x
აზერბაიჯანელი ექსპერტები შეშფოთებულნი არიან ქვეყნის ეკონომიკაში არსებული უარყოფითი ტენდენციებით

imageაზერბაიჯანის ეკონომიკაში უარყოფითი ტენდენციები თანდათან საკმაოდ სახიფათო სურათს იღებს, რომელიც შეშფოთებას იწვევს საექსპერტო ანალიტიკურ წრეებში. მიუხედავად აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის, ასევე ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების ოპტიმისტური განცხადებებისა და დარწმუნებისა, რომ ქვეყნის ეკონომიკა ძალიან მყარია და აზერბაიჯანი მომავალ წლებშიც შეინარჩუნებს ეკონომიკური განვითარების მაღალ ტემპს, ეკონომიკის სფეროს ექსპერტების პროგნოზები უფრო და უფრო პესიმისტური ხდება.
აზერბაიჯანის პარლამენტის ექს-სპიკერი, აშშ-ში პოლიტიკურ ემიგრაციაში მყოფი რასულ გულიევი, რამდენიმე დღის წინათ გამოქვეყნებულ თავის სტატიაში წერს, რომ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის მკვეთრი დაცემა და დიდი ალბათობით, მომავალ წლებშიც ამ დაბალი დონის შენარჩუნება აზერბაიჯანს, რომლის სახელმწიფო ბიუჯეტის 75 პროცენტი პირდაბირ ან ირიბად ნავთობის გამომუშავების შედეგად ივსება, საგარეო ვალებზე დამკიდებულ მდგომარეობაში ჩააყებებს.
ეკონომიკის საკითხებში ექსპერტი ნათიგ ჯაფარლი აზერბაიჯანული გაზეთის “მუსავათისათვის” მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ თუ აზერბაიჯანი მოკლევადიან პერიოდში ეკონომიკის სფეროს საფუძვლიან რეფორმირებას არ გააკეთებს, მისი საგარეო ვალების რაოდენობა გაიზრდება. ექსპერტი აღნიშნავს, რომ ნავთობის ფასების შემცირების შედეგად სერიოზულ ეკონომიკურ პრობლემებში აღმოჩენილი აზერბაიჯანის ისედაც მძიმე მდგომარეობას საერთაშორისო ხელშეკრულებებით დაკისრებული ვალდებულებები კიდევ უფრო გაართულებს. მაგალითად, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მომდევნო 3 წელიწადში “შაჰდენიზის” ახალი საბადოს, TANAP-ისა და TAP-ის პროექტებში 16-17 მილიარდი დოლარის ინვესტიცია უნდა გააკეთოს. ქვეყნის შემოსავლების საგრძნობლად შემცირების ფონზე, ყველა ეს უზარმაზარი ხარჯი აზერბაიჯანის ხელისუფლებას დილემის წინაშე აყენებს.

ჯაფარლის თქმით, აზერბიაჯანის ხელისუფლება სერიოზული რეფორმებისა და ეკონომიკის სხვა დარგების განვითარების მაგივრად უპირატესობას ახალი ვალების აღებას აძლევს. მაგალითად, უკვე “აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია” (SOCAR) 7 მილიარდი დოლარი ვალის მისაღებად იაპონიასა და სხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ხოლო SOCAR-ის მიერ აღებული ვალები ისევ სახელმწიფოს ეკუთვნის, რადგან მისი გარანტიის საფუძველზეა მიცემული. ექსპერტის ცნობით, დღეს აზერბაიჯანის საგარეო ვალი არც ისე მაღალია და მშპ-ს 8-9 პრიცენტს შეადგენს, მაგრამ თუკი მთავრობა გააგრძელებს ახალი ვალების აღების პოლიტიკას, ქვეყნის საგარეო ვალი ძალიან სწრაფად არამართვად ზღვარს მიაღწევს.

აზერბაიჯანელ ეკონომისტს როვშან აღაიევს მიაჩნია, რომ შემდგომ წლებში არა მარტო ცენტრალური ბანკის, არამედ “სახელმწიფო სანავთობო ფონდის” სავალუტო მარაგებიც შემცირდება. ექსპერტის ცნობით, მთავრობამ მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში “სახელმწიფო სანავთობო ფონდის” საზღვარგარეთ შენახული მარაგებიდან დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი დახარჯა. ამის შესახებ რადიო “თავისუფლების” აზერბაიჯანული სამსახური იტყობინება.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის სავალუტო მარაგები ცხრა თვის განმავლობაში 49 პროცენტით (6 მილიარდი 700 მილიონი დოლარი) შემცირდა. ოქტომბრის თვეში ეს ტენდენცია გაგრძელდა და ცენტრალურმა ბანკმა კიდევ 180 მილიონი დოლარი დაკარგა.

აღაიევი აღნიშნავს, რომ მთავრობა ცენტრალური ბანკის სავალუტო მარაგების შემცირების ტემპის მოთოკვას “სანავთობო ფონდის” რესურსების ხარჯზე ცდილობს. ამჟამად აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის სავალუტო მარაგები 6 მილიარდ 800 მილიონს შეადგენს.

0
332
შეფასება არ არის
ავტორი:რომან აზადოვი
რომან აზადოვი
332
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0