x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
გლდანის პატიმრის დღიური 7-9 ივლისი

image


დღეს რამაზის წერილი
მოუვიდა სახლიდან. მთელი საათი უყურებდა. კითხულობდა, როგორც მივხვდი რამოდენიმეჯერ
გადაიკითხა და პასუხის დაწერა დაიწყო. რამაზი მაგრად ხატავს. ხშირად ამბობს, ეს სასჯელი
ჭკუის სასწავლებელია ჩემთვისო. ალალი ბიჭია. მუშაობდა, კარგი შემოსავალი ჰქონდა. მერე ძმაბიჭებს აჰყოლია და ნარკოტიკი გაუსინჯავს. ერთხელ, ორჯელ, სამჯერ, მეოთხედ აფთიაქის
კართან პოლიცია დახვედრია, ჩამოურთმევია წამლები რაც ამ საზიზღარი სითხის დასამზადებლად არის საჭირო და გაუშვია. წერამ აიტანა ეტყობა, ახლა სხვა აფთიაქში მისულა და თუ სწორად მახსოვს, ვერც მოუსწრიათ გაკეთება, პოლიცია რომ დაადგათ. მე მეტჯერ აღარ გავაკეთებო ამ სისულელეს.


მეც ავიღე კალამი
და ფურცელი. ავიღე და დავწერე


დაიღალა ჩემი სული,

სად წავიღო ხორცი,

აღარა მაქვს ნებისყოფა,

არც ნერვები მოცდის.

როცა გტკივა, გინდა სითბო,

როცა გასცემ უხვად,

როცა გინდა მზემ ხეს უთხრას,

როგორ ძლიერ უყვარს.

როცა გინდა გვერდში გყავდეს,

მეგობარი ერთი,

როცა გშია სიყვარული,

და სინაზეს ეტრფი.

როცა უკვე აღარ იცი,

რა და რატომ ხდება,

როცა არ სჭრის აღარც ფიცი,

გამქრალია ვნებაც.

იტყვი ფიცი მაინც მწამსო,

თუმც მაკვირვებს ბოლო,

როცა სიტყვას მართალს ითხოვ,

სიტყვას მართალს მხოლოდ.

ისევ გათბობს თვალთა მზერა,

ვეღარ ხედავ მზის სხივს,

როცა ხვდები კარგავ ძვირფასს.

უმისობა გიჭირს.

ყველაფერი როცა ასე აიკრიფა მძივზე.

მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობ,

ცის ბინადრად იქცე.





ზუსტად ასეთია ამ წუთებში ჩემი სულიერი
მდგომარეობა. ერთი რამის მეშინია. მოვახერხო
და არ შევიშალო. ეს არის ჯოჯოხეთი დედამიწაზე.





რამოდენიმე კვირამ გაიარა, მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა დღეს ისევ სასამართლო
მაქვს. ისევ ჩავედით, ისევ დედაჩემი, ახლა უკვე ჩემი დაც, რამოდენიმე ნაცნობი სახე.
ისევ გადაიდო, რას შვრებიან მეთქი ვკითხე ადვოკატს, წელიწადნახევარს ითხოვენ, ჩვენ
ყველაფერს ვაკეთებთ რომ ამდენი ხანი არ მოგიწიოთ მანდ ყოფნაო, მითხრა ირმამ. საღამოს რადიოში მოვუსმინე, თელავის ცენტრში ძველი თეატრი, თურმე რეაბილიტაციას შეეწირა. გული დამწყდა, თვალწინ გამიელვა ბავშვობის წლებმა, რომელიც ამ კედლებში გავატარე, სხვადასხვა ღონისძიებებში ვიღებდი მონაწილეობას. თელავი საქართველოში, უძველესი თეატრით ამაყობს. თეატრის პირველი
დასი, კრწანისის ბრძოლას შეეწირა, ერეკლეს მეომრები იყვნენ. ბრძოლით დაღლილ ჯარს ამხნევებდნენ თავისი სიმღერით. სწორედ ასეთი კულტურის მქონე ქალაქში დაუნგრევიათ ძველი თეატრის შენობა. ამ კედლებში დღეს უკვე კულტურის სახლი ფუნქციონირებდა. რადგან თელავის თეატრს ულამაზესი შენობა აქვს. ნუ როგორც ხდებოდა, გაყიდეს დაანგრიეს და ვინ იცის რა დამხვდება იმ ადგილას მას შემდეგ როცა მშობლიურ ქალაქს დავუბრუნდები. ეს დღეც გაილია. შემდეგი და ალბათ საბოლოო სასამართლო 1 სექტემბერს ჩანიშნეს. სასამართლოზე მე და დათო ერთად მივყევართ. სინდისი მქენჯნის, რომ არა მე, ალბათ არც შეეხებოდნენ, მას. მიუხედავად ყველაფრის, მე დამნაშავე ვარ დათოსთან და ამას ვაღიარებ.


