x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134031
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ნეტარე ქსენია პეტერბურგელი - გარდაცვლილი ქმრის მაგივრად გაგრძელებული ცხოვრება. ერთი დაკარგული და ათასობით ნაპოვნი სიყვარულის ამბავი.


1942 წლის სექტემბერი, მესამე რაიხის ავიაციამ ბლოკადაში მოქცეული ლენინგრადის
დაბომბვა განაახლა, ათასობის ღონემიხდილი, შიმშილისგან დაუძლურებული ადამიანი
ეწირება საავიაციო შეტევებს. ერთი ასეთი შეტევის დროს, ორი პატარა ბავშვი ძველი
სახლის სარდაფში პოულობს თავშესაფარს და იერიშის დასრულებას ელოდება.
მოულოდნელად, ბნელ კუთხეში მიყუჟულებს ერთი ქალი გამოეცხადებათ და
მკაცრად მოუწოდებს სარდაფიდან სასწრაფოდ გავიდნენ. შეშინებული ბავშვები ასეც იქცევიან. რამოდენიმე წუთის შემდეგ, სახლს ბომბი ეცემა და ნანგრევებად
იქცევა. ბავშვები მხოლოდ 40 წლის შემდეგ ამოიცნობენ თავიანთ გადამრჩენელს
(ხატზე გამოსახულს) და გაიგებენ მის სახელს - ნეტარი ქსენია პეტერბურგელი.

ნეტარი ქსენიას (ქსენია გრიგოლის ასული პეტროვა) დაბადების ზუსტი თარიღი
უცნობია, ვიცით მხოლოდ ის, რომ XVIII საუკუნის პირველ ნახევარში
დაიბადა ღვთისმორწმუნე, კეთილშობილი ადამიანების ოჯახში. როდესაც გათხოვების
დრომ მოუწია, ცოლად გაჰყვა მეფის კარის მომღერალს - პოლკოვნიკ ანდრეი
თეოდორეს ძე პეტროვს და მეუღლესთან ერთად პეტერბურგში ცხოვრობდა.

როგორც აღვნიშნეთ ანდრეი პეტროვი მომღერალი იყო, მაგრამ რუსეთის
იმპერატორ ელისაბედ პირველს მუსიკა იმდენად უყვარდა, შემსრულებლებს
თვითონ არჩევდა და გამორჩეულ მომღერლებს სამხედრო ჩინსაც ანიჭებდა.ამით აიხსნება ის უცნაური გარემოება, რომ მომღერალი პოლკოვნიკი იყო. ცოლ-ქმარს
ერთმანეთი ძალიან უყვარდა, ისინი შეძლებულები იყვნენ და თითქოს არაფერი
ემუქრებოდა მათ მომავალს. მაგრამ მათი ბედნიერი თანაცხოვრება დიდხანს არ
გაგრძელებულა. პოლკოვნიკი პეტროვი მოულოდნელად გარდაიცვალა, ნეტარი
ქსენია ამ დროს 26 წლის იყო.

ქმრის სიკვდილმა იმდენად შეძრა ახალგაზრდა ქალი, რომ აღარ აინტერესებდა აღარაფერი მიწიერი და ადამიანური, არაფერი ანიჭებდა ნუგეშსა და სიხარულს, თითქოს რეალობის შეგრძნებაც დაკარგა, ბევრი ფიქრობდა, რომ ჭკუიდან შეიშალა. ხოლო, როცა მთელი თავისი ქონება ღარიბებს დაურიგა, საკუთარი სახლი კი ახლობელს - პარასკევა ანტონოვას აჩუქა, უკვე აღარავის ეპარებოდა ეჭვი, რომ ახალგაზრდა ქალს გადატანილმა უბედურებამ გონება შეურყია. მისმა ახლობლებმა სახელმწიფო უწყებასაც კი მიმართეს თხოვნით, სახლის ჩუქება რეგისტრეციაში არ გაეტარებინათ და რამენაირად ხელი შეეშალათ ქონების უაზრო ფლანგვისათვის, რადგან გამჩუქებელი საღ გონებაზე არ იყო. მათ ქვრივი თავისთან იხმეს, გაესაუბრნენ და როცა დარწმუნდნენ ქალი აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო, დაადგინეს - მას შეუძლია საკუთარი ქონება ისე განკარგოს, როგორც უნდა.

