x
სკოლასთან შეგუება
image

ბავშვის სკოლაში შესვლასთან ერთად, მნიშვნელოვანია, შეგუების პროცესი. პედაგოგიური პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ სკოლასთან შეგუება ბავშვებთან განსხვავებულად მიმდინარეობს. ზოგი ბავშვი იოლად ეგუება როგორც სკოლას, ისე ნებისმიერ გარემოს. ასეთი ტიპის ბავშვებს, ძირითადად კარგი განწყობა აქვთ ხოლმე. გაკვეთილებზე აქტიურობენ, არ უყვართ სკოლის გაცდენა, ასრულებენ მასწავლებლის დავალებებს. ზოგ ბავშვს სკოლასთან შესაგუებლად გარკვეული დრო სჭირდება. ასეთი ბავშვები შანსს არ უშვებენ, რომ ითამაშონ, ხშირად ჭირვეულობენ, ტირიან, კამათობენ თანაკლასელებთან და ხშირად უკმაყოფილონი არიან. ზოგიერთი ბავშვი რთულად ეგუება სკოლას. ხშირად, არ უნდათ სკოლაში წასვლა, არიან ცუდ ხასიათზე, უჭირთ თანაკლასელებთან ურთიერთობა. ზოგჯერ უშლიან მასწავლებლებს გაკვეთილების ჩატარებაში. სკოლაში შესვლიდან 5-6 კვირა სკოლასთან საადაპტაციო პერიოდად ითვლება. ბავშვებს სკოლასთან შეგუება რამდენიმე მიზეზის გამო უჭირთ:

1) სოციალური როლის ცვლილება უდარდელი სკოლამდელი ცხოვრებიდან ბავშვი იქცევა მოსწავლედ, მას უჩნდება ახალი, რთული ვალდებულებები: სკოლაში დროულად მისვლა, გაკვეთილებზე ყურადღებით ყოფნა, დავალებების შესრულება და ა.შ. ბავშვი ხვდება ახალ გარემოში, რომელსაც თავისი მოთხოვნილებები გააჩნია - როდის რა გააკეთოს და როგორ მოიქცეს.

2) წამყვანი ქცევის ცვლილება - სკოლაში შესვლამდე ბავშვის ძირითადი საქმიანობა თამაშია. სკოლაში შესვლასთან ერთად კი მან უნდა “ისწავლოს სწავლა", დაიმახსოვროს გარკვეული მასალა, უპასუხოს მასწავლებლის კითხვებს. თამაში მეტად თავისუფალი საქმიანობაა. სწავლა კი ბავშვისგან ნებისყოფას მოითხოვს, სკოლაში მას უწევს იმის კეთება, რაც ზოგჯერ არ უნდა და დიდად არ მოსწონს, ამიტომ იძულებულია ისწავლოს საკუთარი ქცევის კონტროლი.


3) სპეციფიკური რეაქციების აღმოცენება - სკოლაში სწავლის დაწყებასთან ერთად, 67-69% სკოლისათვის მოუმზადებელი ბავშვებისა, უჩნდებათ შიშები, ეწყებათ ტირილის შეტევები ან მოქმედებათა შეკავება. ასეთ ბავშვებს ხშირად ეშინიათ მასწავლებლი, დაფასთან საპასუხოდ გასვლის, შენიშვნის, სკოლაში დაგვიანების და ა.შ.

4) სოციალური გარემო: ოჯახი, კლასი, მასწავლებელი - ოჯახური გარემო, რომელშიც იმყოფება ბავშვი დიდად განაპირობებს მის წარმატებებს სკოლაში. დაძაბული, კონფლიქტური გარემო ნეგატიურად მოქმედებს ბავშვის განვითარებაზე.

სკოლასთან ადაპტაცია არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად შეუძლია ბავშვს თავის დამკვიდრება თანატოლთა წრეში. აქტიური, კონტაქტური ბავშვები ხშირად უკეთ სწავლობენ. ძალიან წყნარ ბავშვებს, რომელთაც უჭირთ თანატოლებთან ურთიერთობა, ზოგჯერ, სკოლასთან შეგუებისასაც უჩნდებათ პრობლემები.

მასწავლებლის ბავშვებთან ურთიერთობა მნიშვნელოვნად განაპირობებს ბავშვის წარმატებას სკოლაში. მასწავლებლის მხრიდან ნეგატიური დამოკიდებულება ხშირად იწვევს იმას, რომ ბავშვი გულს იცრუებს სწავლაზე, გამოირჩევა დაბალი თვითშეფასებით.

0
24
შეფასება არ არის
ავტორი:თამარი ღაჭავა
თამარი ღაჭავა
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0