x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134490
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
ათი ყველაზე არარელიგიური ქვეყანა მსოფლიოში...რომელ ადგილზეა საქართველო ამ რეიტინგში?
იმისათვის, რომ ვისაუბროთ ამა თუ იმ ქვეყნის რელიგიურობაზე, საკმარისი როდია ვიცოდეთ ამ ქვეყნის მოსახლეობის რამდენი პროცენტია ათეისტი და რამდენი-მორწმუნე. სწორედ ამიტომ გელაპის საზოგადოებრივი კვლევის ინსტიტუტმა 2015 წელს ჩაატარა კვლევა, რომლის ფარგლებში ადამიანებს უსვამდნენ შემდეგ კითხვას: იკავებს თუ არა რელიგია მნიშვნელოვან ნაწილს თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში? სწორედ ამ გამოკითხვის შედეგების საფუძველზე შეიქმნა რეიტინგი, რომელიც გვიჩვენებს მსოფლიოს ამა თუ იმ ქვეყნის რელიგიურობას.

ამ პოსტში გაგაცნობთ ათ ქვეყანას, რომლის მოსახლეობის ყველაზე მეტმა ნაწილმა ამ კითხვას უპასუხა: "არა". როგორ ჩანს, ადამიანთა დიდი ნაწილი მორწმუნედ თავს მხოლოდ მიმბაძველობით თვლის.


image


მაშ ასე, თქვენს წინაშეა ათი ყველაზე არარელიგიური ქვეყანა მსოფლიოში.



10. ურუგვაი-59%


image


ქვეყნის მოსახლოების 60%-ზე მეტი ქრისტიანად თვლის თავს. უმეტესი მათგანი რომის კათოლიკურ ეკლესიას მიეკუთვნება. ურუგვაელების 17% ათეისტი ან აგნოსტიკოსია, თუმცა საერთი ჯამში გელაპის ინსტიტუტის გამოთვლების მიხედვით, ურუგვაის მოსახლეობის 59% რელიგიას არ თვლის ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილად.


9. რუსეთი-60%


image


კონსტიტუციის მიხედვით, რუსეთი არის სახელმწიფო, სადაც განსაზღვრულად არცერთი რელიგია არ არის სახელმწიფოებრივი ანდა სავალდებულო. მიუხედავად ამისა, ბევრი ექსპერტის აზრით, უკანასკნელ წლებში აშკარად შეიმჩნევა ქვეყნის კლერიკალიზაცია (ტერმინი “კლერიკალიზმი” მომდინარეობს ბერძნული სიტყვისაგან “კლირიკოს”, რაც ეკლესიის მსახურს ნიშნავს. ტერმინი პირველად ხმარებაში შემოვიდა ბელგიაში, XIX საუკუნის 50-იან წლებში, თუმცა მის მიერ აღნიშნული მოვლენა გაცილებით ძველია. კლერიკალიზმი ეწოდება პოლიტიკურ მსოფლმხედველობას, რომლის იდეალია რელიგიური ორგანიზაციის, ეკლესიის ძალაუფლებისა და გავლენის გაძლიერება და კონფესიური სახელმწიფო წყობილება). რელიგია იჭრება ყოველდღიური საქმიანობის და ყოფა-ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში-იქნება ეს სახელმწიფო ორგანოები, სკოლა, არმია, მეცნიერება თუ განათლება. თუმცა ფაქტია, რომ მოსახლეობის 60%-მა კითხვაზე, წარმოადგენს თუ არა რელიგია მათი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილს, უარყოფითად უპასუხა.


8. ვიეტნამი-69%


image


რელიგიური სტატისტიკით ვიეტნამში არც ისე მარტივადაა საქმე. 2004 წელს ქვეყანაში ჩატარდა აღწერა, რომლის მიხედვითაც მოსახლეობის 81% თავს ათეისტად თვლიდა, მაგრამ სპეციალისტებში ეს ციფრი ეჭვს იწვევს. შესაძლებელია, ეს შედეგები ფალსიფიცირებული იყო სახელმწიფოს მიერ. არ დაგავიწყდეთ, რომ ქვეყნის სრული დასახელებაა: ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკა. ოფიციალური მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობის 69% თვლის, რომ რელიგია მათი ცხოვრების ყოველდღიურ ნაწილს არ წარმოადგენს.


7. საფრანგეთი-69%


image


პრინციპში საფრანგეთის კანონმდებლობა საერთოდ კრძალავს რელიგიური კუთვნილების შესახებ რაიმე სახის გამოკითხვის ჩატარებას, რადგან ქვეყნის პრიორიტეტად რჩება რელიგიის თავისუფლება, თუმცა გელაპის ინსტიტუტს ნება დართეს კვლევა ჩაეტარებინა. გამოკითხვების უმრავლესობა მეტყველებს იმაზე, რომ ფრანგები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებრელიგიური ხალხია. თავგადაკლული ათეისტია ქვეყნის მოსახლეობის 29%, ხოლო 69%-ს რელიგია ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილად არ მიაჩნია.


6. დიდი ბრიტანეთი-73%


image


მოსახლეობის 71% თავს ქრისტიანად თვლის, კიდევ 15% ამბობს, რომ არ სწამთ არცერთი რელიგიის და ათეისტები არიან, თუმცა რელიგიას ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილად მხოლოდ 27% მიიჩნევს.


5. ჰონკონგი-74%


image


აღმსარებლობის თავისუფლება გარანტირებულია ჰონკონგის კონსტიტუციით. აქ ცხოვრობენ სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები, მათ შორის ბუდიზმის, დაოსიზმის, ისლამის, ქრისტიანობის, ინდუიზმის, სიკხიზმის მიმდევრები, თუმცა ამ ადამიანთა უმრავლესობა ნაკლებრელიგიურია. გელაპის ინსტიტუტის მიერ დასმულ კითხვაზე ჰონკონგელების მხოლოდ 26%-მა გასცა დადებითი პასუხი.


