x
მეტი
  • 05.05.2024
  • სტატია:134631
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508795
"2011..." 6 ნაწილი

imageფარდა იხსნება, გამოჩნდება ციხის საკანი. საკანს გისოსებიანი ფანჯარა აქვს დარბაზის მხარეს. რკინის კარები სცენის სიღრმეში. სიგრძე ფანჯრიდან კარებამდე 6 -7 მეტრია, სიგანე 4 -5 მეტრი. ფანჯრის მარჯვენა მხარეს პირობითი კედლის გაყოლებით დგას ორი ორსართულიანი რკინის საწოლი ე. წ. შკონკა, ორი ერთმანეთზე დადგმული ტუმბოჩკით. კარებიც ამ კედლის ბოლოშია. მარცხენა მხარეს დგას ერთი ორსართულიანი შკონკა, შკონკის გაყოლებაზე, შკონკაზე ცოტათი პატარა მაგიდაა, თავისი გრძელი სკამით. ამავე მხარეს ბოლოში, ამოშენებულიი ტუალეტია ე. წ. პარაშა. მაგიდის გაყოლებაზე ტუალეტის კედელზე წყლის ონკანია სარკით. საკანში 5 პატიმარია, მარცხენა მხარეს მდგარ შკონკაზე დათო და ლაშა თამაშობენ ჭადრაკს. ლევანი ზის მაგიდასთან, რადიო აქვს ყურზე მიდებული. გვერდზე უზის სერგო, უსაქმურად იყურება. ბახვა დადის წინ და უკან, ფანჯარას და კარებს შორის.
ლაშა - (ოდნავ გაღიზიანებული ტონით) აღარ გინდა თამაში?
დათო – (წყნარი ტონით) ნუ მაჩქარებ ბიძიკო, ჭადრაკს ფიქრი უყვარს.
ლაშა – არ გაჩქარებ, უბრალოდ ძალიან ნელა თამაშობ, ჯდომით დავიღალე.
ბახვა – (თან დადის. ცოტა ირონიულად) შენც ბუქნები აკეთე და ისე ეთამაშე.
(ლაშა შეხედავს ბახვას, ხმას არ გასცემს).
დათო – ხასიათზე თუ არ ხარ, მოვრჩეთ.
ლაშა – (გადახედავს კამერას) სხვა რა გავაკეთო, ითამაშე როგორც გინდა.
ლევანი – (რადიოს დებს მაგიდაზე) დღეს ადრე გამორთეს.
დათო – (შეხედავს ლევანის) უკვე გამორთეს? (არ დალოდება პასუხს, ლაშას) დავამთავროთ.
ლაშა – აგებ და დავამთავროთ ხომ
დათო – (დააკვირდება დაფას) რატომ ვაგებ, უეჭველი ფრეა (ლაშა დგება, დათო აწყობს ჭადრაკს ყუთში დებს მაგიდაზე. მიდის აღებს ზედა ტუმბოჩკას) მოდით საღამოს ლოცვა წავიკითხოთ, მერე ვეღარ მოვასწრებთ (ლაშა და ლევანი მიდიან სალოცავად. ბახვა სერგოს მიუჯდება გვერდზე) მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა (ამ დროს ისმის ხმა გარედან – ჩაქრა სინათლე)
ბახვა – (მლოცველებს) ბევრი დაგრჩათ?
დათო – (იწერს პირჯვარს) ჩააქრეთ (აქრობენ).
სერგო – (თავის ქნევით) ლოცვასაც არ გაცლიან (სუყველა წვება. მარცხენა მხარეს მდგარ შკონკაზე. ქვევით დათო, ზევით ლაშა. მარჯვენა მხარეს მდგარ შკონკაზე ქვევით ბახვა, ზევით ლევანი. II შკონკაზე ქვევით სერგო).
ლაშა – (კმაყოფილი ტონით) წამოწოლაც რა მაგარი სიამოვნებაა.
დათო – ყველაფერს მოგანატრებენ (პატარა პაუზა) როდემდე?
