x
image
ლიკა ხუბუა
აფხაზეთის დღეები
აფხაზეთიდილა მშვიდობისა ჩემო კარგებო...უკვე გითხარით, რომ სოხუმში ვარ.რამდენი რამ არის, რაზეც მინდა საუბარი, მაგრამ რთული თემებია....განვიცდი ყველაფერს უაზროდ...

რომელ ქუჩაზეც არ უნდა გავიარო, რა დროც არ უნდა იყოს, ჩუმად უნდა ვილაპარაკო, ან რუსულად ვილაპარაკო, ან აფხაზურად.სამწუხაროდ, აფხაზური არ ვიცი...

ეს დღეები უბრალო ხალხს ვაკვირდებოდი, ვინც აქ ცხოვრობს.ვაკვირდებოდი გარემოს, რომელიც გავლენას ახდენს ნებისმიერზე, ვინც აქ მოხვდება...

მთავარი კი ის არის, რომ აქ მაინც საოცარი სიმშვიდე გეუფლება.უკვე მოვასწარი მარტო ხეტიალი ამ ქუჩებში და ფიქრი თითოეულ სახლზე, რომელსაც ჩავუარე.წარმოვიდგენდი, რომ ამ სახლში ბავშვები დარბოდნენ, მათი ბებია და ბაბუა ეზოში ისხდნენ და ტკბებოდნენ პატარების ცქერით.მერე კი წარმოვიდგინე როგორ დასრულდა თავისუფლება მათთვის და პატარებისთვისაც.მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგად ცხოვრობენ სოხუმში, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხია მოსაგვარებელი.მაგალითად, ღამე გასვლა ცოტა შიშთან არის დაკავშირებული.თავიდან არ მეშინოდა, მაგრამ რამოდენიმეჯერ, რომ მითხრეს მარტო არ გახვიდეო მივხვდი, რომ ასეთი შიში ბავშვობაში მქონდა, როცა სადმე მივდიოდი და ბნელოდა.ან კიდევ, როცა სახლში მარტო ვრჩებოდი.ამ დროს ყველგან შუქს ვრთავდი ხოლმე.მოკლედ, შუქი აუცილებლად საჭიროა.


ერთი რამ მინდა კიდევ მოგიყვეთ, წუხელ მე და ჩემი ბიძაშვილი მოვდიოდით საავადმყოფოდან.მისი მეუღლე არის ავად.დაახლოებით პირველის წუთები იქნებოდა და ქუჩაში არანაირი მოძრაობა არ იყო, თითქოს ყველას ძინავს.შეიძლება ქალაქის ცენტრში ასე არ არის, მაგას მერე გადავამოწმებ.ეს უბანი კი ცოტა მოშორებით არის.მოკლედ, რას ვამბობდი.მოვდიოდით და ჩავუარეთ ნაგვის ურნას, რომელზეც დაკიდული იყო ულამაზესი ჩანთა.ვის მოუვიდა თავში ასეთი ჩანთა ნაგავში გადაეგდო?ან ესე რატომ დაკიდა ზედ?გეგონება, ნახეთ რა ლამაზია, თქვენთვის დავტოვეო.ვუთხარი ბიძაშვილს იქნებ ავიღო მეთქი, ასეთი სისულელე ადრე არც მომსვლია თავში.

კაი აიღეო და ერთი-ორი ნაბიჯი გადავდგი ურნისკენ და უცებ გამიელვა შიშმა.შევჩერდი და რაღაც მეშინია მეთქი.ბიძაშვილმაც არ დააყოვნა:ხო დადა, რა იცი იქნებ ვიღაცამ სპეციალურად დაკიდა მანდ, ღმერთმა იცის შიგნით რა დევს, თან ხვალ მილიციის დღეს აღნიშნავენ და აქ კიდევ ბევრჯერ გაუკეთებიათ მსგავსი საშინელებაო.მოკლედ, დავაკვირდი ამ ჩანთას და შიგნით ნამდვილად იდო რაღაც, რაც მას უფრო მიმზიდველს ხდიდა, ცარიელი ჩანთა ასე ლამაზად არ გამოიყურება.რა გახდა ახლა ეს ჩანთა, მაგრამ ხომ შეიძლება მართლა რაღაც ყოფილიყო შიგნით?ვის უნდა დაურეკო?რა უნდა გააკეთო?დავსვი ეს კითხვა, მაგრამ პასუხი არსაიდან ჩანდა...

კიდევ რა შემიძლია მოგიყვეთ, საღამოს მინდოდა სანაპიროზე გასვლა, ნოუთბუქიც გავამზადე და სახლიდან, რომ გავდიოდი ასე მითხრეს, შენ თავი თბილისში ხომ არ გგონიაო.პრინციპში საღამოს ნოუთბუქით ხელში არც თბილისის ზღვაზე მისეირნია და არც სხვაგან.მხოლოდ აქ გამიჩნდა ეს სურვილი.მინდოდა იქ დამეწერა.ამეღწერა ხალხი, მაგრამ ამას სხვა დროს გავაკეთებ.რაც შეეხება აფხაზებს, მიყვარს ეს ხალხი და რა ვქნა.კი ბევრი არ მომწონს, მაგრამ არის მათში რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი.ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება და კიდევ ერთ რამეს მივხვდი, თუ გინდა აქ იცხოვრო ძალიან ფრთხილი და ნეიტრალური უნდა იყო.ზედმეტი გამოსვლებისგან და გამოჩენისგან თავი უნდა შეიკავო...და თუ კი გადაწყვიტავთ და აქ შექმნით ოჯახს უნდა გახსოვდეთ, რომ მას შემდეგ თქვენ ორ ქვეყანას წარმოადგენთ.აქ ასეა და მნიშვნელობა არ აქვს თქვენ რა გასწავლეს და იცოდით აქამდე.თუ არ აღიარებ მიბრძანდიო გეტყვიან, თუ აქ ცხოვრობ აღიარე ჩვენი რესპუბლიკა.რას ერჩით აბა?სულელები არიან თუ რა?

ლამაზია აფხაზეთი...მებრალება ყოველი დაკარგული წვეთი ბედნიერება, ყოველი დაკარგული სახლი და მიდამო....და მიხარია ყველა ადამიანის მოგონებები, თუ რა დიდი სიყვარულით საუბრობენ წარსულზე....ხელი შეახეო ჩვენს მიწას და მინდა გითხრათ ფეხი, დავადგი, ხელი შევახე, გული კი ლაბირინთებში დაიკარგა...


















1
44
2-ს მოსწონს
ავტორი:ლიკა ხუბუა
ლიკა ხუბუა
44
  
2014, 26 აპრილი, 14:30
მაპატიეთ.კორექტირება დამავიწყდა...
0 1 1