x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
ადაპტაციის აშლილობა

image ადაპტაციის აშლილობა გულისხმობს ისეთ ფსიქოლოგიურ რეაქციებს, რომელიც პიროვნებას უჩნდება ახალ გარემოებებთან შეგუების, ადაპტაციის დროს.
ეს შეიძლება იყოს ისეთი გარემომებები, რომლებიც ცხოვრების ჩვეული სტილის შეცვლას იწვევენ,
კერძოდ : განქორწინება და გაშორება, სამუშაოს შეცვლა, სკოლიდან უნივერსიტეტში გადასვლა,
ფიზიკური დეფექტის მქონე შვილის დაბადება, ახლობელი ადამიანის დაკარგვა თუ სხვა გარემოებები.
ადაპტაციური აშლილობა ასევე ცნობილია „სიტუციური დეპრესიის“ სახელწოდებით, როდესაც პიროვნებას არ შეუძლია გაუმკლავდეს განსაკუთრებულ
სტრესს და ადაპტირდეს მის გარშემო არსებულ ცხოვრებისეულ ცვლილებებთან.

ადაპტაციის აშლილობის ძირითად სიმპტომებად მიიჩნევა შფოთვა, წუხილი, დაქვეითებული ყურადღების კონცენტრაცია, დეპრესია და გაღიზიანებადობა. ასევე მისი თანმხლები სიმპტომებია უძილობა, მარცხის შეგრძნება და ფიქრები სუიციდზე, ოჯახისა და მეგობრებისგან განცალკევება, დაბალი აკადემიური მოსწრება და სკოლის ხშირი გაცდენა. ამას თან ახლავს ნერვული სისტემის აგზნებით გამოწვეული ისეთი ფიზიკური სიმპტომები, როგორიცაა გახშირებული გულისცემა და ტრემორი. შეიძლება, აგრეთვე, ვხედავდეთ დრამატულ ან აგრესიულ ქცევას, ალკოჰოლის ან ნარკოტიკული ნივთიერებების ბოროტად გამოყენებას. ხშირად უარესდება სოციალური ინტერაქციის პროცესი, რაც ადაპტაციის აშლილობას ნორმალური ადაპტაციური რეაქციებისგან განასხვავებს.

ადაპტაციის აშლილობა დაყოფილია: დეპრესიულ რეაქციებად; შფოთვისა და დეპრესიის შერეულ რეაქციებად; რეაქციებად, რომლებსაც სხვა ემოციური აშლილობა ახლავს თან და რეაქციებად, რომელსაც ქცევითი აშლილობა ახლავს თან.

აღნიშნული აშლილობის დიაგნოსტირება ფაქტობრივად შფოთვითი და დეპრესიული აშლილობის გამორიცხვით ხდება. გარდა ამისა, ერთ-ერთი დიაგნოსტიკური პირობაა ის, რომ აშლილობამ ცხოვრებისეული ცვლილებების შემდეგ მალევე უნდა იჩინოს თავი.
ასევე, ახლანდელი სიმპტომები არ უნდა შეესაბამებოდეს ისეთ ჩვეულ რეაქციებს, რომლებსაც ადამიანები ავლენენ ცხოვრებისეულ ცვლილებებთან დაკავშირებით, როგორიცაა, მაგალითად, განშორება, განქორწინება თუ ძვირფასი ადამიანის დაკარგვა. დაავადებების საერთაშორისო კლასიფიკაციის ICD-10-ისა და DSM-IV-ის მოთხოვნების თანახმად, ადაპტაციის აშლილობა სტრესული მოვლენიდან სამი თვის განმავლობაში უნდა გამოვლინდეს. მნიშვნელოვანია, რომ პაციენტის პიროვნული თვისებებისა და წარსული გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ ნათელი გახდეს
ამგვარი რეაქცია უშუალო კავშირი და პროპორციულობა სტრესულ გამოცდილებასთან .

ადაპტაციის აშლილობის გავრცელების ხარისხი მეტია ზოგადი პროფილის საავადმყოფოებსა და პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში. ასევე, საკმაოდ ბევრი თერაპიული პაციენტის ფსიქიატრიული შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მათგან 12%-ს აღენიშნებოდა ადაპტაციის აშლილობა; ასევე, ინსულტის მქონე პაციენტების 27%-ს.

ვინაიდან პიროვნებისათვის ცხოვრების ჩვეული რიტმის ცვლილება ყოველთვის გარკვეულ სტრესთან არის დაკავშირებული, ადაპტაციის აშლილობის გამომწვევი აუცილებელი პირობაა სტრესული ვითარება. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია პიროვნების ინდივიდუალური მახასიათებლები, რადგან ერთსა და იმავე სტრესულ ვითარებაში შეიძლება ერთ ადამიანს განუვითარდეს ადაპტაციის აშლილობა, მეორეს კი არა. ეს განსხვავება ასევე შეიძლება წარსულ გამოცდილებასთანაც დავაკავშიროთ.

ადაპტაციის აშლილობათა უმრავლესობა რამდენიმე თვე გრძელდება და მხოლოდ მცირე ნაწილი შეიძლება გაგრძელდეს წლების მანძილზე. თუმცა, დიაგნოზის დასმის შემდეგ 5 წლის განმავლობაში, დაახლოებით 20 -50 % პაციენტებისა უვლინდებათ უფრო
სერიოზული ფსიქიატრიული დარღვევები.

ადაპტაციური დარღვევების განკურნება გულისხმობს პაციენტის სტრესული პრობლემების გადაჭრას და ხელს უწყობს ადაპტაციის ბუნებრივ პროცესს, რომელიც იმაზეა მიმართული, რომ პაციენტმა ნაკლებად გამოიყენოს სტრესული მოვლენების უარყოფისა და არიდების მექანიზმები. აგრეთვე, პაციენტს ხელი უნდა შევუწყოთ იმაში, რომ მან გადაჭრას პრობლემები და წინააღმდეგობა გაუწიოს გამკლავების არაადაპტურ რეაქციებს. შფოთვა, ჩვეულებრივ, მცირდება, თუ პაციენტს საშუალებას მივცემთ ისაუბროს არსებულ პრობლემებზე და გამოხატოს საკუთარი განცდები. პრობლემის გადაჭრაზე მიმართული კონსულტაციები არის ერთგვარი სტიმული იმისა, რომ პაციენტმა იპოვოს სტრესული პრობლემების გადაჭრის რელევანტური გზები. თუ ეს გზა წარმატებული აღმოჩნდება,
პაციენტი შემდეგი პრობლემის განხილვაზე გადავა. წარუმატებლობის შემთხვევაში კი დაუბრუნდება პირველ პრობლემას და ახლებურ მიდგომას მოსინჯავს. თუ პრობლემის გადაჭრა ვერ ხერხდება, პაციენტს უნდა ვურჩიოთ შეეგუოს მას. მაინა და მისი კოლეგები ამტკიცებენ, რომ ადაპტაციის აშლილობის მქონე პაციენტებთან უფრო ეფექტურია ხანმოკლე დინამიური და მხარდამჭერი ფსიქოთერაპიის გამოყენება, ვიდრე მკურნალობის დაყოვნება და ინტერვენციის მხოლოდ მაშინ განხორციელება, როდესაც რაიმე პრობლემა იჩენს თავს.

0
116
შეფასება არ არის
ავტორი:ანი სიმსივე
ანი სიმსივე
116
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0