x
მეტი
  • 05.05.2024
  • სტატია:134626
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508796
ვინ იყო აღმაშენებელი?

image



დავით IV აღმაშენებელი - საქართველოს მეფე 1089-1125 წლებში, გიორგი II-ის ძე, დიდი სახელმწიფო მოღვაწე და ძლევამოსილი მხედართმთავარი, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოს ისტორიაში.


დავით IV ტახტზე 1089 წელს 16 წლის ასაკში ავიდა, მას შემდეგ, რაც მამამისი — გიორგი II, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, იძულებული გახდა შვილის სასარგებლოდ ტახტზე უარი ეთქვა. დავითს ძალიან მძიმე მემკვიდრეობა ერგო: ქვეყანა დარბეული იყო მტრის შემოსევებისაგან, თურქ-სელჩუკთამომთაბარე ტომები სახლდებოდნენ დაპყრობილ ტერიტორიებზე და ქართველ ხალხს ფიზიკური განადგურების საფრთხეს უქმნიდნენ, დიდგვაროვანი ფეოდალები მეფეს ხშირად არ ემორჩილებოდნენ, საქართველოს მეფის ხელისუფლება ლიხის ქედის აღმოსავლეთით არ ვრცელდებოდა.


დავითმა თავისი ოცდათექვსმეტწლიანი მმართველობის განმავლობაში შეძლო საბოლოოდ დაესრულებინა ფეოდალური საქართველოს გაერთიანების პროცესი, სელჩუკი დამპყრობლები ქვეყნიდან განედევნა, საქართველო რეგიონის უძლიერეს სახელმწიფოდ ექცია და მემკვიდრეებისათვის გადაებარებინა ქვეყანა, რომელიც გადაჭიმული იყო „ნიკოფსითგან დარუბანდისა საზღურადმდე და ოვსეთიდგან სოერად და არეგაწადმდე“. პიროვნული ღირსებებისა და ქვეყნისა და ერის წინაშე უდიდესი დამსახურებისათვის, ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ დავით აღმაშენებელი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 8 თებერვალი (ძველი სტილით 24 იანვარი) დააწესა.



დავითი, გიორგი II-სა და ელენე დედოფლის ერთადერთი ვაჟი, დაიბადა 1073 წელს სატახტო ქალაქ ქუთაისში. მისი უფლისწულობა ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო, მამამისი იძულებული შეიქმნა ტახტიდან გადამდგარიყო და თავისი 16 წლის ვაჟი გაემეფებინა. ეს ფაქტი დავითის კარგ განათლებასა და სახელმწიფო საქმეებში გაცნობიერებაზე უნდა მეტყველებდეს.



დავით IV აღმაშენებლის ტახტზე ასვლა აზრთა სხვადასხვაობას იწვევს ქართველ ისტორიკოსებში: ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ დავითი სახელმწიფო გადატრიალების გზით მოვიდა ხელისუფლებაში, ხოლო მეორე ნაწილი თვლის, რომ არავითარი გადატრიალება 1089 წელს არ მომხდარა და გიორგი II-მ ვაჟი გვერდით ამოიყენა, როგორც თანამეფე. ამ კამათს საფუძვლად დაედო ორი სხვადასხვა წყაროს, „გალობანი სინანულისანი“-სა და შიომღვიმის მონასტრისადმი დავითის ანდერძის თავისებური ინტერპრეტაცია.


თურქ-სელჩუკების შემოსევამ არსებითად შეცვალა პოლიტიკური ვითარება კავკასიასა და მახლობელ აღმოსავლეთში. დამარცხებულმა ბიზანტიამ პოლიტიკური სარბიელი სელჩუკებს დაუთმო და ისინიც მტკიცედ დამკვიდრდნენ სამხრეთ კავკასიაში.
მომთაბარე სელჩუკები სრულიად განსხვავდებოდნენ არაბებისა და ბიზანტიელებისაგან, ისინი დაპყრობილ ტერიტორიაზე სახლდებოდნენ და მეურნეობისათვის საჭირო მიწებს იკავებდნენ. სელჩუკების მეჯოგეურ-მომთაბარული მეურნეობა შეუთავსებელი იყო ქართული ფეოდალური მეურნეობისათვის. პრიმიტიული მეურნეობა მკვიდრდებოდა მტკვრის, ალაზნის, ივრისა და არეზის სანაპირო ჭალებზე. მაღალგანვითარებული კულტურები, ბაღ-ვენახები, პურეული და სხვა კულტურები ადგილს უთმობდა საძოვრებს. თურქობა საქართველოს ფეოდალურ მეურნეობას მიწას აცლიდა და მას გადაშენების საფრთხეს უქმნიდა და აფერხებდა საქართველოს და საერთოდ, კავკასიის გაერთიანება-ცენტრალიზაციას.საქართველო იმდენად დაკნინებული იყო, რომ მისი მეფის უფლებები მხოლოდ დასავლეთ საქართველოზე ვრცელდებოდა, „საზღვარი სამეფოსა მთა მცირე ლიხთა, და სადგომი სამეფო წაღულისთავი“. როცა მეფეს ქართლის ჭალაში ან ნაჭარმაგევს ნადირობა სურდა, წინასწარ აგზავნიდა კაცებს ადგილების დასათვარიელებლად და შემდეგ გადმოდიოდა.



