x
პროსოციალური ქცევა და გადაწყვეტილების მიღების პერსპექტივა
imageპროსოციალური ქცევა მოიცავს ნებისმიერ დახმარებას ადამიანის მოტივაციისდა მიუხედავად. ბევრი პროსოციალური ქცევა არ არის ალტრუისტული. მაგალითად, თუ საქველმოქმედო აქციაში მოხალისედ მონაწილეობთ მეგობრებზე შთაბეჭდილების მოხდენის მიზნით ან მომავალი სამუშაოსთვის კარგი რეზიუმეს შესავსებად, ეს არ იქნება ალტრუისტული ქცევა. პროსოციალური ქცევა მერყეობს თავდაუზოგავ ალტრუიზმსა და ისეთ ქცევებს შორის, რომლებიც პირადი ინტერესებიდან გამომდინარეობს. პროსოციალურ ქცევაზე გავლენას ახდენს ის, თუ რა ტიპის ურთიერთობა არსებობს ადამიანებს შორის. სიმპათიის, ანგარების ან თანაგრძნობის გამო, ჩვენ ნაცნობებს უფრო ვეხმარებით, ვიდრე უცხო ადამიანებს. თუმცა უცხო ადამიანების დახმარებაც არ არის იშვიათობა. ბევრ კვლევაში დაფიქსირდა უცხო ადამიანების დახმარების სურვილი. გადაწყვეტილების მიღების პერსპექტივა აქცენტს აკეთებს ისეთ პროცესებზე, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენს გადაწყვეტილებებზე მაშინ, როდესაც ჩვენი დახმარებაა საჭირო. როდესაც დედა ცდილობს შვილი მანქანის შეჯახებას გადაარჩინოს, მას იშვიათად აქვს დრო წინასწარ დაფიქრდეს საკუთარ საქციელზე. თუმცა ბევრ შემთხვევაში, სხვების დახმარების გადაწყვეტილების მიღება საკმაოდ რთული პროცესია. გადაწყვეტილების მიღების პერსპექტივის მიედვით, დახმარება ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი გადაწყვეტს, რომ აღმოუჩინოს დახმარება სხვას და შემდეგ ახორციელებს შესაბამის ქცევას. არსებობს დახმარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესის შესაძლო ნაბიჯები:

1) საჭიროების აღქმა - ნებისმიერი პროსოციალური ქცევის პირველი მნიშვნელოვანი ეტაპია იმის შემჩნევა, რომ რაღაც ხდება და საჭიროა დახმარება. ხანდახან დახმარების საჭიროება აშკარაა, მაგალითად, ბავშვმა ფეხბურთის თამაშის დროს ხელი მოიტეხა და სასწრაფოდ სჭირდება სამედიცინო დახმარება. თუმცა, ბევრ შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღება საკმაოდ რთულია. ზოგჯერ ადამიანები სხვების დახმარებას თავს არიდებენ და ამის ერთ-ერთი მიზეზი გაურკვევლობაა. ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ როდესაც სტუდენტებს ესმოდათ უბედური შემთხვევის ხმა, კიბიდან გადმოვარდნის, ყველა მიდიოდა დასახმარებლად. იყო მეორე, გაურკვეველი სიტუაცია, სადაც სტუდენტები დარწმუნებულები არ იყვნენ, რომ გაგონილი ხმა უბედურ შემთხვევასთან იყო დაკავშირებული - დაცემის ხმა, რომელსაც არ მოსდევდა ვერბალური მინიშნება, რომ ვინმე დაშავდა. ამ შემთხვევაში, სტუდენტთა მხოლოდ 30 % ცდილობდა დახმარებას. გამოიყო 5 ნიშანი, რომელიც მიგვანიშნებს, რომ საგანგებო შემთხვევასთან გვაქვს საქმე: ა) რაღაც ხდება მოულოდნელად; ბ) მსხვერპლისთვის ზიანის მიყენების საფრთხე აშკარაა; გ) მსხვეპლისთვის მიყელებული ზიანი გაიზრდება, თუ ვინმე არ დაეხმარება; დ) მსხვერპლი უმწეოა, ე) გარკვეული ქმედითი ჩარევა შესაძლებელია.

2) პირადი პასუხისმგებლობის აღება - განვიხილოთ შემთხვევა: უცნობი ადამიანი თქვენთან ახლოს შლის შეზლონგს და რთავს პორტატულ რადიოს. რამდენიმე წუთში ჩადის წყალში, ხოლო რადიოს იქვე ტოვებს. ცოტა ხანში მოდის მეორე ადამიანი, იღებს რადიოს და მიდის. ამ ექსპერიმენტში ადამიანთა მხოლოდ 20% დაედევნა ქურდს. მეორე შემთხვევაში, როდესაც რადიოს მფლობელი, გვერდზე მყოფ ადამიანს სთხოვს, რომ მიხედოს მის ნივთებს, სანამ ის ზღვაში იქნება, 95% დაედევნა ქურდს. როდესაც ადამიანები პირად პასუხისმგებლობას გრძნობენ, ისინი უფრო ცდილობენ დახმარებას.

