x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134498
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508559
ერიკ ბერნის ტრანსაქციული ანალიზი
ერიკ ბერნიამერიკელმა ფსიქოლოგმა, ფსიქიატრმა და სამხედრო ექიმმა ერიკ ბერნმა (1910 – 1970) შექმნა პოპულარული
თეორია, რომელიც ტრანსაქციული ანალიზის სახელითაა ცნობილი. ტრანსაქცია ეს არის მოქმედება, რომელიც მიმართულია სხვა ადამიანზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ტრანსაქცია ურთიერთობის ერთეულია.
ბერნის კონცეფცია აერთიანებს რა იდეებს როგორც ფსიქოდინამიკური, ისე ბიჰევიორისტული მიდგომებიდან, აქცენტს აკეთებს იმ კოგნიტური სქემების გამოვლენაზე,
რომლებიც განსაზღვრავენ ადამიანის ურთიერთობებს სხვებთან და საკუთარ თავთან, ამასთანავე მიზნად ისახავს ფსიქოლოგიური დახმარება გაუწიოს იმ ადამიანებს, რომლებსაც გარკვეული პრობლემები აქვთ მსგავს ურთიერთობებში.

ტრანსაქციული ანალიზი ფსიქოანალიზის გამარტივებული ვარიანტია. როგორც თავად ავტორი ამბობს, ეს არის “ფსიქოანალიზი დიასახლისებისთვის.’’ მისი გამოყენება შესაძლებელია ფსიქოთერაპიაში, ფსიქოლოგიურ კონსულტირებაში, ბიზნეს-კონსულტირებაში, ყველგან, სადაც ადამიანებს ერთმანეთთან ურთიერთობა უწევთ.


ბერნი გამოყოფს სამ “ეგო-მდგომარეობას’’ იგივე “მე-ს’’ მდგომარეობას, რომლისგანაც შედგება თითოეული ადამიანის პიროვნება: “მშობელი’’, “ბავშვი’’ და “ზრდასრული’’. ბერნის აზრით, გარემომცველ სამყაროსთან ურთიერთობისას ადამიანი ყოველთვის იმყოფება ამ სამი ეგო-მდგომარეობიდან ერთ-ერთში. უნდა ითქვას, რომ არასწორი აღზრდის შემთხვევაში პიროვნების სტრუქტურა შესაძლოა დეფორმირდეს და დაიწყოს ერთი რომელიმე ეგო მდგომარეობის მიერ დანარჩენების დათრგუნვა, რაც განაპირობებს პრობლემებს ურთიერთობებში და ადამიანის მიერ შინაგანი დაძაბულობის განცდას.

განვიხილოთ თითოეული ეგო-მდგომარეობა ცალ-ცალკე:


“მშობელი’’ - მოიცავს ბავშვობაში მშობლებისგან ან სხვა ავტორიტეტული პირებისგან მიღებულ ინფორმაციას: ქცევის წესები, სოციალური ნორმები, აკრძალვები, გარკვეული სქემები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ან არ შეიძლება კონკრეტულ სიტუაციაში მოქცევა.

არსებობს “მშობლის’’ 2 ძირითადი გამოვლინება - პირდაპირი და ირიბი: პირდაპირი,
როგორც “მე-ს’’ აქტიური მდგომარეობა და ირიბი, როგორც მშობლის გავლენა. პირველ, აქტიური ზეგავლენის შემთხვევაში ადამიანი იქცევა ისე, როგორც მისი მშობელი, დედა ან მამა, იქცეოდა მსგავს შემთხვევებში. ხოლო მეორე, ირიბი ზემოქმედების შემთხვევაში, ადამიანი ეგუება/ერგება მშობლის მოთხოვნებს და იქცევა არა მისი მშობლების მსგავსად, არამედ მათი მოთხოვნებისა და მოლოდინების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, გამოყოფენ “მშობლის’’ 2 ძირითად ფორმას: მზრუნველი (რჩევები, მხარდაჭერა, ზრუნვა, დახმარება, “შენ შეძლებ ამას’’, “ნუ გეშინია’’, “ყველა დაგეხმარებით’’), როცა წინა პლანზე გადმოწეულია ღირებულებები (“სამშობლოს მტრისგან დაცვა ღირსეული ქმედებაა, ღალატი კი უღირსი) და მაკონტროლებელი/კრიტიკული (აკრძალვები, სანქციები, მუქარა, ბრძანებები და ა.შ.), როცა პრიორიტეტული ხდება ფსევდო-ღირებულებები, ცრურწმენები.