თელაველი სასამართლოზე წაიყვანეს, საღამოს ველოდები, იქნებ რამე ახალი ამბავი მოიტანოს ქალაქიდან, იქნებ ვინმე ნაცნობს გადაეყარო სასამართლოს აშმორებულ საკნებში. გავაცილე და ქალაქი მომიკითხე მეთქი ვუთხარი. მერე ლოცვა წავიკითხე და საჭმელი ავიღე. საშინლად ცხელა ყველაფერი ჩახუთულია, უჰაერობაა. კორპუსზე ახალი ოფიცერია, ჩუმადაა, არც ხშირად იყურება, შიგნით. ოთახში არსებული სამი
ნათურიდან ერთ ერთი გადაიწვა. კობამ იდეა წამოაყენა, დღეს ლოგინები ავჩეჩოთო. ეს აქ მთელი რიტუალია. რიტუალი, რომლის დასრულების შემდეგაც, შვებას გრძნობ, ოღონდ მხოლოდ რამოდენიმე საათით. საწოლზე ლეიბი თითქმის არ იგრძნობა, იმდენად თხელია. თითქმის რკინებზე ვწევართ. ლეიბში რაღაც ნამჯასავით მასაა ჩაყრილი. ასე კვირაში ერთხელ ავიღებთ ამ ლეიბს, და ავჩეჩავთ ნამჯას, მერე გადავახვევთ ზეწარში. მართალია, საგრძნობლად ვიწროვდება, მაგრამ, მეორე დილამდე მაინც ვწევართ მოსვენებით. რამაზმა წერილი დაწერა და სოციალს გაატანა. ცოტა ხნის შემდეგ კარში არსებულ ღრიჭოში რომ გაიხედა, დაინახა როგორ კითხულობდნენ ოფიცერი და სოციალი, პატიიმრების დაწერილ წერილებს, მათ გაგზავნამდე. თუ რამე დაწერე ისეთი კი რაც აქედან არ უნდა გავიდეს, ასე ორი კვირა ვერ ადგები ფეხზე ისე გცემენ, ეს მინიმუმია, მაქსიმუმ კარცერი, მერე კარანტინი და კამერის შეცვლა. დღეს მთელ კამერას რატომღაც ფაღარათი დაგვემართა, ცოტა ხანში იკითხა ოფიცერმა ეს ამბავი, როგორც ჩანს რაღაცამ მოწამლა, პატიმრები. წამალი დაარიგეს. მაღაზიაც მოვიდა, ჟელე, ჭირჭელისთვის, საპონი, საპარსები, სიგარეტი და რაც მთავარია პრესა. პრესა, როცა მოდის, ასეთი წესი გვაქვს, ჯერ სათიათაოდ დავათვალიერებთ, მერე გადავანაწილებთ და დავიწყებთ კითხვას. „კვირის პალიტრა“, „ყველა სიახლე“, „რეიტინგი“, „თბილისელები“, „გზა“ და კროსვორდები, ეს არის ჩვენი კონტაქტი გარე სამყაროსთან. დრეს მოსულ თითქმის ყველა ჟურნალ გაზეთში, თუშეთში მომხდარ ფაქტზე წერია. თუშებს თურმე ორი ჰომოსექსუალი უცხოელი, მდინარეში გადაუყრიათ
გადაბმულები. ფიცხი ხალხი ვართ თუშები, მაგრამ არც სტუმარ მასპინძლობა გვეშლება, ან როგორ გაიგეს მათი ორიენტაცია, სხვა რამეშია საქმე, არ მგონია ეს სიმართლე იყოს, ამბის გამხმაურებელი აბუქებს ალბათ მეთქი ვიფიქრე. ვაჟას ვკითხულობ, „ალუდა ქეთელაური“, ეს ხომ მსოფლიო დონის კლასიკაა. მთავარი გმირის ხვედრმა ჩამაფიქრა. იბრძოლა და დაკარგული სოფელს დაუბრუნა, მტრის ვაჟკაცობაც აღიარა და სოფელმა მოიკვეთა. საზოგადოება ბრბოა იყო და ასევე დარჩა დიდი ნაწილი დღესაც. თავის დოგმებს და ჩარჩოებს რომ გიწესებს. თავისუფლებას რომ გართმევს თუ არ დაუდექი.