იმ ქმედითმა ღონისძიებებმა, რომლებიც დავით აღმაშენებელმა XI საუკუნის მიწურულს გაატარა, ქვეყანა აღმავლობის გზით წაიყვანა. საქართველოს მეფე უკვე აღარ ეპუებოდა თურქ-სელჩუკებს. საქართველოს სამეფო კარმა ჯვაროსნების მიერ ანტიოქიისა და იერუსალიმის აღებით ლახვარჩაცემული თურქ-სელჩუკების მდგომარეობის აწონ-დაწონვისა და პოლიტიკური შეფასების შემდეგ (ბუნებრივია, შესაბამისად, საკუთარი ძლიერების გათვალისწინებითაც) შესაძლებლად ჩათვალა ხარკის გადახდის შეწყვეტა 1099 წელს. საფიქრებელია, რომ 1097-98 წლები საქართველოს მოშენება-მომძლავრების პროცესის დასრულების წლები იყო და უკვე მოძლიერებულ ქვეყანას შეეძლო უარი ეთქვა მტრისთვის ხარკის გადახდაზე, რადგან მას უკვე ძალაც გააჩნდა და შესაძლებლობაც იმისა, რომ თვითონ გადასულიყო შეტევაზე. ამ აქტით საქართველომ საბოლოოდ აღიდგინა დაკარგული დამოუკიდებლობა.




დავით აღმაშენებელი დიდ ყურადღებას უთმობდა სამეფოს ადმინისტრაციულ მოწყობას. XI საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში ქვეყანაში შექმნილმა კრიზისმა მოშალა როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი მმართველობა. დავითის მიერ გატარებული დიდი გარდაქმნები, უპირველესად, სამეფო კარსა და იქ არსებულ უწყებებს შეეხო: შეიქმნა ახალი თანამდებობები; მეფემ მოაწესრიგა მმართველობა — როგორც საერისთავოებში, ასევე ქალაქებში. დაითხოვა ურჩი მოხელეები და მათ ადგილას თავისი ერთგულები დანიშნა.





XII საუკუნის დასაწყისში საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ქვეყნის საბოლოო შემომტკიცების საკითხმა. მართალია, მტერი თითქმის მთლიანად განდევნილი იყო, მაგრამ ვიდრე ამიერკავკასიის აღმოსავლეთი (შირვანი, რანი) და სამხრეთი (სომხეთი) სელჩუკთა ხელში იყო და საქართველოსთან მიმდებარე ყაბალა-განჯა-ანისში სელჩუკები ბატონობდნენ, საფრთხე მაინც მოსალოდნელი იყო. საქართველოს უშიშროების დაცვის საქმე მოითხოვდა ომის გატანას ქვეყნის საზღვრებს გარეთ. კავკასიის ხალხები თავადაც ებრძოდნენ სელჩუკებს და ყოველთვის მზად იყვნენ მხარში ამოდგომოდნენ მებრძოლ ქართველებს საერთო მტრის წინააღმდეგ გასალაშქრებლად. ამიერკავკასიის ხალხებს ერთი მოსაზრება ამოძრავებდათ — განედევნათ სელჩუკი დამპყრობლები მათი მიწა-წყლიდან, რასაც ამიერკავკასიის პოლიტიკური გაერთიანება მოჰყვებოდა. გამაერთიანებლის როლში საქართველო გამოდიოდა. ამდენად საქართველოს სახელმწიფომ, მისმა სამეფო კარმა იკისრა მეტად დიდი და რთული ისტორიული ამოცანა, რომლის განხორციელებაც საგანგებო ღონისძიებების გატარებას მოითხოვდა.




1121 წლის მიწურულს დავითმა თბილისს ალყა შემოარტყა. ქალაქმა წინააღმდეგობა სცადა, მაგრამ ქართველთა სამხედრო დარტყმები იმდენად ძლიერი იყო, რომ ბრძოლის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა. ალყამ მოსახლეობაც მძიმე დღეში ჩააგდო. თბილისის მმართველებმა მეფესთან მოლაპარაკების გამართვა გადაწყვიტეს — მათ ელჩები მიუგზავნეს დავითს და ზავი ითხოვეს, მაგრამ მეფის გადაწყვეტილება ურყევი იყო — თბილისი ცენტრალურ ხელისუფლებას უნდა დამორჩილებოდა და ამიტომაც, დავითმა ელჩებთან მოლაპარაკებაზე უარი განაცხადა.1122 წლის თებერვლის შუა რიცხვებში ქართულმა ჯარმა გადამწყვეტი იერიში მიიტანა და აიღო ქალაქი. დავით აღმაშენებელმა მოსახლეობის მიმართ დიდი სიმკაცრე გამოიჩინა — ბევრი დახოცა, ხუთასი კაცი წვეტიან სარზე წამოაცვა და წამებით მოკლა.