მოკლედ რომ ვთქვათ, “მშობელი’’ ადამიანის ქცევაზე ზემოქმედებს სინდისის ფუნქციის შესრულების გზით. მისი დევიზია: უნდა, შეიძლება/არ შეიძლება. ისეთ პირობებში, სადაც “მშობლის’’ ეგო-მდგომარეობა მთლიანად ბლოკირებულია და არ ფუნქციონირებს, ადამიანი კარგავს ეთიკურ ნორმებსა და მორალურ პრინციპებს.


“ბავშვი’’ - პიროვნების ყველაზე იმპულსური და გულწრფელი ასპექტი. მოქმედებს დევიზით: მინდა, მომწონს. ვლინდება 2 ფორმით:

1. “ბუნებრივი (თავისუფალი) ბავშვი’’ - დამახასიათებელია მიამიტობა, პირდაპირობა, გონებამახვილობა, გამომგონებლობა. ადამიანს ანიჭებს სითბოსა და მომხიბვლელობას, მაგრამ ამავდროულად ის არის ჭირვეული, ბუტია, უზრუნველი/უდარდელი, ეგოცენტრული, ჯიუტი და აგრესიული.

2. “ადაპტირებული ბავშვი’’ - დამახასიათებელია ქცევა, რომელიც შეესაბამება მშობლების მოლოდინებსა და მოთხოვნებს. არის კონფორმული, მორცხვი, საკუთარ თავში დაურწმუნებელი. “ადაპტირებული ბავშვის’’ სახესხვაობებია: “მეამბოხე’’ (მშობლების წინააღმდეგ მიმართული), გაუცხოებული და დამყოლი ბავშვი.

“ზრდასრული’’ - ეგო-მდგომარეობა, რომელიც ადამიანს აძლევს შესაძლებლობას ობიექტურად შეაფასოს რეალობა საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით და მიიღოს ადეკვატური გადაწყვეტილებები. მოქმედებს დევიზით: რაციონალურია, სასარგებლოა.


“ზრდასრული’’ ეგო-მდგომარეობა ვითარდება ადამიანის მთელი ცხოვრების განმავლობაში, მისთვის დამახასიათებელია ობიექტურობა და გონივრულობა. იგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანი მისი საშუალებით გადაამუშავებს გარემოდან შემომავალ ინფორმაციას, აანალიზებს ასევე იმ ინფორმაციას, რომელიც ჩაწერილია “მშობელში’’ და “ბავშვში’’ და ირჩევს, რომელი ქცევაა მოცემული სიტუაციისთვის ყველაზე მეტად შესაფერისი, რომელი სტერეოტიპებით უნდა ვიხელმძღვანელოთ და რომელი უკუვაგდოთ.

“ზრდასრული’’ ერთგვარი შუამავალია “მშობელსა’’ და “ბავშვს’’ შორის. თუ “ზრდასრული’’ ეგო-მდგომარეობა ბლოკირებულია და არ ფუნქციონირებს, მაშინ ასეთი ადამიანი ცხოვრობს წარსულში, არ შეუძლია გააცნობიეროს სამყაროში მიმდინარე ცვლილებები. მისი ქცევა მერყეობს “მშობლისა’’ და “ბავშვის’’ ქცევას შორის. ამიტომ ფსიქოკორექცია მიმართული უნდა იყოს მუდმივი ზრდასრული ქცევის გამომუშავებაზე.



ბერნი


ბერნის თეორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ასევე “გადართვის’’ ცნება, რაც გულისხმობს
გადასვლას ერთი ეგო-მდგომარეობიდან მეორეზე. ერთი და იგივე ინდივიდი განსხვავებულ
ცხოვრებისეულ სიტუაციებში შეიძლება იმყოფებოდეს ხან “ბავშვის’’, ხანაც “მშობლის’’ ან “ზრდასრულის’’ ეგო-მდგომარეობაში. ამასთანავე პიროვნების ქცევაში ერთდროულად შესაძლოა რამდენიმე მდგომარეობაც გამოვლინდეს.


ბერნის თეორიის შემდეგი ფუნდამენტური ტერმინი, რომელზედაც ყურადღება უნდა გავამახვილოთ არის “თამაშები’’ - ფიქსირებული, გაუცნობიერებელი ქცევის ფორმები ფარული მოტივით, რომლის დროსაც ურთიერთქმედებაში მყოფი პირებიდან ერთ-ერთი ცდილობს ფსიქოლოგიური ან სხვა სახის უპირატესობის მოპოვებას მეორეზე (მოგებას). თამაში მოიცავს ტრანსაქციების თანმიმდევრობას, რომელსაც სუბიექტი ახორციელებს მკაფიოდ განსაზღვრული და პროგნოზირებადი შედეგის (მოგების) მისაღწევად. მოგებას შეიძლება წარმოადგენდეს გარკვეული ემოციური მდგომარეობა, რომლისკენაც მოთამაშე გაუცნობიერებლად ისწრაფვის.

