x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
აზროვნება და მისი სახეები
image

აზროვნება არის ინფორმაციის

გადამუშავების პროცესი, რომლის მიზანია პრობლემის გადაჭრა, დასკვნების გაკეთება და გადაწყვეტილების მიღება. აზროვნება კოგნიტური პროცესია, ანუ შინაგანად, გონებაში მიმდინარეობს, მაგრამ მისი შედეგი ქცევაში ვლინდება.მაგალითად, მოჭადრაკე თავის აზროვნებას ჭადრაკის ფიგურის გადაადგილებაში ავლენს. აზროვნების დროს ხდება ცოდნის გამოყენება და მანიპულირება სიტუაციის შესაბამისად.


ბარტლეტის თანახმად, აზროვნება ეხება ისეთ პროცესებს, რომლებიც უშუალო აღქმის გარეშე მიმდინარეობს.მაშინ, როდესაც თვალსაჩინო ინფორმაცია ხარვეზიანი და არასრულია, თავს იჩენს აზროვნება, რომელიც ამ ხარვეზების აღმოფხვრას ემსახურება. აზროვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია გაგების მოთხოვნილება,


რომელიც განპირობებულია რაიმე ამოცანასთან დაკავშირებული გაურკვევლობის შემცირების შინაგანი მოთხოვნილებით. პრობლემური სიტუაციის გადაჭრასთან ერთად აზროვნების პროცესიც მთავრდება.

აზროვნება იძლევა განზოგადების საშუალებას.როდესაც რაიმე მოქმედება ერთხელ უკვე გაქვს გაკეთებული მისი ხელახალი შესრულება უფრო ადვილია.მაგალითად როდესაც რაიმე ამოცანა ამოხსნილი გაქვს მსგავსი ტიპის ამოცანის ამოხსნა უფრო ადვილია.

ფსიქოლოგიურ ლიტერატურაში გვხვდება აზოვნების სხვადასხვა კლასიფიკაცია. კლასიკურ ფსიქოლოგიაში გამოყოფენ აზროვნების შემდეგ სახეებს:


1.პრაქტიკული ანუ შემოქმედებით ( ხატოვანი აზროვნება) -პრაქტიკული აზროვნების
ქვეშ იგულისხმება აზროვნების ისეთი სახე, როდესაც ამოცანის, პრობლემის გადაწყვეტა ხდება თვით მოქმედების პროცესში, ობიექტებთან რეალური მოქმედების საშუალებით.

2.ხატოვანი აზროვნება-თვალსაჩინო ხატებით აზროვნებას წარმოადგენს, როდესაც
რაიმე პრობლემის გადასაჭრელად სააზროვნო ოპერაციები ხატებზე დაყრდნობით ხორციელდება.

3.ვერბალურ–ლოგიკური აზროვნება კი ცნებებით აზროვნებას გულისხმობს.

ასევე გვხვდება აზროვნების დიქოტომიური დაყოფა.განასხვავებენ:თეორიულ და პრაქტიკულ აზროვნებას.ამ სახის კლასიფიკაციას საფუძვლად უდევს გადასაწყვეტ ამოცანათა ტიპი.


თეორიული აზროვნება - გარკვეული კანონზომიერების შემეცნება აბსტრაქტული მიმართებების დამყარების საფუძველზე.

პრაქტიკული აზროვნება - მიმართულია კონკრეტული, კერძო ამოცანების გადაჭრაზე. გადაწყვეტილება უშუალოდ მიმდინარე პროცესის სწრაფი ანალიზის შედეგად მიიღება.

ფსიქოლოგიაში ასევე მიღებულია აზროვნების ტიპების შემდეგნაირად დაყოფა: რეალისტური და აუტისტური აზროვნება.

რეალისტური აზროვნება - მიმართულია გარე სამყაროზე.იგი ემყარება ლოგიკურ კანონებს და პრობლემის გადაჭრისას მიმართავს ანალიზსა და აბსტრაქციას.ანალიზიც და აბსტრაქციაც აზროვნების ოპერაციებია.ანალიზის ოპერაცია გულისხმობს
ამოცანის ცალკეულ ნაწილებად დაშლას და მის შემადგენელ ელემენტებზე მსჯელობის უნარს.აბსტრაქცია ანუ განყენება ისეთი ოპერაციაა, რომლის დროსაც ხდება საგანთა ერთობლიობისათვის დამახასიათებელი საერთო, ზოგადი ნიშნის, თვისების გამოყოფა და ამ ნიშნების საფუძველზე ობიექტთა კატეგორიაში გაერთიანება.

აუტისტური აზროვნება - მიმართულია შინაგან სამყაროზე, პიროვნების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე, სურვილების რეალიზაციაზე.პრობლემის გადაჭრისას ეყრდნობა არა რეალურად არსებულ მიმართებებს, არამედ საკუთარ სურვილებს.

განასხვავებენ პროდუქტულ და რეპროდუქტულ აზროვნებას.ასეთი გარჩევის საფუძველია შედეგის სიახლე.

პროდუქტული აზროვნება - მისი მეშვეობით მიიღება სრულიად ახალი ცოდნა, გამოცდილება.

რეპროდუქტული აზროვნება - პრობლემის გადაჭრისას ეყრდნობა უკვე მზა ჩვევას, გამოცდილ სქემას.

განასხვავებენ: ანალიტიკურ და ინტუიტურ აზროვნებას.ამ დაყოფის კრიტერიუმია აზროვნების პროცესის დროში მიმდინარეობის ხასიათი და გაცნობიერების დონე.

ანალიტიკური აზროვნება დროში გაშლილია, ეტაპობრივად მიმდინარეობს, მეტ–ნაკლებად წარმოდგენილია ადამიანის ცნობიერებაში.

ინტუიტური ტიპის აზროვნებას ახასიათებს დროში შეკუმშულობა და მინიმალური გაცნობიერება.ინტუიტური ტიპის აზროვნების მქონე ვერასოდეს გეტყვით ზუსტად როგორ მიმდინარეობდა მისი მსჯელობა და რამ მიიყვანა პრობლემის გადაწყვეტამდე.

აზროვნების ფსიქოლოგიისადმი მიძღვნილ ლიტერატურაში გვხვდება, აგრეთვე, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება.ასეთი დაყოფის კრიტერიუმი აზროვნების პროცესის შედეგია.


შემოქმედებითი აზროვნება - ემსახურება ახალი კანონზომიერებების აღმოჩენას. მიმართულია ახალი იდეების შექმნაზე.


კრიტიკული აზროვნება - ორიენტირებულია უკვე მიღებული გადაწყვეტილებების შემოწმებასა და არსებული ნაკლოვანებების გამოვლენაზე.

0
1983
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთევან ტუხაშვილი
ქეთევან ტუხაშვილი
1983