დიდგორის ბრძოლის დამთავრებისა და თბილისის აღების შემდეგ, ფაქტობრივად, დასრულდა საქართველოს სამეფოს მიერ წარმოებული ქვეყნის შემომტკიცების პროცესი, ამიერიდან თბილისი სამეფო ქალაქი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისმა დამოუკიდებლობა დაკარგა, ერთხანს თვითმმართველობა ისევ შეინარჩუნა. ფრიად საგულისხმო ცნობა მოეპოვება დავითის ისტორიკოსს ახლადშემოერთებული თბილისის შესახებ: „ქალაქი ტფილისი იყო, ოდეს ჯერეთ არა სრულიად შემოყენებულ იყო უღელსა ქუეშე მორჩილებისასა, ვითარცა აწ“.



დავითის ისტორიკოსის ცნობით თბილისის აღების მეორე წელს ე. ი. 1123 წელს თურქთა სულთანი მაჰმუდი მოვიდა შირვანს, რომელიც საქართველოს მეფის ყმადნაფიცი ქვეყანა იყო. სულთანმა აიღო ქალაქი შამახია, შირვანშაჰი კი შეიპყრო, თანაც საგანგებო ელჩის ხელით დავითს წერილი გაუგზავნა: „შენ ტყეთა მეფე ხარ და ვერა ოდეს გამოხვალ ველთა; ხოლო მე ესე-რა შარვანშა შევიპყარ ჴელთა და ხარაჯასა ვითხოვ; შენ თუ გენებოს, ძღუენი ჯეროვანი გამოგზავნე და თუ გინდა სამალავად გამოვედ და მნახე“.



დავით აღმაშენებლის წიგნისადმი სიყვარული საყოველთაოდ იყო ცნობილი. ლაშქრობაში თუ ხანგრძლივი მგზავრობისას მეფეს ჯორებსა და აქლემებზე აკიდებული მცირე ბიბლიოთეკა დაჰქონდა. მოსვენების წუთებში ყოველთვის წიგნს კითხულობდა. დავითის მემატიანე ერთ საინტერესო დეტალს აღნიშნავს: ყოველი წიგნის წაკითხვის შემდეგ მეფეს წესად ჰქონია ბოლო ფურცელზე ნიშნის დასმა. მემატიანეს დაუთვლია და აღმოჩენილა, რომ ერთ წელიწადში „წიგნი სამოციქულო“ დავითს ოცდაოთხჯერ წაუკითხავს.


1125 წლის 8 თებერვალს (ძველი სტილით 24 იანვარს), ორმოცდაცამეტი წლის ასაკში, გარდაიცვალა საქართველოს მეფე დავით IV აღმაშენებელი. მემატიანის გადმოცემით, მეფეს დიდხანს არ უავადმყოფია. 1124 წლის შემოდგომაზე მან შირვანი შემოიმტკიცა და იქაური საქმეები განაგო. ზამთარი საქართველოში გაატარა, სადაც უეცრად შეუძლოდ შეიქნა და გარდაიცვალა. მეფემ გარდაცვალების წინ მიიღო საოცარი გადაწყვეტილება — მან ანდერძად დატოვა, რომ გელათის მონასტრის მთავარ კარიბჭეში დაეკრძალათ, რათა ყველა მომლოცველს მის საფლავზე დაედგა ფეხი.




დავითის მემატიანე მოგვითხრობს, თუ როგორ იხსნა მეფე სიკვდილისაგან გულსაკიდმა ხატმა: დავითი ქართლში ერთ ციხეს იყო შემომდგარი. მეციხოვნეები დანებებას არ აპირებდნენ. მეფის ბრძანებით, ქართველთა ჯარმა ბანაკი დასცა და ბლოკადა დაიწყო. ერთ დღესაც დავითი კარვიდან პერანგისამარა გამოსულა. როგორც ჩანს, მეციხოვნებმა ეს შეამჩნიეს და ერთ-ერთმა მათგანმა, რომელიც ისრის უცდომელი მსროლელი იყო, მეფე მიზანში ამოიღო. ზუსტად ნასროლი ისარი დავითს მკერდში მოხვდა. ყველას ეგონა მეფე დაჭრესო, მაგრამ ის უვნებლად გადარჩა — დავითი მკერდზე დაკიდებულმა მთავარანგელოზის პატარა ხატმა იხსნა, რომელსაც ისარმა ვერაფერი დააკლო.









0
1336
2-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
1336
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0