x
ემერჯენტული წიგნიერება

კითხვა და წერა - სიმბოლური კომუნიკაციის ფორმებია, რომელიც მოითხოვს შემეცნებითი ფსიქიკური პროცესების - აღქმის, ყურადღების, მეხსიერების, აზროვნების მონაწილეობას.

ერთი კულტურის წარმომადგენლები აზრების გადმოსაცემად მსგავს სიმბოლოებს იყენებენ. კითხვისა და წერის უნარები ბავშვის სამეტყველო განვითარების უფრო მაღალი დონის პროდუქტებია. ამგვარ კონცეფციას გვთავაზობს მთლიანი ენის მიდგომა. (Fields, Spangler, 1995)აღნიშნული მიდგომის წარმომადგენლები არ იკვლევენ იმ პერიოდს, როდესაც ბავშვის გონება მწიფდება კითხვისა და წერის სასწავლად, არამედ ეყრდნობიან ემერჯენტული წიგნიერების კონცეფციას (ემერჯენტული - უცებ აღმოცენებადი, რომელიც თვისებრივად განსხვავებულია მისი ელემენტებისგან).

ემერჯენტული წიგნიერების კონცეფციის თანახმად უნარები დაკავშირებული ზეპირ და წერით მეტყველებასთან ვითარდება ჩვილობის ასაკიდან და ნელ-ნელა იხვეწება. (Teale, Sulzby, 1986). ამგვარად, კითხვისა და წერის უნარების ადრეულ გამოვლინებად შეგვიძლია მივიჩნიოთ ბავშვის შემდეგი ქცევები: ბავშვი ისმენს სხვების მიერ მოყოლილ ისტორიებს, მანამდეც, სანამ თავად დაიწყებდეს გაბმულ მეტყველებას; ჯღაბნის ფურცელზე, სანამ წერას დაიწყებდეს, ვითომ კითხულობს და ფურცლავს წიგნს, სანამ ნამდვილ მკითხველად ჩამოყალიბდება.

კითხვისა და წერის უნარების განვითარება დამოკიდებულია სოციო-კულტურულ კონტექსტზე. ბავშვები წერისა და კითხვის უნარებს ივითარებენ შესაბამის სოციალურ სიტუაციაში მაშინაც, როდესაც ურთიერთობენ მშობლებთან, მასწავლებლებთან და და-ძმასთან. წიგნიერების განვითარებაში დიდი წვლილი შეაქვს არა მხოლოდ მიზანმიმართულ ვარჯიშს წერა - კითხვაში, არამედ პოზიტიური ელფერით დატვირთულ ურთიერთობას უფროსებისა ბავშვთან. წიგნიერების განვითარებაში განსხვავებული წვლილი შეაქვს ბავშვის მასწავლებელთან და თანატოლებთან ურთიერთობას. მასწავლებელი ნაბიჯ-ნაბიჯ უვითარებს კითხვისა და წერის უნარებს, თანატოლებთან ურთიერთობისას კი ბავშვები სხვადასხვა საკითხებზე მსჯელობენ და უზიარებენ ერთმანეთს მოსაზრებებს, რაც აგრეთვე ეხმარება წიგნიერების განვითარებას.

მშობლები და მასწავლებლები ამ პერიოდში ბავშვებს წიგნიერების განვითარებაში ეხმარებიან შესაბამისი გარემოს შექმნით. კერძოდ:

1. ბეჭდური საშუალებებით მდიდარი გარემო
* უფროსები, რომლებიც თავად კითხულობენ (და ამის შემსწრე არის
ბავშვი);
* უფროსის მიერ ხმამაღალი კითხვა სხვებისთვის;
* მდიდარი, ხელმისაწვდომი ბიბლიოთეკის არსებობა;
* შესაძლებლობის არსებობა, რომ ბავშვმა გაიგოს სიტყვების მნიშვნელობა;
* შესაძლებლობა ინსტრუქციების გაცნობისა ყოფით სიტუაციაში;
* შესაძლებლობა მიიღოს პასუხები დასმულ შეკითხვებზე (ბეჭდური საშუალებებიდან)
2. ზეპირი სამეტყველო სიტუაციებით მდიდარი გარემო
* უფროსების საუბრის მოდელები;
* უფროსები, რომლებიც უსმენენ ბავშვებს;
* თანატოლებთან საუბარი;
* სიუჟეტურ - როლური თამაშები;
* საუბარი თანატოლებთან;
* ლექსიკური მარაგის გამდიდრების შესაძლებლობა;
* სიტყვების მნიშვნელობის გაგებასთან წვდომა.
3. მრავალფეროვანი გამოცდილების მიღების შესაძლებლობა
* თამაშები;
* ექსკურსიები;
* ბუნების კვლევა;
* ყოველდღიური ყოფითი გამოცდილება (მაღაზია, საბავშო მოედანი);
4. სიმბოლური რეპრეზენტაციის სხვადასხვა მაგალითები
* თეატრალური წარმოდგენები;
* ვიზუალური ხელოვნება(მხატვრობა, ქანდაკება);
* მუსიკა და ცეკვა;
5. წერის თვითნებური ექსპერიმენტები
* ჯღაბნა;
* ხატვა;
* ნიმუშის მიხედვით გადმოწერა/გადმოხატვა;
* წერილის წერა
6. კითხვის თვითნებური ექსპერიმენტები

* წიგნის გადაფურცვლა “მეხსიერებით კითხვა“
* ზეპირად გადმოცემული სიტყვების (აკუსტიკური ხატის) ან ილუსტრაციების დაკავშირების მცდელობა ორთოგრაფიულ ხატთან.

0
116
შეფასება არ არის
ავტორი:თათია თურმანიძე
თათია თურმანიძე
116
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0