ნეტარი ქსენია პეტერბურგელიროდესაც ქონებისგან თავი „გაითავისუფლა“, ჩაიცვა მეუღლის მუნდირი და კამზოლი და ხალხს არწმუნებდა, ანდრეი თეოდორეს ძე კი არა, მისი ცოლი - ქსენია პეტროვა გარდაიცვალაო. ამიტომ ყველას მოუწოდებდა მისთვის - ანდრეი ფიოდოროვიჩი ეწოდებინათ, ხოლო როდესაც ქსენიათი მიმართავდნენ, ყურადღებას არ აქცევდა. ასე იყო მისი ამქვეყნიური სიცოცხლის ბოლომდე.
უცნაურად გამოწყობილი ღვთის გლახის დანახვაზე, ხალხს არაერთგვაროვანი რეაქცია ჰქონდა, ხშირად დასცინოდნენ, მასხრად იგდებდნენ, ათასნაირ ჭორს ავრცელბდნენ მასზე, ნეტარი ქსენია ყველაფერს მოთმინებით იტანდა. საცხოვრებელი ადგილი არ ჰქონდა, დღის განმავლობაში პეტერბურგის ქუჩებში დადიოდა, იქ სადაც ღარიბები ცხოვრობდნენ, ღამეს კი სად ატარებდა არავინ იცოდა. მალე ამ საკითხით არა მარტო ადგილობრივი მოსახელეობა, პოლიციაც დაინტერესდა და ერთხელაც ღვთის გლახას უკან გაჰყვნენ. აღმოჩნდა, რომ ღამ-ღამობით ქსენია მინდორში, გაშლილ ადგილზე გადიოდა და მთელი ღამე მუხლმოდრეკილი ლოცულობდა.


ნელ-ნელა პეტერბურგელები შეეჩვივნენ მას და მასზე ზრუნვაც დაიწყეს. ზოგს საჭმელი მიჰქონდა მისთვის, ზოგს ფული, ზოგს ტანსაცმელი, მაგრამ თავის ტანსაცმელს არაფრით ელეოდა. მას შემდეგ, რაც ქმრის ტანისამოსი გაცვითა, მთელი ცხოვრება წითელ კაფტანსა და მწვანე ქვედაბოლოში, ან პირიქით - მწვანე კაფტანსა და წითელ ქვედაბოლოში გაატარა. წითელი და მწვანე, მისი მეუღლის სამხედრო აღკაზმულობის ფერები იყო.

მოწყალებას იღებდა მხოლოდ კეთილი ადამიანებისაგან და ისიც მხოლოდ - „მეფეს ცხენზე“ (ასე ეძახდა კაპიკებს, რომლებზეც მხედარი იყო გამოსახული) და როგორც კი იღებდა, მაშინვე თავისნაირ გლახაკებს ურიგებდა. ნაცნობებს იშვიათად შეუვლიდა ხოლმე, თუ შეუვლიდა ისიც ცოტა ხნით და მერე ისევ ქუჩაში ხეტიალს აგრძელებდა. თანდათან ხალხი ხედავდა, რომ ეს ადამიანი ღვთის განსაკუთრებული მადლით იყო მოსილი. ყველას ბედი ვისაც ეხმარებოდა, ლოცავდა, ან „მეფეს ცხენზე“ ჩუქნიდა უკეთესობისაკენ იცვლებოდა, ამიტომ პეტერბურგელებს მის მიმართ მოწიწება გაუჩნდათ და მასთან შეხვედრას ესწრაფვოდნენ. როგორც კი ხალხმრავალ ადგილებში გამოჩნდებოდა, ყველა რაღაცის ჩუქებას ცდილობდა, რადგან იცოდნენ თუ ვინმესგან დახმარებას მიიღებდა, მას ღვთის წყალობა ელოდა.

