x
მომავალი არჩევნები

არჩევნები

ახლოვდებასაპარლამენტო არჩევნები და საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, ამ არჩევნების შედეგიც ისევე „წარმატებული“ იქნება, როგორ დანარჩენ წინა შემთვევებში. ამის საფუძველს იძლევა ის, რომ არ შეცვლილა ამომრჩეველთა არჩევანის პრინციპი, თუ რის მიხედვით ვის უნდა მისცეს ხმა. შესაბამისად არ იცვლება პოლიტიკოსების პრინციპიც და ამომრჩეველს სთავაზობენ მხოლოდ იმის გადაწყვეტის პირობას, თუ რა არის მომენტისათვის გახმაურებული თემა. სავარაუდოდ, მომავალ არჩევნებში ერთერთი ასეთი თემა შეიძლება იყოს ერთსქესიანთა ქორწინება, გენდერული თანასწორობა ან რელიგია. ალბათ, ზოგი პოლიტიკური პარტია ისე დააყენებს საკითხს, რომ ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ კანონის უქონლობაღა გვიშლის ხელს სანუკვარ მაპ-ის მისაღებად, მეორენი კი ეროვნული ტრადიციების ხელყოფას ქვეყნის დაშლის ტოლფასად ჩათვლიან; ზოგიც ყველანაირი პრობლემის გადაჭრის საშუალებად გენდერულ თანასწორობას დაასახელებს, ზოგიც კი დღეში შვიდგზის ლოცვის აღავლენის აუცილებლობაში ეცდებიან დაარწმუნონ საზოგადოება.
ჩვენთან თითქმის არავინაა გარკვეული თუ რა ფუნქცია აქვს სახელმწიფოს. ამომრჩეველი ფიქრობს, რომ თუ მისი სასურველი პოლიტიკური ძალა გაიმარჯვებს, იგი იცხოვრებს კარგად და მოწინააღმდეგებზე შურისძიების საშუალება მიეცემა. პოლიტიკოსები კი ოცნებობენ ხელისუფლებაში მოხვედრას, თავისი და თანამებრძოლების მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. რატომღაც ყველას ავიწყდება, რომ სახელმწიფო ეს ტერიტორიაა იქ მცხოვრები ხალხით. ტერიტორიების დაკარგვა და მოსახლეობის შემცირება ქვეყანას აკნინებს და გაქრობამდე მიყავს.
ამომრჩეველმა პოლიტიკოსები უნდა აიძულონ და ისეთი პირობა დაადებინონ, რომელიც მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან იქნება გამომდინარე. ასე იქცევა ნებისმიერი ნორმალური ქვეყნის პოლიტიკოსი. ხალხის კეთილდღეობა განისაზღვრება ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობით. ამას კი ბიზნესის განვითარება სჭირდება. ბიზნესის სფერო, რომ წარმატებული იყოს მრავალი ფაქტორია გასათვალისწინებელი,
მათ შორის ძირითადია:
სტაბილურობა და ფართო ბაზარი:
ამისათვის საჭიროა ხელისუფალი ცდილობდეს თავის ქვეყნის ტერიტორიები შეინარჩუნოს და დაიცვას. ყველანაირი საშუალებით ეცადოს გააფართოოს თავის ქვეყნის გავლენა სხვა რეგიონებზე. არგუმენტირებულად უნდა დასაბუთდეს პოლიტიკოსის მიერ რა სარგებელს მოუტანს ქვეყანას ამა თუ იმ ალიანსში ან კავშირში გაერთიანება, ან სულაც ნეიტრალიტეტის გამოცხადება.
კონკურენტუნარიანი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა:
თანამედროვე პირობებში კონკურენტუნარიანი პროდუქციის ან მომსახურების საწარმოებლად, ბინესმენი უნდა იყოს განსწავლული. ასეთი ბიზნესმენი კი მხოლოდ ისეთ საზოგადოებაში შეიძლება ჩამოყალიბდეს, სადაც განათლების დონე მაღალია. სამართლიანობა მოითხოვს, რომ ასეთი პოლიტიკის გატარებას ბენდუქიძე ცდილობდა და გარკვეული წარმატებაც ჰქონდა. ივანიშვილმაც დაიწყო ამგვარი რამ: მან ქვეყნის საუკეთესო სტუდენტებს შესთავაზა ბიზნესპროექტები წარმოედგინათ და დაფინანსება აღუთქვა. ვფიქრობ საკითხის ამგვარად მიდგომა უარყოფით შედეგს გამოიღებს, რადგან ბევრი კარგი ახალგაზრდა, რომელსაც მეცნიერებაში წინსვლის პერსპექტივა აქვს, ბიზნესში გადაინაცვლებს და ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალი შემცირდება, რაც არ წაადგება ქვეყნის განათლებულობის დონის ზრდას. ახალგაზრდობის დაფინანსება საჭიროა და აუცილებელი განათლების მისაღებად და არა მათ მოსასყიდად.
წესრიგი და სამართლიანობა:
ხშირია შემთხვევა არაკეთილსინდისიერი თანამშრომლისაგან, კონტრაჰეტისაგან ან ბოროტმოქმედისაგან დაზარალებული მეწარმე სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს (როცა აშკარაა სისხლის სამართლის დანაშაული), მაგრამ სამართალდამცავები ყველა ხერხით ცდილობენ საქმე არ აღძრან, რათა გაუხსნელი საქმე არ დაეწეროთ ან სტატისტიკურად დანაშაულის რაოდენობა ნაკლები იყოს. თუ დაზარალებული სახელმწიფოა, დამნაშავეს აუცილებლად აგებინებენ პასუხს. დროა ჩვენმა ძალოვანებმა გაიგონ, რომ სახელმწიფო მეწარმეზე დგას და მისი ინტერესების დაცვა ისევე აუცილებელია, როგორც სახელმწიფოსი.
არჩევანის გაკეთების დროს აუცილებელია გვახსოვდეს წარსულში მიღებული გამოცდილება. უახლოესი ისტორიული გამოცდილებით შეიძლება ასეთი დასკვნები გამოვიტანოთ:


