასრულოს სიცოცხლე. შესაბამისად სუიციდის რისკი 14 წლამდე ასაკის ბავშვებში ბოლო 30 წლის განმავლობაში 50%-მდე გაიზარდა. ფართოდაა ცნობილი ინტერნეტსივრცეში იმ ბავშვების სახელები (Ryan Halligen, PhoenePrince, Dawn-Marie Wesley, Kelly Yeomans), რომლებიც წლების განმავლობაში განიცდიდნენ ბულინგს და საბოლოოდ თვითმკვლელობით დაასრულეს სიცოცხლე.

0
655
1-ს მოსწონს
ავტორი:ანი ჯალაბაძე
ანი ჯალაბაძე
655
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0