x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მერაბ ქუქჩიშვილი – აფეთქებულ თვითმფრინავში დაბუგული შვილი ჩემი ხელით მივაბარე სოხუმის მიწას

imageლალი ცერაძე – ომის ავბედით დღეებში გავიცანი აფხაზეთში დაღუპული გმირი ვაჟკაცის ზურაბ ქუქჩიშვილის მამა ბატონი მერაბი. გულმკვდარი ვაჟკაცი კაცი გულდასმით ცდილობდა თავისი შვილის ცხედრის გადმოსვენებას თბილისში.
იმ ავბედით დღეს 1993 წლის 22 სექტემბერს ბევრი გულანთებული ვაჟკაცის სული გახდა მარადისობის საკუთრება და მათ შორის ზურაც იყო თექვსმეტი წლის პატრიოტი ჯერ კიდევ ბავშვი, რომელიც თავდაუზოგავად ცდილობდა თანამოძმეების დასახმარებლად სოხუმში ჩაფერნას, მიუხედავად იმისა, რომ დაფრენის შანსი იყო, რომ იტყვიან, არანაირი. ზურამ და მისმა მეგობარმა პაატა ჯანელიძემ ბრძოლის ველამდე ვერც ჩააღწიეს, ალშემოდებულ თვითმფრინავში დაიფერფლნენ და მოწამეობრვად აღესრულნენ. ნათელი დაგადგეთ გმირო ვაჟკაცებო! თქვენი სახელი დაუვიწყარია დიდება თქვენს ვაჟკაცობას.
…ჩემი შვილის შესახებ საერთოდ მიჭირს საუბარი… ეს მძიმე განცდებში მაგდებს და დიდ ტკივილსაც მაყენებს… იმგვარი სულისკვეთებით გავზარდე, რომელსაც ქართული მამულიშვილური სიყვარული ქვია, ოჯახის, მეგობრის, ქვეყნის მიმართ… საქართველოს გმირულ წარსულზე უყვარდა კითხვა და მამული იყო მისი საფიცარი.
სულ პატარა ბიჭი იყო, 16 წლის ყმაწვილი, როცა დაიღუპა და მე ვიტყოდი ვერაფერი ვერ მოასწრო, გარდა იმისა, რო სამშობლოს შეწირვოდა ზვარაკად…
უბანში ცნობილი იყო, როგროც ყოჩ, ვაჟკაც ბიჭად და რაღაც მეტად კაცური ხიბლი დაყვებოდა. სამეგობროშიც, უბანშიც ლიდერობდა და არავის ტოლს არ უდებდა…
ამ ბავშვების მოქალაქეობრივი შეგნების ჩამოყალიბების დროს დაემთხვა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე რთული, ზოგჯერ მეტად გაურკვეველი პოლიტიკური პროცესები და ვითარება. ამ პირობებმა თავისებური გავლენა მოახდინა მათ ხასიათზე და ამის შედეგი იყო ის, რომ როდესაც საომარი ბატალიები დაიწყო მათი შინ გაჩერება შეუძლებელი გახდა. მტკიცედ ჰქონდათ გადაწყვეტილი სამშობლოს დაცვა და საომრად წასვლა.
მაისში დაამთვრა სკოლა, გადაიხადეს გამოსაშვები საღამო და რამდენიმე დღეში ზურა დაიკარგა… მთელი სანათესაო შევძარი, ავაწრიალე ყველა და მხოლოდ უბნის ბიჭებისაგან გავიგე, რომ ზურა ომში გაიპარა.
რამდენიმე ხანში გამოჩნდა და ხელცარიელი წასული უკვე ბრძოლაში მოპოვებული ავტომატით გამოცხადდა, საშინლად ვეჩხუბე – „სად მიდიოდი, უიარაღო, შვილო, რატომ იღუპავ მეთქი თავს? ან რა იცოდი სროლა? პატარა ხარ ჯერ ამისთვის და თავს ნუ დაიღუპავ მეთქი!“
ერთი პრიოდი თითქოს დამიჯერა და მეთერთმეტე კლასში სწავლა განაგრძო, მაგრამ რამდენიმე ხანში კვლავ გაუჩინარდა და სოხუმის დამცველებს შორის აღმოჩნდა. ახლა უკვე უკან დავედევნე და ძალით დავაბრუნე სახლში. ვატყობდი შეცვლილი იყო – უფრო მეტად ვერ ისვენებდა შინ და სულ სავაჟკაცოდ უწევდა გული. მამაშვილურად მესმოდა მისი, რადგან ვგრძნობდი, რომ კაცი თუ ერთხელ გავიდა ბრძოლაში, მერე უკვე უჭირს თავის შეკავება და უქმად ყოფნა, როცა მის ძმებს უჭირდათ… ჩემს დაუკითხავად ჩაეწერა სამგორის „მხედრიონში“ თავის მეგობარ პაატა ჯანელიძესთან ერთდ… ჩემს ბიჭს ხუჭუჭა თმების გამო სიყვარულით „პუშკინა“ შეარქვეს და თავდაუზოგავ მებრძოლად იცნობდნენ თანამებრძოლები. თავი არ შეურცხვენია არც ოჩამჩირეში და არც ტამიშთან.
