x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134053
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
"ლუციფერის ეფექტი"

imageწიგნი სახელწოდებით "ლუციფერის ეფექტი" ეკუთვნის თანამედროვე ფსიქოლოგიის ერთერთ ყველაზე ცნობილ ფიგურას, სტენფორდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის დეპარტამენტის პროფესორ ფილიპ ზიმბარდოს. "ლუციფერის ეფექტში" წამოჭრილია მეტად საინტერესო და აქტუალური საკითხი იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ჩვეულებრივმა ადამიანმა ჩაიდინოს გაუგონარი სისასტიკე და ბოროტება. ხშირად როდესაც ვცდილობთ ადამიანის ქცევის ახსნას ვეყრდნობით მის პიროვნულ თვისებებს, ხასიათს და ნაკლებ ყურადღებას ვუთმობთ გარეგან ფაქტორებს, სიტუაციას, რომელიც მას უბიძგებს კონკრეტული ქმედებისკენ. ფილიპ ზიმბარდო სწორედ სიტუაციას, ადამიანის მიერ მორგებულ როლს უკავშირებს მის ქმედებებს. ამის საფუძველს მას აძლევს 1971 წლის ზაფხულში კალიფორნიაში ჩატარებული გახმაურებული "სტენფორდის ციხის " ექსპერიმენტი, რომელიც გამაოგნებელი შედეგებით დასრულდა. ექსპერიმენტი 2 კვირა უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ მან მხოლოდ 5 დღეს გასტანა... მონაწილეები ხანგრძლივი გამოკითხვებისა და ფსიქოლოგიური ტესტირებების შედეგად შეარჩიეს უამრავი მოხალისე სტუდენისგან, რომლებიც გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურნენ. თითოეული მათგანი ფიზიკურად ჯანმრთელი და ემოციურად სტაბილური იყო. მონეტის აგდებით ალალბედზე გადაწყდა მონაწილეთა როლები. ნაწილს პატიმრის, ნაწილს კი ზედამხედველის როლი ერგო. პატიმრები ექსპერიმენტის მიმდინარეობის პერიოდში ციხეში იმყოფებოდნენ, ზედამხედველები კი სტანდარტულად 8 საათს მუშაობდნენ. პატიმრისა და ზედამხედველის როლების უკეთ გასათავისებლად ექსპერიმენტში მონაწილეები შესაბამისი ტანსაცმლით და აქსესუარებით იყვენ უზრუნველყოფილნი. თავდაპირველად ექსპერიმენტი საკმაოდ მოსაწყენი ჩანდა, მაგრამ მოულოდნელად სიტუაცია შეიცვალა, ზედამხედველები–ის სტუდენტები, რომლებიც მშვიდობიანი და "კარგი ბიჭები" იყვნენ აგრესიულად, ზოგჯერ სადისტურადაც კი იქცეოდნენ. ისინი პატიმრებისგან უსიტყვო მორჩილებას მკაცრად მოითხოვდნენ. დაუმორჩილებლობას სასჯელი მოჰყვებოდა პრივილეგიების ჩამორთმევის სახით. პრივილეგიებში საწყის ეტაპზე კითხვის, წერის, იმავე საკანში მყოფთან საუბრის უფლება იგულისხმებოდა, შემდეგ კი სასჯელი ჭამის, ძილის და დაბანის უფლებებზეც გავრცელდა. თუმცა, ეს ყველაფერი როდია, წესებისადმი დაუმორჩილებლობას ისეთი დამამცირებელი სასჯელიც კი სდევდა თან, როგორიცაა ტუალეტის ხელით რეცხვა, აზიდვები ზურგზე ზედამხედველის ფეხით და კარცერში ჩასმა. პატიმრის როლში მყოფმა მანამდე ფსიქოლოგიურად სტაბილურმა სტუდენტებმა სულ მალე გამოავლინეს პათოლოგიური ქცევები, ისინი პასიურ წინააღმდეგობას უწევდნენ დამცირებას და ბედს შეეგუენ. 36 საათიც არ იყო გასული რომ ერთერთმა პატიმარმა, დილით ჩახშობილი ბუნტის ლიდერმა, ყვირილი დაიწყო, მას ღრმა დეპრესია, აზროვნების დეზორგანიზაცია და მძვინვარების შეტევები აღენიშნებოდა. მომდევნო დღეებში კიდევ სამ პატიმარს განუვითარდა სტრესული სიმპტომები მეხუთე პატიმარს კი მთელ სხეულზე ფსიქოსომატური წარმოშობის გამონაყარი გაუჩნდა, მას შემდეგ რაც მისი თხოვნა შეწყალების შესახებ უარყვეს. 5 პატიმარი, რომლებსაც სტრესული რეაქციები ჰქონდათ დროზე ადრე გაათავისუფლეს ექსპერიმენტიდან. ექსპერიმენტში მონაწილეობა მათი ცხოვრების ერთერთ უმნიშვნელოვანეს და ურთულეს გამოცდილებად იქცა. საბედნიეროდ, ისინი ადვილად გამოვიდნენ ამ მძიმე სიტუაციიდან. მრავალწლიანმა დაკვირვებებმა ცხადყო, რომ რაიმე ხანგრძლივი ნეგატიური ეფექტი არ გამოვლენილა.ალბათ, სავსებით სამართლიანად ეს ექსპერიმენტი არაეთიკური კვლევების ერთერთ თვალსაჩინო მაგალითად მიიჩნევა. თუმცა, მისი წვლილი უდიდესია თანამედროვე ფსიქოლოგიის განვითარებაში. ის უამრავ კითხვას გვიჩენს თითოეულ ჩვენგანს... გვიბიძგებს დავფიქრდეთ როგორ მოვიქცეოდით მსგავს სიტუაციაში. გვეხმარება გავაანალიზოთ სხვა ადამიანების მოქმედებები კონკრეტულ სიტუაციაში.

ამდენად, წიგნი "ლუციფერის ეფექტი" საშუალებას გვაძლევს მოვლენები განსხვავებული კუთხით დავინახოთ, ვფიქრობ, მისი წაკითხვა ნამდვილად ღირს...


0
334
შეფასება არ არის
ავტორი:ეკატერინე მგელაძე
ეკატერინე მგელაძე
334
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0