1918-21 წლებმა დაადასტურა, რომ რეგიონის ქვეყნებთან საჭიროა საერთო ინტერესების მონახვა და მათთან დაპირისპირება ყველასთვის დამღუპველია;

გამსახურდიას მიერ გატარებული პოლიტიკით გაირკვა, რომ ქვეყნის შიგნით ეთნიკური დაპირისპირების გაღვივება და ამ გზით ხელისუფლებაში მოსვლა არასასურველია და სავალალო შედეგები მოაქვს;

შევარდნაძის პოლიტიკამ, ყველა ჩინოვნიკის კორუფციისკენ წაქეზება და ამ გზით მათი მართვა, კორუფციის არნახული მასშტაბებით განვითარება გამოიწვია და ქვეყანა უფსკრულისაკენ დაეშვა;

სააკაშვილის მმართველობის პერიოდიდან შეიძლება დავსკვნათ, რომ ტირანიას ვერ აიტანს ხალხი. ასევე, მხოლოდ სხვისი ქვეყნის ინტერესების დაცვა, ჩვენს ქვეყანას არ გამოადგება და შეიძლება ტერიტორიების დაკარგვის ფასად დაუჯდეს;

დღევანდელი ხელისუფლების მოქმედება ცხადყოფს, რომ უმეცარი და გაუნათლებელი, რაც არ უნდა პატიოსანი იყოს, არ გამოდგება მმართველად.

ასეთი გამოცდილების მიღება საკმაოდ ძვირი უჯდება ქვეყანას. ნორმალურ ქვეყანაში აუცილებლად ეცდებოდნენ მომავალში ეს გამოცდილება გამოეყენებინათ, მაგრამ ჩვენთან რატომღაც მხოლოდ მიმდინარე ხელისუფალის პრობლემას ხედავენ,
ძველი კი ავიწყდებათ. იმაზე საუბარი, რომ სხვა ქვეყნების გამოცდილებაც გაითვალისწინონ, ამ შემთხვევაში უადგილოდაც კი ჟღერს.

1
37
1-ს არ მოსწონს
ავტორი:ქართლოს
ქართლოს
37
  
2015, 9 ივლისი, 14:36
გაითვალისწინეთ, რომ ყველა სტატიას უნდა ჰქონდეს ფოტო!
0 1 1