x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134534
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ღირებულებების ფორმირება და მათი გავლენა პროფესიის არჩევაზე

ღირებულებები არის რწმენები, რომელთაც ინდივიდი ქცევის, ქმედების სტანდარტად მიიჩნევს. ისინი კოგნიტური სტრუქტურებია, მაგრამ გააჩნია ქცევითი და აფექტური განზომილებები. ღირებულებები ყალიბდება იმისათვის, რომ ინდივიდებმა საკუთარი
მოთხოვნილებები სოციალურად მისაღები გზით დაიკმაყოფილონ. აქედან გამომდინარე, ღირებულებების ქცევით ასპექტებს აყალიბებს კულტურული კონტექსტი, რომელშიც ისინი ვითარდება. ინდივიდის ღირებულებები მისი თვითშეფასებისა და სხვების შეფასების საფუძველია და მთავარ როლს თამაშობს პირადი მიზნების ჩამოყალიბებაში.
ღირებულება კულტურის კომპონენტია, კულტურა არ არსებობს ღირებულებათა სისტემის გარეშე და პირიქით. ღირებულებათა გააზრებას მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ჩაეყარა საფუძველი. მისი პიონერი იყო ლოტცე. შემდეგ მეოცე საუკუნის დასაწყისშიც გაგრძელდა: ვინდელბანდი, რიკერტი, მაქს და ალფრედ ვებერები და მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის სოციოლოგთა ფართო წრე: პარსონსი, ბეკერი, კოლბი და სხვები. ღირებულება ესაა პრინციპი ან სტანდარტი, რომელსაც აღიარებს ინდივიდი, ჯგუფი ან საზოგადოება. გამოხატავს ადამიანის რწმენას, შეხედულებებს, იდეალებსა თუ ეთიკურ სტანდარტებს, რომლებიც საფუძვლად უდევს მისი ცხოვრების სტილს. ღირებულებები, ხშირ შემთხვევაში, განსაზღვრავენ ადამიანის ქცევას სხვადასხვა სიტუაციაში და გავლენას ახდენენ მის გადაწყვეტილებებზე.
ღირებულებები ყალიბდება ინკულტურაციის შედეგად.ინკულტურაცია არის პროცესი, რომლის შედეგად ინდივიდები იშინაგნებენ საკუთარი კულტურული ჯგუფის რწმენებსა და ღირებულებებს და ახდენენ ღირებულებათა სისტემის ფორმირებას. მიუხედავად იმისა, რომ ინკულტურაციის პროცესი ბოლომდე გააზრებული არ არის, დიდი ალბათობით თავდაპირველად ის მოდელირების, განმტკიცებისა და გამოცდილების მიღების კომპლექსური პროცესის შედეგად ვლინდება . კულტურული და შრომითი
ღირებულებების, რომლებიც მოგვიანებით ყალიბდება, აღქმა ან კრისტალიზება შეიძლება არ იყოს ცხადი. ინდივიდს შეუძლია კრისტალიზებული ღირებულებებისთვის სახელის დარქმევა (ვაფასებ კონკურენციას) და მათი ქცევაში გამოყენება (და ამიტომ ვცილობ, სხვებზე ბეჯითად ვიმუშაო). ღირებულებები შედარებით სტაბილურია, თუმცა ცხოვრების მანძილზე, კონფლიქტის ან გაანალიზების შედეგად ისინი შეიძლება შეიცვალოს .
ინდივიდების უმეტესობისთვის ინკულტურაციის შედეგია მონოკულტურიზმი, ანუ ერთი კულტურისთვის დამახასიათებელი რწმენებისა და ღირებულებების გაშინაგნება. ბიინკულტურაცია ან მულტიინკულტურაცია თავს იჩენს, როცა ერთი ან მეტი კულტურის რწმენების ინტერნალიზება ხდება. ბიკულტურალიზმი ან მულტიკულტურალიზმი შესაძლოა განაპირობოს ბიკულტურულმა ან მულტიკულტურულმა ოჯახმა ან აკულტურაციამ, რაც სხვა კულტურულ ჯგუფებთან სტაბილური ურთიერთობის შედეგია.
ღირებულებები შეიძლება იყოს პიროვნული, შრომითი, კულტურული, ტრადიციული და ა.შ. პიროვნული ღირებულებების მაგალითებად შეგვიძლია დავასახელოთ პატიოსნება, ლოიალობა, დამოუკიდებლობა, აღიარება და ა. შ. საზოგადოებას შეიძლება გააჩნდეს ტრადიციული ღირებულებები, როგორებიცაა თანასწორობა, სიტყვის თავისუფლება, სამართლიანობა და ა. შ.
