x
მეტი
  • 06.05.2024
  • სტატია:134648
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508836
ინტერპერსონალური კომუნიკაცია

image ვფირობ ყველა დამეთანხმებით, რომ არ არსებობს სფერო სადაც კომუნიკაციას დიდი მნიშვნელობა არ ენიჭებოდეს. კომუნიკაციის საშუალებით ხდება როგორც ინფორმაციის გაცემა ისე მიღება. კომუნიკაციაა ცოდნისა და ურთიერთობების დამყარების საფუძველი. შეუძლებელია შეიკრიბოს ჯგუფი და არ მოხდეს მათ შორის გარკვეული სახის კომუნიკაცია მაინც, იქნება ეს ვერბალური თუ არავერბალური. თავის მხრივ, ვფიქრობ ინტერპერსონალური კომუნიკაციის განმარტებაც არ იქნება უადგილო.


ინტერპერსონალური კომუნიკაცია, გულისხმობს ინფორმაციის გაცვლას ორ ერთანეთზე დამოკიდებულ ადამიანს შორის. ის შეიძლება სწავლის წყაროდაც ჩავთვალოთ, იმდენად რამდენადაც ამ დროს ხდება როგორც ინფორმაციის გაცემა ისე მიღება, ანუ ვიღაცისთვის უცნობი ინფორმაცია ხდება ნაცნობი და გასაგები. მსგავსი კომუნიკაციისას ხდება გადმოცემის უნარის გავარჯიშება, მეტყველების დახვეწა და ა.შ. კომუნიკაციის განმავლობაში არსებობს შეტყობინება, რომელსაც ერთი მხარე გასცემს, მეორე მხარე კი ახდეს მის აღქმა–მიღებას. სწორედ ის კომუნიკაცია ითვლება ეფექტურად, რომლის დროსაც ხდება ამ პროცესის წარმატებით მიმდინარეობა, ანუ, როგორც გაცემა ისე მიღება ხორციელდება დაუბრკოლებლად.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ურთიერთობისას ინფორმაციის მიწოდება ხდება როგორც ვერბალურად– სიტყვებით, ისე არავერბალურად – ხმის ტონის, გარეგნობის, პოზის, გამომეტყველების და სხვა ჟესტების საშუალებით. გასათვალისწინებელია ის ფაქტი,
რომ ინფორმაციის მხოლოდ 1/3 გადაიცემა ვერბალური სახით, ყველა დანარჩენი კი სწორედ არავერბალური მანიშნებლების დამსახურებით. ამასთან ადამიანები, არავერბალურ მანიშნებლებს უფრო ენდობიან ვიდრე ვერბალურს.

კომუნიკაციის უნარი არ არის თანდაყოლილი თვისება, ხდება მისი შესწავლა, დახვეწა, გავარჯიშება. შესაბამისად ვერბალური კომუნიკაციის კონტროლი უფრო მარტივია, ვიდრე არავერბალური მანიშნებლების. დამეთანხმებით, კომუნიკაციას გარკვეული
მიზნის მისაღწევად ვახორციელებთ. ეს მიზნები ხშირად განსხვავდება ერთმანეთისგან, ვთქვათ, სიყვარულის მოპოვება, გამოცდაზე მაღალი შეფასების მიღება, საქონლის ან მომსახურების გაყიდვა და ა.შ. შესაბამისად რაც უფრო უკეთ ვფლობთ კომუნიკაციის ხელოვნებას, მით უფრო წარმატებულები ვიქნებით ცხოვრებაში, მით უფრო უკეთ შევძლებთ სასურველი შედეგის მიღებას, მოლაპარაკებების წარმატებით წარმართვას და სხვა მრავალ საქმიანობას, რაც ჩვენი მომავალი წარმატების საწინდრადაც შეგვიძლია ჩავთვალოთ.

კომუნიკაციის პროცესი გულისხმობს მინიმუმ ორ ადამიანს შორის ინფორმაციის გაცვლას. ზოგადად კომუნიკაციის პროცესის ეფექტურობას სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების ერთდროულად გამოყენება ზრდის, რადგან ამ დროს მეტია ალბათობა, რომ კომუნიკაციის შინაარსი დაუმახინჯებლად მიაღწევს ინფორმაციის მიმღებამდე.