ლევანი – რა ხმაა? (გაიხედება საწოლიდან ფანჯარაში) კარანტინი დაშალეს.
ბახვა – დააგდე ეგ გასიებული თავი ბალიშზე. არ დაგინახონ. (პატარა პაუზა. იღება კარები შემოდის დევიკო. გაღებულ კარებში ჩერდება ოფიცერი).
ოფიცერი – (მბრძანებლური ტონით) ერთ წუთში გეძინოთ, ხმა არ გავიგო (გადის)
დევიკო – (ავადმყოფური სიარულით შედის საკანში, ჯდება სკამზე) გამარჯობათ.
ბახვა – (იდაყვებზე წამოიწევა) ეხლა ჯობია დროზე დაწვე, დილით გავეცნოთ.
დევიკო – (დახედავს მაგიდას) სიგარეტი გაქვთ?
ბახვა – პარაშაშია, იქ ვეწევით (დევიკო მძიმედ წამოდგება) გაიხადე და მერე შედი, ძილის დროა ჩაცმული რომ დაგინახონ დაგვლეწავენ.
სერგო – (ხელით მიანიშნებს ზედა კოიკაზე) შენი კოიკაა. ტანსაცმელი აქ დაკიდე (ხელით დაარტყავს ზედა კოიკაზე ასასვლელ კიბეზე, რომელიც მიდუღებული აქვთ შკოკებს).
დევიკო – (გახდის დროს ამოიოხრებს) ოუჰ.
სერგო – (გაკვირვებული ტონით) მაგარი ნაცემი ხარ ძმაო.
დევიკო – (დაიხედავს ტანზე) ქორწილამდე გამივლის (ავადმყოფური ნაბიჯით მიდის პარაშისკენ)
ბახვა – ცემისგან გიჭირს სიარული? (დევიკო თავს დაუქნევს შედის პარაშაში) სერგო ძალიანაა?
დათო – (ხმადაბლა. შეშინებული ტონით) რამხელაზე ლაპარაკობთ.
სერგო – (ხელს მიიდებს პირთან, ჩუმი ხმით) ტანი სულ ჩალურჯებული და აწითლებული აქვს. მგონი შოკშიცაა (ბახვა ხელის მოძრაობით შეეკითხება რატომო) ვერ გაიგეთ, ქორწილამდე გამივლისო.
დათო – ეს გველები დაშლაზე მაგრა ცემენ.
სერგო – (ისევ ხელს მიიდებს პირთან) მე ესე არ უცემივართ
ბახვა – (ადგება მიირბენს პარაშასთან, გამოაღებს კარებს შეხედავს დევიკოს) არ შეშინდე გაგივლის. (სწრაფად ბრუნდება ლოგინში) სერგო ადი ზევით, დაბლა დააწვინე.
სერგო – (ნაწყენი ტონით) კარგად რომ გახდება, ისევ ქვევით დავწვები (იღებს თეთრეულს, შლის ზევით. წვება).
დევიკო – (გამოდის პარაშიდან) ეს დღეები რომ არ მომიწევია გამაბრუა.
დათო – (ხელის ქნევით) ჩუმად, კარებთან არასდროს დაილაპარაკო.
ბახვა – დაბლითა შკონკა გაგითავისუფლა.
დევიკო – ნუ წუხდებით, ზევითაც ავალ როგორმე.
სერგო – კარგად რომ გახდები მერე ამოდი.
დევიკო – მადლობა ძმა, კარგი კაცი ხარ.
ლაშა – კარგები შკონკას კრედიტით არ იძლევიან.
სერგო – კრედიტი რა შუაშია.
ლაშა – (ბრაზიანი ტონით) კარგად რომ გახდები ამოდი, კრედიტი არაა?
დათო – (შეშინებული ტონით) ჩუმად ხალხო.
ბახვა - მოვრჩეთ, სანამ აგვიტეხეს რახა-რუხი (იძინებენ).


სრული სახით პიესა განთავსებულია მისამართზე:


http://saba.com.ge/books/details/2277



0
21
შეფასება არ არის
ავტორი:გია პავლიაშვილი
გია პავლიაშვილი
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0