x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სოხუმიდან დევნილი პედაგოგის შემზარავი ისტორია
როზა ჭეჟია - სოხუმიდან დევნილი, მისი მონათხრობი შემზარავია ნებისმიერი ადამიანისთვის: უფლის რწმენამ ჩემში გვიან გაიღვიძა, მაშინ, როცა ჩემი წილი განსაცდელი გამოვიარე. მანამდე ეკლესიისგან შორს ვიყავი და არც ის მომწონდა, რომ ჩემი ქმარი ეკლესიაში შალობდა. სოხუმში მე-17 საშუალო სკოლაში ვასწავლიდი დარყებით კლასებში. დღეს თბილისში მე-14 საჯარო სკოლის პედაგოგი ვარ.

როცა 1993 წლის სექტემბერში სოხუმის დაბომბვა ძალიან გაახშირეს, მე სამი პატარა ბავშვით იძულებული გავხდი, ქალაქი დამეტოვებინა. აეროპორტში მისული საშინელი დაბომბვის წვიმაში მოვყევი. ბავშვები ზუსტად ერთწუთიანი ინტერვალით მეკითხებოდნენ "დედიკო, მოვკვდებით?" ტრაპზე ასასვლელად დიდი ჭიდაობა იყო გამართული.

თვითმფრინავში როგორმე უნდა ჩავმჯდარიყავით. მნიშვნელობა არ ჰქონდა, სად წაგვიყვანდა. ხალხი გადაჰყავდათ თბილისში, ფოთში, წყალტუბოში და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. როგორც იქნა, ტრაპზე ავედით, მაგრამ თვითმფრინავში შესვლა მხოლოდ უფროსმა შვილმა, მეოთხეკლასელმა მაიამ მოასწრო და კარი მიიხურა. მახსოვს მისი ხმა "დე მეც თქვენთან დავრჩები რა!".. მაია გაფრინდა. ტრაპზე ლადოსთან და თამართან ერთად ვიდექი. იმ მომენტში არ ვდარდობდი იმაზე, რომ ბავშვი უჩემოდ სადღაც მიფრინავდა. მთაცარი იყო, რომ გადარჩა და ავარიდე ჯოჯოხეთს. თვითმფრინავში რამოდენიმე ნაცნობს მოვკარი თვალი და იმისი იმედი მქონდა რომ ბავშვს მარტოდ არ დატოვებდნენ.

ტრაპიდან ჩამოგვიყვანეს, რადგან მეორე თვითმფრინავმა ვერ მოახერხა დაჯდომა. ქალაქი ინტენსიურად იბომბებოდა. "დე, დაგვეცემა ჭურვი?" - ამის მოსმენა ძნელი იყო. ორივე გულში ჩავიკარი და დაველოდე მეორე თვითმფრინავს. ამ ორს ვეფერებოდი, მაიკოს გამო კი შვებას ვგრძნობდი, ერთი მაინც მოვარიდე აქაურობას- მეთქი. აეროპორტი იბომბებოდა. მეორე თვითმფრინავი, რომელსაც უნდა წავეყვანეთ, დაფრენას ვერ ახერხებდა. 15 წუთის შემდეგ, რაც მაიკო გაფრინდა, აეროპორტში გავრცელდა ხმა, რომ თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ჩავიკეცე. უკვე არაფერი მახსოვდა. იქვე, იყო ჩემი მეუღლე. უხმოდ ვტიროდით. მახსოვს, ვუთხარი, არსად არ წავალ, ვრჩები ჩემს სახლში-მეთქი. მაშინ მითხრა - ლადომ და თამუნამ რა დააშავესო. ჯერ დაყვავებით მეუბნებოდა, შემდეგ კი დამიყვირა: "ბავშვებმა რა დააშავეს?!" თვითონ იბრძოდა და უნდა დარჩენილიყო. მოვიდა მეორე თვითმფრინავი. მეუღლემ როგორც ტვირთი, ისე ძალით შემიყვანა იქ. სალონი იმდენად გადატვირთული იყო, რომ სკამებს შორის იატაკზე ვისხედით. დაჭრილებიც გადაჰყავდათ... ერთი სიტყვით, ზოგს სხეული სტკიოდა, ზოგს - სული, ალბათ ვიღაცას ორივე ერთად. არ ვიცოდი, სად მივფრინავდით. აღმოჩნდა, რომ თბილისში ჩამოგვიყვანეს. უაზროდ მივყვებოდი ხალხს. სადღაც ჩამოვჯექი. ერთადერთი ის ვიცოდი, რომ მაიკო არ მყავდა. ბავშვებს არ ვეუბნებოდი, რაც მოხდა, მაგრამ რაღაცას ხვდებოდნენ, ასეთი არასოდეს ვენახე. აეროპორტში გვაფრთხილებდნენ, რომ მალე დაბნელდებოდა, მერე კი ქალაქში გამსვლელი ტრანსპორტი აღარ იქნებოდა. უნდა დაგვეჩქარებინა იქიდან გამოსვლა. დედა, ადექი, წამო დეიდასთანო - მეუბნებოდნენ ჩემი პატარები. ამან მომიყვანა გონზე. გამახსენდა, რომ თბილისში და მყავდა, მაგრამ ბავშვებს ვეუბნებოდი, მაცალეთ, კიდევ ერთი თვითმფრინავი ჩამოვიდეს-მეთქი. ჩვენს შემდეგ ჩამოსულ ყველა თვითმფრინავს დაველოდე. არ ვიცი, მაგრამ რატომღაც იმედი მქონდა, იქნებ ის თვითმფრინავი გადარჩა, სადმე დაჯდა და აწი ჩამომიყვანს შვილს-მეთქი... მაგრამ არა. თბილისშიც დასტურდებოდა ის ვერსიაც, რომ იმ დღეს ერთი თვითმფრინავი ჩამოვარდა. ცდას აზრი აღარ ჰქონდა. ჩავსხედით ბოლო ავტობუსში. მივედით დასთან. მაიკო სად არისო - მკითხა. გავენდე... ისეთ დღეში ვიყავით, რომ ამის გადმოცემა ახლა შეუძლებელია. საღამოს სადღაც 10 საათი იქნებოდა. ქვევიდან მეზობელმა დაუძახა ჩემს დას შენთან სოხუმელები ხომ არ არიანო...


(გაგრძელება იქნება)image

0
308
3-ს მოსწონს
ავტორი:მაიზერ გელოვანი
მაიზერ გელოვანი
308
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0