ორიოდე სიტყვით ვერბალურ და არავერბალურ კომუნიკაციასაც შევეხები. ვერბალური კომუნიკაცია სიტყვების საშუალებით ხდება, თუმცა არც ისეთი მარტივია როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ასე მაგალითად, ვერბალურ კომუნიკაციას შეიძლება მრავალმა
ფაქტორმა შეუშალოს ხელი, იქნება ეს განსხვავებული ემოციური დატვირთვის სიტყვების გამოყენება, მათი კონკრეტულობის სხვადასხვა ხარისხი და ინფორმაციის არაპირდაპირი ხასიათი. სიტყვიერ კომუნიკაციაზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ის შინაარსი, რომელსაც სიტყვებში ვდებთ. ასევე, აღსანიშნავია, რომ ვერბალური კომუნიკაცია მხოლოდ დადებით შინაარსს არ გულისხმობს. ხშირად ის მოიცავს კრიტიკასაც, რომლის მართებულად გამოთქმას გამოცდილება სჭირდება. არსებობს უამრავი საშუალება, ვერბალური გამოხატვის ეფექტურობის გასაზრდელად. მაგალითად: სათქმელის პირდაპირ და მიკიბ–მოკიბვის გარეშე თქმა, მინიშნებების გამოყენებისგან თავის შეკავება, საუბრის დაწყებისას მალევე მთავარ თემაზე გადასვლა და საუბრის უაზრო ფრაზებით გადატვირთვისგან თავის შეკავება, აუცილებელია არ გადავუხვიოთ საუბრის მთავარ თემას, რადგან ერთი თემიდან მეორეზე გადახტომა აბნევს მსმენელს, ასევე აუცილებელია ზრდილობის ნორმების დაცვა, რადგან მოსაუბრის, მისი აზრებისა და სურვილების პატივისცემა ეფექტური კომუნიკაციის ერთ–ერთი აუცილებელი პირობაა.

რაც შეეხება არავერბალურ კომუნიკაციას, ცნობილია, რომ მას ადამიანები ვერბალურზე ადრე იყენებდნენ. მისი საშუალებით ძირითადად გრძნობებისა და დამოკიდებულებების გადაცემა ხდება. არავერბალური კომუნიკაცია ნიშნავს კომუნიკაციას სიტყვების გარეშე. იგი გულისხმობს კომუნიკაციას ხმის ტონის, მეტყველების ტემპის, ჟესტების, სხეულის, გამომეტყველების, თვალის კონტაქტის, შეხების, გარეგნობისა და ურთიერთობისას დაკავებული მანძილის მეშვეობით. ენის წარმოშობამდე ბევრად უფრო ადრე ადამიანები ჟესტების, გამომეტყველების, ტირილის, სიცილის და ა.შ. მეშვეობით ერთმანეთს ატყობინებდნენ უამრავ ინფორმაციას, სიახლეს, ბედნიერებას, მწუხარებას. იმას თუ რა სურდათ, რას განიცდიდნენ, რას გრძნობდნენ. მოზრდილი ადამიანი არავერბალურ კომუნიკაციას ძალიან ფართოდ იყენებს, დადგენილია, რომ ინფორმაციის 60% სწორედ არავერბალური მანიშნებლების საშუალებით გადაიცემა.

არავერბალური კომუნიკაცია უნარია, რომელიც სწავლას და გავარჯიშებას ექვემდებარება. თუმცა არსებობს გარკვეული თანდაყოლილი მიდრეკილებები, მაგალითად, მიჩნეულია რომ ქალები კაცებზე უკეთ ახერხებენ არავერბალური ინფორმაციის მიღებას. კომუნიკაციის არავერბალური მანიშნებლების ცოდნა ძალზე ხელსაყრელია. მასში გაწაფული ადამიანები გაცილებით წარმატებულნი არიან, ნაკლებად განიცდიან მარტოობას და უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობენ.

როგორც ხედავთ, კომუნიკაციის ხელოვნების ცოდნა მართლაც დიდ როლს ასრულებს ადამიანის წარმატებასა და ზოგადად ცხოვრებაში. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ სად რაზე ვისაუბროთ და როგორ, ვის მივმართოთ და რა ფორმით, რასაც ძირითადად ვერბალური
კომუნიკაციის გზით ვახერხებთ. რაც შეეხება არავერბალურ მანიშნებლებს მათი ცოდნა გამოგვადგება, როგორც პირად ისე საზოგადო ურთიერთობებსა და კარიერულ წინსვლაში. ყველა იმ ადამიანს, რომელიც დაინტერესებული ხართ არავერბალური მანიშნებლების შესწავლაში, გირჩევთ ალან პიზის ცნობილი წიგნი, „სხეულის ენა“, აუცილებლად წაიკითხოთ, რომელიც დაგეხმარებათ უცხო კულტურის ადამიანებთან კომუნიკაციის ეფექტურად წარმართვაში.




20 თებერვალი, 2015 წელი

0
1128
2-ს მოსწონს
ავტორი:თამარ წულაია
თამარ წულაია
1128
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0