x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134422
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
სწავლის ცნობიერებამდელი ფორმები
imageსწავლის ცნება ორი მნიშვნელობით შეიძლება ვიხმაროთ : 1)განზრახვის საფუძველზე ცოდნის შეძენა ან მოქმედების დაუფლება, სადაც სწავლა ცნობიერების დონეზე მიმდინარე პროცესია და 2) ცნობიერების მონაწილეობის გარეშე ახალი ქცევის შეძენა - შეცვლა.როდესაც ვამბობთ "ცნობიერების გარეშე", უნდა გავითვალისწინოთ ფსიქიკის განვითარების ის საფეხური, რომელზეც ცნობიერება ჯერ არ არსებობს.

ცხოველს ცნობიერება არ აქვს, მაგრამ მაინც ახერხებს გარემოსთან შეგუებას და მიზაშეწონოლი ქცევის განხორციელებას.ამაში მას ეხმარება თანდაყოლილი, ბიოლოგიურ დონეზე ფიქსირებული მეხსიერების მექანიზმები ინსტინქტებისა და უპირობო რეაქციების სახით, ხოლო მეორეს მხრივ, მეხსიერების ფსიქოლოგიური მექანიზმები, რომლებიც აფიქსირებენ ცხოველის ინდივიდუალურ წარსულს, გამოცდილების სახით აყალიბებენ მას და განსაზღვრავენ წარსული გამოცდილების მომავალ ქცევაში მიზანშეწონილ გამოყენებასა და ჩართვას.

მეხსიერების ცნობიერებამდელი გამოვლენის რამდენიმე ფორმა გამოიყოფა :

1)ინსტინქტი - მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამახასიათებელი თვისება არის მიზანშეწონილობა.იგი ქცევის მზა მექანიზმია, რომელიც გენეტიკურად გადაეცემა თაობიდან თაობას ყოველგვარი გავარჯიშების გარეშე.ინსტინქტს სტერეოტიპული ხასიათი აქვს - მას ვხვდებით გვარის ყველა წარმომადგენელთან და მკაცრად განსაზღვრულ გარემოში.


ინსტინქტური ქცევა მეხსიერებას ემყარება.ინსტინქტში შენახულია ქცევის სტრუქტურა და შინაარსი.არსებობენ ცხოველები, რომელთა ქცევაც უპირატესად და თითქმის მთლიანად ინსტინქტებს ემყარება.ეს არის მწერები და უხერხემლო ცხოველები.მათთვის გარემოსთან შესაგუებლად და თავის შესანარჩუნებლად, ძირითადად საკმარისია ქცევის ინსტინქტური ფორმები, მაგრამ ფსიქიკის განვითარებასთან ერთად, სულ უფრო იზრდება ინდივიდუალური გამოცდილების როლი და მნიშვნელობა ცხოველის არსებობისთვის.მეხსიერების ეს ფორმები და ინსტინქტები თანაარსებობენ, თანდათან კი ინსტინქტურ ქცევათა რაოდენობა კლებულობს და ადგილს უთმობს ინდივიდუალურ გამოცდილებას.


2)შეჩვევა (ჰაბიტუაცია) - იგი ინდივიდუალური გამოცდილების შეძენის მარტივ ფორმას წარმოადგენს და უკვე ფსიქიკის მატარებელ უმარტივეს არსებებთან გვხვდება.თუ რაიმე გარეშე გამღიზიანებელი ხშირად მეორდება, ორგანიზმისთვის რაიმე ზიანის მიყენების გარეშე, ხდება გამღიზიანებლის მიმართ რეაქციის შესუსტება და ბოლოს გაქრობაც.ამ მოვლენას შეჩვევა ეწოდება.მაგალითად, თუ ლოკოკინას მექანიკურად გავაღიზიანებთ, იგი თავის ნიჟარაში შეძვრება, მაგრამ თუ ამ მექანიკურ გაღიზიანებას რეგულარულად, ერთნაირი ინტერვალის დაცვით და სიძლიერით გავიმეორებთ, ლოკოკინას რეაქცია სულ უფრო და უფრო შესუსტდება და ბოლოს, მიუხედავად გაღიზიანებისა, რეაქცია აღარ ექნება და თავის ნიჟარაში აღარ შეძვრება.


3)იმპრინტინგი - იგი პირველად აღწერა კონრად ლორენცმა, იხვის ჭუკის მაგალითზე.აღმოჩნდა, რომ ახალდაბადებული იხვის ჭუკი, ნებისმიერ ობიექტს, რომელიც ჰგავს დედას, გაყვება და მისთვის ეს ობიექტი დედის "როლს" ასრულებს.ჭუკის გენეტიკურ, ბიოლოგიურ სტრუქტურაშია უკვე დაფიქსირებული გარემოსთან შეხვედრის ორიენტირები, რადგან ის მიყვება არა ყოველგვარ ობიექტს, არამედ მხოლოდ მოძრავს და მხოლოდ გარკვეული კონფიგურაციის მქონეს.

დადგენილია, რომ იმპრინტინგი ანუ აღბეჭდვა გარკვეულ სენსიბილურ პერიოდებს უკავშირდება.ამ პერიოდში ინდივიდი განსაკუთრებით მგრძნობიარეა იმ ინფორმაციის აღსაბეჭდად და ასათვისებლად, რომლიც ამა თუ იმ ქცევის თუ უნარის განვითარებას ან ჩამოყალიბებას სჭირდება.არის შემთხვევები, როგორც იხვის ჭუკის შემთხვევაში, რომ სენსიბილურ პერიოდში შეცდომასაც აქვს ადგილი, რადგან გამღიზიანებლის სქემა, მისი ძირითადი ორიენტირები დაპროგრამებულს ჰგვანან და ემთხვევიან.


მეხსიერების ცნობიერებამდელი გამოვლენის კიდევ რამდენიმე ფორმა არსებობს : კლასიკური განპირობება, ინსტრუმენტული განპირობებულობა, გონიერი სწავლა და მიბაძვით სწავლა.

0
101
2-ს მოსწონს
ავტორი:ნათია გვილავა
ნათია გვილავა
101
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0