x
კარენ ჰორნი და ქალის ფსიქოლოგია

image
ჰორნის სახელს ფემინიზმის პოლიტიკისა და თეორიის შექმნას უკავშირებენ ხოლმე. ჰორნის თეორიები სქესის ფსიქოანალიტური გაგების გადასინჯვისა და სქესის საკითხში ფსიქოანალიტური დისიდენტობისთვის თავდაპირველ ბაზას წარმოადგენს. მისი იდეები წლების მანძილზე იყო იგნორირებული, თუმცა, ძალზედ აქტუალურია დღესდღეობით.
1922-იდან 1937 წლამდე მან დაწერა 14 ნაშრომი, რომელიც გააერთიანა ერთ წიგნში, რომლის სათაურია „Feminine Psychology“, ანუ ქალის ფსიქოლოგია. როგორც ქალი, ჰორნი გრძნობდა, რომ ქალის ქცევის ტენდენციები არასწორად იყო გაგებული. ჰორნი ცდილობდა ეჩვენებინა, რომ გოგონებსა და ქალებს თანდაყოლილი დამახასიათებელი ბიოლოგიური კონსტიტუცია და განვითარების პატერნები გააჩნიათ, რომელიც ქალის პოზიციიდან გამომდინარე უნდა იქნას გაგებული და გაცნობიერებული და არა მარტო, როგორც მამაკაცებთან შედარებით ქალთა არასრულფასოვნების წარმოებული ან/და როგორც მამაკაცისგან ქალის განსხვავებულობის შედეგი. ჰორნი ამტკიცებდა, რომ ფსიქოანალიზი მამაკაცური დომინანტის ნიშნის მქონე კულტურაშია შექმნილი და მამაკაცური გენიის (ფროიდი) პროდუქტია, რომელიც ქალებს უბრალოდ არასრულფასოვან მამაკაცებად მიიჩნევს. ქალის შესახებ მამაკაცთა მოსაზრება ფსიქოანალიტური თეორიის ნაწილია და მოწოდებულია, როგორც მეცნიერული წარმოდგენა ქალის ბუნებაზე.
ჰორნი თვლიდა, რომ მან დაამტკიცა, რომ კულტურები და საზოგადოება უბიძგებს ქალებს, იყვნენ დამოკიდებულნი კაცებზე მათი სიყვარულის, პრესტიჟის, სიმდიდრის, ძალაუფლების, სამსახურის და მფარველობის გამო. მან აღნიშნა, რომ საზოგადოებაში ჩანს კაცისთვის თავის მოწონების და მისთვის გადაჭარბებულად მაღალი შეფასების მიცემის ტენდენცია. ქალები აღიქმევიან, როგორც სილამაზისა და მომხიბვლელობის ობიექტები, რაც ეწინააღმდეგება ყოველი ადამიანის თვითაქტუალიზაციის ცხოვრებისეულ მიზანს. ჰორნის მიხედვით, ქალები საზოგადოების მხრიდან დაფასებას მხოლოდ შვილებისა და დიდი ოჯახის ყოლის მეშვეობით ახერხებენ. ამ თემას იგი თავის სტატიაში შეეხო, რომლის სათაურიცაა „უნდობლობა სქესებს შორის“. ამ სტატიაში იგი ერთმანეთს ადარებს ცოლ-ქმრის ურთიერთობას მშობლისა და შვილის ურთიერთობას. მისი განსაკუთრებული ნაშრომი „მონოგამიური იდეალის პრობლემა“, როგორც მისი სხვა 6 ნამუშევარი დაფუძნებული იყო ქორწინებაზე. მისი ესეში სათაურით „დედობრივი კონფლიქტები“, იგი შეეცადა ნათელი მოეფინა იმ პრობლემებისთვის, რომლებსაც დედები აწყდებიან მოზარდების აღზრდის პროცესში.
ჰორნი თვლიდა, რომ ქალსაც და მამაკაცსაც პროდუქტიულობისკენ აქვთ მისწრაფება. ქალები ამ სურვილს იკმაყოფილებენ ორსულობით და შვილის გაჩენით. კაცები კი ამ სურვილს ექსტერნალური გზებით იკმაყოფილებენ. იგი ასკვნის, რომ მამაკაცებს შურთ ორსულობის, შვილის გაჩენის უნარისა და დედობის; შურთ ქალის მკერდისა და წოვის პროცესის. მათ უჩნდებათ ქალის ღირებულების დამცირების არაცნობიერი სურვილი, მამაკაცური შემოქმედებითი იმპულსი კი შთამომავლობის გაგრძელების პროცესში მათი მცირედი როლის ზეკომპენსაციაა. საშვილოსნოს შური მამაკაცებთან უფრო ძლიერია, ვიდრე ე.წ. პენისის შური ქალებში, რადგანაც მამაკაცებს გაცილებით მეტად ესაჭიროებათ ქალის ღირებულების დამცირება, ვიდრე ქალებს _ მამაკაცის როლის.
ჰორნი არ უარყოფდა, რომ ქალებს ხშირად შურთ მამაკაცების და უკმაყოფილონი არიან თავიანთი ქალური როლით. მის მრავალ ესეში აღწერილია მასკულინობის კომპლექსი (masculinity complex), რომელიც ადლერისეულ მასკულინურ პროტესტს ჰგავს. ჰორნიმ ეს კომპლექსი შემდეგნაირად განმარტა: “ეს არის გრძნობათა და ფანტაზიათა ერთობლიობა, რომელიც უვითარდება ქალს დისკრიმინაციის შეგრძნების საპასუხოდ; ეს არის მამაკაცისადმი შური, მამაკაცად ყოფნისა და ქალური როლისგან თავის დაღწევის სურვილი”. თავდაპირველად კარენს სხვა პოზიცია ჰქონდა. მას მიაჩნდა, რომ ქალთან აუცილებლად ყალიბდება მასკულინობის კომპლექსი ოიდიპოსის კომპლექსის შედეგად წარმოქმნილი ბრალეულობის განცდისა და შფოთვისგან თავის დაღწევის მოთხოვნილების გამო. შემდეგ იგი მივიდა დასკვნამდე, რომ ეს კომპლექსი სულაც არ არის გარდაუვალი; რომ ეს არის მამაკაცური დომინანტის მქონე კულტურის პროდუქტი და ამა თუ იმ ოჯახური პირობების შედეგი.
ჰორნი იმ დონეზე ავითარებდა მის იდეებს, რომ 1946 წელს წიგნიც კი გამოსცა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ის ქალები და კაცები, რომლებიც განიცდიან ნევროზებს მსუბუქი ფორმით, შეუძლიათ იყვნენ საკუთარი თავის ფსიქოანალიტიკოსები. იგი მუდმივად უსვამდა ხაზს, იმას, რომ საკუთარი თავის შეცნობა არის გაუმჯობესების, გაძლიერების, გამდიდრების ერთ-ერთი მთავარი საშუალება.

0
623
2-ს მოსწონს
ავტორი:ნინო არჯევანიძე
ნინო არჯევანიძე
623
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0