შრომითი ღირებულებები ღირებულებებია, რომლებიც ინდივიდის რწმენით შრომითი როლის შესრულების დროს უნდა დაკმაყოფილდეს. შრომითი ღირებულებები უშუალოდ ინდივიდის საქმიანობას უკავშირდება. მათ შორის შეიძლება იყოს როგორც ძირეული ცხოვრებისეული ღირებულებები, აგრეთვე ისინიც, რომლებითაც მხოლოდ სამსახურში ხელმძღვანელობენ. ხანდახან შრომითი ღირებულებები სრულიად განსხვავდება ცხოვრებისეული ღირებულებებისაგან. მაგალითად, თუ სამსახურში შეუპოვარი და შეჯიბრის მოყვარულია ადამიანი, სახლში, შესაძლოა, სრულიად დამყოლი და დამთმობი იყოს. შრომით ღირებულებებს ძირითადად ყოფენ შინაგან და გარეგან ღირებულებეად. შინაგანი ღირებულებები უკავშირდება თვითონ
სამუშაოს ბუნებას.
ადამიანებს, რომელთაციზიდავთ გამოწვევები, სიახლეების სწავლა, მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა საქმეში, გააჩნიათ შინაგანი ღირებულებები. ასეთ თანამშრომლებს სურთ სამუშაო, რომელიც მათ ახალი გამოწვევებით, პასუხისმგებლობით და
ავტონომიით უზრუნველყოფს, აგრეთვე, მისცემს პიროვნული ზრდის საშუალებას. ზოგიერთი თანამშრომელი სამუშაოს თვისებებს ნაკლებად აფასებს და ყურადღებას უფრო მეტად შედეგებზე ამახვილებს. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს გარეგან ღირებულებებთან, რომლებიც იმ ადამიანებისთვისაა დამახასიათებელი, რომლებიც მუშაობენ იმისთვის რომ გამოიმუშაონ ფული, დაამყარონ კონტაქტები სხვადასხვა ადამიანებთან, ჰქონდეთ ოჯახთან ერთად დროის გატარების საშუალება. იმის გამო,
რომ უმრავლესობის ცხოვრება სამსახურის გარეშე წარმოუდგენელია, ყველა ადამიანის სამუშაო ღირებულებებში მოიძებნება შინაგანი ან გარეგანი ელემენტი. თუმცაღა ადამიანებს ძირითადად ორივე სახის ღირებულება აქვთ. ისინი უბრალოდ განსხვავდებიან იმით, თუ რომელს ანიჭებენ უფრო დიდ მნიშვნელობას. მაგალითად: სოციალური მუშაკი, რომელიც ეგუება დაბალ ხელფასს იმის გამო, რომ სწამს, სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებით რაღაც მნიშვნელოვანს აკეთებს, შინაგან ღირებულებებზე დაყრდნობით მოქმედებს.
არსებობს შრომითი ღირებულებების სხვადასხვა კლასიფიკაცია, ერთ-ერთი კლასიფიკაციის ავტორი გახლავთ პოლონელ-ამერიკელი ფსიქოლოგი მილტონ როკიჩი. როკიჩმა ღირებულებები დაყო ორ ფართო კატეგორიად - ტერმინალურ და ინსტრუმენტულ ღირებულებებად. ტერმინალური ღირებულებები ასახავს იმას, თუ რა მიზნების მიღწევა სურს ადამიანს ცხოვრების განმავლობაში. ინსტრუმენტული ღირებულებები ასახავს იმას, თუ რა ხერხით აპირებს ინდივიდი დასახული მიზნების მიღწევას. შემდგომში როკიჩმა ინსტრუმენტული ღირებულებები კიდე ორ კატეგორიაში მოაქცია: მორალური ღირებულებები ეხებოდა ინტერპერსონალურ ქცევას (პატიება, დახმარება), კომპეტენციური ღირებულებები კი - ინტრაპერსონალურს (ლოგიკური, წარმოსახვითი). ტერმინალური ღირებულებები როკიჩმა დაყო პიროვნულ და
სოციალურ ღირებულებებად. პიროვნული ღირებულებები გულისხმობს საკუთარ თავზე ცენტრირებულ საბოლოო მდგომარეობებს (თვითპატივისცემა, შინაგანი ჰარმონია), სოციალური ღირებულებები კი სოციუმზეა ცენტრირებული (თანასწორობა, მშვიდობა).
შრომითი ღირებულებების კიდევ ერთი კლასიფიკაცია ეკუთვნის ელიზურს. ის შრომითი ღირებულების სამ ტიპს გამოყოფს. შრომითი ღირებულებების პირველი ტიპი გახლავთ ინსტრუმენტალური(მატერიალური). ისინი გარეგან ღირებულებებთან მოდის
შესაბამისობაში. მეორე ტიპს ელიზური აფექტურ ღირებულებებს უწოდებს, რომლებიც ინტერპერსონალურ ურთიერთობებთან დაკავშირებული სოციალური ღირებულებების
სახითაა წარმოდგენილი. მაგალითად: მიკუთვნებულობა, მიმღებლობა, სამართლიანობა, საპასუხისმგებლო სამსახური და ა.შ. მესამე ტიპი კი კოგნიტური ღირებულებები გახლავთ, მაგ: დამოუკიდებლობა, ინტერესი, მიღწევა. შეიძლება ითქვას, რომ ეს კლასიფიკაცია შინაგან ღირებულებებს ყოფს სოციალურ და კოგნიტურ ღირებულებებად.