„ვერ დააფასეთ ალუდა
მაშინ,


მკლავი არ მოსჭრა,
მტერს მაგრამ ვაჟკაცს,


ასობით წელმა დაკეტა,
კარი.


გული მწყდება, რომ
დღეს ისევ აქ ხართ“


უცებ თავისით, სულამოუთქმელად მოვიდა ყელში მომაწვა და ფურცლის ნაგლეჯზე თითქმის თავისით, ჩემს მიუკარებლად დაიწერა. თელაველი სასამართლოდან
მოიყვანეს, უხასიათოდაა, არ აქვს კარგი სიტუაცია, ზედმეტ კითხვებს არ ვუსვავთ. დღეც გაილია.


image

დილით ოფიცერი შემოვიდა
და გაგვაფრთხილა ამის მერე, საკანში ერთ კაცზე მეტი არ ვნახო, სიგარეტისთვის ჰქონდეს
მოკიდებული, თუ მაინც და მაინც ვერ ითმენთ შედით საპირფარეშოში და იქ მოწიეთო. გაკვირვებულები
დავრჩით, მაგრამ მეტი რა გზაა, უნდა დავემორჩილოთ,
ალბათ ცოტა ხანში სუნთქვასაც, რიგრიგობით მოგვთხოვენ. დღეს ტელეფონებია, ისევ სირბილით გასვლა და რამდენიმე ცდა აქვთ ბიჭებს. ხო მართლა, აქ არც ტელეფონია უფასო, კამერა ყიდულობს სპეციალურ ბარათებს, მონოს მსგავსს, და ამ ბარათებიდან თვეში მხოლოდ ორი ზარის გაკეთება შეგიძლია. ორ მკვირაში ერთხელ, ისიც სამი წუთი. მე დარეკვა მას შემდეგ მომიწევს, რაც უკვე მისჯილი ვიქნები. დარეკვაც და წერილის გაგზავნაც და უკვე დღეებს ვითვლი, დაჰკრას ჩაქუჩი მოსამართლემ, მერე ხომ პაემანიც, მექნება, ჩვენებს ვნახავ. დღეები რჩება, განაჩენის გამოტანამდე.


კონტროლიორმა ჩემი გვარი დაიძახა, მივედი.

ამანათია, დროითგაამზადე თუ რამე უნდა გაატანო.


ამოვალაგე, ახალი ტანსაცმელი. ძველები ჩავაწყე, ხელი მოვაწერე და გავატანე. შესაძლოა ადვოკატთანაც დამიძახონ. ვუთხარი ბიჭებს და მართლაც უკვე მეორედ მოისმა ჩემი გვარი. გავემზადე, გავედი და ირმას შევხვდი. საბოლოო განაჩენი ვიცი. წელიწადნახევარი, ციხე, სამწელნახევარი პირობითი და კიევ ერთი გამოსასწორებელი.




„საღოლ პრაკურორ“ - გამიელვა გულში, ამ მუხლით ხომ სხვა შემთხვევაში მაქსიმუმი ექვსი თვე იქნებოდა. მაშინვე დათო ვიკითხე, არც მას შეეხო, შეღავათი. მასაც ზუსტად იგივე სასჯელი არგუნეს. უნდა შევეგუო, მხოლოდ იმაზე უნდა ვიფიქრო, რომ
არიან ადამიანები რომლებსაც, 15-20 წელი, ან სულაც უვადო პატიმრობა აქვთ, მათ რაღა უნდა თქვან. მართალია ჩვენი ბრალიც განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ. სასჯელი, სასჯელია. დავბრუნდი საკანში. დავჯექი ჩემთვის და ბურთი ყელში მომაწვა. მხოლოდ საკუთარ თავზე ვჯავრობ, როგორ გავები, როგორ მოვახერხე. ნერვები მეშლება. და გადავწყვიტე აღარ ვინერვიულო, იმაზე რასაც არ ეშველება.