4. იაპონია-75%


image


იაპონიის ორი ძირითადი რელიგიაა-ბუდიზმი და სინთოიზმი. ამ კონფესიის წარმომადგენლები შეადგენენ ქვეყნის მოსახლოების 84%-ს, თუმცა ეს ციფრები შაბლონურია და ნამდვილად არ მეტყველებს ქვეყნის მოსახლეობის რელიგიურობაზე. იაპონელების მხოლოდ 25% არის ღრმად რელიგიური, დანარჩენი 75% რწმენას მათი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილად არ თვლის.


3. დანია-80%


image


საერთო ჯამში დანიელები არც ისე რელიგიურები არიან. ქვეყანა მსოფლიოში მესამე ადგილზეა ათეისტების და აგნოსტიკოსების რაოდენობის მიხედვით. ისინი მოსახლეობის 40-42%-ს შეადგენენ. "ევრობარომეტრის" კვლევებმა აჩვენა, რომ დანიელების მხოლოდ 20%-ს სწამს ღმერთის, 40%-ს სწამს სულების და ზებუნებრივი ძალების, ხოლო დანარჩენ 40%-ს საერთოდ არაფრის არ სწამს.


2. შვედეთი-82%


image


ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი შვეციის ევანგელისტურ-ლუთერანულ ეკლესიას მიეკუთვნება, თუმცა ეს კუთვნილება მხოლოდ ფორმალურია. ქვეყნის მცხოვრების აღმსარებლობა განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რომელ კონფესიას უხდის ესა თუ ის ადამიანი საეკლესიო გადასახადს. სინამდვილეში შვედეთის მოსახლეობის 85% ათეისტად ითვლება.


1. ესტონეთი-86%


image


Eurobarometer-ის 2010 წლის გამოკითხვების მიხედვით, ესტონელების 16%-მა უპასუხა, რომ სწამს ღმერთის, 54%-მა განაცხადა, რომ სწამს რაღაც ზეციური ძალების არსებობის, ხოლო 26%-მა განაცხადა, რომ მათ არც ღმერთის სწამთ და არც არანაირი ზეციური ძალის. თუ ამ გამოკითხვებს დავეყრდნობით, გამოდის, რომ ესტონეთი ყველაზე არარელიგიური ქვეყანაა მსოფლიოში. გელაპის ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ გამოკითვხაში ესტონელების მხოლოდ 14%-მა გასცა დადებითი პასუხი კითხვაზე: არის თუა არ რელიგია მათი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც ყველაზე მცირე ციფრია გამოკითხვაში მონაწილე 143 ქვეყანას შორის.



პ.ს. რაც შეეხება საქართველოს, რელიგიურობის თვალსაზრისით ის მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა. ავტორიტეტული ორგანიზააცია "გელაპის" ბოლო კვლევის თანახმად, საქართველოს წინ უსწრებს მხოლოდ ტაილანდი, ბანგლადეში და სომხეთი.
საქართველოში გამოკითხულთა 93 % ფიქრობს, რომ რელიგიურია, 6 % ფიქრობს, რომ არაა რელიგიური, მხოლოდ 1 % -ია დარწმუნებულია ათეიზმში. ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 87% მართლმადიდებელი ქრისტიანია.


image

6
2710
16-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
2710
  
2016, 28 ოქტომბერი, 23:51
არაფრის..მე უბრალოდ ფაქტი ავღნიშნე:)
2016, 28 ოქტომბერი, 20:43
ამით რისი თქმა გსურთ?
2016, 27 ოქტომბერი, 22:56
რაც შეეხება ჩინეთს, სტატიაში მინდოდა ამის აღნიშვნა, მაგრამ გამომრჩა; ჩინეთი მართლაც ერთ-ერთი ლიდერი იქნებოდა ამ რეიტინგში, რომ არა ერთი პატარა დეტალი: ჩინეთის ხელისუფლებამ "გელაპის" ინსტიტუტს გამოკითხვის ჩატარების ნება არ დართო:)
2016, 27 ოქტომბერი, 22:53
მადლობა შეფასებისათვის.... თუ დაფიქრებულხართ იმაზე, რომ აქ წარმოდგენილ რეიტინგში ყველაზე არარელიგიურ ქვეყნებში მშვიდი და გაწონასწორებული ცხოვრებაა და ადამიანებსაც ისე არ სძულთ ერთმანეთი, როგორც ჩვენთან?:)
2016, 27 ოქტომბერი, 16:01
რა თქმა უნდა მაღალგანვითრებული ქვეყნები უპირველეს ყოვლისა რეიტინგის სათავეში და მეორეც......ძირითადად ამ ქვეყნებშია კრიმინალის დონე დაბალი(შვეცია,დანია,ჰონგ-კონგი,ესტონეთი)..ჩინეთი რომ არაა გამიკვირდა......ყოველთვის ლიდერთა სამეულში იყო(თუმცა მათი ათეისტობა უფრო იდეოლოგიდაან არის გამომდინარე)
2016, 27 ოქტომბერი, 16:00
ეეეჰ, 93 პროცენტი რომ ნამდვილი, საქმით ქრისტიანი ვიყოთ საქართველოში რაღა გვიჭირს?:)) მაშინ კი არ იქნებოდა ასეთი ერთმანეთის სიძულვილი და განკითხვა. სათქმელად ადვილია, აი რეალურად რამდენი პროცენტია ქრისტიანი ეს იქნებოდა საინტერესო. თუმცა, ამის გარკვევა გამოკითხვებით შეუძლებელია. კარგი სტატიაა მანჩო.
0 1 6