x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
გლდანის პატიმრის დღიური (გაგრძელება)

image

დღეს მარიამობაა,
ჩვეულებრივი დღეებისგან ეს დღე ერთაერთი რამით განსხვავდება, ყველა კამერას სანთლები
და ხატები დაურიგეს, პატრიარქისგან საჩუქრად. და მენიუში შეიტანეს პატარა ცვლილება, ქათმის ბულიონთან ერთად ხორცი ყველა პატიმარს შეახვედრეს. სხვა არაფერია განსხვავებული, დღესაც გინება, დღესაც ცემა, შეურაცხყოფა და სულში ჩაფურთხება. დღესაც დავეშებული ფორმიანები.
ბიჭები ამბობენ, რეჟიმის სასტავი თუ მთვრალი მოვიდა დღეს ცუდი ამბები დატრიალდებაო, საბედნიეროდ არაფერი მომხდარა განსაკუთრებული.




სიზმარში თითქოს თავისუფლებაზე ვიყავი, ოღონდ თითქოს დროებით, სულ ასე მესიზმრება, ცუდ ხასიატზე გამეღვიძა, დღეს მთელი დღე ალბათ ასე ვიქნები. ხვალ ხომ ბოლო სასამართლო, მაქვს. სასამართლო რომელიც ზუსტად ვიცი რომ წელიწადნახევრით გამომკეტავს ამ საკანში. ხვალინდელი დღის მოლოდინში ერთადერთი შვება ისაა, რომ დარეკვის, წერილის გაგზავნის და პაემანის უფლება მექნება. ჩემებს დაველაპარაკები და გავიგებ სახლის ამბებს. ვიცი რომ დედოფლისწყაროში, (ელდარში), რომ პატარა ნაკვეთი გვქონდა ის გაყიდა დედაჩემმა, კიდევ, სახლშიც რაც რკინის მასალა იყო ყველაფერი და მოაგროვა სამი ათასი ლარი საპროცესოსთვის. თან ყოველკვირა აქ მირიცხავს ფულს, ვიცი მზია და გოგი ეხმარებიან. საჭმელი მოვიდა, პირს არაფერს ვადებ, არ მშია, არ მინდა, უკვე აღარაფერი მინდა, ბოლო წასვლა იქნება, ხვალ ჩემს ქალაქში. და მერე გრძელი ერთი წელი. დღეს კი ინდოელს აქვს სასამართლო, მასაც ბოლოჯერ და ზუსტად იცის წელიწადს მიუსჯიან. ზონაზეც მალე გადაიყვანენ. უკვე შვიდი თვეა აქ ზის. რადიოში, თუშური გარმონი, და ლელა თათარაიძეს, საოცრად განსხვავებული, ნაცნობი და უსაყვარლესი ხმა გაისმა, მონუსხული ვუსმენდი და როცა დასრულდა, ცრემლები თურმე ანაზდად თავისით წამოვიდა თვალებიდან. საკუთარი თავი სისუსტეში დავიჭირე, დავიჭირე და შემოვულაწუნე.ამის უფლება არ მაქვს. რეჟიმზე ფიქრმა წამართვა თავი. გამახსენდა როგორ არ დაინდო ოცდამეერთე საუკუნის ჰიტლერმა, საკუთარი პირადი ფოტოგრაფები, ჯაშუშობა დააბრალა, დიდი ამბებია და ამბობენ გაანთავისუფლებენო. დავფიქრდი და ფაშისტურ რაიხსტაგსა და დემოკრატიის შუქურა ავლაბრის რეზიდენციას შორის საოცარი მსგავსება ვიპოვე. დავიჯერო, თავიდანვე გვამცნო სააკაშვილმა რომ ჰიტლერული იდეოლოგიით მოდიოდა? ალბათ ასეა, მაგრამ ვარდების სურნელით
გაბრუებულმა საზოგადოებამ ეს ვერ შეამჩნია, ამანაც, „სვასტიკა“ -ს ადგილას, საქართველოს გერბი მიაკრა და ნელ ნელა დაემსგავსა ადოლფს.


image
ისევ დილის 6, ისევ
ჩხრეკა, ფუქსები, „ვარონკა“, თეთრწყლები, შუამთა,
თელავი, სასამართლოს მყრალი საკნები, დარბაზი, პროკურორი, ადვოკატები, მოსამართლე, დედაჩემი,
ჩემი და.


განსხვავება, მოსამართლის
უსამართლოდ დარტყმული ჩაქუჩი და წელიწადნახევრიანი დაშორება ყველასთან და ყველაფერთან.
მეც და დათოც, გლდანში დაგვაბრუნეს. კამერაში მისულსბიჭებმა საჭმელი დამახვედრეს, არ
მიჭამია, რატომღაც არ მინდა, ცოტა ხანს ვიწრიალე, მივდექი მოვდექი, მერე დავჯექი მაგისთან
კალამი და ფურცელი ავიღე და წერა დავიწყე.





ფერადი ფოთლების ზვინი ქარმა,


ცაში ასწია და აურია,


ადამიანს ასე რომ ენდობი,


იქნებ ეს დანაშაულია.





წვიმა წამოიწყო უცებ თავსხმა,


ჭექის და ქუხილის ხმაურია,


ადამიანს ასე რომ აფასებ,


იქნებ ეს დანაშაულია.





ქარი შეერია წვიმას მძლავრად,


შორს მთებში, ნასეტყვი აულია,


თუკი სითბოს სჩუქნი უზარმაზარს,


იქნებ ეს დანაშაულია.





ამინდი ჩამოდგა საოცარია,


ელიას კარეტით გაუვლია,


თუკი შეგიყვარდა უცაბედად,


იქნებ ეს დანაშაულია.





გარეთაც და გულშიც ავდარია,


ჭექის თუ გულისცემის ხმაურია,


დღეს შენ ცოცხალი ხარ თუმცა ფიქრობ,


იქნებ ეს დანაშაულია.





თავისით დაიწერა,
როგორც ყველა ლექსი, სულმოუთქმელად, გულიდან,
პირდაპირ ფურცლებზე დაიღვარა. „ლარიოკის“ (აქ ასე ეძახიან მაღაზიას), სია დავწერეთ.
დღეს პირველად ჩავწერე სიაში ტელეფონის ბარათი ჩემთვის. რამდენიმე დღეში განაჩენი მოვა
და მერე დავრეკავ, წერილს გავაგზავნი და პაემანიც მექნება. შუაღამისას ისევ ატყდა გინება,
ისევ ატყდა საკეტის ჩხრიალი, ისევ ისმის კაცების შემზარავი ბღავილი. და ასე საათის
შემდეგ მიწყნარდა ყველაფერი.

0
272
შეფასება არ არის
ავტორი:ერეკლე ცოცანიძე
ერეკლე ცოცანიძე
272
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0