x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"კვიცი გვარზე ხტის", რეალური ისტორია საქონლის ქურდებზე

image ამ სტატიაში მინდა მოგითხროთ შევარდნაძის პერიოდის საქართველოს "ჩაბნელებული" ცხოვრების ერთ მონაკვეთზე.

სტატიაში განვითარებული მოვლენები ხდება ზუგდიდის რაიონის ერთერთ ყველაზე დიდ სოფელში.

ცალკე უშუქობით, ცალკე უმუშევრობით შეწუხებულ მოსახლეობას კიდევ ერთი პრობლემა დაემატა–საქონლის ქურდობამ ისე იმატა, საძოვარზე გაშვებულ პირუტყვს უკვე პატრონი აცილებდა და მეთვალყურეობდა. თუმცა არც ამან უშველა ბევრს, საქონელი ბოსელიდან გაჰყავდათ ღამით და ხან გალში მოქმედ საქონლის ქურდებს უცვლიდნენ (ეს გამოძიებით დადასტურდა) ხან კი საკმაოდ მოფარებულ ადგილებში მოწყობილ სასაკლაოებში კლავდნენ და ხორცს თავადვე ყიდდნენ, ვინ იყო გამკითხავი!

ღამის 3 საათზე მოსული დენი მალევე ქრებოდა, ამ დროს რიგები იდგა წისქვილთან და მთელ სოფელში წყლის ტუმბოების ზუზუნი ისმოდა, მოსახლეობა ავზებს წყლით ავსებდა, რადგან არავინ იცოდა კიდევ როდის ჩართავდნენ დენს და როდის მიეცემოდათ წისქვილში საფქვავის წაღების ან წყლის ჭიდან ამოქაჩვის საშუალება.

აკი ნათქვამია "ქურდს რა უნდა და ბნელი ღამეო"–ასე იყო ამ სოფელშიც, საქონლის ქურდობა ისე გახშირდა მოსახლეობა იძულებული გახდა მილიციისათვის მიემართა, მაგრამ უშედეგოდ მილიციაში ითხოვდნენ მოსახლეობას დაესახელებინა ქურდის ვინაობა, რომელსაც მილიცია შემდეგ ან დაიჭერდა და ან არა.

საქონლის ქურდები ძირითადად წვიმიან და ქარიან ღამეს იპარავდნენ ქუჩაში დარჩენილ პირუტყვს, ერთ წვიმიან ღამეს მძინარე სოფელში რამდენიმეჯერ იჭექა თოფმა, რომელსაც ავტომატების კაკანი მოჰყვა, საბედნიეროდ პირუტყვის პატრონი ძაღლების ყეფამ გააღვიძა და ბოსელში საქონლის მოსაპარად შესულ ქურდებს ცეცხლი გაუხსნა თოფიდან, საპასუხოდ ქურდებმაც ცეცხლით უპასუხეს ავტომატებიდან. სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს, დროზე მოასწრო დაწოლა და რცხილის უზარმაზარმა ხემ საიმედოდ დაიცვა ავტომატების ტყვიებისაგან, ქურდებმაც ვერ მოახერხეს საქონლის წაყვანა. ადგილზე მეორე დღეს შუადღისას მისულმა მილიციამ ვერაფერი ვერ დაადგინა და თავის გზაზე წავიდა, თუმცა უკვე მოსახლეობამ თავად დაიწყო ვითარებაში გარკვევა. როგორც საქმის მცოდნე ადამიანებმა ნაკვალევით დაადგინეს, ქურდები 3 ცხენით იყვნენ, აქედან 2 დაჭედილი იყო ნალით ხოლო მესამე დაუჭედავ ცხენზე იჯდა. მაშინვე გაჩნდა ეჭვი წინა დღეებში მეზობელი სოფლიდან სოფელში შემოსულ 3 ცხენოსანზე, რომლებმაც მთელი სოფელი შემოიარეს ცხენდაცხენ–დაკარგულ საქონელს ვეძებთო და თან საქონლის აღწერილობასაც ტოვებდნენ, აქაოდა თუ ნახეთ ვინმემ იქნებ შეგვატყობინოთო.

სამიდან ორს მოსახლეობა იცნობდა, მესამე კი სრულიად უცნობი იყო. ეჭვი მტკიცებულენა არაა და ბუნებრივია ხელს მათ ვერავინ დაადებდა, მაგრამ ერთ საღამოს თევზაობის მერე სახლისკენ მომავალ ახალგაზრდას გაველურებული ჩაის პლანტაციაში გავლისას საუბარი შემოესმა და მიაყურადა, სამი მამაკაცი საუბრობდა ერთმანეთში ღირდა თუ არა ორი სული კამეჩის მოპარვა, რომელიც მდინარის პირას შემოღობილში ჰყავდა პატრონს. ბიჭმა იცნო ერთერთის ხმა რომელიც ადრე ტრაქტორისტად მუშაობდა მეზობელ სოფელში და გადაწყვიტა ბოლომდე მოესმინა თუ რაზე ისაუბრებდნენ საქონლის ქურდები, საქონლის ქურდებმა კი რადგან დარწმუნებულები იყვნენ იმაში, რომ არავინ უსმენდათ საუბარი გააგრძელეს თან ისე,
ცხენებიდან არც კი ჩამოსულან.

ბიჭმა იმდენი მოახერხა ახლოს მივიდა ცოცვით და ჩამავალი მზის შუქზე დაინახა სამივე ქურდი.

ბიჭმა "ჭკუა იხმარა" და სანამ სამივე მათგანი არ წავიდა ჩაის ბუჩქებიდან არ გამოსულა, მერე კი შეუჩერებლად აირბინა უბანში და მთელი უბანი ფეხზე დააყენა: ამა და ამ კაცის კამეჩების წაყვანას აპირებენ როგორც კი შეღამდება და როგორ მოვიქცეთო!