საშინელი ამბავი გავიგე, წინანდალში ორი ახალგაზრდა მოკლეს. ერთ ერთი სამხატვრო აკადემიის საკმაოდ წარჩინებული სტუდენტი ყოფილა. სტუდენტები ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა, კუდის თანამშრომელმა დახოცა. რადიო მთელი დღეა ამ თემაზე საუბრობს. თქვეს ისიც, რომ მკვლელი უკვე დაკავებულია. გამოდიან, მეზობლები, მეგობრები და დახოცილი ბიჭების, წესიერებაზე, საუბრობენ. კიდევ ორი ადამიანი მიემატა, ვაზაგაშვილს, გვირგვლიანს, რობაქიძეს, გურამ შარაძეს. განსხვავება ერთია, ამ შემთხვევაში, სახელმწიფო მანქანამ ვერ შეფუთა და მოუწია დამნაშავის
დაკავება. ისევ ამეკვიატა საკუთარ ქალაქზე ფიქრი, ისევ გადამრია, მონატრებამ. ისევ
შემომიტია დეპრესიამ. თვალები დავხუჭე და წარმოვიდგინე, ჩემი ეზო, სახლი და ის ადამიანები, ვისთან ურთიერთობაც მაკლია.

ახალი კონტროლიორია სართულზე, დავინახეთ და გაგვაცია, იმხელაა მაგის მუშტი მტერს მოხვდა. ისე კონტროლიორები არ აქტიურობენ ჩვენს დასჯაში რამოდენიმეს გარდა. ვხვდები, რომ აქაც მუშაობენ წესიერი ადამიანები, რომლებსაც სხვების ტანჯვა წამების ყურება, სულაც არ ანიწებთ სიამოვნებას. მხოლოდ ერთ რამეს ვერ ვიგებ, რატომ მოდის წესიერი ხალხი აქ სამუშაოდ. ისინი ხომ სისტემის ნაწილი ხდებიან. დღეს ისევ ახსენეს პატიმრების წამება რადიოში, ისევ ახსენეს გეგუთი და ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოს, მორგი. ვუსმენდი და არ ვიცოდი, რომ რაღაც დროის შემდეგ საკუთარი თვალით, სწორედ მეთვრამეტე დაწესებულების მორგს ვნახავდი. ნეტავ როდემდე
უნდა გაგრძელდეს, ასეთი ყოფა. ჩემზე არა, ზოგადად ყველა პატიმარზე და სისტემაზე ვიძახი. „ჯოჯოხეთი დედამიწაზე“ -ამეკვიატა ეს ფრაზა რაღაც საოცრად. ამეკვიატა და გადავწყვიტე რაც შეიძლება ღრმად ჩავიხედო ამ ჯოჯოხეთის გულში, რაც შეიძლება მეტი გავიგო და რომ გავალ აუცილებლად მოვუყვე ყველას, ის რასაც აქ ვნახავ. იქნებ კიდევ გამოჩნდნენ ჩემნაირი ადამიანები და რაც უფრო მეტი მოვყვებით, რაღაც ძვრა მოხდება, რაღაც შედეგი მაინც დადგება. თორემ ძალიან მალე ეს ციხე კი არა, შეიძლება ერთი დიდი ფსიქიატრიული საავადმყოფო, გახდეს, შეშლილი ადამიანებით, როლებიც ვერასოდეს დაუბრუნდებიან ნორმალურ ცხოვრებას. არადა, დღეს ხომ ციხეებში ახალგაზრდების უპრეცენდენტო რაოდენობაა, ერის გენოფონდია დატყვევებული. ამ ფიქრებში გართულმა, ვერც კი შევამჩნიე როგორ მოვიდა ათი საათი. ახლა დაიძახებენ შუქი ჩაქარაო და ჩამოივლიან კამერებს.

„ვინც არ ჩააქროს ბოზი იყოს“ - დაიძახა ახალმა კონტროლიორმა და იმ ღამეს ჩამოვლა არ ყოფილა. არხეინად
დაჯდა მისთვის განკუთვნილ ოთახში.

0
243
1-ს მოსწონს
ავტორი:ერეკლე ცოცანიძე
ერეკლე ცოცანიძე
243
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0