მე უფრო რეალურად ვუყურებდი საქმის ნამდვილ არსს და ვთვლიდი, რომ ეს იყო არა ომი და ბრძოლა, არამედ ქართველი ბიჭების სასაკლაო, რადგან ერთ ბრძოლაში შეაწყვიტავდნენ მეომრებს და კაცი არ კითხულობდა მათ. შემდეგ აღებული პოზიციიდან უკან გამოიყვანდნენ ბრძანებით სამხედრო ნაწილებს. ეს გარკვეულ ეჭვებს და უნდობლობას ბადებდა. თადარიგის ოფიცერი ვარ და ვგრძნობდი, რომ აქ სულ სხვა პოლიტიკური თამაშები მიდიოდა და ქართულ საქმეს შეწირული ეს თაობა, არავის სინამდვილეში არ აღელვებდა და არ აღელვებთ დღესაც, არც მათი სიცოცხლე, არც მათი ვაჟკაცობა და არც მათი თავგანწირვა.
ამის გამო ბევრი ვესაუბრე მამაშვილურად, თხოვნით და მუდარით, რომ თავი დაენებებინა ამგვარი გაპარვებისათვის და თავისი დეიდაშვილის დაბადების დღეზე პირობა მომცა, რომ მე ბევრი რამ დავინახეო თავად არასწორი, ქართული საქმისათვის შეუფერებელი და აღარ წავალო. მაგრამ მოხდა გაუთვალისწინებელი…
სოხუმის დაცემა ახლოვდებოდა და ბატონმა ჯაბა იოსელიანმა მოუწოდა ბიჭებს, რომ მიდიოდა ქალაქის დასაცავად და მოუხმობდა „მხედრიონს“ მთელი საბრძოლო აღჭურვილობით.
შემდეგ უკვე საქართველოს პრეზიდენტმა მოუწოდა მოსახლეობას სოხუმის დასაცავად „ქუდზე კაცი“ გამოსულიყო და რადგან საქართველოს ბედი წყდებოდა სწორედ იქ და ამ ბიჭებმაც არ დაიხიეს უკან… და ეს ბავშვები, მიუხედავად მწარე გამოცდილებისა ამაღლდნენ საკუთარ განცდებზე და სამშობლოს წინაშე ვალი უფრო წინ დააყენეს, ამაშია სწორედ მათი კაცობის ზნემაღლობა და ამას უნდა სწორი შეფასება…
22 სექტემბერს პაატას ჯგუფი გადაფრინდა ალყაშემორტყმული სოხუმის მოსახლეობის დასაცავად. ოჯახებიდან გაიპარნენ ბოლო თვითმფრინავით…
ეს იყო მათი ბედისწერის დღე…
ზოგიერთი თანამდებობოს პირს გამოსვლით შემდგომში დავრწმუნდი, რომ თურმე ჩვენი შვილების ბედი წინასწარ ქონდათ გათვლილი, რადგან სცოდნიათ, რომ ამ თვითმფრინავში მყოფნი ვერ შეუერთდებოდნენ ქალაქის დამცველებს?! თვითმფრინავში დაღუპულთა 95 პროცენტი იყო „მხედრიონელი“… მათ თან მიჰქონდათ თავისი შეგროვილი კაპიკებით ნაყიდი იარაღი და ტყვია-წამალი…
მათ კიდევ ერთი გმირობა ჩაიდინეს უკვე ბრძოლაში შეუსვლელად, რადგან იცოდნენ რომ დაფრენის შანსი იყო ნული ტოლი. სწორედ ეს იყო რეალური, ბრძოლებში გამოცდილი მებრძოლი ძალა. ალყაშემორტყმულ ქალაქში საარაკაცოდ არავინ არ წავიდოდა თუ არა სასაიკვდილოდ და თავის გასამეტებლად… ეჭვები მღრღნის, რომ ეს სპეციალურად გაკეთდა „მხედრიონის“ ძალის გასანადგურებლად…
სწორედ ამ ალალმა ბავშვებმა გაუგეს და მხარში ამოუდგნენ სახელმწიფოს მეთაურს, პირველ რიგში მას სცეს პატივი და შვილმკვდარი მამა, რომ ვფიქრდები ყველაზე ვაჟკაცური ნაბიჯი გადადგეს თავისი ხანმოკლე სიცოცხლეში, რადგან მაინც გაფრინდნენ და გარისკეს…
ზურას წასვლა ჩემთვის მაინც მიულოდნელი აღმოჩნდა… ავღელდი და შტაბს მივაკითხე. მითხრეს, რომ ზურა თვითმფრინავს გაყვა… გულმა რაღაც ცუდი, ძალიან ცუდი მითხრა. საღამოს ტელევიზიით გავიგე ჩემი უბედურების ამბავი…
ეს საათები მძიმედ მახსენდება…
ფრენა შეწყდა საერთოდ… პილოტები გაფრენაზე უარს აცხადებდნენ..