მოსახლეობამ ვისაც კი ჰქონდა თოფს დაავლო ხელი და ჩასაფრების მოსაწყობად გაემართა, რაიონულ ცენტრში კი ორი კაცი გაგზავნეს მილიციაში ასე და ასეა საქმე და მოგვეშველეთო. მართლაც სწრაფად ამოვიდნენ მილიციელები და მოსახლეობასთან ერთად ჩასაფრება მოუწყვეს საქონლის ქურდებს, შეღამებისთანავე გამოჩნდა სამი ცხენოსანი, რომელთაგან ერთმა მავთულბადის ღობის ჩაჭრას მიჰყო ხელი, როგორც კი კუთხეში მიმწყვდეულ კამეჩებს თოკი შეაბეს მილიციელების ჯგუფის უფროსმა ჰაერში გაისროლა და მთელ ხმაზე იყვირა: ადგილიდან არ გაინძრეთ, თორემ ჩაგცხრილავთო! ორმა გაქცევა სცადა და ღობეზე გადახტომა სცადა, ხოლო მესამემ მოკლე კალაშნიკოვის ავტომატი, რომელიც როგორც აღმოჩნდა მუდამ თან დაჰქონდა სამივეს,
საწვიმარი მოსასხამიდანვე გახსნა ცეცხლი, საპასუხო ცეცხლით მუცელში დაჭრილი იქვე დაეცა.

მილიციელებმა სამივე დააკავეს, დაჭრილი მათივე მანქანით საავადმყოფოში გააქანეს ხოლო ორი ხელბორკილით ცენტრალურ გზაზე გამოიყვანეს, სადაც მათ მანქანამ მოაკითხა. ხალხმა ორივე საქონლის ქურდი იცნო, სწორედ ის ხალხი აღმოჩნდა მეზობელი სოფლიდან, წინა დღეებში საქონელს რომ ეძებდა მათ უბანში. მილიციელებმა მოსახლეობა მათ საცემად არ მიუშვა და ორივე მოსულ მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს.

იმავე ღამეს მათ სახლებში მილიციამ ჩხრეკა ჩაატარა და 4 ავტომატი, რამდენიმე მჭიდი, ხელყუმბარები და რამდენიმე ასეული ავტომატური იარაღის ვაზნა აღმოაჩინა, თუმცა ეს არაფერი იყო იმასთან შედარებით, რაც სახლიდან შორს მათივე ეზოში ტყეში ჩადგმულ ხის ფარდულში იხილეს, იქაურობა საქონლის ტყავით იყო მოფენილი. როგორც აღმოჩნდა იქ სასაკლაო ჰქონდათ მოწყობილი.

რაღა ბევრი გავაგრძელო საქონლის ქურდების "კისერზე" რამდენიმე ათეული კამეჩის, ხარის, ძროხის თუ ბოჩოლას ქურდობა აღმოჩნდა.

მესამე უცნობი მამაკაცი რომელიც დაიჭრა დაკავებისას, ოჩამჩირედან დევნილი კაცი აღმოჩნდა, რომელსაც დევნილობამდე უკვე ორჯერ მოესწრო ციხეში ყოფნა საქონლის ქურდობისთვის.

დევნილს რაკი მესამედ უსჯიდნენ ანალოგიური ქმედებისათვის, თან შეიარაღებული წინააღმდეგობის გამო 11 წელი მიუსაჯეს, დანარჩენ ორს კი 9–9 წელი მიუსაჯეს.

ყოფილი ტრაქტორისტი ციხეში ინფარქტით გარდაიცვალა რამდენიმე წელიწადში, ოჩამჩირელი ციხიდან გამოსვლიდან მალევე გალში გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს ხოლო მესამემ, მცირე ხნის გასვლის მერე ისევ საქონლის ქურდობას მიჰყო ხელი შვილთან ერთად, ეტყობა მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავდა მილიციას და მამა და შვილი ფაქტზე დაიჭირეს და მამას საკმაოდ დიდი ხნით მიუსაჯეს პტიმრობა ხოლო შვილს 4 თუ 5 წელი მიუსაჯეს, რადგან ავტომატის დანა აღმოაჩნდა თან დაკავებისას. მამა ციხეში გარდაიცვალა (სავარაუდოდ პატიმრების მიერ მისი ცემის შედეგად), შვილი კი ციხიდან უკვე ახალი ხელისუფლების მოსვლის მერე გამოვიდა, თუმცა სოფელში დიდხანს არ დარჩენილა, რადგან სოფელმა უკვე მთელი ოჯახი აითვალისწუნა და ნათესავებმაც არ გაიკარეს სამარცხვინო საქციელის გამო. იმის ნაცვლად როგორმე სამარცხვინო ლაქა ჩამოერეცხა, ბიჭმა მასავით ხელიდან წასული თანატოლები იპოვა შეუამხანაგდა და ყაჩაღობას მიჰყო ხელი, ციხიდან გამოსვლიდან მერვე თუ მეცხრე თვეს პოლიციის სპეცრაზმთან შეტაკებისას ტყვიამ ყბა მიულეწა, დააკავეს და საავადმყოფოდან გამოწერის მერე სასამართლომ 15 წელი მიუსაჯა.

როგორც გავიგე ხელისუფლების მორიგი შეცვლის შემდეგ ამნისტია შეეხო ციხიდან გამოვიდა და რუსეთში ნარკოტიკული ნივთიერების დიდი დოზით მიღებას შეეწირა.

0
409
15-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
409
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0