x
მეტი
  • 11.05.2024
  • სტატია:134707
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508931
გლობალიზაციის დასაწყისი

ხშირად გლობალიზაციას ოცდამეერთე საუკუნის პირმშოდ მოიხსენიებენ. არსებობს მეცნიერთა საპირისპირო შეხედულება, რომ გლობალიზაცია ინდუსტრიალიზმის დროს დაიწყო, ზოგი სწავლული კი გლობალიზაციის გამოვლინების ფაქტებს შუა და ადრეულ საუკუნეებსაც კი უკავშირებს. რეალურად არც ერთი მხარე არაა მტყუანი და შეგვიძლია სამივე ეს შეხედულება მართებულად მივიღოთ, მხოლოდ გააჩნია როგორ განვმარტავთ თავად გლობალიზაციის ამ ურთულეს ფენომენს. თუ გლობალიზაციას ეკონომიკასა და კაპიტალიზმის მსოფლიო გამარჯვებას დავუკავშირებთ და ვიტყვით, რომ ეს მოვლენა გულისხმობს საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციების გაფართოებასა და გავრცელებას მთელს მსოფლიოში, მაშინ იგი მართლაც ოცდამეერთე საუკუნის პირმშოდ ჩაითვლება.
თუ ამ ტერმინს მივანიჭებთ ინფორმაციის გავრცელების გამარტივებისა და მსოფლიოს მასშტაბით საწარმოების განვითარების მნიშვნელობას, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ რომ გლობალიზაცია ინდუსტრიალიზაციის პერიოდიდან ვითარდება. ხოლო თუ გლობალიზაციას დავუკავშირებთ კულტურებს, მათ დაახლოებასა და შერწყმას მთელ მსოფლიოში, მაშინ იგი ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაწყებულა და შუა საუკუნეებშიც აქტიურად გაგრძელებულა. მეც გლობალიზაციას სწორედ ამ უკანასკელ ჭრილში განვიხილავ და აღვნიშნავ, რომ გლობალიზაციის პირველი გამოვლინება ამ კუთხით ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეოთხე საუკუნეში მოხდა ალექსანდრე მაკედონელის მოღვაწეობისას. მისი იმპერია, რომელიც სიმბოლურად აღმოსავლეთისა და დასავლეთის კულტურებს აერთიანებდა, გლობალიზაციის მშობელად შეიძლება მივიჩნიოთ. შესაძლოა ვინმე ამ შეხედულებას შეეწინააღმდეგოს და ჩათვალოს, რომ ალექსანდრე დიდის იმპერია იყო არა გლობალიზაციის, არამედ ინტერნაციონალიზაციის გამოვლინება. ამის საპასუხოდ ვიტყოდი, რომ ინტერნაციონალიზაცია, ესაა ორი ან რამდენიმე ქვეყნის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული დაახლოება, რომელსაც თუ იმავე პერიოდს ავიღებთ ადგილი ჰქონდა დარიოს III-ის იმპერიაში. სპარსელების იმპერიაში ინტერნაციონალიზაცია გამოიხატა უშუალოდ სპარსეთისა და ახლო აღმოსავლეთის დაპყრობილ ან ვასალ სახელმწიოფოთა კულტურულ–ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობით. ალექსანდრე მაკედონელის იმპერიაში კი, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული კულტურის ხალხებმა ერთმანეთთან არამარტო სავაჭო–ეკონომიკური, პოლიტიკური ან კულტურული ურთიერთობები დაამყარეს, არმედ მოხდა ამ კულტურათა შეერთება, შერწყმა და შედეგად ახალი აღმოსავლურ–დასავლური კულტურების შექმნა (ამაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა უშუალოდ ალექსანდრეს გადაწყვეტილებამ, როდესაც თავისი 10.000 ჯარისკაცი სპარსელ ქალებზე დააქორწინა). იმპერიაში შემავალ სახელმწიფოთა პოლიტიკა ერთმანეთში გადაიხლართა და ჩამოყალიბდა ერთიანი ეკონომიკური სისტემა, რომელიც არამარტო აკავშირებდა ამ დაპყრობილ სახელმწიფოებსა და ხალხებს, არამედ მათ შიდა, წამმართველ, ძირითად ეკონომიკადაც იქცა. და თუ მაინც ვიტყვით, რომ ალექსანდრე მაკედონელის იმპერია მთელ მსოფლიოს არ მოიცავდა, მაშინ ისიც უნდა გავიხსენოთ, თუ იმ დროისთვის მსოფლიო მატერიკის რა ნაწილი იყო ცნობილი. ამასთანავე ალექსანდრე მაკედონელის პოლიტიკა იმპერიის საზღვრებს გარეთაც ვრცელდებოდა.



ავტორები: მერი ქაჯაია, ნიკა ჩერქეზია

0
309
შეფასება არ არის
ავტორი:ნიკა ჩერქეზია
ნიკა ჩერქეზია
309
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0