მხოლოდ ერთი რეისი შესრულდა ისიც მხედრიონელების სპეციალური რაზმი გადაფრინდა სახელმწიფოს მეთაურთან და ბატონ ჯაბასთან მისახმარებლად. მე აღარაფრით არ წამიყვანეს, რადგან დაფრენა სათუო იყო…
ვიცდიდი და ვცდილობდი როგორმე ჩამეღწია შვილამდე. ბოლოს მაინც მოვახერხე სატვირთო რეისს გავყოლოდი. ჩემი შვილის მეგობრის პაატა ჯანელიძის მამაც თან მახლდა… ეს ორი გაუბედურებული ადამიანი მივფრინავდით და ვფიქრობდით იმ სასატიკ ბედისწერაზე, რომელივ ჩვენს შვილებს არგუნა ბედმა. იმედს ჯერ კიდევ ვეჭიდავებოდი, მაგრამ ეს იმედიც დამეკარგა, როდესაც დასახიჩრებული ბიჭები დავინახე დამწვარ-დახრუკულები ჩამწკრივებულები ერთმანეთის გვერდით მწოლიარე. ამ საშინელი არაადამიანური სიმწარის გადმოცემა შეუძლებელია…
ბაბუშერას სასაფლაოზე მიდიოდა მიცვალებულების აღწერა… მინდა მადლიერებით აღვნიშნო აფხაზეთის პროკურორის ლაცუზბაიას და თბილისის პროკურორის ლაური ჯანაშის თავდადება ამ საქმეში. მათ დიდი და გაუსაძლისი შრომა ჩაატარეს, როდესაც თვისი ხელით სინჯავდნენ დასახიჩრებულ ბიჭებს და ცდილობდნენ მაქსიმალურად მიახლოებითი ჩანაწერები გაეკეთებინათ.
გული გაუსკდებოდა კაცს ისეთი სასტიკი სანახაობა იყო…
მხოლოდ მეორე ჩამოვლაზე ამოვიცანი ჩემი ზურიკო. კვამლისაგან შერუჯული იყო. პაატაც ვიპოვეთ, როგორც იქნა და დავიწყეთ შეძლებისდაგვარად მათი დაკრძალვა.
