x
აღზრდის სტილის გავლენა თვითშეფასების ჩამოყალიბებაზე
imageბავშვის აღზრდა ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეა ოჯახისთვის. აღზრდაზეა დამოკიდებული როგორ პიროვნებად ჩამოყალიბდება ბავშვი, რა თვისებები, რა ინტერესები ექნება მას, ცხოვრების როგორ გზას აირჩევს იგი.იმ ფაქტორთა შორის, რომლებიც განსაზღვრავს პიროვნების ფორმირებას, თვითშეფასებას განსაკუთრებული ადგილი უკავია. ის, თუ როგორი პიროვნება დადგება ამა თუ იმ ბავშვისგან მომავალში, მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული იმაზე, როგორი თვითშეფასება გამოუმუშავდება მას.



სპეციალისტები დიდი ხნის წინ შეთანხმდნენ, რომ ბავშვის აღზრდის ერთიანი რეცეპტი არ არსებობს. თუ ერთი სტილი კონკრეტული ბავშვისა და მშობლებისთვის მისაღებია, იმავე მეთოდს სხვა ოჯახში ვერ დანერგავ, რადგან ზრდასრულების მსგავსად ბავშვებიც უნიკალური ინდივიდები არიან. თუმცა ამის ფონზე მაინც არსებობს გარკვეული დიფერენცირება.ფსიქოლოგები ოთხ ძირითად სტილს გამოჰყოფენ:
ავტორიტარულს, ავტორიტეტულს, ლიბერალურსა და გულგრილს.

ავტორიტარული


როგორც სახელწოდებიდანაც ვხვდებით, ეს არის აღზრდის მკაცრი და ხისტი სტილი.
ამ სტილის მიმდევარ მშობლებს ჩამოყალიბებული სადამსჯელო სისტემა გააჩნიათ და მუდამ უპირობო მორჩილებას ითხოვენ. ფიზიკური აგრესია მათთვის უცხო
არ არის და, ამავდროულად, დასჯის მიზეზის ახსნისთვისაც არ იწუხებენ თავს.ასეთი
მშობლების დევიზია: იმიტომ, რომ მე ასე ვთქვი!და მათ შვილებსაც ყველაზე მეტად სწორედ ეს ფრაზა ესმით. სპეციალისტების გამოკვლევის შედეგად დამტკიცდა, რომ ავტორიტარული აღზრდის მეთოდს, უმეტესად, დაბალი სოციალური ფენის ოჯახებში იყენებენ, როდესაც მშობლებს ყველაზე მეტად შემოსავლის საკითხი აღელვებთ.ამავე სპეციალისტების დასკვნით კი დასტურდება, რომ ავტორიტარულ ოჯახებში
აღზრდილი ბავშვები უხასიათო, ზედმეტად ჭირვეული და სუსტი ნებისყოფის არიან.

ავტორიტეტული

აღზრდის ამ სტილს დემოკრატიულსაც უწოდებენ.დემოკრატიული აღზრდის სტილის მიმდევარი მშობლები კარგად იცნობენ შვილებს, არ ეზარებათ მათი პრობლემების მოსმენა და მხარდაჭერა, შვილებს დამოუკიდებლად განვითარების საშუალებას აძლევენ. ასეთ ოჯახებში იდილია სუფევს, შვილი ენდობა მშობელს, შესაბამისად, მშობელმა ყოველთვის იცის როდის უჭირს, რა პრობლემები აქვს და რა მხრივ სჭირდება დახმარება.

ლიბერალური


ის ოჯახები, რომლებიც ლიბერალურ სტილს იყენებენ ბავშვების აღსაზრდელად, ყველაზე მეტად აფასებენ ბავშვის ავტონომიურობასა და თავისუფლებას.მინიმალურია დასჯის შემთხვევები და არც მკაცრი კანონები მოქმედებს.როგორც წესი, ლიბერალური მშობლების შვილები ბედნიერები, ლაღები და მხიარულები არიან, თუმცა თვითკონტროლისა და თვითდაჯერების ხარისხი დაბალი აქვთ.