ერთხელ, ნეტარმა ქსენიამ ჯერ კიდევ მუცლად მყოფი ბავშვი გადარჩინა. როცა პარასკევა ანტონოვასთან იყო სტუმრად, თავისივე ყოფილ ბინაში, მოულოდნელად მიუბრუნდა და უთხრა - „აქ რას უზიხარ წინდების კერვაში გართული? არ იცი, რომ ღმერთმა შვილი გაჩუქა? ჩქარა წადი სმოლენსკის სასაფლაოზე!“ დაბნეული პარასკევა სასაფლაოზე წავიდა და ადგილზე მისულს ხალხი დახვდა შეკრებილი. აღმოჩნდა, რომ ეტლი ფეხმძიმე ქალს დაჯახებია და მშობიარობა დაწყებია, ქალმა ბავშვი იქვე გააჩინა, თავად კი გარდაიცვალა. ეცადნენ გაეგოთ ვინ იყო ეს ქალი, სად
ცხოვრობდა, ჰყავდა თუ არა ნათესავები, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. მაშინ პარასკევამ ღმერთს მადლობა შესწირა და ბავშვი თავისთან წაიყვანა, იშვილა. საკუთარი შვილივით აღზარდა და ბიჭმაც გამზრდელს ამაგი დაუფასა, სიკვდილამდე დიდ პატივს სცემდა და ზრუნავდა მასზე.

როდესაც პეტერბურგში, სმოლენსკის სასაფლაოზე ტაძარს აშენებდნენ, ხელოსნები უცნაური მოვლენის შემსწრენი გახდნენ - ყოველ დილით, საჭირო ოდენობის აგური, მოტანილი და დაწყობილი ხვდებოდათ მშენებლობის ადგილზე. ვერაფრით ხვდებოდნენ როგორ ჩნდებოდა აგური და ვინ ეზიდებოდა ამხელა სიმძიმეს. ბოლოს გაირკვა, რომ სწორედ ნეტარ ქსენიას მიჰქონდა მასალა და ისე გამოვიდა, რომ ახლად აშენებული ტაძრის ერთი კედელი მთლიანად მისი აშენებულია.

ცალკე საუბრის თემაა ნეტარი ქსენიას წინასწარმეტყველება. მას არაერთი წინასწარმეტ-ყველება უკუთვნის, რომელიც ზუსტად ახდა. მან წინასწარ, ზედმიწევნით ზუსტად, განჭვრიტა რუსეთის სამი იმპერატორის - იოანე მეექვსეს, ელისაბედ პირველის და პავლე პირველის სიკვდილის თარიღები. ასევე იწინასწარმეტყველა რევოლუცია და ის მსხვერპლი, რომელიც ამ საშინელებას მოჰყვებოდა.გარდა ამისა, უამრავ ადამიანს ააცილა განსაცდელი, როდესაც წინასწარ გააფრთხილა მოახლოვებული საფრთხის შესახებ, არაერთი ასეთი შემთხვევაა დაფიქსირებული.

45 წელი გაატარა ხეტიალში ნეტარმა ქსენიამ და შეიძლება ითქვას, ხალხი სიცოცხლეშივე ისე ეპყრობოდა, როგორც წმინდანს. მიიძინა მეცხრამეტე საუკინის დასაწყისში, დაახლოვებით 71 წლის ასაკში, დაკრძალეს სმოლენსკის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში. ტაძარში, რომლის ასაშენებლადაც აგურები მიჰქონდა.

ნეტარი ქსენიას სიკვდილისთანავე მის საფლავზე პილიგრიმობა დაიწყო. რამოდენიმეჯერ საფლავის ქვაც კი მოიპარეს და დაინაწილეს, იმდენად დიდი იყო რწმენა იმისა, რომ მისი მადლი სიკეთეს მოუტანდათ. საფლავზე ხალხის ნაკადი დღემდე არ წყდება, რა ასაკის ადამიანს აღარ შეხვდებით აქ, ისინი საკუთარ სურვილებს ფერცელზე წერენ და სპეციალურ ყუთში ათავსებენ. ნეტარი ქსენია იმედს არავის უცრუებს.

1988 წელს, რუსულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ნეტარი ქსენია წმინდანად შერაცხა, მისი ხსენების დღეა - 6 თებერვალი.

0
289
3-ს მოსწონს
ავტორი:ილია ჯიბღაშვილი
ილია ჯიბღაშვილი
289
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0