x
თურქი ექსპერტი: "ერდოღანმა თურქეთში ახალი რთული პრობლემების შექმნის გზით მოიგო არჩევნებში, რომელიც შეიძლება მისთვისვე დამღუპველი გახდეს"
ერდოღანი- 1 ნოემბრის არჩევნები

1 ნოემბერს თურქეთში ჩატარებულ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში 13 წელი ხელისუფლებაში მყოფმა "სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ" (AKP) ყველასთვის მოულოდნელად და ყველა პროგნოზის საწინააღმდეგოდ ხმების 49.4 პროცენტი მიიღო, რომელიც მას ერთპიროვნულად მთავრობის ჩამოყალიბების შესაძლებლობას აძლევს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თურქეთში ერდოღანისა და მისი პარტიის ერთპიროვნული მმართველობა სავარაუდოდ კიდევ 4 წელი გაგრძელდება.


თურქი ანალიტიკოსი ქადრი გიურსელი, რომელმაც შეისწავლა ეს საკითხი, ცნობილ ახლო აღმოსავლურ საინფორმაციო-ანალიტიკურ სააგენტოში Al-Monitor-ში გამოქვეყნებულ თავის სტატიაში წერს, რომ 1 ნოემბრის არჩევნების შედეგები თვითონ ერდოღანის გუნდისთვისაც სიურპრიზი იყო. ანალიტიკოსი მკითხველს შეახსენებს, რომ 7 ივინისის მორიგი საპარლამენტო არჩევნების დროს AKP-მ ხმების მხოლოდ 40.8 პროცენტი მიიღო და პარლამენტში უმრავლესობის შედგენა ვერ მოახერხა, მაგრამ 5 თვის შემდეგ ეს მაჩვენებელი დაახლოებით 10 პროცენტით გაიზარდა, რომელიც ახალი სერიოზული საკითხების წარმოჩენაზე მეტყველებს.


არჩევნების ამ მოულოდნელი შედეგების მიზეზების გასარკვევად გიურსელი აქცენტს აკეთებს ქვეყანაში წინასაარჩევნო გარემოებათა შედარებაზე და ხაზს უსვამს ფაქტს, რომ 7 ივნისამდე ჩატარებული გამოკითხვების შედეგად ხალხი ქვეყნის ძირითად პრობლემად "მძიმე ეკონომიკურ ვითარებას" ასახელებდა(53%), ხოლო მხოლოდ გამოკითხულთა 14% მიიჩნევდა "ქურთულ საკითხსა და ტერორიზმს" ასეთ ბრობლემად. 1 ნოემბრის არჩევნების წინ ეს სურათი მკვეთრად შეიცვალა და მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი ეკონომიკური პრობლემა არ იყო გადაჭრილი, ის აღარ ითვლებოდა ქვეყნის ნომერ პირველ პრობლემად (12%). ბოლო გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ხალხისთვის უკვე ქვეყნის უმთავრეს პრობლემას "ქურთული საკითხი და ტერორიზმი" წარმოადგენს (72%).



ერდოღანმა მოახერხა გამიზნულად ხელახლა გაეღვივებინა ქურთული პრობლემა. კვლავ დაწყებულ ქურთულ-თურქულ სისხლიან შეტაკებებს კი დაემატა ოფიციალური ვერსიის მიხედვით, "ისლამური სახელმწიფოს" მიერ განხორციელებული საშინელი ტერორისტული აქტები სურუჩსა და ანკარაში. დაახლოებით სამწლიანი მშვიდობის შემდეგ თურქეთი კვლავ ძალადობის მორევში აღმოჩნდა. ანალიტიკოსის შეფასებით, სწორედ ეს ახალი ვითარება იყო არჩევნებზე მოქმედი ძირითადი ფაქტორი. ტერორიზმის მზარდმა მუქარამ აიძულა ამომრჩეველთა ერთი მსხვილი ჯგუფი, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, უარი ეთქვა პოლიტიკური ცვლილებების მოთხოვნაზე და ავტორიტარული სტატუს-კვოსთვის მიეცა უპირატესობა. ამაში დიდი იყო ასევე სახელისუფლებო მედიის როლი, რომელიც ხალხს არწმუნებდა არათუ მოქმედმა ხელისუფლებამ, არამედ თვით ქურთებმა თქვეს უარი "ქურთულ საკითხთან" დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე.


თურქ ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ ერდოღანმა თურქეთის ისედაც ბევრ მძიმე პრობლემას კიდევ ახლები დაამატა და თუკი ამ პრობლემების დროულად მოგვარებას ვერ მოახერხებს თვითონ აღმოჩნდება ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე. ქურთულ საკითხთან დაკავშირებით ერდოღანს ორი არჩევანი აქვს: ან "ქურთისტანის მუშათა პარტიასთან" (PKK) მოლაპარაკებების კვლავ დაწყება ან უპერსპექტივო შეიარაღებული ბრძოლის გაგრძელება, რომელმაც შეიძლება იმაზე ადრე მოუღოს ბოლო ერდოღანის ხელისუფლებას, ვიდრე არჩევნების შედეგად უზრუნველყოფილი 4-წლიანი ვადა არის.


მოლაპარაკებების განახლებისთვის კი ქურთებს უფრო მყარი პოზიციები და ავტონომიის მსგავსი მძიმე წინაპირობების წარდგენის შესაძლებლობა აქვთ, ვიდრე ეს იყო 2012 წელს, როდესაც პირველად იქნა წამოწყებული თურქულ-ქურთული მოლაპარაკებები. დღევანდელი PKK-ს პოზიციები უფრო ძლიერია გარეშე ძალთა ცენტრებისგან მიღებული მხარდაჭერის ხარჯზე და თან ერდოღანს ქურთები აღარ ენდობიან.

0
60
შეფასება არ არის
ავტორი:რომან აზადოვი
რომან აზადოვი
60
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0