x
პროფესიული გადაწვა

image პროფესიული გადაწვა არის ემოციური გადაღლილობისა და გამოფიტულობის
ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ტერმინი "ბურნოუტ" (ემოციური გადაწვა)
შემოტანილია ამერიკელი ფსიქიატრის ფრეიდენბერგერის მიერ 1974 წელს იმ
ჯანმრთელი ადამიანების ფსიქოლოგიური მდგომარეობის დასახასიათებლად,
რომლებიც პროფესიონალური დახმარების დროს იმყოფებიან კლიენტებთან
ინტენსიურ, მჭიდრო ურთიერთობებში ემოციურად დატვირთულ ატმოსფეროში.
პროფესიული გადაწვის ფენომენი რა თქმა უნდა მარტო შუა მოზრდილობის პერიოდში არ გვხვდება, თუმცა ტიპური სწორედ ამ დროისთვისაა. ყველაზე ხშირად ასეთი სიმპტომი გვხვდება ასე ვთქვათ „დამხმარე პროფესიის“ ადამიანებს შორის. სოც მუშაკები, მასწავლებლები, ძიძები, მომვლელები, პოლიციელები და ზოგადად, ისეთი
პროფესიის ადამიანები, რომლებიც ახლო კონტაქტში არიან საკუთარ
კლიენტებთან, ხშირად დაძაბულობისა და გადატვირთულობის გამო მიდრეკილნი
არიან პროფესიული გადაწვისამდი.

სხვა განმარტების მიხედვით, პროფესიული
გადაწვა შეგვიძლია დავარქვათ მდგომარეობას, როდესაც ადამიანი ძალიან ბევრს
მუშაობდა რათა მიეღწია პრაქტიკულად მიუღწეველი მიზნისადმი და
წარუმატებლობა განიცადა. გარდა ამისა, პროფესიული გადაწვის რისკის ქვეშ
არიან ის ადამიანები, რომლებიც დაბალანაზღაურებად თანამდებობებზე მუშაობენ
და მუშაობის პროცესში არ აქვთ საშუალება გამოთქვან უკმაყოფილება მათდამი
დამამცირებელი მოპყრობის შესახებ.
საერთოდ, ადამიანები, რომლებიც დამხმარე პროფესიებზე მუშაობენ და აწუხებთ პროფესიული გადაწვა, იდეალისტები არიან. მათ აქვთ მაღალი მოტივაცია და პროფესიონალიზმის მაღალი დონე. გადაწვის მიზეზი კი ის არის, რომ ისინი ხვდებიან, რომ თავიანთი საქმიანობით იმ ცვლილებებს ვერ განახორციელებენ, რომლებიც სურდათ.


ადრეული ნიშნები, რომლითაც შეიძლება პროფესიული გადაწვის საწყისი პერიოდი
ამოვიცნოთ, არის: გახშირებული სიბრაზე, ფრუსტრაცია და სასოწარკვეთილება.
სამუშაო მათთვის არის რთული ტვირთი, რომლის ზიდვაც ნელ-ნელა რთულდება.
„გადამწვარმა“ ინდივიდმა შეიძლება არ გამოავლინოს ასეთი გრძნობები იმ
ადამიანებთან, რომლებსაც ეხმარება ან სრულებით გამოეთიშოს ემოციურ
ურთიერთობებს და განყენებული, ცივი პოზიცია დაიჭიროს მათთან
ურთიერთობისას. ამას გარდა სიმპტომებად შეიძლება ჩაითვალოს: ფიზიკური
გადაღლილობის შეგრძნება, ფსიქოსომატური დაავადებები, სამუშაოს შესრულების
დონის დაქვეითება, გონება გაფანტულობა. გადაწვის ძირითადი მიზეზი არის
ის, რომ მაღალი მოთხოვნების და რთული სამუშაოს შესრულებისას, მომუშავეები
არ იღებენ საკმარის ჯილდოს საკუთარი შრომისათვის. აქედან გამომდინარე,
პროფესიული გადაწვა არ არის ინდივიდის პიროვნულ თვისებებზე ან
არაპროფესიონალიზმზე დამოკიდებული, არამედ ის არის იმ სამუშაო გარემოს
პრობლემა, რომელშიც ინდივიდი მოღვაწეობს, კერძოდ კი დამსაქმებელი
ორგანიზაციის. მეორე მიზეზი კი ის არის, რომ ხშირად, შრომით პროცესში
ინდივიდი აცნობიერებს რომ ის პრობლემები, რომლებსაც ებრძვის გადაუჭრელი ან
ძალიან რთულად გადაჭრადია. სიღარიბე, ოჯახური ძალადობა, ნარკომანია,
ავადმყოფობა და პროფილაქტიკა - ეს ყველაფერი რთულად შეცვლადი და გადაჭრადი
პრობლემებია. სიტუაციას ართულებს ისიც, რომ ის ადამიანები, რომლებსაც
მომუშავე უნდა დაეხმაროს, ხშირად უარს ამბობენ დახმარების მიღებაზე.
დამატებითი პრობლემა შეიძლება შეიქმნას მაშინ, თუ მომუშავე იძულებულია
შეავსოს ბლანკები და ოფიციალური ქაღალდები დიდი რაოდენობით მაშინ, როცა ეს
დრო შეეძლო ხალხის დახმარებაზე დაეხარჯა.

პროფესიული გადაწვის პრობლემის აღმოფხვრა შეუძლებელია თვითონ სამუშაო
სტრუქტურის ცვლილების გარეშე, ამიტომ მომუშავეებმა თვითონვე უნდა სცადონ
ხერხების გამოძებნა, რათა ეს მომენტი თავიდან აიცილონ. ამისათვის საჭიროა
რეალისტები ვიყოთ სამუშაოსადმი მიდგომაში, ვეცადოთ რომ დავისახოდ
შესრულებადი მიზნები, ხშირად შემოვიტანოთ ცვლილებები სამუშაო პროცესში.
აუცილებელია განცალკევდეს სამუშაო და ცხოვრების სხვა ასპექტები
ერთმანეთისგან, მაგალითად, სამუშაოზე არსებული პრობლემები არ
გადმოვიტანოთ პირად ცხოვრებაში. გარდა ამისა, დამხმარე ფაქტორია სამუშაოს
გარეთ არსებული ინტერესები, მაგალითად ჰობი ან მოხალისეობრივი
ასოციაციები.

0
79
შეფასება არ არის
ავტორი:მარი ხარშილაძე
მარი ხარშილაძე
79
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0