3) კომპეტენცია - ჩვენ მეტად ვალდებულად ვგრძნობთ თავს დავეხმაროთ ადამიანს, როდესაც გვაქვს დახმარებისათვის საჭირო კომპეტენცია. ერთ-ერთი ექსპერიმენტის დროს, კვლევის მონაწილეები იყვნენ მოწმეები, თუ როგორ დაარტყა დენმა მათთვის უცნობ ადამიანს გაუმართა ხელსაწყოსთან მუშაობის დროს (სინამდვილეში ეს ადამიანი მკვლევარი იყო). დასახმარებლად ჩაერია კვლევის მონაწილეების 90%, რომლებსაც ელექტრომოწყობილობებთან მუშაობის ფორმალური ტრენინგი ჰქონდათ გავლილი ან ჰქონდათ საკმარისი გამოცდილება. მათგან, ვისაც საჭირო უნარები არ გააჩნდათ, მხოლოდ 58% ჩაერია დასახმარებლად.


4) საფასურისა და სარგებლის შეფასება - გადაწყვეტილების მიღების პერსპექტივის მიხედვით, დახმარების გაწევამდე, ადამიანი განსაზღვრავს იმ პოტენციურ სარგებელს და საფასურს, რაც შეიძლება დახმარების გაწევასთან იყოს დაკავშირებული. ადამიანი პროსოციალურად იქცევა მაშინ, როცა თვლის, რომ დახმარების გაწევით მიღებული სარგებელი უფრო მეტია, ვიდრე დახმარების არგაწევით მიღებული სარგებელი. რაც უფრო დიდად აღიქმება საფასური, მით უფრო ნაკლებად მოსალოდნელია დახმარება. დახმარების გაწევით მიღებული სარგებელი ასევე მოქმედებს დახმარების გაწევის გადაწყვეტილებაზე. რაც უფრო დარწმუნებული ხართ, რომ კარგ საქმეს აკეთებთ, მით უფრო მოსალოდნელია დახმარება. რაც უფრო მეტად იმსახურებს ადამიანი დახმარებას, მით უფრო მეტ დახმარებას გაწევთ ამ შემთხვევაში და თავს უკეთ იგრძნობთ. ასევე, მნიშვნელოვანია იმ შედეგების განხილვა, რომელიც შეიძლება მიიღოთ დახმარების არგაწევის შემთხვევაში. გასაჭირში მყოფი ადამიანის არდახმარების შემთხვევაში, შეიძლება თავი დამნაშავედ იგრძნოთ, სხვებმა შეიძლება გულგრილ ადამიანად მიგიჩნიონ, შესაძლოა თქვენ გაქვთ იმგვარი მორალური ღირებულებები, რომელიც გასაჭირში მყოფი ადამიანების დახმარებას მოითხოვს, შესაბამისად, დახმარების არგაწევის შემთხვევაში ჩათვლით, რომ საკუთარ ეთიკურ სტანდარტებს ღალატობთ. მსგავსი აზრები გავლენას ადენს დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე. მეორე მხრივ, ზოგჯერ ალტრუისტული ქცევა უცბად და იმპულსურად ხდება. ინდივიდი, რომელიც ტბაში ბავშვის გადასარჩენად შევა, ნაკლებსავარაუდოა, რომ ზედმიწევნით აფასებს ამ ქცევასთან დაკავშირებულ საზღაურსა და სარგებელს. ასეთი ქცევები უფრო ადამიანის სიცოცხლესთან დაკავშირებული ემოციებითა და ღირებულებებით, ასევე, პირადი სიმამაცით არის განპირობებული.

5) გადაწყვეტა თუ როგორ დავეხმაროთ და დახმარება - ბოლო ეტაპია იმის განსაზღვრა, თუ რა ტიპის დახმარებაა საჭირო და როგორ უნდა მოვიქცეთ. როგორ უნდა მოიქცეთ თქვენს ეზოში წამოწყებულ ჩხუბში, ჩაერიოთ პირდაპირ თუ იმოქმედოთ არაპირდაპირი გზით და დარეკოთ პოლიციაში. უნდა დაეხმაროთ თუ არა ქუჩაში ავარიის შედეგად გულწასულ უცნობს, თუ სჯობს სასწრაფო დახმარება გამოიძახოთ? ექსტრემალურ სიტუაციებში, ხშირად, გადაწყვეტილების მიღება ხდება სტრესის მდგომარეობაში, ნაჩქარევად და ზოგჯერ შეიძლება პერსონალური ზიანიც კი მოიტანოს. დახმარების დიდი სურვილის შემთხვევაშიც კი, ზოგჯერ ადამიანს არ შეუძლია დახმარების აღმოჩენა ან რაღაც შეიძლება არასწორად გააკეთოს. გადაწყვეტილების მიღების ანალიზმა გამოკვეთა ბევრი მიზეზი იმისა, თუ რატომ ვერ ახერხებენ ადამიანები საჭირო დახმარების გაწევას. მათ შეიძლება გამოეპაროთ პრობლემა ან უმნიშვნელოდ მიიჩნიონ იგი; შეიძლება ჩათვალონ, რომ დახმარების დაკავშირებული პირადი საფასური მეტისმეტად დიდია.

0
68
შეფასება არ არის
ავტორი:თამარი ღაჭავა
თამარი ღაჭავა
68
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0