თამაშები შეიძლება იყოს “კარგი’’, როცა პირველი პირი არ იტანჯება მეორის მოგების გამო და “ცუდი’’, როცა პირველი პირი ზიანდება მეორის მანიპულაციის შედეგად. თამაშები უფრო ხშირად 2 ადამიანს შორის ვითარდება, თუმცა თამაშს შეიძლება აწარმოებდეს ადამიანი საკუთარ თავთან ან ადამიანთა ჯგუფთანაც კი.


ბერნის თეორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ცხოვრებისეულ სცენარებს (სკრიპტებს) - ეს არის პიროვნების ცხოვრების გეგმა, ერთგვარი სპექტაკლი, რომელსაც ადამიანი ძირითადად გაუცნობიერებლად თამაშობს. სცენარი მოიცავს თეატრალური დრამის თითქმის ყველა კანონზომიერებას: დასაწყისი, კვანძის შეკვრა, მოქმედება, კულმინაცია და ფინალი. გამოყოფენ უიღბლოების/წაგებულების და გამარჯვებულების სცენარებს. აღსანიშნავია, რომ რა როლიც ენიჭება ადამიანს ბავშვობაში, იმავე როლის თამაშს აგრძელებს ზრდასრულობაშიც. შეიძლება ითქვას, ადამიანში ბავშვობიდანვე “იტვირთება პროგრამა’’, რომლის მიხედვითაც იგი მიზნისკენ ისწრაფვის. პროგრამა მოიცავს პასუხებს კითხვებზე: “ვინ ვარ?’’, “რა შემიძლია?’’, “როგორი უნდა ვიყო?’’, “როგორ მივაღწიო მიზანს?’’. როგორც წესი, ამ პროგრამას მშობლები, მასწავლებლები “ტვირთავენ’’ და მოცემულ კითხვებზე პასუხებიც მათგან მიღებულ აღზრდაზეა დამოკიდებული.


სცენარი შეიძლება იყოს პროფესიული, რელიგიური, განათლების მიღებასთან თუ დაოჯახებასთან დაკავშირებული და ა.შ. მათ ბავშვები მშობლებისგან ვერბალური შეტყობინებების სახით იღებენ: “ჩვენს გვარში ყველა ექიმი იყო’’, “მსახიობობისთვისაა შექმნილი’’, “ქალისთვის მთავარი გათხოვებაა’’ და ა.შ.

სცენარი ასევე შეიძლება იყოს კონსტრუქციული, დესტრუქციული და არაპროდუქტიული.

ტრანსაქციული ანალიზის საფუძველზე ბერნმა შეიმუშავა ფსიქოთერაპია, რომლის მიზანია დაეხმაროს ადამიანს თავისი თამაშების, ეგო-მდგომარეობების გაცნობიერებაში, გაათავისუფლოს იმ სკრიპტებისგან, რომლებიც წინასწარ აპროგრამებენ მის ცხოვრებას, ხელი შეუწყოს პიროვნებას ახალი გადაწყვეტილებების მიღებაში. ფსიქოლოგის მთავარი ამოცანა კლიენტში ინსაიტის უზრუნველყოფაა, ასეთ დროს ფსიქოლოგი კლიენტის “ზრდასრულ’’ ეგო-მდგომარეობას მიმართავს, არ ითვალისწინებს მისი “ბავშვის’’ კაპრიზებს და არ ამშვიდებს გაღიზიანებულ “მშობელს’’.

ტრანსაქციული ანალიზის მეთოდით მუშაობის მთავარი პირობა არის კონტრაქტი“რომელიც იდება კლიენტსა და ფსიქოთერაპევტს შორის. კონტრაქტში ხაზგასმულია მიზნები, რომლებსაც კლიენტი ისახავს, ამ მიზნების მისაღწევი გზები და ფსიქოლოგის მოთხოვნები, რომლებიც კლიენტმა უნდა შეასრულოს. კლიენტი წყვეტს რომელი სტერეოტიპები, მტკიცებები, ემოციები, ქცევის სტანდარტები უნდა შეცვალოს საკუთარ თავში, რომ დასახულ მიზანს მიაღწიოს. კონტრაქტის დადება ორივე მხარის თანაბარ პასუხისმგებლობაზე მიუთითებს.

წარმატების შემთხვევაში ვიღებთ ჰარმონიულ, ბალანსირებულ ურთიერთობას პიროვნების
ეგო-მდგომარეობებს შორის, ე.ი. ავტონომიურ “ზრდასრულს’’ და მასზე დამორჩილებულ
“მშობელსა’’ და “ბავშვს’’.




ეგო მდგომარეობები





0
797
შეფასება არ არის
ავტორი:ელა მამასახლისი
ელა მამასახლისი
797
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0