x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
გუნება-განწყობილება და დახმარება
imageარსებობს მნიშვნელოვანი მტკიცებულება იმისა, რომ ადამიანები სხვებს მაშინ უფრო ეხმარებიან, როდესაც კარგ გუნებაზე არიან.მაგალითად, დამამშვიდებელი, წყნარი მუსიკის მოსმენის შემდეგ. დიდ სავაჭრო ცენტრში ადამიანები მეტად ეხმარებოდნენ უცნობებს, აწვდიდნენ დავარდნილ ნივთს ან უხურდავებდნენ ფულს, როდესაც გარშემო სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა – ისეთი, როგორცაა, მაგალითად, გამომცხვარი ნამცხვრის ან დაფქული ყავის სუნი.აშკარაა, რომ დადებითი გუნება-განწყობილება ზრდის პროსოციალური ქცევისადმი მზაობას.


მიუხედავად იმისა, რომ კავშირი კარგ განწყობასა და დახმარების სურვილს შორის დადგენილია, ამ კავშირის კონკრეტული მიზეზები კვლავ კვლევის საგანია. მაგალითად, გუნება-განწყობილების შენარჩუნების ჰიპოთეზის მიხედვით, დახმარებას სხვებს იმიტომ ვთავაზობთ, რომ გავიხანგძლივოთ ჩვენი პოზიტიური ემოციური მდგომარეობა. „სიკეთის კეთება“ შეიძლება დაგვეხმაროს დადებითი გუნება განწყობილების გახანგრძლივებაში. არსებობს სხვა მოსაზრება – კარგ გუნებაზე ყოფნას მივყავართ უფრო პოზიტიური აზრებისკენ. მაგრამ, მეორეს მხრივ კარგმა გუნება-განწყობილებამ შეიძლება შეამციროს დახმარებაზე მიმართული ქმედება, თუ გაწეული დახმარება გარკვეულწილად ამცირებს ადამიანის კარგ გუნება-განწყობილებას. აშკარაა, რომ კარგ გუნებაზე მყოფ ადამიანებს სურთ დადებითი განწყობის შენარჩუნება.


დახმარების გაწევაზე ცუდი გუნება-განწყობილების გავლენა უფრო რთულია და, შესაბამისად, კვლევის შედეგებიც არაერთმნიშვნელოვანია.თუ უარყოფითი გუნება-განწყობილება გვიბიძგებს, კონცენტრაცია მოვახდინოთ საკუთარ თავსა და საჭიროებებზე, ნაკლებად მოსალოდნელია რომ სხვისი დახმარება მოვისურვოთ.
თუმცა, მეორე მხრივ, თუ მივიჩნევთ, რომ სხვისთვის დახმარების გაწევამ შეიძლება გუნება-განწყობილება გაგვიუმჯობესოს, დიდი ალბათობაა, რომ სხვას დავეხმარებით.


რობერტ ჩალდინმა და მისმა კოლეგებმა შემოგვთავაზეს უარყოფითი მდგომარეობის შემსუბუქების მოდელი (Negative-State Relief Model), იმისთვის რომ აეხსნათ, თუ რატომ შეიძლება უარყოფითმა განწყობამ დახმარებას შეუწყოს ხელი. მათი აზრით,
ცუდ გუნებაზე მყოფი ადამიანები ცდილობენ გათავისუფლდნენ დისკომფორტისგან. როდესაც მიგაჩნიათ, რომ დახმარება უარყოფითი გუნება-განწყობილების გაუმჯობესებაში შეიძლება დაგეხმაროთ, მეტად სავარაუდოა, რომ გასაჭირში მყოფ ადამიანს დაეხმარებით. რა თქმა უნდა, სხვა ადამიანისთვის დახმარების შეთავაზება ხასიათის გამოსწორების მხოლოდ ერთ-ერთი გზაა და ამისთვის სხვა საშუალებებიც არსებობს – მეგობართან ლაპარაკი ან საყვარელი სიმღერის მოსმენა. უარყოფითი
განწყობა ყოველთვის არ გვიბიძგებს დახმარებისკენ.



ნამდვილად იწვევს თუ არა სხვების დახმარება გუნება-განწყობილების გაუმჯობესებას? კვლევის თანახმად, ეს შესაძლებელია. ექსპერიმენტის ფარგლებში, კოლეჯის სტუდენტებმა, რომლებსაც მიეცათ სხვისი დახმარების შესაძლებლობა, აღნიშნეს, რომ ბევრად უფრო მხიარულად და ნაკლებად სტრესულად გრძნობდნენ თავს, ვიდრე მათ, ვინც არავის დახმარებია. სტუდენტებმა, რომლებიც სხვებს დაეხმარნენ, ასევე აღნიშნეს, რომ საკუთარ თავზეც უკეთ ფიქრობდნენ (მაგალითად, მეტად კეთილშობილური
და მზრუნველი და ნაკლებად ეგოისტი და არასანდო მიაჩნდათ თავი). მოკლედ რომ ვთქვათ, სხვისთვის დახმარების გაწევა გვეხმარება როგორც გუნება-განწყობილების გაუმჯობესებაში, ასევე თვითშეფასების ამაღლებაში.

0
68
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია გვილავა
ნათია გვილავა
68
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0