x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134364
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508436
შიზოფრენია
image შიზოფრენია ფსიქიკური დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს სხვადასხვაგვარი

გამოვლენა და აქვს ტენდენცია ქრონიკული მიმდინარეობისადმი. იგი ვითარდება თანდათანობით და მისთვის დამახასიათებელია პიროვნების მთლიანობის დარღვევა, იგულისხმება აზროვნების წყობის, თანმიმდევრობებისა და შინაარსის ცვლილებები, გაუკუღმართებული ემოციური და უცნაური ქმედებები. ავადმყოფი კარგავს ყველაფრისადმი ინტერესს, ახლობლების მიმართ უჩნდება ოპოზიციური დამოკიდებულება. უქვეითდება შრომისუნარიანობა, წყდება რეალობას, აღენიშნება აღქმის პათოლოგიები, ჰალუცინაციები, დეპერსონალიზაცია, ბოდვითი იდეები. დაავადება, რომელიც უმეტესად უჩნდებათ ჭაბუკობის პერიოდში, ერთნაირად

აღენიშნებათ ქალებსაც და მამაკაცებსაც. საშუალოსტატისტიკური მონაცემების

თანახმად, შიზოფრენიით დაავადებულია მსოფლიო მოსახლეობის 1%.


გამოიყოფა შიზოფრენიის რამდენიმე სახე, რომელთაც სხვადასხვა მახასიათებლები

გააჩნიათ. მარტივი ფორმისთვის დამახასიათებელია ერთფეროვანი, არამკაფიოდ

გამოხატული სიმპტომები, ინტელექტუალური და ემოციურ-ნებელობითი

შესაძლებლობების გაღარიბება. კატატონიური შიზოფრენიის დროს აღინიშნება ნაწილობრივი ან სრული მოტორული შეკავება ან აგზნება, შეიძლება გამოვლინდეს ნევროზის ან ფსიქოპათიის სახით. პარანოიალური შიზოფრენიის შემთხვევაში აზროვნება ბოდვით

ხასიათს იძენს, აღმოცენდება რეალობასთან შეუსატყვისი აკვიატებული აზრები და

იდეები. აღინიშნება ილუზიები და ჰალუცინაციები. არსებობს ასევე დეზორგანიზებული შიზოფრენია, რომლის დროსაც ავადმყოფის ქცევა და ემოცია არის შეუსაბამო. იგი

ყველაზე მეტად წააგავს სიგიჟის სტერეოტიპს. ავადმყოფი მუდმივად ბუტბუტებს,

იცინის, საკვირველ პოზებს იღებს, იმანჭება და შეუძლია უეცრად ახარხარდეს ან

ატირდეს. შიზოფრენიით დაავადებულთ ზოგჯერ აღენიშნებათ შეტევების

პერიოდული ხასიათი, მაგრამ ისინი ცხოვრების დიდ ნაწილს საზოგადოებისგან

იზოლაციაში ატარებენ.

მეცნიერები დიდხანს დაობდნენ იმ საკითხზე, თუ როგორ, რა ვითარებაში ჩნდება შიზოფრენია. საბოლოოდ კი დადასტურდა, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს გენეტიკურ

მემკვიდრეობას. რა თქმა უნდა, მხოლოდ გენეტიკური ფაქტორი არ არის საკმარისი ამ დაავადების განვითარებისთვის. მკვლევრების უმეტესობა მას აბსოლუტურად სომატოგენურ დაავადებად თვლის, რომელიც გამოწვეულია ტვინის სტრუქტურული დაზიანებების და მიმდინარე ბიოქიმიური პროცესების ცვლილებების შედეგად. მეცნიერთა ნაწილი მხარს უჭერს მოსაზრებას, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიურ მიზეზებს. გარემოს უთუოდ მიუძღვის თავისი წვლილი, თუმცა

კონკრეტული ფაქტორები დღეისთვისაც არაა დადგენილი და გრძელდება მათი

შესწავლა.

0
77
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ოღაძე
ნინო ოღაძე
77
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0