მე და ტარიელმა საკუთარი ხელით მაოვთხარეთ სამარხები ჩვენი შვილებისათვის და გული მიკვდებოდა პირდპირ ცივ მიწაში ჩასვენება რომ მიწევდა. იქვე რაღაც სახლი შევნიშნე და მახსოვს ფიცრები ვთხოვე მაცხოვრებელ ქალს ჩასასავენებლისთვის. ამ ქალის პასუხი ეხლაც მზარავს, რადგან მივხვდი საერთოდ ვერ აცნობიერებდა, რომ სულ რამდენიმე საათში და წუთში ქალაქი დაეცემოდა და ქვეყანა თავზე დაენგრეოდა… მან მიცვალებილისთვის დაინანა მხოლოდ დასაწვავად გამოსაგედი ფიცრები და ის გამოვედი მწყობრიდან, რომ მხოლოდ ლაური ჯანშიას კაცურმა დამშვიდებამ შემაჩერა რაღაც უბრდურების ჩადენისაგან…
თუ რამე გაუსაძლისი საშინელება არსებობს ამ ქვეყნად ალბათ ის, რომ შვილის ნეშტი შენი ხელით გაახვიო სუდარაში, შენი საკუთარი ხელით გაჭრა საფლავი, ჩადო შენი ძე ნესტიან ტალახში და დატოვო… და შენ კიდევ მამა, მშობელი მამა ბრუნდები სახლში?! გინდა წამოდი და გინდა ნუ წამოხვალ, სულ ერთია. გინდა იმ წუთში მოგხვედრია ტყვია და გაციებულხარ, სიცოცხლე არ გინდა…
და გამოსვლაზე არც ვფიქრობდი…
ცხონებული ჟიული შერტავა მოვიდა ჩვენთან და რომ გაიგო არ ვაპირებდი დაბრუნებას, პირდაპირ დაგვავალა, რომ ბიჭების გადასვენება გვეკისრა. გადმოგვცა აღწერილობა და სიები…
ბოლო კატარღას გამოგვაყოლეს… საშინელი სანახაობა იყო, ხალხი ზედ აწყდებოდა, ყვირილი, წივილ-კივილი, გნიასი… ქალაქი იბომბებოდა, იწვოდა ყველაფერი…
ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი რაც ყველაზე მეტად დამრჩა გულში, რომ ამ ფონზე ამ გულგასიებულმა კაცმა დავინახე, რომ ვიღაცეები ისხდნენ და ეზოში ნარდს თამაშობდნენ. ჩემი გაციებული შვილის ცხედრის და ამობუგული ბიჭების გვამების დანახვის შემდეგ ამისი ხილვა ნამდვილად არ იყო ადვილი და ვგრძნობ სიკვიდილამდე გამყვება ეს უსიამოვნო შეგრძნება.
შეუცნობლად ვაკეთებდი საქმეს…
მხოლოდ იმ იმედით მოვდიოდი, რომ ორ დღეში ჩავბრუნდებოდი და გადმოვასვენებდი ჩემს ზურას, მაგრამ თბილისში გავიგე სოხუმის დაცემის ამბავი. სიები ჩამოვიტანე და აქ ათობით გაუბედურებული ოჯახი მაკითხავდა. სახელმწიფო არანაირ მზრუნველობას და ყურადღებასაც კი არ იჩენდა ჩვენს მიმართ. ისევ ჩვენ მშობლებმა და ნაომარმა ბიჭებმა ვიტვირთეთ მიცვალებულების გადმოსვენება. და მხოლოდ ერთი წლის შემდეგ მოვახერხე ჩემი შვილი მიმებარებინა თბილისის მიწისთვის.
დღევანდელი გადასახედიდან არ ვიცი აფხაზეთის პერიპეტიებს რა სახელი დავარქვა… ეს არ იყო ომი. ეს იყო დიდი დანაშაული, სახელმწიფომ ვერ დაარქვა მას სახელი და არ დაკონკრეტდა თუ ვის ვეომებოდით.
ჩემსავით შვილმკვდარი მამა ჯემალი შაიშმელაშვილი ამბობდა – ამ სულელურ ომში ჭკვიანად დაღუპული ბიჭები იყვნენ ნამდვილი გმირები და მხოლოდ ეს მოსწმენდსო საქართველოს აწმყოს პირს…
ეს იყო მთავრობის, საქართველოს მტრების, იმ პოლიტიკური ძალების მიერ წამოწყებული ომი და გაიყიდული მიწა, რომლის დაცვის სასაკლაოსაც ჩვენი შვილები შეეწირნენ.
ახლანდელი მთავრობა, რბილ და ნათელ კაბინეტებში მჯდომარე ხალხი ამ თავგანწირული თაობის სისხლზე მოვიდა და მათი მხრიდან არსებული დაუფასებლობა „საქართველოს მხედრიონის“ დაღუპული ოჯახების და გადარჩენილი მებრძოლების მიმართ გაუმართლებელი სისატიკეა. ვინ იყვნენ „მხედრიონელები“? გულანთებული ბიჭები რომლებმაც წესიერად იარაღის ჭერაც არ იცოდნენ, ისინი იყვენენ მოხალისეები, რომლებიც ზოგი ერთი თვის, ზოგი ერთი დღის და ზოგი კი ერთი წუთის ჩაწერილები იყვნენ მათ რიგებში და მამულისთვის იღუპებოდნენ.
