x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134395
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508486
სულის შემძვრელი პოეზია
image გოდების კედელი


წვიმა აგვიანებს,
დგახარ ფანჯარასთან,
ისევ უძილო და ღამენათენები,
უკვე ოცდაექვსი წელი გადაფასდა,
სადღაც ულამაზოდ ჩანან ანტენები.

ბედი გამოსარჩევს თვითონ გამოარჩევს,
მიდი, გაუჩხირე ფილტვებს სიგარეტი,
წერე, ძარღვებიდან სისხლი ამოქაჩე.

მთელი თავის ყალბი სიგრძე-სიგანეთი
აგებს დედამიწა კედლებს გოდებიდან,
არ ღირს ეს ცხოვრება ყოფნად პურიტანულ,
ზურგზე აიკიდე შენი ცოდვები და
ერთიც არ გამოგრჩეს უფალს მიუტანე.

მიდი, გაიშიშვლე სულის ნაწილები,
ძვლებზე ჭუჭყიანი ხორცი აიკეცე,
ახლა პატრონობენ მიწას ნაძირლები,
ვერ აგიტანენ და ცაში გაიქეცი.

წერენ სირეგვნეებს ახლა არნახულებს,
გმეტობს პოეზიის ვიღაც ანთოლოგი,
შენ კი ძველებურად ნერვებს ამარხულებ
სულით შეშლილი და სისხლით პათოლოგი.

ყველა თანაგრძნობა არის სისულელე,
როცა ტკივილისგან ცაა ნაცრისფერი.
გარეთ არ გამოვლენ სახლში მისულები,

მიდი, ნუგეშია ახლა არაფერი.
მიდი, წინააღმდეგ ყველა დინებისგან,
უნდა მოდიოდე წასვლის დრო თუ არის,
მიდი, გაამტვრიე მკერდით მინები და
წითლად გადაღებე დაბლა ტროტუარი.

მიდი, წერე შენი ყველა სიგიჟიდან,
ფეხზე დაიკიდე თუ არ გაღიარეს,

მიწა მიატოვე ცამ თუ მიგიზიდა,

წვიმა? წვიმა ისევ მაგრად აგვიანებს.

გოქსუ



სადაც ყვავილები მთავრდებიან
და შენი თითები იწყებიან,
შენი თითებიდან დაწყებული,
ჩემი დაკარგული მიწებია.
არ ღირს ობლობაზე ლაპარაკი,
სულით ობლობასაც ნურვინ ტირის,
საკუთარ ძარღვებში დავწანწალებ,
ერთი უცხოელი ტურისტივით,
თანაც დაკიდებულს, საცალფეხოს,
ფართოდ ვიღიმები გულისტკივილს.
უკან ურდოები მომყვებიან
და მიტოვებული მეფეები,
როცა ყველაფერი წესრიგშია,
როცა ყოჩივარდებს ეფერები.
სხვებით სხვა მგოსნებმა გაიხარონ,
ალბათ, ჩემს გვირგვინად ეს აკურთხეს:
მთელი უშენობის მფლობელი ვარ,
დიდი დანაკარგის მესაკუთრე.

არა მეგობარო


არა, მეგობარო, აქ უარესია,
აქ დაიკარგება იმედი, ნიჭი.
აქ ქრება ოცნება, ოცნება – მესია,
ღვინით და თუთუნით სიმშვიდეს ვიმკით.

არა, მეგობარო, არა ღირს ცხოვრება,
არა ღირს ცხოვრება, რომც იყო ქრისტე,
არა ღირს ნუგეში თუ ყულფის მორგება,
არა ღირს!.. არა ღირს!.. რა გითხრა კიდევ.

არა, მეგობარო, არა ღირს ღიმილი,
მე ვიცი, ღიმილსაც დაახრჩობს ბოღმა,
არა ღირს, იცხოვრო ღმერთივით, ვირივით,
არა ღირს, იცხოვრო ფხიზელმა, ლოთმა.

არა, მეგობარო, არა ღირს სიმშვიდე,
არა ღირს იყვირო, გაჩუმდე მორცხვად,
არა ღირს სიხარულს, სიყვარულს იმკიდე,
ტალახში გასვრიან სიწრფელეს როცა.

არსებობს წამება, წამების სიჩქარით
შენს ხსოვნას ვაჩუქე ერთ-ერთი წამი,
უაზროდ, ტკივილით რაღაცა გითხარი
უშენო, თოვლიან, ყინვიან ღამით.

არა, მეგობარო, აქ აღარ დაბრუნდე,
აქ გაგეფანტება ოცნების ნიჭი,
ოცნება დაალპეს, წაბილწეს, გაქურდეს,
ცრემლსაც კი დაკარგავ ლამაზი ბიჭი.

მისი თითები


ისევ არეული დამაქვს ნაბიჯები,

შარვალს ცარილი ჯიბე გამოჩრია,

ისე მომყვებიან ზურგში ნაბიჭვრები

ვხვდები თუ დავეცი ყელსაც გამომჭრიან,

მაგრამ არაფერი სხვა რა მედარდება

მაინც რანაირად ყოფნა დავიჩემე,

დღეში თითო დარდი მაინც მემატება,

ყელში ამოვიდა ჰოდა დავიჯერე

რომ ამ ცხოვრებაში თუა გადარჩენა

ჩემთვის მხოლოდ მისი თბილი თითებია,

მხოლოდ მისმა თბილმა სუნთქვამ დამაჯერა

ჩემი თვალები რომ ისევ ინთებიან,

ჰოდა მოდით ძმებო თავი დაბანებეთ,

თქვენი წიაღსვლები თქვენთვის დამითმია,

მეკი მას მოვძებნი მთელი გამალებით

სულში ახლა ისევ ფეთქავს არითმია,

რომ დროს მგონი ყველა რამსი აერია,

ვეღარ დამეწევა უკან ბარეორი,

ახლა ეს ცხოვრება ჩემთვის ჰაერია,

მხოლოდ ნაბიჯიმაქვს ისევ არეული

4
225
8-ს მოსწონს
ავტორი:მთვრალი12
მთვრალი12
225
  
2016, 26 მაისი, 23:14
მომეჩვენა, რომ ავტორი დიდი ტკივილით სავსეა ... ,,არ ღირს ცხოვრება, რომც იყო ქრისტე,,... მომეწონა და ვეთანხმები, სამწუხაროდ((
2016, 25 მაისი, 16:52
მადლობა მეგობრებო,მიხარია რომ მოგეწონათ
2016, 25 მაისი, 16:51
კარგია
2016, 25 მაისი, 14:23
კარგია ჩემო მეგობარო
0 1 4