x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134422
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
სამხედრო ამბოხების შემდეგ (სვანეთში გახიზვნა)


ერთი კვირა ბიჭები ჩემს ოჯახში იყვნენ. ამასობაში ოპოზიციამ ზუგდიდიც აიღო და ეს "გამარჯვება" ტელევიზიამ დიდი ზარ-ზეიმით გამოაცხადა. ბიჭები ჩვენებს გამოემშვიდობნენ და თბილისში წამოვიდნენ. მე დავრჩი და მოვლენების განვითარებას დაველოდე. როგორც კი "მხედრიონი" ზუგდიდში შემოჯირითდა, მაშინვე ზვიად გამსახურდიას მომხრეების ძებნა და დაპატიმრება დაიწყო. ჩემმა ყოფილმა მუსიკის მასწავლებელმა ვალიდა გურჩიანმა დედაჩემი გააფრთხილა, რომ ჩემი დაჭერა ჰქონდათ დაგეგმილი "მხედრიონელებს". დედაჩემი სულს ძლივს ითქვამდა, ისე მოვარდა სახლში და მირჩია, სასწრაფოდ წავსულიყავი სვანეთში. სხვა რა გზა მქონდა?! ავდექი და ჩემს ძირძველ სოფელში ხაიშში ავედი. მთელი სოფელი შემომეხვია, ყველა გადარჩენას მილოცავდა.
ჩემს სახლში დარჩენა საშიში იყო და ნათესავთან, ფრიდონ ინდიკოს ძე კვირიკაძესთან დავბინავდი. მისი სახლი ძნელად მისადგომი იყო, ისე ვერავინ მოვიდოდა, რომ ვერ გაგვეგო. ფროდონს ძალიან გაუხარდა ჩემი სტუმრობა. ისიც მთელი ოჯახით ზვიად გამსახურდიას მომხრე იყო. ამისთვის "მხედრიონმა" ჯვარში დაიჭირა და დახვრეტას ძლივს გადაურჩა, - იქ ერთი ძველი ნაცნობი შეხვდა და იმან გამოაპარა.
ფრიდონთან ორი კვირა დავყავი. შემდეგ სოფელ ვედში, დეიდაჩემთან, ანეტასთან ავედი. ორიოდ კვირაც იქ დავრჩი. დეიდაშვილები - გოდერძი და გოგი მთხოვდნენ, მათთან დავრჩენილიყავი, მაგრამ მე მაინც ასე ვარჩიე, - დაძაბული სიტუაცია ნელ-ნელა განიმუხტა და ჩემს სახლში წავედი, სოფელ იდლიანში. მამიდაჩემი ფედოსია შინ მარტო დამხვდა და სიხარულისაგან ცეკვა დაიწყო. საწყალს უკვე გამოტირებული ვყავდი. უკვე გაეგო ჭორი ჩემი დაღუპვის შესახებ და ძლივს დაიჯერა, რომ ცოცხალი გამოვეცხადე. ასე დასრულდა ეს საშინელი ამბავი, რომელსაც მერე თბილისის ომი დაერქვა.
ბრძოლები ცოტა ხნით რეგიონებში გაგრძელდა. განსაკუთრებით დიდ ხანს უწევდა წინააღმდეგობას ძალით მოსულ ხელისუფლებას სამეგრელო, მაგრამ ბოლოს ეს კუთხეც წელში გაწყდა და დამორჩილდა. სამეგრელო ოთხჯერ ააოხრეს და დააწიოკეს ხუნტის ბანდებმა. ახალ ხელისუფლებას ედუარდ შევარდნაძის მოსკოვიდან ჩამოსვლამდე სამხედრო საბჭო ერქვა და სამი კაცი განაგებდა. ესენი იყვნენ თენგიზ სიგუა, რომელიც სამხედრო გადატრიალების იდეური სულისჩამდგმელი იყო, ჯაბა იოსელიანი, "მხედრიონის" უფროსი და თენგიზ კიტოვანი, რომელსაც ჯარის ინჩიბინჩი არ გაეგებოდა, მაგრამ ზვიად გამსახურდიას თანაკლასელი იყო და ამ თანაკლასელობით პრეზიდენტმა საბედისწერო და გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა, თენგიზ კიტოვანი ეროვნული გვარდიის მთავარსარდლად დანიშნა. სამივეს სძულდა პრეზიდენტი გამსახურდია.
კიტოვანმა დიდების მწვერვალზე სრულიად დაუმსახურებლად ასვლა ვერ შეიშნოვა და ხალხის სიყვარულითა და ერთსულოვნებით არჩეულ პირველ პრეზიდენტს უღალატა. აი, ეს სამი კაცი მართავდა ქვეყანას შევარდნაძის ჩამოსვლამდე. როგორც კი ჩამოვიდა და ეს მოხდა ავადსახსენებელ 1992 წლის 7 თებერვალს, ედუარდ შევარდნაძემ მაშინვე დაშალა სამხედრო საბჭო და შექმნა სახელმწიფო საბჭო, რომლის მეთაურიც თავადვე გახდა.
(დასასრული)image

0
115
1-ს მოსწონს
ავტორი:მაიზერ გელოვანი
მაიზერ გელოვანი
115
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0