გულგრილი

ეს ის შემთხვევაა, როდესაც შვილებსა და მშობლებს შორის ემოციური კავშირი მინიმუმამდეა დაყვანილი.გულგრილი მშობლები ნაკლებად ღელავენ შვილების მომავალზე და შესაბამისად მათგანაც არაფერს ითხოვენ.მსგავსი დამოკიდებულება


შვილებსა და მშობლებს შორის დიდ უფსკრულს წარმოშობს, ისინი კარგავენ კომუნიკაციას, სულიერ კავშირს.ამ მეთოდით აღზრდილი ადამიანები ფსიქოსოციალური პრობლემების მქონე პიროვნებებად ყალიბდებიან, სოციალურად ნაკლებად აქტიურები არიან და განსაკუთრებულ წარმატებასაც ვერ აღწევენ.


რა არის თვითშეფასება?

თვითშეფასება არის ადამიანის მიერ საკუთარი პიროვნების შეფასების
უნარი, მისი დამოკიდებულება საკუთარი შესაძლებლობებისადმი, პიროვნული თვისებებისადმი, გარეგნობისადმი. ნებისმიერ ჩვენგანს გარკვეული თვითშეფასება აქვს და ჩვენი ქცევა ძირითადად ჩვენივე თვითშეფასებით არის ნაკარნახევი. თვითშეფასება შეიძლება იყოს ადეკვატური და არაადეკვატური. არაადეკვატური თვითშეფასება, თავის მხრივ, არაადეკვატურად მაღალი ან დაბალია.

არაადეკვატურად მაღალი თვითშეფასება

არაადეკვატურად მაღალი თვითშეფასების მქონე ბავშვი გაზვიადებით აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს, რის გამოც სისტემატურად განიცდის მარცხს, ხშირად მოსდის კონფლიქტი ირგვლივ მყოფებთან. ყოველივე ამის გამო ირღვევა ბავშვის პიროვნების განვითარების ჰარმონიულობა. განსვლა ბავშვის თვითშეფასებას, პრეტენზიების
დონესა და მის რეალურ შესაძლებლობებს შორის ხშირად იწვევს მწვავე ემოციურ განცდებს. სხვადასხვა ბავშვი სხვადასხვანაირად რეაგირებს იმ დაბრკოლებებზე, რომლებიც ხვდება საკუთარი შესაძლებლობების არაადეკვატური შეფასების გამო.


არაადეკვატურად დაბალი თვითშეფასება

არაადეკვატურად დაბალი თვითშეფასების შემთხვევაში ბავშვი სათანადოდ არ აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს.ასეთი თვითშეფასების მქონე ბავშვისთვის დამახასიათებელია გაუბედაობა, საკუთარ თავში დაურწმუნებლობა, შემართების უქონლობა, რის გამოც განვითარების პროცესში შესაძლოა სრულად ვერ გამოამჟღავნოს საკუთარი შესაძლებლობები, ვერ მოახდინოს მათი სრული რეალიზება.თუმცა უმეტესად ყოველგვარი მონაცემი აქვს აღნიშნულ საქმიანობაში წარმატების მისაღწევად.


ადეკვატური თვითშეფასება


ადეკვატური თვითშეფასება ბავშვს უყალიბდება მაშინ, როდესაც აღმზრდელები ადეკვატურად აფასებენ მის შესაძლებლობებს. ადეკვატური თვითშეფასება, თავის მხრივ, თვითრწმენის, თვითკრიტიკულობის, მომთხოვნელობის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.


სხვადასხვა კვლევის შედეგებიდან გამომდინარე დგინდება, რომ ავტორიტეტულ ოჯახში აღზრდილი ბავშვები გამოირჩევიან თვითშეფასების უფრო მაღალი დონით,
ვიდრე გულგრილ და ავტორიტარულ ოჯახში აღზრდილი ბავშვები.ისინი არიან ჰარმონიულები, კომუნიკაბელურები და მიზანმიმართულები.შეუძლიათ გარკვეულ სიტუაციაში აკონტროლონ საკუთარი ქცევა და ემოციები, მოერგონ სიტუაციას, გამოთქვან საკუთარი სურვილები და გამოხატონ ემოციები. ამიტომ ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ ბავშვის აღზრდა მოხდეს ავტორიტეტული სტილით, რის შედეგადაც ჩამოუყალიბდება ადეკვატური თვითშეფასება, რაც უმნიშნელოვანესი კომპონენტია ბავშვის თვითდამკვიდრებისთვის საზოგადოებაში.

0
159
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთევან ტუხაშვილი
ქეთევან ტუხაშვილი
159