ჩემი ვაჟიშვილი დააჯილდოვეს ვახტანგ გორგასლის ორდენით. ამაზე მეტი სამხედრო ჯილდო საქართველოს არ აქვს. ამ რომ იტყვიან ცხვირმოუხოცავმა ბავშვებმა დედის რძე რომ არ შეშრობოდათ ჯერ კიდევ ტუჩებზე, გადააბიჯეს სიცოცხლეშივე სიკვდილის ზღვარს კაცურად და ირჩიეს ომში სიკვდილი, სამშობლოს საკეთილდეღოდ.
ამ ამაღლებულ გრძნობას ვერაფერი ვერ შეედრება.
ღმერთმა ნუ ქნას, რომ საბრძოლო სიტუაციები ისევ იყოს, მაგრამ თუ ამ ბიჭების თავი ისევ დაჭირდებათ და არ ვიცი როგორი აგიტაციით შეძლებენ ამ დაუფასებელი ნაომარი თაობის ბრძოლებში შეყვანას.
ჩემი შვილის ძებნისას ერთმა აფხაზმა მითხრა: „რა უნდოდა თბილისელ ბიჭს სოხუმის მიწაზეო?“ ამ კაცისთვის ძნელი იყო იმის გაგება, რომ აფხაზეთის მიწას ეს ერთი ციდა ბიჭები თავის სისხლხორცეულ სამშობლოდ თვლიდნენ და არ უნდოდთ სიცოცხლე ამ დანაკარგის შეგუების ფასად…
მე მამა ვარ და როგორ ვთქვა ჩემი შვილის მიმართ განცდა… რაც უფრო მეტი დრო გადის, ხომ ვიცი, რომ ის აღარ მოვა, არ დაბრუნდება, მაინც ყოველთვის ველი… შინაგანად ვგრძნობ, რომ გაიღება კარი და ზურა შემოვა და ისევ სცილით და ხალისით აავსებს ჩემს სამყაროს. ამ ჩემს უბედურებას არ აქვს გამოთქმის და გამოხატვის საშუალება.
მახსოვს მე და ტარიელი, ეს ორი გაუბედურებული მამა, როცა ვბრუნდებოდით გამწარებული გულით, მაინც იმას ვამბობდით, რომ ნეტავ ჩვენი ბავშვები იყვნენ საბოლოო მსხვერპლი და ღმერთს ვთხოვდით სხვების შვილებისათვის შეენარჩუნებინა სიცოცხლე…
ჩემი შვილი ომში არ გამიშვია, თვითონ წავიდა და თავი მართლაც რომ გასწირა, რამხელა სიყვარული უდუღდა გულში ვინ იცის? ზურასთან ერთად მისი მეგობრებიც დაიღუპნენ: ფრიდონაშვილი მალხაზი, გივი ხვადაგიანი, თენგიზ ნადოევი, პაატა ჯანელიძე და ალბერტი ჯანგულაშვილი.
ბევრი ოჯახი გაუბედურდა და განადგურდა… სახელმწიფომ მათზე არავითარი პასუხისმგებლობა არ იაღო და მზრუნველობა არ გაუწია. გვაქვს სახლში უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოები და ამის მიუხედავად არავითარი სტატუსი არ გაგვაჩნია, როგორც მოხალისეებად დაღუპულთა ოჯახის წევრებს და გაუმართლებელი სისატიკეა პენსიაც კი არ მისცე მათ და კანონგარეშედ დატოვო…
ვიცი ბევრი მათგანის სიცოცხლე ყოველდღიური გადარჩენისათვის ბრძოლის კოშმარად იქცა და ამის შემხედვარეს ყველაფერზე გეკარგება წარმოდგენა, რადგან იმ ბედნიერ საქართველოს, რომლისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი შვილები მთელი თავგანწირვით, მე დღეს ვერ ვხედავ და უფრო იმიტომაც მენანებიან ჩვენი უანგარო, პატარა ვაჟკაცები…
მე ვიტყოდი, რომ ეს იყო გენოციდი ქართველი ბიჭების, ქართველო ერის მიმართ… მიზანმიმართული გენოციდი… ამ პირტიტველა ბიჭებს უნდა შეექმნათ ოჯახები, შთამომავლობა უნდა გაეგრძელებინათ და ეცხოვრათ ბედნიერ სახელმწიფოში. მე ჩემი შვილიშვილი მინდოდა ხელში ამეყვანა და გამეხარა მათი ღიმილით და არა ასე გულშემუსვრილს მევლო…
ჩაწერილია 1995 წლის მაისში

0
259
4-ს მოსწონს
ავტორი:მამუკა123
მამუკა123
259
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0