ღირებულებები ფოკუსირებულია ადამიანისათვის სასურველ მდგომარეობაზე და შრომითი ქცევის ათვისების საფუძველს წარმოადგენს, ამიტომ კონკრეტული პროფესიის არჩევისას მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ ის უნდა შეესაბამებოდეს თქვენი პიროვნული ღირებულებების გარკვეულ ერთობლიობას. ღირებულებები სამსახურებრივ ურთიერთობებსაც განსაზღვრავს. მაგალითად, თუ ადამიანი მუშაობს ისეთ გუნდში, რომლის წევრებსაც მისგან განსხვავებული ღირებულებები აქვთ, შესაძლოა კონფლიქტი წარმოიშვას. ადამიანი ვერ იქნება ბედნიერი, როცა მისი პროფესიული საქმიანობა მის ღირებულებებს ეწინააღმდეგება. აქედან გამომდინარე, საკუთარი პიროვნული ღირებულებების იდენტიფიცირება და იმის გაცნობიერება, თუ რა გავლენას ახდენენ ისინი ინდივიდის კმაყოფილებაზე, მოტივაციასა და კეთილდღეობაზე, ესაა წარმატებული პროფესიული არჩევანის უმნიშვნელოვანესი წინაპირობა.
ერთ-ერთ კვლევაში მენეჯერებს და ადამიანური რესურსების
მართვის პროფესიონალებს კითხეს, მათი აზრით, სამუშაოსთან დაკავშიებული რა ღირებულებებია მომუშავე ინდივიდებისთვის მნიშვნელოვანი დღესდღეობით და რა იქნება ახლო მომავალში. დასახელებულ იქნა ცხრა ყველაზე პოპულარული ღირებულება: კომპეტენციისა და მიღწევის აღიარება; პატივისცემა და კეთილშობილება; პიროვნული არჩევანი და თავისუფლება; სამუშაოში ჩართულობა; სამუშაოთი სიამაყე; ცხოვრების ხარისხი; ფინანსური უსაფრთხოება; თვითგანვითარება; ჯანმრთელობა
და კარგად ყოფნა.
აქვე მნიშვნელოვანია, კარგად გვესმოდეს ღირებულების კონგრუენტულობის ცნება, რაც გულისხმობს, რომ ინდივიდების ან ჯგუფების ღირებულებები ერთმანეთის მსგავსია. როდესაც ღირებულებები განსხვავდება, ანუ არაკონგრუენტულია, რთული ხდება ორგანიზაციაში კონფლიქტების თავიდან აცილება. კვლევების მიხედვით, ლიდერის მიმდევრები უფრო მეტად მაშინ იყვნენ თავიანთი ლიდერით კმაყოფილნი, როცა იყო კონგრუენტულობა ისეთ ღირებულებებში, როგორებიცაა: მიღწევა,
დახმარება, პატივისცემა და სამართლიანობა. ინდივიდისა და ორგანიზაციის ღირებულებების კონგრუენტულობა პოზიტიურად უკავშირდება შრომით კმაყოფილებას, ორგანიზაციულ ერთგულებას. ორგანიზაციით კმაყოფილებასა და ორგანიზაციასთან იდენტიფიკაციას.
პროფესიული გადაწყვეტილების მიღებისა და პროფესიული არჩევანის გაკეთების
მთავარი საფეხური არის საკუთარ შრომით ღირებულებებში გარკვევა. რა არის ჩემთვის ღირებული? - ეს არის შეკითხვა, რომელიც პროფესიულ არჩევანზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს. არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც მნიშვნელოვანია მხოლოდ შემოსავალი და ორგანიზაციისგან მხოლოდ მატერიალურ მოგებას ელიან, თუმცა, ამის პარალელურად, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ერთმანეთისგან განსხვავებული ღირებულებები აქვთ. ზოგს მოსწონს სხვებისთვის დახმარების გაწევა და ეს მათთვის ღირებულია, ზოგისთვის მნიშვნელოვანია ცხოველებისა და მცენარეების მოვლა და ზრუნვა, გარემოს მოვლა, მანქანა-დანადგარებთან მუშაობა, კომპიუტერული imageპროგრამების შექმნა და სხვა. იმისათვის, რომ ადამიანმა იდეალური პროფესია იპოვოს, მნიშვნელოვანია იცოდეს, რა არის მისთვის ღირებული, რათა მომავალში ის საქმე შეასრულოს, რომელიც აინტერესებს და რომელსაც მნიშვნელოვნად მიიჩნევს.

0
699
შეფასება არ არის
ავტორი:ლელა ღამბაშიძე
ლელა ღამბაშიძე
699
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0